კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

უზნეო ქალმა ოჯახი დამინგრია

თქვენი ჟურნალის ერთგული მკითხველი ვარ. ერთხელაც არ გამომიტოვებია რუბრიკა „ინტიმური საუბრები“ და ყოველთვის მიკვირდა, რომ სხვადასხვა ასაკის ადამიანები თავიანთი ცხოვრების ისეთ ეპიზოდებს განიხილავენ საჯაროდ, რაც, წესით, საიდუმლოდ უნდა შეინახონ (უმრავლეს შემთხვევაში). ჩემთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელი იყო, თუმცა, გამოგიტყდებით, ყოველთვის ინტერესით ვკითხულობდი ყველა ისტორიას და ვიცი, რომ მხოლოდ მე არ ვარ ასეთი – ჩემი ნაცნობებიდან თითქმის ყველა კითხულობს ამ გვერდს. საერთოდ, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში არსებობს რთული პერიოდები და, ალბათ, სხვისი პრობლემების გაცნობის სურვილიც იქიდან მომდინარეობს, რომ, ვიღაცის გასაჭირი შენსას შეადარო, რათა დარწმუნდე, რომ მარტო შენ არ ხარ გამოუვალ მდგომარეობაში. ეს, რა თქმა უნდა, შენს პრობლემებს ვერ გადაწყვეტს, მაგრამ, შეიძლება, გამოსავლის პოვნაში დაგეხმაროს. თან (ეს სულ ახლახან აღმოვაჩინე), როგორც ჩანს, როდესაც შენს სატკივარს სხვასაც უზიარებ, ერთგვარ შვებას განიცდი, რადგან, მიუხედავად იმისა, თითოეულ მკითხველთან უშუალო დიალოგი არ გაქვს, გულის სიღრმეში მაინც იტოვებ იმედს, რომ ვიღაცამ გაგიგო (თუნდაც მთლად მართალი არ იყო), ვიღაცამ შენი ტკივილი და მწუხარება გაიზიარა, ვიღაცამ კი, შენი მაგალითიდან გამომდინარე, აღარ ჩაიდინა, ან, სულაც, გამოასწორა შეცდომა.

მოკლედ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მეც გადავწყვიტე, მომეწერა თქვენთვის ის, რაც უკვე დიდი ხანია, ჩემი დარდი და ტკივილია.

პატარა გოგო არ ვარ, რომ ემოციებს ავყვე და იმპულსურად ვიმოქმედო, მაგრამ, ის, რაც ჩემს თავს ხდება, რომანის თუ არა, ერთი მოზრდილი მოთხრობის სიუჟეტად შეიძლება, გამოადგეს მწერალს.

მე და ჩემს ქმარს დაქორწინებამდე ორი წელი სიგიჟემდე გვიყვარდა ერთმანეთი. მშობლებმა დიდი ქორწილიც გადაგვიხადეს და მოგზაურობაშიც გაგვიშვეს იტალიაში. იქ გავიცანით ქართველი ცოლ-ქმარი, რომლებიც ჩვენსავით საქორწინო მოგზაურობაში იყვნენ. ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს და თბილისში რომ დავბრუნდით, მეგობრობა  განვაგრძეთ. რამდენიმე თვის შემდეგ, მეც და ის გოგოც დავფეხმძიმდით და, გადავწყვიტეთ, თუ პირველი მე ვიმშობიარებდი, ჩემს შვილს გენო და მერიკო მონათლავდნენ, ხოლო თუ მერიკო გააჩენდა ბავშვს ჩემზე ადრე – მე და ზურა ვიქნებოდით ნათლიები.

მოხდა ისე, რომ მერიკომ ჩემზე ადრე იმშობიარა (ბიჭი გაუჩნდა) და გენომ იმ დღესვე დაურეკა ჩემს ქმარს – ნათლობისთვის მოემზადეო, მაგრამ, სახტად დავრჩი, როცა ზურამ კატეგორიული უარი უთხრა. გენოს გაუკვირდა და ძალიან ეწყინა – ჯერ ერთი, ხომ ვიყავით შეთანხმებულები და, თანაც, ნათლიობაზე უარის თქმა ვის გაუგიაო. მაგრამ, ზურამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, თან, მიზეზსაც არ ამბობდა. საღამოს დავსვი და ვკითხე – რა გჭირს, რატომ იქცევი ასე-მეთქი. ხან რა მიზეზი დაასახელა, ხან – რა, მაგრამ, ვატყობდი, რომ ძალიან აღელვებული და შეშფოთებული იყო. ბოლოს მითხრა, კაპიკი ფული არ მაქვს, თან, შენც ამხელა მუცლით როგორ უნდა იაროო.

მოკლედ, თავი რომ აღარ შეგაწყინოთ, სრულიად შემთხვევით გაირკვა, რომ მერიკოს ზურა დანახვისთანავე მოსწონებია და იმდენი უჩალიჩია, მისი საყვარელიც გამხდარა; ის ბავშვი კი თავისი ქმრისგან კი არა, ზურასგან გაუჩენია. მერე, ეს ამბავი რომ გასკდა, მერიკოს ერთი ძველი ნაცნობი შემხვდა და იმან მითხრა, ასე პირველად არ მოქცეულა; უბრალოდ, შვილი არ გაუჩენია სხვებისგან, თორემ, თუ ვინმე მოეწონებოდა, ხელიდან არავის უშვებდაო.

რაც მერე მოხდა, იმას ნამდვილად ვერ მოგწერთ – ეს იყო ნამდვილი კოშმარი: კაცებს შორის საქმეების გარჩევა, დაჭრა, ცემა-ტყეპა და ასე შემდეგ. შედეგად, ორი ოჯახი დაინგრა – მეც გავეყარე ქმარს და გენოც გაშორდა ცოლს.

სამშობიაროდ რომ წამიყვანეს, ზურაც მოსულა, მაგრამ დედაჩემმა გააგდო და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა – ბავშვი უკვე 8 წლის ხდება და ერთხელაც არ მოუკითხავს. თუმცა, არც მჭირდება, ასეთ მამასთან ჰქონდეს ურთიერთობა. სამაგიეროდ, თურმე, მერიკოს და მის შვილს ჰყვება თან. თუმცა, როგორც გავიგე, ის ქალბატონი მხოლოდ ზურას ამარა არ არის.

ერთი სიტყვით, ნამდვილი სერიალია, თან – აბურდულ-დაბურდული. როცა ჩემი შვილი მეკითხება, სად არის მამაჩემიო, ვეუბნები, რომ ავარიაში დაიღუპა, მაგრამ, როცა იქნება, ხომ გაიგებს, რომ ცოცხალია და, არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა.

მერიკოსნაირი უზნეო ქალის გამო დამენგრა ოჯახი და ოდესმე აუცილებლად მიეზღვება სამაგიერო.

ელისო, 34 წლის.

 

ჩემს მეზობლად აღვირახსნილი ცოლ-ქმარი ცხოვრობს

კაცი დავბერდი და, ის, რაც ჩემი კარის მეზობლების ოჯახში ხდება, არც წიგნში წამიკითხავს და არც ფილმში მინახავს. ისეთი აღშფოთებული ვარ (და შეწუხებულიც, როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად) მათი საქციელითა და ცხოვრების წესით, გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა.

როგორც გითხარით, ჩემ გვერდით ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცხოვრობს, ასე, 30-32 წლის იქნებიან. ჰყავთ ერთი ბიჭუნა, 4 წლის გივიკო. ცოლიც და ქმარიც კარგ სამსახურში მუშაობენ, ეტყობათ, რომ არ უჭირთ და, ერთი შეხედვით, თბილი და ტკბილი ოჯახი აქვთ: ქუჩაში ხელგადახვეულები დადიან, ერთმანეთზე ზრუნავენ და ერთხელაც არ გამოსულა მათი ბინიდან ჩხუბის ხმა, მაგრამ, თურმე ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ სრულფასოვანი ოჯახი გქონდეს.

საქმე ისაა, რომ, ხან ქმარი მიდის მივლინებაში და ხან – ცოლი. ჰოდა, ის, რომელიც შინ რჩება, ყოველ საღამოს მე შემომიყვანს ხოლმე ბავშვს – გეხვეწებით, თქვენთან იყოს, მე რაღაც საქმეზე გავდივარო; თვითონ კი ვიღაცეები მიჰყავთ სახლში (ქმარს – ქალები, ცოლს კი – კაცი) და აქვთ ერთი ამბავი. ისეც მომხდარა, რომ ღამით ბავშვი ჩემთან დამიძინებია – წაყვანა დავიწყებიათ. მერე კი, როცა ერთი ან მეორე მივლინებიდან ბრუნდება, ისე ხვდებიან, ისე მტრედებივით ეჟღურტულებიან და ლოკავენ ერთმანეთს, რომ ვუყურებ, გული მერევა. ნუთუ ვერც ერთი ვერ ხვდება, როგორ ღალატობენ და თავზე ლაფს ასხამენ ერთმანეთსაც, საკუთარ თავსაც და ერთადერთ შვილსაც. ცოლსაც და ქმარსაც კისერი უტეხია, მაგრამ, მე ბავშვი მეცოდება. ჯერ პატარაა, მაგრამ, რომ გაიზრდება, ხომ გაიგებს ყველაფერს? შესაძლოა, მამას ისე არ მოსთხოვოს პასუხი, მაგრამ, დედას არ უნდა ეშინოდეს? ხომ შეიძლება, ამის გამო ბიჭი ცუდ გზას დაადგეს და სამუდამოდ დაიღუპოს თავი?!

ძალიან მინდა, ერთ-ერთს მაინც დაველაპარაკო ამ საკითხზე, მაგრამ, თან მეშინია – არ მეტყვის, ვინ გეკითხება, სხვის ცხოვრებაში რომ ეჩრებიო? ან, სულაც, შეიძლება, ისიც კი მითხრან, გამოჩურჩუტებული ბებერი ხარ და რაღაცეები გეჩვენებაო.

თუ მეჩვენება, ბავშვს რატომ მიტოვებენ ხოლმე? სად არ მიცხოვრია, როგორ ხალხთან არ მქონია ურთიერთობა, მაგრამ, ასეთი აღვირახსნილი ადამიანები არსად მინახავს.

მიხეილი, 76 წლის.

скачать dle 11.3