რა შეტყობინებებს უგზავნიდნენ თაყვანისმცემლები ჯგუფ „სფარქლის“ წევრებს და რა სერიოზული შემოთავაზება მიიღეს მათ „რუსთავი 2-დან“
ჯგუფი „სფარქლი,“ ალბათ, ყველას გახსოვთ – პროექტ „X ფაქტორის“ შემდეგ, გოგონებმა მთელი საქართველოს გული მოინადირეს. მათ ერთმანეთი „ახალ ხმაში“ გაიცნეს. მიუხედავად კონკურენციისა, მაინც დამეგობრდნენ და ჯგუფიც შექმნეს. ვისაც მათთან ურთიერთობა ჰქონია, დამეთანხმება, რომ ეს გოგონები ძალიან მხიარულები, ენერგიულები და პოზიტიურები არიან. „სფარქლი“ ქართულად „ბრწყინვალეს” ნიშნავს. ჯგუფის სახელწოდებიდან გამომდინარე, თავადაც ნამდვილად ბრწყინავდნენ დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე თვეების განმავლობაში. ტრიოს შემადგენლობა ასეთია: 21 წლის ნინი გველესიანი, 19 წლის ანი ჩხეიძე და 16 წლის სალომე მერებაშვილი.
ნინი: პირველად ერთმანეთს „ახალ ხმაში” შევხვდით, სამივე დათო ფორჩხიძის გუნდში ვიყავით. მე და სალომე ერთმანეთს ვუწევდით კონკურენციას. მას შემდეგ დავმეგობრდით, როდესაც გავიგეთ, რომ „X ფაქტორი” იწყებოდა, გადავწყვიტეთ, სიახლე შეგვეტანა ჩვენს შემოქმედებაში და შევქმნეით ჯგუგი „სფარქლი“ და გავედით ქასთინგზე, რომელსაც კიდევ ერთი წარმატება მოჰყვა.
– თუმცა, მხოლოდ თქვენ არ მეგობრობთ, ოჯახის წევრებიც დააახლოვეთ ერთმანეთთან...
სალომე: დიახ, ოჯახებით დავმეგობრდით და დღემდე გრძელდება ეს ურთიერთობა. ჩვენ თუ ვერ ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს, სამაგიეროდ, ჩვენი მშობლები იკრიბებიან (იცინის). ყველანაირად ცდილობენ, ხელი შეგვიწყონ, პროექტის შემდეგ ერთმანეთი რომ არ დავკარგოთ. ძალიან უნდათ, რომ ისევ ჯგუფად დავრჩეთ და ერთად გავაგრძელოთ წინსვლა.
– ანუ, მომავალშიც ტრიო გვეყოლება „სფარქლის“ სახით?
ანი: აუცილებლად. ყოველ შემთხვევაში, ვეცდებით მაინც. გვინდა, რომ დიდხანს შევინარჩუნოთ ერთმანეთი. თუ გამოგვივა, ვიქნებით ერთად, თუ არა და დაშლაზე მარტივი არაფერია (იცინის).
ნინი: საქართველოში მსგავსი ჯგუფების დეფიციტია, ამიტომ, უფრო მეტად გვინდა, რომ არ დავკარგოთ ერთმანეთი.
– რა სიახლეა „X ფაქტორის“ შემდეგ თქვენს შემოქმედებაში, გეგმავთ რამეს?
ანი: სიახლე ჯერჯერობით ისაა, რომ სექტემბრიდან იწყება ახალი პროექტი – „ბრავო“, რომელიც, „რუსთავი 2-ის” ეთერში გავა. ამ პროექტში მიგვიწვიეს ჩვენ და „X ფაქტორის“ კიდევ რამდენიმე მონაწილე. ამიტომ, ცოტა ხანს კვლავ ვიქნებით ეკრანზე.
– სიმღერის გარდა, კიდევ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში?
ნინი: 21 წლის ვარ და ვსაწვლობ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. მეოთხე კურსზე გადავედი და წელს ვამთავრებ, რაც ძალიან მიხარია. სიმღერით საქართელოში ვერ იცხოვრებ, ამიტომ, სამივეს არჩეული გვაქვს პროფესია.
სალომე: ჩემი ასაკი რომ გითხრათ, გაგიკვირდებათ, არავის არ სჯერა, 16 წლის რომ ვარ – პატარა ბავშვი, სკოლის მოსწავლე (იცინის). 54-ე საჯარო სკოლაში ვსწავლობ, სხვათა შორის, კარგი მოსწავლე ვარ. რა პროფესიის მინდა ვიყო, ჯერ არ ვიცი, ცოტა მიჭირს გადაწყვეტილების მიღება. სხვა მნიშვნელოვანი არაფერი ხდება ჩემს ცხოვრებაში. ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი, იმიტომ რომ, ყველანაირად ცდილობენ ხელის შეწყობას და მეც არ ვუცრუებ მათ იმედებს.
ანი: 19 წლის ვარ, „ილიაუნში” ვსწავლობ, მეორე კურსზე ვარ. სამი დედმამიშვილი ვართ – და-ძმა მყავს.
– თქვენ გარდა, ოჯახში კიდევ ვინმე მღერის?
ნინი: ჩემთან არავინ მღერის, მე კი ბავშვობიდან მიყვარდა სიმღერა. 5 წლის ვიყავი, პედაგოგთან რომ მიმიყვანეს. ქალბატონ მანანა ჟღერიას დამსახურებაა, რაც დღეს ვიცი – ბავშვობიდან დღემდე, ის არის ჩემი პედაგოგი. ბევრ პროექტში მიმღერია, მაგრამ, ყველაზე სერიოზული „X ფაქტორი“ იყო, რომელმაც სამივეს პოპულარობა მოგვიტანა.
სალომე: ჩემს ოჯახშიც მხოლოდ მე ვმღერი. ბავშვობაში ხშირად ვღიღინებდი ხოლმე, მაგრამ, ისეთი უცნაური ხმა მქონდა, ბოხი და ჩახრინწული, რომ, ვერავინ წარმოიდგენდა, ოდესმე თუ ვიმღერებდი. თურმე, მამა ფიქრობდა: საწყალი ბავშვი როგორ უნდა სიმღერა და ნიჭი არა აქვსო (იცინის). 5 წლის ვიყავი, ცეკვაზე რომ შემიყვანეს, იქვე იყო ანსამბლ „ნერგების“ სტუდია, სადაც დედამ ისე, სხვათა შორის შემიყვანა – ცოტა ხანს იარეო (იცინის) და ამის შემდეგ თავი აღარ დამინებებია სიმღერისთვის
ანი: ჩვენთან ბაბუაა მომღერალი, „ერისიონში” მღეროდა. კოსმოსში გაგაზავნილი „ჩაკრულოს” ხმებიდან ერთ-ერთი ბაბუაჩემის ხმაცაა. გენეტიკურად გვაქვს მუსიკალური ნიჭი. 3 წლის ასაკში, სამუსიკო ბაღში შემიყვანეს. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ოჯახის წევრები მიხვდენენ, რომ რაღაც ნიჭი მქონდა, ამიტომ შემიწყვეს ხელი და მოვედი აქამდე. მათი ხელშეწყობით მივაღწიე ცხოვრებაში ყველაფერს.
– გოგონებო, ძალიან მალე შეაყვარეთ ხალხს თავი, ალბათ ხშირად გრძნობდით მათ მხარდაჭერას...
– ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევდნენ. რომ არა მათი მხარდაჭერა, ამდენს ვერ შევძლებდით. სასწაულია, როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამ და თითქმის მთელი ერი გვერდში გიდგას, ვერ გადმოგცემთ, ეს რა ემოცია იყო.
სალომე: პროექტის მიზანი სწორედ ისაა, რომ ხალხმა გაგიცნოს და შეგიყვაროს. როდესაც შრომა გიფასდება, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება.
ნინი: როდესაც სამი მომღერალი ერთად დგას სცენაზე ძალიან რთულია, რადგან, უფრო კრიტიკულად გაფასებს საზოგადოება – სინქრონს, ყველაფერს ყურადღებას აქცევენ. სულ სხვაა, როდესაც მარტო მღერი. ძალიან მიხარია, რომ ხალხმა შეგვიყვარა.
– პოპულარობის შემდეგ სერიოზული შემოთავაზებები ხომ არ მიგიღიათ?
– შემოთავაზება ბევრი იყო, არაერთ კონცერტსა და კორპორაციულ საღამოებზეც მიგვიწვიეს. დღესაც არის რაღაცეები, მაგრამ, ჯერ არ გვინდა, რომ ვთქვათ. ერთი კარგი საქმისთვის ვემზადებით და, თუ გამოგვივა, აუცილებლად გეტყვით.
– დარწმუნებული ვარ, თქვენი თაყვანისმცემლების რიცხვიც გაიზრდებოდა. პირად ცხოვრებაშიც შეიცვალა რამე?
სალომე: ჩვენი ჯგუფის პლუსი, შეიძლება ითქვას, კიდევ ის იყო, რომ სამივე თავისუფალი ვიყავით. ჩემი და ნინის ცხოვრებაში არც არაფერი შეცვლილა, მაგრამ, ანი ამას ვერ იტყვის (იცინის).
– ანი, მაშინ, პირადად შენ გკითხავ: „X ფაქტორმა“ ბევრი რამ მოგიტანა – პოპულარობა, ხალხის სიყვარული... კიდევ რა კუთხით შეცვალა შენი ცხოვრება?
ანი: პროექტში გავიცანი ადამიანი, რომელიც დღეს გვერდით მყავს და რომელთან ერთადაც ძალიან ბედნიერი ვარ. „X ფაქტორმა“ მაპოვნინა ეს პიროვნება.
სალომე: რაც შეეხება თაყვანისმცემლებს, ძალიან ბევრი შეტყობინება მოგვდიოდა და ეს დღემდე გრძელდება. ხშირად გვწერენ, რომ მოვენატრეთ და ელოდებიან კვლავ ჩვენს გამოჩენას. გვთხოვენ, რომ არ დავიშალოთ. ასეთი შეტყობინებებიც მოგვდის: გვიყვარხართ „სფარქეეეელ“ (იცინის)!
– კონცერტიდან გამოსვლის შემდეგ, პირველი, რასაც აკეთებდით, კულისებში რა იყო?
– პირველი, რასაც ვაკეთებდით, იყო ის, რომ ვურეკავდით მშობლებს და ვეკითხებოდით, მოეწონათ თუ არა ჩვენი გამოსვლა. თუ გვეტყოდნენ: „ჰო, კარგი იყო,“ – ესე იგი, საშინლად ვიმღერეთ (იცინის).