რატომ ასწავლიდა ნუგზარ რუხაძე ინგლისურს მანეთად და რა იყო მისი ცხოვრების ყველაზე დიდი ავანტიურა
ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე, რომელმაც ბოლო დროს მსახიობის ამპლუაც მოირგო, ეპატაჟურ და არაორდინარულ ტიპაჟად იმ დროსა და რეჟიმში ჩამოყალიბდა, როცა საბჭოთა კომპრომისებში უწევდა ცხოვრება. თამამი ექსპერიმენტები და ცოტა ავანტიურა საკუთარ ცხოვრებას არც მოგვიანებით დააკლო. პიონერი იყო მათ შორის, ვინც თბილისში ინგლისურის პედაგოგობა დაიწყო და ასევე პირველი, ვინც ცნობილ ამერიკულ ტელეარხზე რეპორტიორად მოხვდა. 65 წლის ასაკში მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ისწავლა, ცოტა უფრო გვიან იცეკვა პროფესიონალებთან ერთად, ფიქრობს, რომ „სწორება სწავლაზე” მისი ხასიათის დამსახურებაა და იმ მძიმე წრთობის, რისი გადატანაც ადრეული ასაკიდან მოუხდა.
ნუგზარ რუხაძე: სულ იმას ვეკითხები ჩემს თავს, იმ ჩაკეტილ სივრცეში, რომელშიც გავატარეთ ცხოვრება, ასეთ თავისუფალ ადამიანად როგორ ჩამოვყალიბდი და ამით, სიმართლე გითხრათ, ვტრაბახობ კიდეც. სოციალიზმსა და კომუნიზმს გონებრივად გადაურჩნენ ისინი, ვისაც ერთგვარი დამოუკიდებელი აზროვნება ახასიათებდათ, თუმცა, ამას კარგად მალავდნენ. ჩემი თაობის ბიჭები და გოგოები, თითქოს ვიღებდით იმ ყველაფერს, რასაც კომუნისტური საზოგადოება გვთავაზობდა, მაგრამ მაინც აზრზე ვიყავით – ვკითხულობდით, ვწერდით, უცხოეთში დავდიოდით, თუმცა ამისთვის კომპრომისზე წასვლა გვიწევდა. კომპრომისი რა იყო – სამშობლოს სასარგებლოდ უნდა გაგეკეთებინა რამე, უნდა ყოფილიყავი რეჟიმის მორჩილი, არ უნდა გქონოდა ამბოხების სურვილი. მე რომ უცხოეთში წავსულიყავი, ჩემს დახასიათებაზე ხელი უნდა მოეწერა რაიკომის მდივანს, პროფკავშირის თავმჯდომარეს და კომკავშირის მდივანს. ეს არ მომწონდა, მაგრამ, რომ მინდოდა წასვლა? თავისუფალი ადამიანისთვის, რომელსაც თქვენი თაობა მიეკუთვნება, ამაზე საუბარი ადვილია, მაგრამ ჩვენთვის, მიზნის მისაღწევად სხვა პირობები იყო. პატარა დათმობებზე წასვლა არ იყო დიდი ტრაგედია. უფრო მეტს გეტყვით, მე ვმუშაობდი კომკავშირის „ცეკაში”. ახლა კომკავშირი რომ რაღაც საშინელება და გინება ჰგონიათ, ასეც კი არ იყო. კომკავშირი იყო მაგარი „ბაირამი,” კარგი ცხოვრება, მაგარი გოგოები და ბიჭები, კარგი ურთიერთობები. არაფერს არ ვიკლებდით. კომუნიზმში ცხოვრება იყო არასიმპათიური, მაგრამ მაინც ყველა პოულობდა თავის გზას. ახლა რა არ მივდივართ კომპრომისებზე? მე ძალიან მეხმარებოდა ჩემი ოჯახიც. ინტელიგენტის ოჯახში გავიზარდე, მამა კომუნისტური პარტიის წევრი იყო, ძალიან თავშეკავებული, კულტურული კაცი, თანაც ძალიან მშრომელი. თანამდებობის პირი იყო, მაგრამ ფალიაშვილზე, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, სარდაფში ხან ღორებს ზრდიდა, ხან – ქათმებს. არ შეეძლო გაძლება შრომის გარეშე. დედაც ასეთი იყო, გეგმიანი, მოწესრიგებული. ეს თვისება მეც გამომყვა. მიჯაჭვული ვარ გეგმაზე, დროის კალკულატორი ვარ. დროის თვლა ისევე აუცილებელია ჩემთვის, როგორც ფულის, რომელიც ჯიბეში მაქვს. მაშინ ჩვენი მშობლები, იმაზე ფიქრში, როგორ შეენარჩუნებინათ თავი და სიცოცხლე, ისე რომ, არ დასჭირვებოდათ მოპარვა, გულის ხეთქვაში ცხოვრობდნენ. იმ წესებმა, რასაც კომუნისტური წყობა მას სთავაზობდა, ინფარქტამდე მიიყვანა მამა და 43 წლის ასაკში გაუსკდა გული. ვფიქრობ, რომ დარდისგან დაემართა ეს.
– როგორ გააგრძელეთ ცხოვრება მამის გარდაცვალების შემდეგ?
– ძალიან რთულად. პატარა ბიჭი ვიყავი, მამაჩემის ორმოცზე თხუთმეტი წლის გავხდი. ჩემი და ცხრა წლის დარჩა, მამად გადავიქეცი მისთვის. ხომ იცით, ქართველი დედების ამბავი, დედაჩემი 39 წლის ასაკში დაქვრივდა. დედა რომ გეტყვის, ახლა შენ ხარ ოჯახის უფროსი, დიდიც და პატარაც, მამის როლი უნდა ითამაშოო. ისე „დამგრუზეს” მოვალეობებით, რომელიც შინაგანად სულაც არ მინდოდა 15 წლის ბიჭს, თითქოს ხუთასტონიანი გირა დამადეს და გამსრისეს. არადა, მე კარგად ვიზრდებოდი, მამას მინისტრის მოადგილის რანგი ჰქონდა, სკოლაში მანქანით დავყავდი, მაგრამ ერთ დღეს ეს ყველაფერი გაქრა. ბუნებით ვიყავი ბავშვი, რომელიც პასუხს აგებდა ყველაფერზე და მართლა ჩემს თავზე ავიღე ოჯახზე მზრუნველობა. მეათე კლასის მოსწავლე ფულის საკეთებლად წავედი. ინგლისური კარგად ვიცოდი, დავიწყე მეზობლების განათლებაზე ზრუნვა, მანეთად ვასწავლიდი ინგლისურს. ეს ფული დედაჩემთან მომქონდა, რომ პური ეყიდა. როცა ჩემი ძმაკაცები რუსთაველზე ლაღობდნენ, მე ინგლისურის გაკვეთილებს ვატარებდი, რომ ფული მეშოვა. მთელი სტუდენტობა ფულს ვაკეთებდი. 15 წლის ასაკში რომ დავიწყე ფულის შოვნა, დღემდე არ გავჩერებულვარ. ამიტომაც ვერ ვეგუები, ახალგაზრდა კაცები წუწუნს რომ იწყებენ, რა ვქნა, სამუშაო არ არის ამ დაქცეულ ქვეყანაშიო. როცა გაქვს ხელი, ფეხი, განათლება, აზროვნება, არაფერი არაა პრობლემა.
– როდის გახდა მანეთიანი გაკვეთილები თუმნიანი?
– დროთა განმავლობაში მოვიპოვე სახელი. იქამდეც მივედი, თავს უფლებას ვაძლევდი, უარი მეთქვა გაკვეთილების ჩატარებაზე და მოსწავლეები სხვისთვის გამეგზავნა. მერე პრაქტიკამ მოიტანა ის, რომ მარკეტინგულად დავიწყე საქმისადმი მიდგომა. იმის მიუხედავად, რომ ჩემი ნასწავლი ინგლისური ძვირი ღირდა, არ თავდებოდა სწავლის მსურველთა რიგი. ასე რომ, ტყუილია სტერეოტიპი, რომ ჩვენთან ხარისხს ფასი არ აქვს.
– ამ ინგლისურის წყალობით ამერიკის სატელევიზიო არხის წამყვან რეპორტიორად იქეცით.
– ჩემი ამერიკაში მოხვედრა იყო შემთხვევითი, აქ არც ჩემი ნიჭი იყო გადამწყვეტი, არც გაქანება და არც ჟურნალისტური უნარები. როდესაც ჩვენს ქვეყანაში „პერესტროიკა” დაიწყო, გაჩნდა გარე სამყაროსთან ურთიერთობის აუცილებლობა. პირველად ამერიაკში წავედი 1987 წელს, მე ვიყავი დელეგაციის წევრი. ჩვენ მოვხვდით იმ ამერიკელთა შორის, რომელთა ხელშიც იყო გადაწყვეტილების მიღების საშუალება. ეს იყო ორგანიზაცია „მეგობრული ლაშქარი”, რომელიც აწარმოებდა მიმოსვლას ოჯახების დონეზე მსოფლიო მასშტაბით. ჩვენს სტუმრობას მოჰყვა წინადადება მასპინძელი მხარისგან ჟურნალისტების გაცვლის თაობაზე. მაშინ მე მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე ვიყავი, დიდი ჟურნალისტური გამოცდილება არც კი მქონდა. ერთი წლის შემდეგ, მე ამ ორგანიზაციის გაცვლითი პროგრამით მოვხვდი ატლანტაში, ცნობილ მეთერთმეტე არხზე. 42-43 წლის ვიყავი. ამერიკაში ნამყოფი კი ვიყავი, მაგრამ უკვე სამუშაოდ და საცხოვრებლად იქ გადასული, მივხვდი, რომ ეს იყო სულ სხვა სამყარო. როცა ჩემი პირველი სიუჟეტი ეთერში გავიდა და სტუდიაში შევედი, მთელი სტუდია ფეხზე ადგა და ტაში დამიკრა. ჩემი პირველი რეპორტაჟი შეიძლება, სულ არ იყო ტაშის ღირსი, მაგრამ ამ ტაშით გამათამამეს, მომეფერნენ, გზა გამიხსნეს. იცით, როგორ მომიარეს ამერიკელებმა? პირველსავე დღეს, და ამის მოწმე იყო ზაზა დარასელი, როცა ტელევიზიიდან გარეთ გამოვედით, ტელეკომპანიის პრეზიდენტმა მკითხა იქვე გაჩერებულ მანქანაზე: ამ მანქანას ხედავო? შავი, გაკრიალებული ფორდი იყო. პრეზიდენტმა გასაღები მომცა და მითხრა: ახლა იცი, რა უნდა გააკეთო? წადი რა დაიკარგეო! ვიარე ატლანტაში იქით-აქეთ და დავბრუნდი ისევ უკან. არც მე მოვქცევივარ უმადურად ამ ადამიანების სიკეთეს. მე თავი დავდე ამ სამუშაოზე. ჩემში გამოვიწვიე ჟურნალისტი და ამ განწყობითა და გამოწვევით გავაგრძელე მუშაობა მეთერთმეტე არხზე.
– ქართული ხასიათი როგორ გადგებოდათ ოკეანის გაღმა დამკვიდრებაში?
– მე რომ არ მცოდნოდა თბილისის ქუჩა, რომ არ ვყოფილიყავი ათასჯერ გალახული და გაპერტყილი, თავადაც რომ არ მყოლოდა ნაცემი ვინმე, ჩემიანი; რომ არ მესწავლა იმ სკოლაში, სადაც ვსწავლობდი, რომ არ მყოლოდა ის მეგობრები, ის ბებია და ბაბუა; მე რომ არ მქონოდა ის სოფელი, ძაღლით, ცხენით, თევზებისა და გველების დაჭერით, ფეხშველა სიარულით, ეკლის შერჭობით, ცხენიდან ცხენზე, ცხენიდან ღობეზე და პირიქით ხტომით, ეს ყველაფერი რომ არ მქონოდა განცდილი, იქ ვერაფერსაც ვერ მივაღწევდი. მე იქ ჩავიტანე ის, რაც ამერიკელებისთვის იყო სრულიად უცხო. მე იქ ვსვამდი შეკითხვებს, რომელიც ამერიკელებს არასდროს დაესვათ თავისი რესპონდენტებისთვის. მაგალითად, ჩემს პირველ სიუჟეტზე, როცა მშენებლობის მუშას შემახვედრეს, მე მას ვკითხე: გეამაყება, მუშა რომ ხარ? ამერიკელებისთვის ეს ისეთი უცნაურობა იყო, ეს შეკითხვა გაზეთებში მოხვდა. სკოლაში ვიყავი სიუჟეტზე. ვხედავ 15 წლის გოგოს საყურით, მაკიაჟით, მანიკიურით. ვკითხე, ეს საყურე და მანიკიური რად გინდა-მეთქი? მომწონსო – მიპასუხა. სიუჟეტის ბოლოს, დასკვნით კომენტარში ვთქვი: ეს ბავშვი ჩქარობს, რომ გახდეს ქალი. ქალი რომ გახდება, ბავშვობა მერე მოუნდება-მეთქი. ჩემი ეს სიტყვები ისე მოედო იქაურობას, როგორც კიბო. ერთხელ კენედის კონცხზე ვიყავი, შატლ „კოლუმბიას” უშვებდნენ კოსმოსში. რადგან უკვე იცოდნენ, რომ მათ წრეში იყო საბჭოთა კავშირიდან ჩამოსული, საბჭოთა ცხოველი, რომელსაც საუბარი შეეძლო, ჟურნალისტების მთელი კორპუსი ჩემთან მოვიდა, უამრავი კამერა დამიდგა წინ. იმ დღეს გავხედე ცას და ვთქვი მხოლოდ ერთი ფრაზა: „კიდევ ერთი ჯაშუში ცაში.” ამას ისეთი რეაქცია ჰქონდა, შატლი ვიღას ახსოვდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ორივე სანაპიროზე, მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ, არ დარჩენილა გაზეთი ჩემი ფრაზა პირველ გვერდზე რომ არ გამოექვეყნებინა (იცინის).
– და ამის მიუხედავად, ერთ დღეს, არც მეტი არც ნაკლები გამოიქეცით იქიდან.
– თუმცა, ვიტყვი, რომ ამერიკულმა კულტურამ დააგვირგვინა ჩემი ზრდა და პიროვნების ჩამოყალიბება. ამერიკამ გახადა მინიმუმი დისტანცია ჩემს აზროვნებას და შედეგს შორის. მე ვეღარ ვიტან გრძელ ამბავს მოფიქრებულიდან შედეგამდე და ამას ჩემს იმერულ-გურულ ხასიათსაც დავუმატებ, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ჩქარი და შედეგზე ორიენტირებული ვარ. რაც შეეხება თქვენს ნახსენებ „გამოქცევას”, მე ამას უფრო დაბრუნებას ვუწოდებ. ეს ამბავი რომანტიულიც არის და ფილოსოფიურიც. მე ამერიკაში მქონდა კომპიუტერული ფირმა, საკმაოდ კარგად ვცხოვრობდი. ჩემი სახლი იდგა მერლინში, ქალაქის პარკში, ნამდვილი ედემის ბაღი იყო. ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა ზაზა შენგელიამ შემომითვალა, ჩამოდი და ჩვენთან იმუშავეო. ეს ჭია რომ შემიჩნდა, კინაღამ გავგიჟდი. ერთი თვე დავდიოდი და წრეებს ვარტყამდი სახლს. დავდიოდი და ვფიქრობდი, წამოვსულიყავი თუ არა. კინაღამ გავაფრინე, რადგან ის ერთი თვე მეტი არაფრით მიცხოვრია. ბოლოს ჩემს თავს ვკითხე: ბედნიერი ხარ? ჩემმა ეგომ შიგნიდან მიპასუხა, არაო. რატომ? – კიდევ ვკითხე. აი, იმ ხმამ როგორც კი მითხრა, წადი შენს ფესვებშიო, ამის გაფიქრება და ზუსტად სამ დღეში ყველაფერი ჩალაგებული მქონდა, უკანასკნელი საშლელიც კი. 15 წლის შემდეგ უკანმიუხედავად დავტოვე ამერიკა და თბილისში წამოვედი.
– როგორც ჩანს, ავანტიურისტიც ხართ. ასე იოლად რისკავდით და ატარებდით ექსპერიმენტებს საკუთარ ცხოვრებაზე?
– ნამდვილად ასეა, ჩემში არის ავანტიურიზმი, კარგი გაგებით. ჩემი ავანტიურისტული ბუნება ბოროტად, სხვის დასამარცხებლად არ გამომიყენებია. სრულიად უშიშარი ბუნება მაქვს, არასდროს მიჭირს სიახლეებზე წასვლა. 65 წლის ასაკში ისე ვისწავლე აკორდეონზე დაკვრა, რომ 130-მდე ნაწარმოების დაკვრა ვიცი. „დაისის” უვერტიურას უშეცდომოდ, გამართულად ვუკრავ აკორდეონზე. მეტი რა ვქნა? არ შევუშინდი და პოპულარულ პროექტშიც კი ვიცეკვე. სწავლება იყო და არის ჩემი არსი. საკუთარ თავზე ბევრი თამამი ექსპერიმენტი მაქვს ჩატარებული, რამაც მომცა მთავარი – ცხოვრება ძალიან საინტერესოდ გამატარებინა. ცოდვილი ვიქნები, რომ ვთქვა, ცუდად ვიცხოვრე-მეთქი. მქონდა ბევრი სირთულე, რაც გადავლახე, შეიძლებოდა უფრო ნაკლები შეცდომები დამეშვა. უფრო მდიდარი, ჯანმრთელი, მაგარი კაცი ვიქნებოდი, ბევრი რამ რომ არ გამეკეთებონა. ჩემი შეცდომების კრებული მქონდა, ჩემს შეცდომებს „ვაგროვებდი”. როცა ვუყურებ იმ კრებულს, გული მისკდება და იცით, რატომ? იმდენი შეცდომა მაქვს გამეორებული, იმ კრებულმა გამახსენა, თორემ ამას რას წარმოვიდგენდი.