კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სხვაობაა სმასა და ქეიფს შორის და სადაურია ყველაზე ცნობილი ეკრანული თამადა ზურა ნიჟარაძე

მსახიობი ზურა ნიჟარაძე განსაკუთრებულად უყვარს ქართველ მაყურებელს, უფრო მეტად კი, მისი თამადობით წარმოთქმული სადღეგრძელოები. თუ რა არის მის ხასიათში სვანური და რა ქუთაისური, ამას ჩვენს ინტერვიუში თვითონ გვიამბობს ცნობილი მსახიობი, ნიჟარაძეების გვარის ისტორიასთან ერთად და იმასაც დასძენს, თუ რა აქვს მას საამაყო. 

ზურა ნიჟარაძე: ყველა ნიჟარაძე უშგულიდანაა წამოსული. როგორც ამბობენ, 3 ძმანი ყოფილან. მათგან ერთი აჭარაში დაფუძნებულა, მეორე – იმერეთში და მესამე სვანეთში დარჩენილა. 

იმერეთში ნიჟარაძეები თავადები იყვნენ, თავისი გერბიც ჰქონდათ. იმერეთის მეფის, სოლომენ მეორის კარზე ყოფილა სოლომონ ნიჟარაზე, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მაშინდელი იმერეთის სამეფოში. ის იყო დესპანი, მხედართმთავარი, გამოჩენილი და მიღებული პიროვნება.  

– თქვენ სადაური ნიჟარაძე ხართ?

– მე იმერელი ნიჟარაძე გახლავართ. მეჩვიდმეტე საუკუნეში წამოსულა ჩემი შტო იმერეთში, კერძოდ, მაღლაკის ნიჟარაძეების შტოს მივეკუთვნები. ჰქონდათ თავისი სასახლე, ზედა და ქვედა მაღლაკში ძალიან ბევრი მიწა იყო მათ მფლობელობაში. არსებობს კიდევ სხვა სოფელი – საყულია, მათაც ჰყავდათ ნიჟარაძეების თემი. მინდა გითხრათ, რომ მომღერალი აჩიკო ნიჟარაძეც მაღლაკელი ნიჟარაძეების შტოს წარმომადგენელია, ისევე როგორც მსახიობი ეკა ნიჟარაძე და მომღერალი სოფო ნიჟარაძე.

– მოკლედ, ხელოვნებისთვის ყოფილხართ ნიჟარაძეების ეს შტო მოვლენილები.

– პატრიარქმა, როცა ნიჟარაძეების გვარი დალოცა, ერთ-ერთი ორგანიზატორი მეც ვიყავი. სადაც გავიცანი კახელი ნიჟარაძეებიც, რაჭველი ნიჟარაძეებიც. ეტყობა, ზოგი ზედსიძედ წავიდა, ზოგი კიდევ რაღაც... რაჭაში მაგალითაც ნიჟარაძეების 3 ოჯახია. ზოგადად, ნიჟარაძეების გვარი, როგორც ვიცი, მოიცავს 1 900-მდე სულს.

– ღმერთმა გამრავლოთ!

– გაიხარეთ (იცინის).

– დედა სადაური გყავთ?

– დედა წყალტუბოდანაა, ქობულაძის ქალი. ასევე, საკმაოდ ცნობილი გვარის წარმომადგენელი. დედაჩემის წინაპრები ლეჩხუმიდან, კერძოდ, დეჩიდან და მექვენადან წამოსულები არიან. 

– ხაისათით უფრო იმერელი ხართ თუ სვანი?

– შემიძლია გითხრათ, რომ ჩემს შემთხვევაში, არის ნაზავი. არსებობს საოცარი რამ, რასაც გენეტიკა ჰქვია. სულგრძელიც ვარ, მომთმენიც, მაგრამ არსებობს რაღაც ზღვარი, რომლის იქითაც, უკვე ვსვანდები. თუმცა, იმერული ხასიათი სვანურისაგან განსხვავდება. მე იქ დავიბადე, გავიზარდე, ყველაფერი ქუთაისის, ქუთაისური მაქვს, მაგრამ ზოგჯერ რაღაც მომენტში საკუთარ თავს ვიჭერ და ვასკვნი, რომ, რაც მე ახლა გავაკეთე, ეს იმერულ ხასიათში არ არის. სვანები რატომღაც ასოცირდებიან მარტო გადარეულ ხალხთან. მე ასე არ მიმაჩნია. როცა ჩხუბი მოუვათ, მაშინ „გავსვანდები” და რაღაცეებს ამბობენ. არ არის ეგრე... მე ვამბობ, რომ მაინცდამაინც ჩხუბთან არ ასოცირდებიან სვანები. ისინი გულუბრყვილო ხალხია, მე ძალიან ბევრი სვანი ძმაკაცი მყავს. თუ სვანი ხელს ჩამოგართმევს და გეტყვის: შენ ჩემი ძმა ხარო, ჩათვალე, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ის შენი ძმა იქნება და სიტყვას არ გადავა, თავს შეაკლავს და არ გადავა! გულუბრყვილონი არიან, ზოგადად. იმიტომ არის ამდენი ანეკდოტი სვანებზე. რასაც ეუბნები, სჯერა, რადგან ვერ წარმოუდგენია, რომ ადამიანმა, რომელსაც ვაჟკაცი ჰქვია, ტყუილი იკადროს. მე უშგულიდან წამოსული ნიჟარაძე ვარ. ეს ზემო სვანეთია, ის ადამიანები დინჯები, გაწონასწორებულები და სხვანაირები არიან. მათ სჯერათ, რასაც ელაპარაკები, მაგრამ თუ შეგატყვეს, რომ ცუღლუტობ, რაღაცეებს ეშმაკობ და აფერისტობ, მაშინ მოგაჭრიან ხელს, კლდიდან გადაგაგდებენ, ან რაღაცას გიზამენ, რადგან ეს მათი ტრადიციაა. ეს ჩვენი ხალხია, ეს საქართველოა.

– რამდენი წელია, რაც თბილისში ჩამოხვედით საცხოვრებლად?

– 1998 წლიდან, 16 წელია, თბილისში ვცხოვრობ. ისე, ქუთაისიდან ვარ. იქ დავიბადე და გავიზარდე. სვანეთში არაფერი გვაქვას, სტუმრად თუ წავალ იქ გადაღებაზე, ან მეგობრებთან. ქუთაისში მაქვს სახლი, იქ ვცხოვრობდი 16 წლამდე. დედა იქ მყავს, ძმა, სამეგობრო ძალიან დიდი. ქუთაისთან ძალიან მჭიდროდ ვარ. ქუთაისელი ვარ.

– ქუთაისსაც თავისი ხაისათი აქვს. როგორია ქუთაისური ხასიათი?

– ქუთაისური ხასიათი ისტორიამ განაპირობა. ვისაც იუმორი გააჩნია, ეს არის ქუთაისი და გურია. ისტორიულად და გეოგრაფიულად, ამ ადამიანებს არასდროს ჰქონდათ ბევრი შემოსავალი. ქართლსა და კახეთში უფრო ნოყიერი და შემოსავლიანი მიწებია. იმერეთსა და გურიაში სულ სიდუხჭირე იყო. დავით კლდიაშვილი გაიხსენეთ. გურიაში კიდევ, როგორი გაჭირვება იყო. თან, ქუთაისი ხერხემალია, დასავლეთიდან წამოსული ადამიანი ქუთაისში ჩერდება. ამ ადამიანებმა სიდუხჭირისგან თავის გატანაში გამოსავალი მოძებნეს – იუმორით შეხედეს საკუთარ მდგომარეობას. ქუთაისში დაიბადა იუმორი, ეს ჩემი აზრია. გურიაშიც ასე იყო. გაჭირვებას შეხედეს იუმორით.

– ეს, ალბათ, ისტორიულად... დღეს?

– 21-ე საუკუნეა, ქართველი ერი რომანტიკულობით ხასიათდება. რამდენისგან გამიგია ის თბილისი თბილისი აღარ არის, ის ქუთაისი ქუთაისი აღარ არისო, იმიტომ რომ, ის სხვა დრო იყო და იმ ეპოქამ თავისი კვალი დატოვა. თუმცა, გენეტიკურად, რაც არის ქუთაისში, ხელოვნების აკვანი... ერთმა ნიჭიერმა კაცმა მითხრა, რომ ძალიან დიდი ქარხანაა ქუთაისში ნიჭიერების და თბილისს ამარაგებსო; ჯორჯ ბალანჩინი, ზაქარია ფალიაშვილი, დები იშხნელები... დანარჩენებზე აღარაფერს ვამბობ. იუმორი ახლაც არის ქუთაისში, მაგრამ არ არის იმდენი საშუალება, რომ ქუთაისში მოახდინო საკუთარი თავის რეალიზება.

– გადაცემა „სადღეგრძელოდან” თქვენი პერსონაჟი – თამადა განსაკუთრებით პოპულარულია.

– კი, თამადა პოპულარულია, ძალიან. ადამიანები „საქართველოს თამადას” და ასეთ რაღაცეებს ამბობენ ჩემს დანახვაზე. ქართული სუფრა მე ძალიან მიყვარს. ოღონდ, მარტო „სმა-ჭამა დიდად შესარგი... ” – არა. თუ ქართულ სუფრასთან არ არის სიმღერა, ლექსი, ცეკვა, იუმორი დიდი დოზით, მე ეგეთ სუფრას ვუწოდებ მხოლოდ დალევას და არა – ქეიფს. მე დალევა არ მიყვარს, მე მიყვარს ქეიფი. თუ სუფრასთან ისეთი ხალხი ზის, ვისაც არ აქვს იუმორი და მოსმენის კულტურა, ასეთებთან შეხება თითქმის არა მაქვს. თუ შემთხვევით მოვხვდი ასეთ სმაზე, ბოდიშს ვიხდი, რაღაცას ვიმიზეზებ და იქაურობას ვტოვებ. 

მიყვარს და ხშირად მიწევს თამადობა. ალბათ, 10 სუფრიდან 9-ზე მაინც თამადა ვარ. მანამდეც ასე იყო, ვერ დავაბრალებ, რომ მაინცდამაინც „სადღეგრძელოებმა” იმოქმედა. ჩემს წრეში, მანამდეც სულ თამადა ვიყავი. 

– პირიქით ხომ არ მოხდა: სულ თამადა რომ იყავით თქვენ წრეში, იმიტომ ხომ არ გახდით ეკრანული თამადაც?

– სრულიად შესაძლებელია (იცინის). ჩემი ინიციატივით არასდროს ვდგები თამადად. როცა თამადა ხარ, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. თუ ვინმემ ხმას აუწია, სიტუაცია დაიძაბა, ეტყობა, შენ ვერ ხარ კარგი თამადა. რეჟისორივითაა თამადა. თეატრალურში გოგი ქავთარაძის ჯგუფში ვსწავლობდი. ერთხელ ეროსი მანჯგალაძის თასი მოვიგეთ და კოტე მახარაძემ გვითხრა, თამადას როგორც კი დასჭირდება თქმა: „მომისმინეთ”, ის თამადად აღარ ვარგაო. იმდენად საინტერესოდ უნდა წარმართო სუფრა, რომ შენი სადღეგრძელოს წამოწყებას ხალხი ელოდებოდეს.  

– ვინმე ცნობილი თამადა თუ გახსენდებათ.

– ჩემი მეგობარი, სულხან მამისეიშვილი იყო იმერეთში ცნობილი თამადა. 4 წლის წინ გარდაიცვალა 44 წლის ასაკში. მასთან სუფრაზე მოხვედრა მართლა ზეიმი იყო. ძალიან განათლებული, კარგი მოსაუბრე იყო და იუმორის გრძნობა ჰქონდა ისეთი, რომ სუფრის წევრები მესამე სადღეგრძელოს შემდეგ ვეღარაფერს მიირთმევდნენ. 

– თქვენს წინაპრებში იყვნენ თამადები?

– მამა არ იყო მოლაპარაკე კაცი. თამადობაც არ უყვარდა, არც მას და არც ბაბუას. მამა 44 წლის გარდაიცვალა. მინდა შევძლო ცხოვრება ისე, როგორც მან მითხრა – მადლი ვქნა და არ დაველოდო სარგებელს. ასე გაიზარდა მამაჩემი, ასე გამზარდა მე და ასე გავზრდი ჩემს შვილებს, როცა მეყოლება (იცინის). ჩემს გვარში ყველა ასე გაიზარდა. ნიჟარაძეებში არავინაა ისტორიულად მოღალატე, ან ცუდის ჩამდენი. ეს მაქვს სატრაბახო. არავინ გვყავს ისეთი, ვინც შეიძლება, გვარს ან სამშობლოს არცხვენდეს.

скачать dle 11.3