რა ღირს კადიროვი?
არც ერთი იყო ბერძენი და არც მეორე – ისლამისტი
გასულ კვირას ისე მოხდა, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი (რომელსაც ჩვენს სიყვარულს ვერა და ვერ დავაბრალებთ) ორი სახელშეცვლილი, მაგრამ მაინც ქართველის ყურადღების ცენტრში მოექცა.
ერთი, ოდესღაც ჯარჯი ზვიადაური (აწ ილიას ილიადისი) ჩეჩნეთის პრეზიდენტს სასახლეში ეწვია და, ვიდრე ის აღტაცებული (თითქოს გულით საყვარელი ენახოს) შესციცინებდა ბ-ნ კადიროვს, ოდესღაც თარხან ბათირაშვილმა (აწ აბუ ომარ ალ-შიშანმა), პირველი ტერორისტული ისლამური სახელმწიფოს სახელით, გამოაცხადა, რომ 5 მილიონს იხდის რამზან კადიროვის თავში (მისი გარემოცვის, სულ 11 ადამიანის, გასაღებისთვის დაწესებული თანხა კი ნახევარი მილონიდან 4 მილიონამდე მერყეობს).
იმის გათვალისწინებით, რომ ზემოხსენებულმა რამზანმა პრესკონფერენცია მოიწვია და (თუმცა ჯილდოები არ უხსენებია, მხოლოდ იმ მუქარას შეეხო, რომელიც კავკასიისა და ჩეჩნეთის გაწმენდას ეხებოდა) განაცხადა, რომ არ ეშინიათ და, ისლამისტებს, სადაც მისწვდებიან, იქ გაანადგურებენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც მთლად უშიშობაა.
მართალია, ისლამური სახელმწიფო ჩვენთვისაც საშიშია (მიუხედავად თარხან ბათირაშვილის ჩვენებურობისა) და როგორც ილია იტყოდა, ფხანა ქეცმა იცისო, დაქიჩმაჩებული კადიროვის დანახვამ გული კი მოგვფხანა. –