ახალი ფილმი ილიას მკვლელობის შესახებ
კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა პრემიერა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებული ფილმისა – „ვინ მოკლა ილია.“ შსს-ს არქივში დაცული სისხლის სამართლის საქმისა და მნიშვნელოვანი დოკუმენტების მიხედვით, ფილმზე მუშაობა, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2013 წელს დაიწყო. მოქმედება დროის სამ მონაკვეთში ხდება: ილიას მკვლელობის დღეს, ბოლშევიკურ ეპოქაში, როდესაც მკვლელობაში მონაწილე პირები გაასამართლეს და თანამედროვე ეპოქაში, როცა მომხდარის დეტალების აღდგენა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით მიმდინარეობს.
საზოგადოება ამ ფილმით ილიას მკვლელობის სრულიად ახალი ვერსიის ეკრანიზაციას გაეცნობა. ექსპერტების დახმარებით გაკეთდა მკვლელობის სრული რეკონსტრუქცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მკვლევრებთან ერთად, ილიას მკვლელობის სრულიად ახალი და აქამდე უცნობი დეტალები აღმოაჩინეს. ჩატარდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის ხელახალი შესწავლა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივშია დაცული და 11 ტომს მოიცავს.
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში ჩატარდა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, ხოლო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ილია ჭავჭავაძის გაკვეთაში მონაწილე ექიმის დასკვნის ხელახალი ექსპერტიზა მოახდინა.
მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში ილია ჭავჭავაძის როლი შესანიშნავად შეასრულა მსახიობმა კოტე თოლორდავამ, ხოლო მწერლის მეუღლე, ოლღა – ნანუკა ხუსკივაძემ განასახიერა.
ფილმში მონაწილეობენ: გოგი ქავთარაძე, გივი ბერიკაშვილი, პაატა მხეიძე, ირაკლი ჩოლოყაშვილი, ზაზა იაქაშვილი...
ახლო მომავალში ფილმის ჩვენება სატელევიზიო ეთერში და, ასევე, რეგიონების კინოთეატრებში იგეგმება.
ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორია მიხეილ ბერინაშვილი, მუსიკალური გაფორმება კი ნიაზ დიასამიძეს ეკუთვნის.