რის მიმართ გამოუმუშავდა იმუნიტეტი ვაჟა მანიას და რატომ ექმნება მუდმივად პრობლემები „ბერკლიში“ სწავლასთან დაკავშირებით
ვაჟა მანია უკვე რამდენიმე წელია, ამერიკაში ცხოვრობს, კერძოდ ბოსტონში, ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში სწავლობს და საკმაოდ წარმატებულადაც. თუმცა იმის გამო, რომ საქართველოდან სწავლის დაფინანსება დროებით შეუწყვიტეს, მას რამდენიმე სემესტრის გამოტოვება მოუწია. ამ ყველაფრის გასარკვევად ის საქართველოში ჩამოვიდა, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს საკითხი ისევ გაურკვეველია და ნიჭიერ, პერსპექტიულ მომღერალს ამ კუთხით კვლავ პრობლემები ექმნება. არადა, ვაჟა მანია აქამდე ერთადერთი ჟაზ-შემსრულებელი იყო, რომელიც ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში სწავლობდა და ნელ-ნელა კიდევ უფრო მეტ წარმატებას აღწევდა. ასე რომ, ვიმედოვნებთ მას სახელმწიფოს მხრიდან სწავლის საფასურთან დაკავშირებით პრობლემები აღარ შეექმნება.
ვაჟა მანია: ერთი წელი და სამი თვეა, არ ვყოფილვარ საქართველოში და მომენატრა. ეს პერიოდი საკმაოდ რთული იყო, მაგრამ რამდენად, ამაზე აღარ დავიწყებ საუბარს, მკითხველს ეს ნაკლებად აინტერესებს. სირთულეები ადამიანს ბევრ რამეს ასწავლის და მათ გარეშე არაფერი გამოდის. თუმცა, სირთულეებზე სწავლა ნამეტანი რთულია, თუ ნაკლებად იქნება, უფრო კარგია. იუმორით რომ არ მივუდგე ამას, არ ვიცი, რა იქნებოდა. დიდი ხანია, მივეჩვიე, რომ ყველაფერი ძალიან რთულად გამომდის. მაგრამ, თუ გამოდის, ესე იგი, ღირს ის წვალება და შრომა, რომელიც მანამდე იყო. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ბევრი თვისება შევიძინე. რაც შეეხება სწავლას, პროგრესს ნამდვილად ვხედავ, რადგან იქ იმისთვის ჩავედი, რომ ეს პროგრესი დამენახა.
– ორი წელია, იქ ხარ, თუმცა იმის გამო, რომ სწავლის საფასურთან დაკავშირებული პრობლემები გქონდა, რამდენიმე სემესტრის გამოტოვება მოგიწია.
– ბევრი სემესტრი გამოვტოვე: ხან ფულის გადმორიცხვის დაგვიანების გამო და ხან რის გამო, მოკლედ, სხვადასხვა მიზეზია. თუმცა, ამ ყველაფერში მე ნაკლებად ვიყავი დამნაშავე, ანუ მიზეზი მე არ ვყოფილვარ. სასწავლებლიდან სემესტრების გამოტოვების გამო პრობლემები არ შემქმნია, უბრალოდ, მიცდება, დროს ვკარგავ. ყველაფრის მიუხედავად, ვცდილობ, „ბერკლიში“ ვიყო, ჩემთვის ვიმეცადინო, სხვა მოსწავლეებთან მქონდეს ურთიერთობა. „ბერკლის“ ვარ შეკედლებული, რომ მუდმივად ფორმაში ვიყო, არ ამოვვარდე. ჯერჯერობით არ მრიცხავენ სასწავლებლიდან, არ მაქვს ასეთი პრობლემები, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება, ყველაფერი სხვანაირად განვითარდეს... უბრალოდ, ყველაზე მნიშვნელოვანს – დროს ვკარგავ, რადგან, რაც უფრო მალე გავაკეთებ ყველაფერს, გადავდგამ ნაბიჯებს წინ, მით უფრო შეიძლება, მალე მოვიდეს წარმატება. დროს იქ ძალიან დიდი ფასი აქვს. ამიტომ, თუ დროს ნაკლებად დავკარგავ, კარგი იქნება. ვისთან ერთადაც დავიწყე სწავლა, ისინი უკვე ბოლო სემესტრზე არიან, ამთავრებენ. მე კი მეოთხე სემესტრზე გადავედი. რომ მეკითხებიან: რატომო, მარტივად ვუხსნი ყველაფერს. რამდენიმე გაკვეთილეზე ერთი და იგივე მასწავლებლები მყავს და უკვირთ: ჩვენ გვგონია, უკვე ამთავრებო, რადგან ბევრი დრო გავიდა.
– არა მხოლოდ ამ კუთხით, შენი ნიჭიერებითაც დაამახსოვრე მათ თავი.
– უკვე მოვერგე იქაურობას. პირველ სემესტრში მაინც გარემოს ეგუები. ამიტომ, ნებისმიერი სტუდნეტი, რომელიც იქ ჩადის, ერთ-ორ სემესტრში ვარსკვლავებს ვერ წყვეტენ და არც არავის მოუწყვეტია. მერე, დრო რომ გადის, გარემოს ეგუები, შენი სახლივით ხდება, უკვე სხვანაირად იქცევი, მასწავლებლებსაც უკეთ აცნობ თავს. ამიტომ, თუ ვინმეს უკვირს, რომ ვაჟამ აქამდე არ მოწყვიტა ვარსკვლავებიო, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. რაც მთავარია, საკუთარ თავში პროგრესს ვგრძნობ და ეს მაკმაყოფილებს. თან, სწავლაში ხელი უფრო მეშლება, არადა პირიქით უნდა იყოს. ნამდვილად არ ვგრძნობ იქ თავს კომფორტულად, უბრალოდ, ამას დიდ მნიშვნელობას აღარ ვანიჭებ. ეს უნდა გადავლახო, გავუმკლავდე, რადგან მიზანი მაქვს დასახული: იმდენად მინდა ვისწავლო, რომ ყველაფერს გავუძლებ.
– სირთულეებთან ბრძოლის იმუნიტეტი გამოგიმუშავდა.
– გამომიმუშავდა იმუნიტეტი. იქაურობას ისე შევეჩვიე, რომ მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ წავიდე წინ და წინ. რაც მთავარია, „ბერკლის“ რაღაც ნაწილად, გამორჩეულ სტუდენტად შემიძლია ვიგრძნო თავი, რადგან ამას თვითონ მასწავლებლები მეუბნებიან. ჯერჯერობით საკუთარი თავის პროგრესზე ვმუშაობ და პატარ-პატარა წარმატებები უკვე მაქვს, მიუხედავად ბევრი სირთულისა.
– მითხარი: გამორჩეულ სტუდენტად შემიძლია, ვიგრძნო თავი, ამას სტუდენტებიც მეუბნებიანო. ანუ, როგორია მათი შეფასებები?
– ვოკალის მასწავლებელთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს, სულ დადებით რაღაცეებს მეუბნება. მე საკუთარი თავით ხშირად უკმაყოფილო ვარ – ვაკეთებ, ვაკეთებ, მაგრამ უფრო მეტი მინდა, რომ გავაკეთო. ამიტომ, სულ ვეკითხები: ეს მოგწონს, ეს კარგად გავაკეთე? ის კი მეუბნება: დამშვიდდი, ეს ყველაფერი კარგია, კარგად გამოგდის და ყოველ საღამოს საკუთარ თავს უთხარი, რომ შენ ყველაზე კარგი მომღერალი ხარო. მაგრამ, ვერ ვეუბნები, არ შემიძლია, არ მიყვარს საკუთარი თავის შექება. აქ, „ბერკლიში“ ბევრი მუსიკოსია, პროფესორები, რომლებიც სცენაზე გასვლის წინ საკუთარ თავს ეუბნებიან: ყველაზე კარგად დავუკრავ, ახლა ყველაზე კარგად გამოვალ სცენაზეო – ეს, თურმე, დიდ სტიმულს გაძლევს და დადებით ენერგეტიკას უგზავნი საკუთარ თავს. ასე თუ არ მოიქცევი, შეიძლება, ვიღაცამ დაგჯაბნოს, წინ ვერ წახვიდე. ასე მამხნევებს და რაც მთავარია, იმ პროგრესს, რაც იქ ყოფნით განვიცადე, მასწავლებლები კარგად აფასებენ. ჯერჯერობით ეს არის მთავარი და თუ მომცემენ იმის საშუალებას, რომ ყველა სემესტრი გავიარო, მაშინ, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. წარმატებას მივაღწევ და ჩემს სათქმელს ვიტყვი, რადგან ამის პოტენციალი ნამდვილად მაქვს და შემიძლია, ამას პირველ სემესტრზე ვერ ვიტყოდი, მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა. მთავარია, შენ იყო სრულყოფილად ჩამოყალიბებული მუსიკოსი და თქვა: მე რაღაც შემიძლია. ჩემი პედაგოგი ყველაზე მეტად იმპროვიზაციის ნიჭით გამომარჩევს. მახსოვს, ერთხელ მასტერკლასზე ვიყავით: წამოდი, მოუსმინე, მეც იქ ვიქნებიო. „მანჰეტენ ტრანსფერის“ ერთ-ერთი წევრი იყო ჩამოსული და ის ატარებდა მასტერკლასს. იყვნენ სტუდენტები ჯაზის მიმართულებით. რამდენიმე მუსიკოსმა იმღერა, ჩემი მასწავლებელი უკმაყოფილო დარჩა ყველაფრით. ამის შემდეგ გაკვეთილი გვქონდა და კლასში ავედით, სადაც ერთ-ერთი პროფესორი მოვიდა. ჩემმა პედაგოდმა უთხრა: ხედავ, რა ხდებოდა მასტერ-კლასზე, რა იმღერეს სტუდენტებმა, ეს რა იყოო და მერე უცებ ამბობს: აი, ახლა მოგასმენინებ ჯაზს, მე და ვაჟა ჩაგიტარებთ მასტერ-კლასსო. ასეთი რაღაცეები ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს, თან, იქ ტყუილად არავინ არაფერს გეტყვის, ერთ ზედმეტ სიტყვასაც კი. საკუთარ თავზე არ მიყვარს საუბარი. უბრალოდ, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს მაძლევს იმის საშუალებას და უფლებას, ვთქვა: „ბერკლიში“ ბევრი რაღაცის გაკეთება შემიძლია.
– მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი წელი გაგიცდა, მაინც ცდილობდი, გაკვეთილებზე გევლო, შენთვის გემეცადინა და არ ამოვარდნილიყავი ფორმიდან.
– იმიტომაც არ ჩამოვედი საქართველოში, ვცდილობდი, მემუშავა საკუთარ თავზე, ფორმიდან არ ამოვვარდნილიყავი. იქ სხვანირად ვარ ფორმაში. დილით რომ ვიღვიძებ, უკვე ვიცი, რა უნდა გავაკეთო. 10 საათზე სარეპეტიციო დარბაზში ვიკეტები და მთელი დღე იქ ვარ, ხან ვუსმენ, ხან ვფიქრობ, ვმღერი, ვმუშაობ. ეს ყველაფერი კი გზრდის. სად, როგორ ატმოსფეროში ხარ – ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც გავიჭირვე და დავრჩი ამერიკაში. ბევრ მასტერკლასში მივიღე მონაწილეობა, ვიმღერე და კარგი რჩევებიც მივიღე. გარდა ამისა, გაზაფხულზე „ბერკლიში” ტარდება ჯაზის სერიები, რომელსაც ერთ-ერთი ძალიან ცნობილი მუსიკოსი ატარებს. იმისთვის, რომ მასში მონაწილეობა მიიღო, კონკურსი უნდა გაიარო, რომელშიც ძალიან ბევრი სტუდენტი მონაწილეობს. მე ამირჩიეს 8 სტუდნეტს შორის და მომეცა საშუალება, კონცერტზე გამოვსულიყავი – რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ბობი მაკფერენი გავიცანი, თან, ჩემს დაბადების დღეზე. ნიუ-იორკში წავედით მეგობრები, მანჰეტენზე ვსეირნობდით და დავინახეთ აფიშა, სადაც ეწერა, რომ იმ დღეს ბობი მაკფერენს ჰქონდა კონცერტი. ყველამ იცის, როგორ მიყვარს. ბიჭებმა საჩუქარი გამიკეთეს და ბილეთი მიყიდეს. სანამ კონცერტი დაიწყებოდა, მანამდე დარბაზში ავედი, ბობი ჯერ არ იყო მოსული. დავრჩი და ვუსმენდი ინსტრუმენტალისტებს. შემდეგ გარეთ გამომიშვეს, უნდა მოვემზადოთ კონცერტისთვისო. გადავწყვიტე, უკანა შესავლელიდან შევსულიყავი. იქ დაცვა დამხვდა რაციით, რომელიც არავის უშვებდა. ამ დროს ორმა გოგონამ გამოიარა, გაუშვა ისინი და მეც გავყევი. რომ მკითხა: სად მიდიხარო, ვუპასუხე: ამ გოგონებთან ვარ-მეთქი. ასეთი თამამიც არ ვარ, მაგრამ ისე მინდოდა ბობის ნახვა... ავედი დარბაზში, შემოვიდა ბობი, მოვუსმინე და მერე კულისებშიც გავყევი. მივესალმე, მომესალმა. გაკვირვებულმა მკითხა: აქ როგორ შემოხვედიო. ვუთხარი, საქართველოდან რომ ვიყავი, კარგად გაიხსენა. შემდეგ მკითხა: აქ რას აკეთებო. „ბერკლიში“ ვსწავლობ-მეთქი. მეც ვიყავი „ბერკლიში“ რამდენჯერმე, მასტერკლასებიც მქონდაო. მოკლედ, ჩვენ შორის სასიამოვნო დიალოგი შედგა.