ჯადოსნური ველის საიდუმლო
პირველი წყაროები საირმის წყლების შესახებ მეცხრამეტე საუკუნის 90-იანი წლებიდან გვხვდება. იმერეთში, ერისთავების კუთვნილ ტყეებში, ირმების ამოჩემებული ადგილი პირველად მონადირეებმა შენიშნეს. ხალხში გავრცელებული თქმულებით, წყალი დაჭრილ ირმის კვალს ადევნებულმა ძმებმა აღმოაჩინეს. წყარო ჟანგით გადაწითლებულ ქვებზე მოედინებოდა, მის გარშემო კი ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. ირმის ჯოგები მარილსა და წყალს მორიგეობით ეტანებოდნენ და, ამიტომაც, იქაურობას „საირმე” უწოდეს.
ადგილს ყურადღება მწყემსებმაც მიაქციეს და კიდევ ერთი უჩვეულო რამ აღმოაჩინეს — ირმების წყაროდან დაახლოებით 3 კილომეტრის მოშორებით, ერთ ადგილას, ბალახი მუდამ მწვანე რჩებოდა; იმ მონაკვეთზე თოვლი არ დებდა, მიწა კი წვიმის მოსვლიდან რამდენიმე წუთში გამშრალი იყო. „ჯადოსნური“ ველის საიდუმლოს ფარდა 20-იან წლებში აეხადა, როცა გეოლოგებმა მიწის სიღრმეში ცხელი მინერალური წყალი აღმოაჩინეს.
ასე გაჩნდა საირმე – წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით, მთის კლიმატით გამორჩეული და, რაც მთავარია, სამკურნალო, მინერალური და თერმული წყლის საბადოებით მდიდარი ბალნეოლოგიური კურორტი, ქალაქ ქუთაისის სამხრეთით, ბაღდათის რაიონში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე. ის უკვე რამდენიმე ათეული წელია, მნიშვნელოვან საკურორტო ზონად ითვლება.
კურორტის რეაბილიტაცია 2011 წელს დაიწყო და პროექტის ფარგლებში მოეწყო მაღალი სტანდარტის სასტუმრო „საირმე”, რომელიც 150 ნომრისგან შედგება და 390 დამსვენებელზეა გათვლილი. აგრეთვე, მოხდა საირმის ლანდშაფტის მოდერნიზება: ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები სარეკრეაციო, სავაჭრო და საკვები ობიექტების მოსაწყობად.
გარდა ამისა, კურორტზე მოქმედებს სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი გერმანული ფირმის – „კრაფტის“ უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. საკმაოდ დიდი მოცულობის კომპლექსი ნებისმიერი ტიპის გამაჯანსაღებელ პროცედურას შემოგთავაზებთ.
საირმის კურორტი მთელი წლის განმავლობაში იღებს ვიზიტორებს – აქ ოთხივე სეზონზე შესანიშნავი კლიმატია. როგორც ამბობენ, „დაავადებამ სეზონი არ იცის,” ამიტომ, სამკურნალო ცენტრი აქ მუდმივად, 24 საათის განმავლობაში მუშაობს. საირმის კურორტზე 4 სასტუმრო, კლინიკა და სპა-ცენტრია განთავსებული და მინერალური წყლების 4 ბიუვეტია მოწყობილი.
წარმოდგენილი 4 ტიპის წყლებიდან, თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურად, ძალიან დიდი ყურადღებით ხდება წყლის ტიპის შერჩევა და განისაზღვრება დოზირება; საირმის კურორტზე ჩასულ ვიზიტორს უფასოდ ეკუთვნის კლინიკაში თერაპევტთან ვიზიტი, რომელიც ამ ყოველივეს განსაზღვრავს და შეადგენს გრაფიკს. შესაბამისი წყლის აღების პუნქტიდან – ბიუვეტიდან კი მინერალური წყლის ჩამოსხმა საჭირო დოზირებით ხდება ღილაკზე თითის დაჭერით.
სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამა-მინიმუმი 2-კვირიანია, ასევე 2-კვირიანია გასახდომი პროგრამა, რომელიც მოიცავს კომბინირებულ პროცედურებს: წყლები, სწორად შერჩეული მენიუ, სასეირნო ბილიკები, ფიტნეს-დარბაზი, დახურული და ღია აუზები, თერმული აბაზანები, „შარკოს” შხაპი და ანტიცელულიტური მასაჟები.
აქვეა ღია კაფე და ტერასა, სადაც ზაფხულობით მუსიკალური კარაოკე, x-box თამაშები, კინოთეატრი, ფეხბურთის ტრანსლაცია და საღამოობით გასართობი ღონისძიებები იმართება.
საირმე დაცული ტერიტორიაა. პარკი აღჭურვილია საბავშვო მოედნებით, აქვე შეგიძლიათ, ისარგებლოთ ძიძისა და ანიმატორის სერვისით.