კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მუშაობს ორი პროფესიონალი მძარცველი თბილისში, ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში ელექტრიკოსად და რა ისწავლეს მათ გერმანიაში

ქართველი ვაჟკაცი ევროპაში სამუშაოდ მიდის! აქსიომაა, რომ ადამიანს პროფესიის გარეშე პერსპექტივა არც ერთ ქვეყანაში არ აქვს, თუმცა, პერსპექტივა ფართო ცნებაა და ჩვენ ის ქურდობა-ძარცვაში დავინახეთ, რის გამოც ბევრმა უსაქმურმა, მარტივად გამდიდრების სურვილით შეპყრობილმა ქართველმა, სრულიად ევროპა „დაიპყრო”, რის შედეგადაც სავაჭრო ცენტრებსა თუ სუპერმარკეტებზე გაჩნდა წარწერა: „ქართველო, აქ აღარ მოხვიდე“... ჩემი რესპონდენტი იმ უიშვიათესი ადამიანთაგანია, რომელმაც ქურდობით შეიძინა პროფესია და დღეს ის საქართველოში ტექნიკის ერთ-ერთი მაღაზიის ელექტრიკოსია. მართალია, მის მიერ დამონტაჟებული კონდიციონერი მეორე დღეს ჩამოვარდა ჩემი სახლის კედლიდან, მაგრამ, ორსაათიანი მონტაჟის პროცესში საინტერესო ისტორიები მოვისმინე, რომელსაც დავარქვი „ძარცვა ქართულად“.

– ყველა ამ კონდენციონერს მოკლე შნური აქვს, იმიტომ, რომ ევროპაში შტეფსელებს ზემოთ აყენებენ. ორი წელი გერმანიაში ვცხოვრობდი და ელექტრიკოსობაც იქ ვისწავლე.

– როგორც წესი, ქართველები საქურდავად ჩადიან გერმანიაში, შენ კი ორი წელი პატიოსნად სწავლობდი ელექტროობას?

– მეც მაგ ამბავში ვიყავი, რამდენჯერმე დამიჭირეს კიდეც ქურდობის გამო, მაგრამ, ბოლოს მე და ეს გამოგვადეპორტეს (ხელი პარტნიორი ელექტრიკოსისკენ გაიშვირა).

– ანუ, ჩემს სახლში ახლა ორი პროფესიონალი მძარცველია?

– სუპერპროფესიონალები, ოღონდ, ჩვენ პატიოსანი ქურდები ვართ (იცინის). ერთმანეთი გერმანიის საზღვარზე გავიცანით, როცა ორივე თავშესაფარს ვითხოვდით, მაგრამ, ამისგან განსხვავებით, მე რუსულიც ვიცოდი და ცოტა გერმანული სიტყვებიც.

– რა მიზეზით მოითხოვეთ თავშესაფარი?

– პოლიტიკურით. 2007 წლის 7 ნოემბრის ამბები ახალი მომხდარი იყო, 7 დეკემბერს უკვე გერმანიაში ვიყავი და ახლა მანქანის ნომერი სამი შვიდიანი მაქვს. უცებ აღმოვჩნდი საოცრებათა სამყაროში: საშობაოდ მორთული ქუჩები, ფერადი შუქები; სადაც შეხვიდოდი, უფასოდ გაჭმევდნენ კანფეტებს, შოკოლადებს, ნამცხვრებს... სასმელებიც კი უფასო იყო. გავგიჟდი, ეს ყველაფერი რომ ვნახე. სიტუაცია გაიძულებს, რომ მოიპარო. წარმოიდგინე, ქუჩაში ალაგია ყველაფერი, თან, ისეთი რაღაცეები, მარტო ფილმებში რომ გინახავს და პატრონი არ ჰყავს, თუ რამე გინდა, უნდა აიღო. ერთ ორმოცდაათ მეტრში კი ამ ყველაფერში ფული უნდა გადაიხადო და, რომელი ქართველი „იკადრებდა“ ფულის გადახდას მაშინ, როცა გამყიდველი არსად ჩანს?! მშიერს პური რომ დაუდო და მერე საყვედური თქვა, როგორ უნამუსოდ შეჭამაო, – აი, ეგ ამბავია.

– ამბობენ, არალეგალებს გერმანიის მთავრობა 800 ევროს უხდისო. მართალია?

– არა, 300 ევროს ხელზე გაძლევენ, რაც არის გადაადგილებისა და საჭმლის ფული, მაგრამ, ამის გარდა, გაქვს უფასო დაზღვევა, გიკეთებენ უფასო გამოკვლევებს და, რაიმეს აღმოჩენის შემთხვევაში, უფასოდ გიმკურნალებენ. სტომატოლოგიური მომსახურება ყოველდღე შეგიძლია მიიღო და, ამიტომაც არის, რომ, თითქმის ყველა ქართველს, ვინც გერმანიაშია, კარგი კბილები აქვს; მაგრამ, როგორც წესი, ბევრს ექიმთან მისვლაც ეზარება, რომ უფასოდ იმკურნალოს.

– თქვენი „მოღვაწეობის“ სფერო მხოლოდ მაღაზიები იყო?

– არა, ჩვენ ძირითადად ღამის კლუბებზე ვმუშაობდით. თითქმის ყველა კლუბს აქვს თავისი სამედიცინო და მოსასვენებელი ოთახი, სადაც „პერედოზირებული“ კლიენტები მოჰყავთ ჭკუაზე. ძირითადად, ჭარბი ალკოჰოლით ან ნარკოტიკებით გათიშული ტიპები არიან და, ისე ვაცლიდით ჯიბიდან ყველაფერს, აზრზე ვერ მოდიოდნენ.

– კამერები ვერ გაფიქსირებდნენ?

– ასეთ ოთახებში კამერები არ დგას და კაციშვილი მაგათი მომკითხავი არ არის. ლეშებივით ყრიან და კონდიცირება მაქსიმუმზეა ჩართული, რომ კარგად გაიყინონ და გამოფხიზლდნენ.

– ღამეში 1 000 ევროზე მეტს აკეთებდი?

– არა. ჯიბეში ბევრი ფული არ უდევთ, საკრედიტო ბარათებით დადიან, ძირითადად, მობილურებს, ან, თუ რამე ძვირფასი ნივთი ეკეთათ, იმას ვხსნიდით.

– ამდენი ტელეფონი სად მიგქონდათ?

– თურქი და რუსი ბარიგები იყვნენ. კვირაში ერთხელ მოდიოდნენ და იმათ ვაბარებდით.

– ყოველდღე სხვადასხვა კლუბში დადიოდით?

– არა. ყველაზე მაგარი სამუშაო დღეები პარასკევი, შაბათი და კვირაა, შესაბამისად, ერთ კლუბში მარტო ეს სამი დღე შევდიოდით, მეორე შაბათ-კვირას სხვაგან მივდიოდით და ასე... მერე ქალაქიდან ქალაქში  გადავდიოდით, ანუ, საცხოვრებელს ვიცვლიდით. სხვა დღეებში მაღაზიებში „ვმუშაობდით”. ყველაზე ადვილი პარფიუმერიისა და კოსმეტიკის მოპარვა იყო; მარტო მოპარვა კი არა, ამათი გაყიდვაც ყველაზე ადვილად ხდება.

– ელექტრიკოსობას როდისღა სწავლობდი?

– გერმანული ენის კურსებზეც დავდიოდი და იმავე შენობაში ხუთკაციან ჯგუფში ჩავეწერე. საერთოდ, თავიდანვე ჩხირკედელა ტიპი ვიყავი – ძველ მაგნიტოფონებს ვშლილი და ვაწყობდი, ტელევიზორებიც გამიკეთებია და, რადგან ყველაზე ახლოს ეს დარგი იყო ჩემთან, უქმად რომ არ დამეკარგა დრო, პროფესიის შესწავლაც დავიწყე.

– როგორც წესი, ბევრი იქ წასული ნარკოტიკებს ეძალება. შენ როგორ გაუძელი ამ ცდუნებას?

– ნარკოტიკები არც აქ მაინტერესებდა და არც იქ. რაღაცეები კი გავსინჯე და იშვიათად მარიხუანასაც ვეწეოდი, მაგრამ, ამისგან დიდ სიამოვნებას ვერ ვიღებდი. თან, ყოველთვის ვიცოდი, რომ, ადრე თუ გვიან, გამომაპინტრიშებდნენ და, ვცდილობდი, რაღაც მაინც მესწავლა, რაც ცხოვრებაში გამომადგებოდა. ეს ჩემი ძმაკაციც ავიყოლიე და პატიოსნად ვქურდობდით (იცინის).

– სხვა ქართველებთან არ გქონდა ურთიერთობა?

– იქ ყველა ერთმანეთს იცნობს. რომელ ქალაქშიც არ უნდა წასულიყავი, ქართველი ყველგან გხვდებოდა, მაგრამ, ვინც ჩვენი ჭკუის არ იყო, იმასთან არ ვმეგობრობდით.

– როცა საქართველოში დაბრუნდი, ადვილად იშოვე სამსახური?

– სხვათა შორის, ეგრევე ამიყვანეს სამსახურში. ენა ვიცოდი, ხელობაც მქონდა, თანაც, გერმანიაში ნასწავლი, ამიტომ, არ გამჭირვებია სამუშაოს მოძებნა და ახლა მე და ჩემი ძმაკაცი აქაც პარტნიორები ვართ, თან, პატარა მაღაზია გავხსენით, სადაც გერმანული „ტავარი“ გვაქვს – იქიდან ვაგზავნინებთ ახლობლებს და, ყველამ იცის, რომ ჩვენ ნაღდ გერმანულ საქონელს ვყიდით.

– ჭკვიანი კაცი არსად იკარგება!

– ჰო. იქ წასვლით ვერ გავმდიდრდი, როგორც ეს წასვლამდე მეგონა, მაგრამ, სამაგიეროდ, დიდი გამოცდილება მივიღე და ბევრი რამე ვისწავლე.

– შანსი რომ გქონდეს, ისევ წახვიდოდი?

– წავიდოდი, ოღონდ, ახლა სხვანაირად მოვიქცეოდი და გამოვიყენებდი ამ შანსს. უფრო მეტს გავაკეთებდი და აქ მაგარ ბიზნესს ავაწყობდი. მაშინ ჭკუა არ მქონდა, თორემ, ჭკვიანი კაცი იქ 3-4 წელიწადში ისე აეწყობოდა, ახლა ფეხი-ფეხზე გადადებული უნდა ვიჯდე.

скачать dle 11.3