რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს ფიზიკური პირი, რომ სახელმწიფოსგან მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების პროგრამით გათვალისწინებული 5 000 ლარი მიიღოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამა, რომლის მიზანიც მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობაა 10 ოქტომბერს ამოქმედდება. საერთო ჯამში, ამ საქმისთვის 20 მილიონი ლარია გამოყოფილი და სახელმწიფო იმედოვნებს, რომ ეს თანხა გამოიღებს შემდეგ შედეგს: გაიზრდება რეგიონული ბიზნესის კონკურენტუნარიანობა; შემცირდება რეგიონის მკვიდრთა მიგრაცია დედაქალაქსა და უცხოეთში; რეგიონში თანამედროვე ბიზნესპრაქტიკა დამკვიდრდება; მოხდება რეგიონალური პროდუქციის დივერსიფიკაცია; მოიმატებს მოთხოვნა ადგილობრივ პროდუქციაზე და შეიქმნება დამატებით სამუშაო ადგილები.
პროგრამა 26 თვის განმავლობაში განხორციელდება და მასში ჩართვა შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელიც პროგრამაში ჩართვისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სარგებლობს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით. კერძოდ: მიკრო-ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს; მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს; ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებს. პროგრამა თანადაფინანსების პრინციპით მოქმედებს: დამწყებ და უკვე მოქმედ მეწარმე სუბიექტებს მაქსიმუმ 5 000 ლარით დააფინანსებს, სამი მეწარმე სუბიექტისგან შემდგარ ჯგუფს კი – მაქსიმუმ 15 000 ლარით. მეწარმე სუბიექტების თანამონაწილეობა 20 პროცენტზე ნაკლები არ უნდა იყოს. პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს მცირე მეწარმეების ტექნიკურ დახმარებას ტრენინგების, სტაჟირებებისა და ინდივიდუალური კონსულტაციების მეშვეობით. პროგრამა თბილისის გარდა მთელ საქართველოს მოიცავს, თავის მხრივ კი, სამიზნე რეგიონები 4 ლოტადაა დაყოფილი: აჭარა, გურია, სამეგრელო და ზემო სვანეთი, სავარაუდო ბიუჯეტით, 6 მილიონ 100 ათასი ლარი. კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, სავარაუდო ბიუჯეტით 5 მილიონი ლარი. იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სავარაუდო ბიუჯეტით 4 მილიონ 520 ათასი ლარი. სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, სავარაუდო ბიუჯეტით – 4 მილიონ 380 ათასი ლარი. თანხას გაცემს არა სახელმწიფო, არამედ კერძო ორგანიზაციები, რომლებსაც სახელმწიფო შეარჩევს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. თავის მხრივ, ორგანიზაცია შეარჩევს ბენეფიციარებს; ამასთან, დაეხმარება მათ ბიზნესგეგმის შედგენაში და შეარჩევს მეწარმე სუბიექტებს ტრენინგის ეტაპისთვის. საბოლოოდ, კერძო ორგანიზაცია დაამტკიცებს პროექტს დასაფინანსებლად და მასში მონაწილეებს გაუწევს კონსულტაციებს, ტრენინგებს და სხვა ტიპის ტექნიკურ დახმარებას.
ჯერჯერობით უცნობია, რომელი ორგანიზაციები შეარჩია სახელმწიფომ პროგრამის განმახორციელებლებად, რადგან განაცხადის შეტანის ვადა გასული კვირის ბოლოს ამოიწურა, მაგრამ, რაკი პროგრამა 10 ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს, აფბას პრეზიდენტთან, ნოდარ ჭიჭინაძესთან ერთად გავარკვევთ, ვის და როგორ შეეძლება აღნიშნული პროგრამით სარგებლობა.
– სამინისტროს პროექტის არსი საკმაოდ მკაფიოდ აქვს განმარტებული, ჩემს პოზიციას ვიტყვი, რამდენად კარგი პროექტია და რა შედეგს მოიტანს. ორი აზრი არ არსებობს, დღეს სოფლად ცუდი მდგომარეობაა და სოფელი განვითარებას საჭიროებს. მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც დიდია სოფლიდან ქალაქებში მოსახლეობის მიგრაცია და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ადგილზე გარკვეული ინიციატივები წაახალისოს, მით უმეტეს, რომ 5 000 ლარი არ გულისხმობს რამე დიდი საწარმოს შექმნას. ეს არის იმ ტიპის საქმიანობის კომერციალიზაცია, რასაც სოფლებში ეწევა მოსახლეობა, რომ ბიზნესის ჩანასახები გაჩნდეს რეგიონებში, რაც პერსპექტივაში გამორჩეულ ნიჭიერ ადამიანებს საშუალებას მისცემს, შესაბამისი უნარები განივითარონ და თავიანთი ბიზნესები შექმნან. მით უმეტეს, რომ ამ პროექტს თან ახლავს საკონსულტაციო ნაწილიც, რაც მათ უნარების განვითარებაში დაეხმარება. ამდენად, დადებითად შევაფასებდი, კარგი წამოწყებაა.
– სქემა როგორია? სამინისტროს საიტზე არ არის განმარტებული, ვინ ვისთან მიდის, რა პროცედურებს გადის კონკრეტულად, რომ მიიღოს ეს 5 000 ლარი, თუ აქვს თავად 1 000-ც.
– რამდენადაც ვიცი, საქართველოს რეგიონები, თბილისის გარდა, ლოტებადაა დაყოფილი, რომლებზეც უნდა გადანაწილდეს 20 მილიონი. ამ თანხების ათვისება, მათი მიტანა უშუალოდ ბენეფიციარებამდე, დაინტერესებულ ადამიანებამდე უნდა მოხდეს სხვადასხვა არასახელმწიფო იურიდიული პირების მიერ. ეკონომიკის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა კონკურსი, რომელშიც სხვადასხვა კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას და გამარჯვებულები თავიანთ თავზე აიღებენ ამ თანხის განაწილებას. მათვე დაევალებათ საკონსულტაციო მომსახურების გაწევაც.
– ფაქტია, რომ მოთხოვნა მეტი იქნება, ვიდრე გამოყოფილი 20 მილიონია.
– მოთხოვნა გაცილებით მეტი იქნება, თუმცა განსაზღვრულია ცალკეული კრიტერიუმები, თუ რა ტიპის პროექტები უნდა დაფინანსდეს უპირველესად. სახელმწიფო განსაზღვრავს პირობებს, უბრალოდ კონკურსში გამარჯვებული კომპანიები, რომლებმაც თანხა უნდა გაანაწილონ, უზრუნველყოფენ ამ თანხის უშუალოდ ბენეფიციარებამდე მიტანას. ასევე, ეს კომპანიები დაეხმარებიან კონკრეტულ ადამიანებს ამ თანხის მიღებასა და სწორად განკარგვაში.
– სახელმწიფო თავად რატომ არ ანაწილებს ამ თანხას? შუამავალი ხომ ზედმეტი ხარჯია?
– სახელმწიფოს შეიძლება, არც ჰყავდეს ასეთი კადრები ან ჰყავდეს და ისინი სხვა საქმით იყვნენ დაკავებულნი. შუამავლები იმ კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევენ პროექტებს, რაც დააწესა სახელმწიფომ. ბუნებრივია, მათი ინტერესიც არის, თუმცა დაკონკრეტებული არ არის ოდენობა. ლოგიკურად, მათი მომსახურების თანხაც შედის იმ 20 მილიონში, რადგან სხვა ინფორმაცია არსად მინახავს. გასულ კვირას დასრულდა განაცხადების მიღება და თავად პროგრამა 10 ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს, ესე იგი, იმ დროისთვის შერჩეულნი იქნებიან შუამავალი კომპანიები. ჯერჯერობით არსადაა დაკონკრეტებული, როგორი ურთიერთობა იქნება ბენეფიციარსა და ამ კომპანიებს შორის. სახელმწიფო შუამავლების გარეშეც შეძლებდა ამის გაკეთებას, მაგრამ, მაგალითად, შუამავლად შეიძლება, მონაწილეობა მიიღოს რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ, რომელიც დასპეციალიზებულია სოფლის მეურნეობის დაკრედიტებაზე. ამ დარგთან ურთიერთობის მეტი გამოცდილება აქვს და სახელმწიფოზე უკეთ შეუძლია, განათავსოს გამოყოფილი თანხა. რა თქმა უნდა, სახელმწიფოსაც შეუძლია იგივე – დაიქირაოს კადრები, თვითონვე შექმნას შუამავალი რგოლი, მაგრამ ეს მაინც მოითხოვს ხარჯს, ამიტომ უმჯობესია, რომ შუამავალი რგოლის სახით მოიწვიოს კერძო კომპანიები და მათაც მისცეს შანსი. მიდგომა ასეთია, კერძო სექტორმა შეაფასოს პროექტები და არა სახელმწიფომ და ეს მიდგომა ჩემთვის მისაღებია, რადგან კერძო სექტორს ამ სფეროში საქმიანობის უფრო დიდი გამოცდილება აქვს, ვიდრე სახელმწიფოს.
– სანამ ეს დადგინდება, ავუხსნათ მკითხველს, რა ტიპის პროექტებს დააფინანსებს სახელმწიფო 10 ოქტომბრიდან შუამავალი კომპანიების მეშვეობით?
– პროექტი მოიცავს ნებისმიერ საქმიანობას: ამ საქმიანობის ავტორი შეიძლება, იყოს როგორც სოფლად, ისე ქალაქად მცხოვრები ადამიანი, რომლის იდეაც ეხება სოფელში რამე საწარმოსა თუ მეურნეობის განვითარებას, რომ იქ შეიქმნას ეკონომიკური აქტივობა და დოვლათი. ანუ ამ შემთხვევაში ადამიანის საცხოვრებელ ადგილსა და სტატუსს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ მან ეს პროექტი განახორციელოს რეგიონებში. საქმიანობის ზუსტი ჩამონათვალი არ არსებობს, მაგრამ, ლოგიკურად, ეს იქნება სოფლის მეურნეობა, იმიტომ რომ თანხით, რომლის გაცემასაც ეს პროექტი ითვალისწინებს, ვერ გახსნი დიდ საწარმოს.
– დიდს ვერა, მაგრამ შესაძლოა, გახსნა სალონი, თონე, გამოუშვა გაზეთი?
– ალბათ, სამიზნე აუდიტორია ამ შემთხვევაში არის სოფლის მეურნეობა. მაგალითად, ადამიანებს ჰყავთ საქონელი და მათ ამ თანხით შეუძლიათ, შეიძინონ რძის გადამამუშავებელი დანადგარი ან ყურძნის გადამამუშავებელი დანადგარი, ვისაც აქვს ვენახი. მე პირადად რაჭაში მაქვს სოფელი და საკმაოდ ძველი მეთოდებით იწურება ღვინო.
– ჩვენი წინაპრებისდროინდელი ტექნოლოგიური განვითარების დონეზე ვართ დღესაც.
– ამიტომ შეიძლება, სოფლად რამე გადამამუშავებელი ნახევრად ავტომატური დანადგარი შეიძინონ. სწორედ აქ სჭირდება კონსულტაცია გლეხს. ამას გარდა, მეღვინეობის სფეროში დასაქმებულებისთვის საინტერესო იქნება ღვინის შესაფუთი ნახევრად ავტომატური აპარატი, რომელიც ძვირი არ ღირს, რომ თავიანთი ღვინო ლამაზად შეფუთონ და უფრო ძვირად გაყიდონ. ანუ თავიანთი საქმიანობის კომერციალიზაცია მოახდინონ, ნაცვლად იმისა, რომ ყურძენი ჩააბარონ. მით უმეტეს, რომ მეწარმეთა ჯგუფისთვის სახელმწიფოს 15 000 ლარი აქვს გათვალისწინებული, თუ ამას თანადაფინანსების 20 პროცენტსაც დავამატებთ, ეს არც თუ მცირე თანხაა ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარების დღევანდელი დონის გათვალისწინებით. ამ თანხით სავსებით შესაძლებელია მიკროწარმოების შექმნა. აქვთ სრული თავისუფლება: შეიძინონ სასუქი, საკვები პირუტყვისთვის, გადააიარაღონ თავიანთი მეურნეობა და ასე შემდეგ.
– ერთია, რომ სახელმწიფო გასცემს ამ თანხას და კონსულტირების ვალდებულებასაც იღებს, მაგრამ მეორეა მონიტორინგი: მე ვაჩვენებ, რომ მაქვს 1 000 ლარი, დავწერ პროექტს, ავიღებ 5 000 ლარს და ვიყიდი მანქანას ან წავალ სამოგზაუროდ. ეს ფული ხომ საჩუქარია, არავინ მთხოვს მის დაბრუნებას?
– დიახ, ასეთი მაგალითი ბევრი გვსმენია და ამიტომ, ბუნებრივია, დგება, როგორი უნდა იყოს ამ თანხის მიზნობრივად გამოყენების მექანიზმი. არ მახსენდება, რომ ეკონომიკის სამინისტროს ვებ-საიტზე მითითებულ ინფორმაციაში იყოს ეს აღნიშნული.
– არც მე.
– წესით, უნდა იყოს, რადგან არ გამოვა, მე მოგცე 5 000 ლარი და შემდეგ, რაც გინდა, ის გააკეთო. იმიტომ რომ ცდუნება დიდი იქნება. დავამატებ ამ 5 000 ლარს ჩემს 1 000-ს, ვიყიდი მანქანას და „ვიტაქსავებ“. ანუ ეს რისკი არის.
– ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ფულის დიდი ნაწილი დაიკარგება და ჰაერში აღმოჩნდება გასროლილი. თქვენ რას ფიქრობთ?
– თუ დაკარგვაში იმას გულისხმობენ, რომ ჩაიდება პროექტში, რომელიც არ გაამართლებს, სხვა საკითხია. გამოუცდელობის გამო დიდია რისკი, რომ ვერ გაამართლოს ამა თუ იმ პროექტმა, წარმატებულ ბიზნესმენსაც კი მოსდის შეცდომები, არათუ ახალბედებს. მეტიც, ახალბედების შემთხვევაში რისკი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პროექტისთვის „აწარმოე საქართველოში“, რადგან იქ გამოცდილი მეწარმეები და ბიზნესმენები იღებენ მონაწილეობას. როდესაც ნულიდან იწყებს ადამიანი, ბუნებრივია, იქნება წარუმატებლობის ფაქტები და არც თუ ცოტა.
– ახსენეთ, რომ დიდი პროექტების განხორციელებისას კრედიტები გასცეს ბანკებმა ჩვეული წესით, რამაც გააჩინა ლეგიტიმური ეჭვი, რომ ისევ და ისევ უმეტესად ბანკებმა იხიერეს ამ სამთავრობო იაფიანი კრედიტებით.
– რა თქმა უნდა, ამის რისკიც არსებობს, თუმცა ნორმალურ სიტუაციასა და გარემოში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ საქართველოში ასეთი რისკი ნამდვილად არსებობს. იმიტომ რომ არ არსებობს მიმართულება და დარგი, სადაც საბანკო სექტორს არ ჰყავდეს თავისი შვილობილი კომპანია და არ ჰქონდეს თავისი ინტერესი. ასე რომ, ეს რისკი მაინც არსებობს.
– მიკროსაწარმოების შექმნის პროექტში არსებული შუამავალი კომპანიების შემთხვევაშიც იქნება ეს რისკი.
– რისკი აქ უფრო დაბალია, რადგან ისინი შეირჩევიან ღია კონკურსის წესით. შუამავალი კომპანია შეიძლება, იყოს არა მარტო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არამედ არასამთავრობო ან საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომლებსაც აქვთ ადამიანური რესურსი საკონსულტაციო თუ პროექტების მიმართულებით. ერთი სიტყვით, ყველა ის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს კომპეტენცია, შეარჩიოს პროექტი და იყოს ფინანსების გამტარი. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, იქ, სადაც ფულია, თან, ასეთი მუქთა ფული, კორუფციისა და თავისიანის გაყვანის რისკი იქნება, თუმცა მთავარია, წარმოდგენილმა პროექტებმა დააკმაყოფილოს ის კრიტერიუმები, რასაც ითხოვს სახელმწიფო ბენეფიციარისგან. მისცენ თანხა თავიანთ ნათესავსაც შუამავალმა კომპანიებმა, თუკი ის წარმოადგენს კარგ პროექტს.