„მე ის თამრო ვარ“
ანუ შენ რომ ჩემი სისხლი არ დაგილევია
ბ-ნი შაშკინი კვლავ არ სწყალობს ცოცხალ ჟურნალისტებს (ან კი როგორ უწყალობებს რამეს, როდესაც მინისტრობის პერიოდში სათოფეზე არ იკარებდა?!), ამიტომაც თანამოაზრეების კვალდაკვალ საზოგადოებასთან ვირტუალური სივრციდან ამყარებს კომუნიკაციას (აი, სად გავარდა ტექნიკა?!).
შესაბამისად, ის სოციალური ქსელით გამოეხმაურა ინფორმაციას ინტერნეტსივრცეში შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევაში შეუარცხმყოფლის დასჯის პერსპექტივის შესახებ, თანაც, ისე აღშფოთებული ბრძანდებოდა, თითქოს ჩემი ინიციატივა იყო საჯარო სკოლებში დირექტორ-მასწავლებელთა გასაკონტროლებლად მანდატურების ჩასმა, რომელთა უჩუმრად საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბუზებიც კი უხმაუროდ დაფრინავდნენ (ბზუილით რომ არავინ შეეწუხებინათ).
სახელდობრ, ბ-ნი შაშკინი უბნობს, „მთავრობა დიდი მონდომებით ცდილობს გაანეიტრალოს სოციალურ ქსელებში არსებული ნეგატივი. ბოტების, ჩინოვნიკების და პარტაქტივის რესურსი უკვე აღარაა საკმარისი. ამიტომ, ახლა ცდილობენ, სისხლისსამართლებრივი ზომები დააწესონ ინტერნეტისთვის, რაც თავისთავად უტოპიაა.“
მე არ შევუდგები ექსმინისტრის ნააზრევის ოპონირებასა და ანალიზს (უბრალოდ, არ ღირს, პრინციპით: „შეაყარე კედელს ცერცვი” – ), მის ციტირებას გავაგრძელებ. კერძოდ, იგი ყველაზე მეტად შემდეგს დაუღონებია: „ჩემს პოსტებზე ბოლო კვირას სხვადასხვა ბოტების და ჩინოვნიკების სახელით იდება ერთი და იგივე შინაარსის ტექსტი: „ეს ის შაშკინი არ არის, რომელიც სისხლის დალევით იმუქრებოდა?!“
ამიტომაც შემოგვძახა – ჩვენ რა, ამის დამწერთ შეუძახა: „კი (უნდა იყოს, „დიახ“, ბატონო განათლების ექსმინისტრო), მე ის შაშკინი ვარ, რომელმაც საჯარო სკოლის დირექტორებს ხუმრობით ვუთხარი, სკოლების რემონტების და ბავშვების კუთვნილი ფული სახლში არ წაიღოთ, თორემ თქვენს სისხლს დავლევთქო (უნდა იყოს – „მეთქი“, ზედაც, დეფისით). ხუმრობით ნათქვამმა სიტყვებმა სახელმწიფო ბიუჯეტს 1 წელიწადში მარტო სკოლის ვაუჩერებისგან 20 მილიონი ლარი დაუზოგა.“
შესაბამისად, თუ ექსმინისტრის ლოგიკას მივყვებით, ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენს დაზოგავდა ბიუჯეტი, ბ-ნ შაშკინს თითო-თითო დირექტორის, თუნდაც, 50-50 გრამი სისხლი რომ დაელია?!