კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაწერა თავისი პირველი მოთხრობა რუსულად დავით კლდიაშვილმა და რატომ სჭირდებოდა მას თარჯიმანი დედასთან

მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორია დავით კლდიაშვილის შემოქმედებიდან იღებს სათავეს. ამ დიდი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ბევრი რამ იცის მკითხველმა. და მაინც, გავიხსენოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი მისი რთული და საინტერესო ბიოგრაფიიდან. თუნდაც – როგორ შეძლო მან, მშობლიურ ენას მოწყვეტილმა და რუსულად განათლებულმა, გამხდარიყო ქართული სიტყვის დიდოსტატი. ჩვენი რესპონდენტია რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის ქართული ისტორიისა და თანამდეროვე ლიტერატურის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ზოია ცხადაია.

ზოია ცხადაია: პროფესიით სამხედრო პირი, სიყრმიდანვე სამხედრო ხელოვნებას ნაზიარები დავით კლდიაშვილი, მოწოდებით მაინც მწერალი იყო, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ქართული მწერლობა. „მხოლოდ სინამდვილე, სინამდვილე, რომელსაც გადაუხრელად ვემსახურებოდი მთელი ჩემი მწერლობის განმავლობაში,” – წერს ის თავის მოგონებაში და ამას მიიჩნევს წარმატების საფუძვლად. ამ „სინამდვილეს” კი არაორდინარული სადინარი მისცა მწერლის სიტყვამ. მართალია, მან განათლება რუსული მიიღო, მაგრამ ვინც მის მოგონებებს გაეცნობა, დარწმუნდება, რომ შინაგანად არასოდეს მოწყვეტია საკუთარ ფესვებს. ამიტომაც იყო, რომ მოსკოვის სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებულმა თავისი „ჩიქორთული” – ასე უწოდებდა თავის ქართულს – მალე ბრწყინვალე ქართულად აქცია.
დავითის მამა, სოლომონი, ღარიბი აზნაურის ოჯახიდან იყო, დედა კი, კესარია – შეძლებული აზნაურის ქალიშვილი. ამ ქორწინებასაც თავისი საინტერესო ისტორია აქვს. თავმომწონე, მდიდარი აზნაური ღარიბს ნაკლებად გაატანდა ქალიშვილს, თანაც ერთადერთს, მაგრამ ეს სიმონ კლდიაშვილს დაუმსახურებია. მრავალრიცხოვან ოჯახში ის ნაბოლარა იყო. ბაბუამ მაინც მოახერხა და დაათხოვა ყველა ქალიშვილი – დარისპანის გასაჭირს გვახსენებს მწერალი ამ ნახევრად იუმორით ნათქვამში – და ორ ვაჟს ცოტაოდენი განათლებაც მიაღებინაო ქუთაისში. სიკვდილის წინ მამას მცირეწლოვანი სიმონი „გულითად მომვლელ-მზრუნველისთვის”, დათიკა გიორგაძისა და მისი ცოლისთვის ჩაუბარებია. მათაც გაამართლეს მოხუცებულის იმედები და ნამდვილი დედმამობა გაუწიეს ბოლომდე სიმონს. ქუთაისში ორკლასიანი სასწავლებელიც დაამთავრებინეს, სამსახურის შოვნაშიც დაეხმარნენ, მატერიალურადაც დიდად შეუწყვეს ხელი. ღირსეული ახალგაზრდა გაზარდეს და ოჯახიც ღირსეული შექმნა. მამობილი მერეც თვალ-ყურს ადევნებდა, დღე ისე არ გაივლიდა, რომ თვალი არ შეევლო შვილობილის ოჯახისათვის.
– იმ დროს პირველ განათლებას შინ იღებდნენ. რა როლი შეასრულა ოჯახმა ამ მხრივ?
–  დედამ ასწავლა წერა-კითხვა, მაგრამ მალე რუსულის სწავლა გადაუწყვიტეს. მიაბარეს ეროვნებით რუსს, ივანოვს და მის ცოლს, გარუსებულ ლეკის ქალს, ვარვარა ნაუმოვნას. პირველად გაჭირვებით, მაგრამ მალე შეიჩვიეს თურმე და სახლიც კი დამავიწყესო, – იხსენებს მწერალი.
მერე იყო ეგრეთ წოდებული მრელოვის სკოლა და რუსეთში გამოცდებზე წასასვლელად მომზადება. მთავრობას მიჰყავდა უფასოდ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიიდან თავად-აზნაურთა ორმოც-ორმოცი ბავშვი სამხედრო სასწავლებელში. საინტერესოა, რა შეფასებას აძლევს ჩვენი  მწერალი თავის მოგონებებში ამას: „მიჰყავდათ ისინი იმ მიზნით, რომ გაერუსებინათ და კიდეც მიზანს აღწევდნენ. იქ, სამშობლოს მოწყვეტილი ბავშვები ივიწყებდნენ ქართულ ენას, ზნეს. ბრუნდებოდნენ ქართული გვარით, მაგრამ ერთიანად, თავიდან ფეხებამდე გარუსებულნი. თავადაზნაურობაც დიდი სიხარულით ატანდა ბავშვებს მთავრობას, რადგან ის ზრდიდა თავის ხარჯზე”.
1872 წელს, 10 წლისა კიევის სამხედრო სასწავლებელში გაგზავნეს, სადაც სწავლა იყო შვიდკლასიანი. იქ ყოფნისას მწერალი განსაკუთრებით იხსენებს რამდენიმე აღმზრდელს: მიხაილ სტეპანოვიჩს, მამასავით გვქცეოდაო და მეორე – კურპატოვი კი „ტატარჩუკებს” გვეძახდა. ამაზე ძალიან მწარდებოდნენ ყმაწვილები. დაიწყეს საქართველოს ისტორიის მოძიება, რომ ქართველები უძველესი ქრისტიანული ერია. ვერაფერი ვიპოვეთ, მაგრამ ვუჩივლეთ კურპატოვს და მოგვაშორესო. მეხუთე კლასში ყოფილა, როცა ერთ-ერთ მასწავლებელს საქართველოს ისტორიის წიგნი მიუცია და იქიდან შეუდგენია საქართველოს  მოკლე ისტორია. ახალგზარდები წუხდნენ იმას, რომ ქართული ავიწყდებოდათ. ამიტომ თავს იყრიდნენ, ყვებოდნენ ზღაპრებს, ვარჯიშობდნენ კითხვაში. მაგრამ მაინც, თითქმის ავიწყდებოდათ ქართული ენა...
– პირობებს მაინც შეეგუვნენ, ალბათ...
– ვერ ვიტყვით, რომ ადვილად შეეგუვნენ. წლის ბოლოს გავნახევრდით, ზოგი სხვაგან გადაიყვანეს, ზოგი დასნეულდა, ზოგიც გარდაიცვალაო, – იხსენებს კლდიაშვილი. ასე რომ, დიდი რისკის ფასად უჯდებოდათ ეს მათ მშობლებს და რისთვის?!... დავით კლდიაშვილი ისედაც დიდი მწერალი იქნებოდა ქუთაისში მიღებული განათლებითაც. მას ბედმა გაუღიმა და დაბრუნდა საქართველოში. სხვები კი...
– 7 წლის განმავლობაში სამშობლოში არ დაბრუნებულა?
– პირველად 3 წლის შემდეგ დაბრუნდა. 2 კვირა ქუთაისში დარჩა. იქიდან თარჯიმნად თავისი თანატოლი ბაიმაშვილი წაიყვანა, რადგან დედამ რუსული არ იცოდა, შვილმა – ქართული. დედა ჯავრისგან დაავადებული დახვდა, აცნობდა ბებიას, ახლობლებს. ერთმა იოხუნჯა: ბავშვს დასამუნჯებლად ბარემ აქვე დავამწყვდევდი ოთახში, რაღა რუსეთში აგზავნიდითო... ეს იყო გაზაფხულზე... ზაფხულში უკვე გვარიანად გავიხსენე ქართულიო, – იგონებს მწერალი. უკან დაბრუნებულმა თან წაიღო პატარ-პატარა წიგნები. შემდეგ ყოველ საზაფხულო არდადეგებზე ბრუნდებოდა სახლში და ახერხებდა ქართულად ლაპარაკს.
1880 წლიდან მოსკოვის სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა კლდიაშვილი, რომელიც 2 წელში დაასრულა.
– შემდეგ იწყება ახალი ცხოვრება, სამხედრო სამსახური...
– ბათუმში რომ ჩამოვიდა, ჟურულების ოჯახში მიიყვანეს. დიასახლისმა დედობრივად დაარიგა, ქართული კარგად ისწავლეო.
– მწერლობაში როდის ჰქონდა პირველი მცდელობა?
– მეორე კლასში დაუწერია პირველი მოთხრობა რუსულად, რომელსაც ვერც იხსენებდა.
– მართლა რუსულად წერდა და შემდეგ ითარგმნებოდა მისი ნაწარმოებები?
– არა, პირველი მოთხრობის მერე, რომელიც საერთოდ დაავიწყდა, რუსულად მხატვრული ნაწარმოებები არ დაუწერია.
 მოსკოვში ყოფნისას თარგმნა ნ. ლომოურის მოთხრობა „ალი”, პირველი თარგმანები დაიბეჭდა 1885 წელს ჟურნალ „თეატრში”. საინტერესოა ერთი ისტორიაც: ერთხელ გრიგოლ ვოლსკიმ, მე და ალექსანდრე აბაზაძეს გვითხრა: შაბათობით ერთმანეთს რამე საკუთარი წავუკითხოთო. დავითმაც წაიკითხა თავისი მოთხრობა. ვოლსკის უთქვამს: დავით, შენ კორესპონდენციას წერ თუ მოთხრობებსო. 2 წელი არაფერი დამიწერია. მერე კი „მსხვერპლი” და „შერისხვა” გამოვიდა ამ „უშნო კორესპონდენციისგანო”. „მოამბის” რედაქციამ მადლობაც შემოუთვალა. წაქეზებამ „სოლომანიც” დამაწერინაო.
ბათუმში დავითმა სამსახური დაიწყო სამხედრო ნაწილში, იქ გაატარა ცხოვრების დიდი მონაკვეთი. მოწოდებით მწერალსა და ჰუმანისტს მეფის არმიაში უნდა ემსახურა იძულებით, მაგრამ რამდენადაც სამხედრო სამსახური აძლევდა საშუალებას, ის მფარველობდა მოსახლეობას. როცა 1902 წლის 9 მარტს ბათუმის მუშათა გაფიცვისას, კაპიტანს დავით კლდიაშვილმა არათუ გაუყვანა თავისი რაზმი დემონსტრანტების წინააღმდეგ, არამედ ყოველნაირად შეეცადა, ხელი შეეშალა სისხლისღვრისთვის. თავშესაფარს აძლევდა დასჯისთვის განწირულებს.
– დუელის ისტორიაც ბათუმს უკავშირდება ხომ?
– ბათუმში გამოდიოდა ანტიქართული გაზეთი, რომლის რედაქტორიც გახლდათ პალმი. მან დაწერა ქართველთა ეროვნული ღირსების შემლახავი სტატია, რომელიც გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვის ცერემონიალს ეხებოდა. ამის გამო კლდიაშვილმა დუელში გამოიწვია პალმი. თუმცა, საქმე დუელამდე არ მივიდა. როდესაც პალმმა გაიგო, რომ კლდიაშვილი კარგი მსროლელი იყო, საბოდიშო წერილის გამოქვეყნების პირობა დადო.
– სიყვარული როდის ეწვია, რა არის ცნობილი დავით კლდიაშვილის ოჯახის შესახებ?
– კლდიაშვილის სიყვარულის ისტორიაც ბათუმს უკავშირდება. 1892 წელს მან გაიცნო აზნაურ პავლე მაჭავარიანის ასული მარიამი, რომელიც სიზმარში ენახა თურმე. პავლე მაჭავარიანის ოჯახთან სიახლოვემ ბიძგი მისცა მის შემოქმედებას. ამ დიდმა, მრავალფეროვანმა გარემომ შექმნა მისი პერსონაჟების სამყაროც.
– დაბოლოს... კლდიაშვილის აკაკისთან ურთიერთობიდან რას გაიხსენებთ?
– აკაკი პირველად 1880 წელს თბილისში გაიცნო, როცა არდადეგებიდან კიევში ბრუნდებოდა, იქიდან მოსკოვს გასამგზავრებლად. აკაკის მის მეგობართან, ანდრია კაპანაძესთან შეხვდა. მანამდე დავითი აკაკის ლექსებს უკვე იცნობდა. გაესაუბრა თურმე პოეტი. ჰკითხა, სად მიდიხარო. რომ გაიგო, კიევიდან მოსკოვში გადადიოდა სამხედრო სასწავლებელში, აკაკის მხიარული სიცილით უთქვამს: სასწავლებლად თუ გარუსების დასამთავრებლადო?.. „არა, მე არ გავრუსდები,” – თქვა კლდიაშვილმა, რასაც აკაკიმ მოაყოლა: „ვნახოთ... ვნახოთ...”
ასე რომ, არათუ გარუსებას გაართვა თავი დავით კლდიაშვილმა, არამედ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ქართული სიტყვის დიდოსტატიც გახდა. აკაკი მოესწრო მის წარმატებას. გარდაიცვალა 1931 წელს, სოფელ სიმონეთში, დაკრძალულია მთაწმინდაზე.

скачать dle 11.3