გლადიატორთა თამაშებს ორგანიზატორებისთვის უზარმაზარი პოლიტიკური დივიდენდები მოჰქონდა
შეიძლება ვინმეს ჰგონია, რომ რომაელები ჰუმანურები იყვნენ და ყოველთვის ისწრაფოდნენ, აეკრძალათ ადამიანების მსხვერპლშეწირვის ტრადიცია მაგრამ, ეს მთლად მართალი არ არის. არსებობდა მოღვაწეობის ორი სფერო, რომლებისთვისაც რომაელები არ იშურებდნენ რიტუალურ სისხლს და, უპირველეს ყოვლისა, ეს იყო იურისპრუდენცია. მსოფლიო დავალებულია კვირიტებისგან (სრულუფლებიანი მოქალაქეების ოფიციალური სახელწოდება ძველ რომში), რადგან მათ რომაული კანონმდებლობის განსაკუთრებით განვითარებული და პროგრესული სისტემა შექმნეს, რომელიც დღესაც მრავალი სახელმწიფოს კანონმდებლობას უდევს საფუძვლად. მაგრამ, მიუხედავად თავიანთი ხისტი ერთგულებისა საერო კანონმდებლობისადმი, რომაელები სიკვდილით დასჯის ნებისმიერ შემთხვევას ერთგვარ მსხვერპლშეწირვად მიიჩნევდნენ.
ადამიანთა ყველაზე მასობრივი მსხვერპლშეწირვა რომში გლადიატორთა თამაშები იყო. მხოლოდ გაოცება შეიძლება იმის გამო, რომ, რომაელები, რომლებიც მსხვერპლშეწირვის საკითხში ჯერ კიდევ მეფე ნუმას დროიდან (ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნის ბოლოდან) ცდილობდნენ, ჰუმანურობა გამოეხატათ და თავიანთ ქვეშევრდომ ხალხებშიც კი კრძალავდნენ სისხლიან რიტუალებს, ასეთი საშინელი სანახაობის მგზნებარე მოტრფიალენი ხდებიან. რასაკვირველია, რომაელთა ბრბოს ცირკით გატაცებას პირდაპირი შეხება არ ჰქონდა რიტუალთან. როდესაც რესპუბლიკის თანამდებობის პირები, მოგვიანებით კი – იმპერატორები, ხალხისთვის აწყობდნენ ასეთ არაჩვეულებრივ სანახაობას, როგორც თავისი ბრწყინვალებით, ისე დაქცეული სისხლის რაოდენობით, ეს იყო არა იმდენად ღმრთისმსახურება, რამდენადაც მდაბიო ხალხის მოსყიდვის სურვილი.
გლადიატორთა პირველი შერკინება მარადიულ ქალაქში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 264 წელს შედგა. გლადიატორული თამაშები, მემკვიდრეების აზრით, მიცვალებულისადმი ვალის საბოლოო გადახდა იყო და ამ დღეს ნათესავებს საფლავზე მოკრძალებული შესაწირავი მიჰქონდათ: კვერცხი, ბურღული, პარკოსნები, მარილი. შემდეგ სულის მოსახსენიებელი სადილი იმართებოდა. მდიდარი და წარჩინებული რომაელები თავს მოვალედ მიიჩნევდნენ, იმ დღეს საზოგადოებას გამასპინძლებოდნენ. ვისაც ამის გაკეთება შეეძლო, სულის მოსახსენიებელი დღის აღსანიშნავად გლადიატორთა ორთაბრძოლებსაც აწყობდნენ. თავიდან ორთაბრძოლების ორგანიზება მემკვიდრეთა კერძო საქმეს წარმოადგენდა და მხოლოდ ჩვენს წელთაღრიცხვამდე105 წელს; ამასთან ერთად, დამატებით შემოიღეს სახელმწიფო თამაშები, რომელთა მოსაწყობად მაგისტრატები უნდა გარჯილიყვნენ და ის მიძღვნილი უნდა ყოფილიყო ღირსშესანიშნავი თარიღის ან რელიგიური დღესასწაულისადმი; მაგრამ, დაკრძალვის თამაშები არ შეწყვეტილა. მაგალითად, გაიუს იულიუს კეისარმა, მამის ხსოვნის აღსანიშნავად, გლადიატორთა თამაშები ჩაატარა. მისივე ორგანიზებით, რომის ისტორიაში პირველად ჩატარდა გლადიატორთა შერკინება ქალის – მისი ქალიშვილის, იულიას სულის მოსახსენიებელ დღეს.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 186 წელს, გლადიატორთა ორთაბრძოლებს დაუმატეს ახალი სახეობა – ველურ ცხოველებთან შერკინება. დასაწყისში მხეცები სპეციალურად გაწვრთნილ გლადიატორებს – „ვენატორებს“ (სინამდვილეში მონადირეებს) ერკინებოდნენ, შემდეგ კი – ერთმანეთს. ხოლო, სულ მალე, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 167 წელს, ედილ (უმცროსი მაგისტრატი) ლუციუს ემილიუსის ბრძანებით, არენაზე სპილოები შეუშვეს დეზერტირებისა და მტრის მხარეზე გადასულთა გადასათელად. ასე გაჩნდა ტრადიცია – მხეცების დასაგლეჯად გაეწირათ დამნაშავეები.
მალე გლადიატორთა თამაშებმა შეინარჩუნა რა ერთგვარად რიტუალური ხასიათი, უპირველეს ყოვლისა, რომაელთა საყვარელ სანახაობად იქცა. ის პირები, რომლებიც არჩევნებში აპირებდნენ კენჭისყრას, გლადიატორთა შერკინებებს მართავდნენ ხმების მოპოვების უზრუნველსაყოფად.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 63 წელს ციცერონმა გაატარა კანონი, რომელიც მაღალი სახელმწიფო თანამდებობის კანდიდატს არჩევნებამდე ორი წლის განმავლობაში უკრძალავდა გლადიატორთა ორთაბრძოლების ჩატარებას, მაგრამ, ამან დიდად ვერაფერი შეცვალა, რადგან, ეს თამაშები ჯერ კიდევ მსხვერპლშეწირვად ითვლებოდა და არავის შეეძლო, კერძო პირისთვის აეკრძალა მისი ჩატარება, თუ ეს მის მოვალეობას წარმოადგენდა ანდერძის მიხედვით. მაგრამ, თუ მოანდერძე ძალიან ადრე კვდებოდა, შესაძლებელი იყო, მემკვიდრეს უფრო ხელსაყრელი მომენტისთვის მოეცადა, როგორც ამ შემთხვევაში გაიუს იულიუს კეისარი მოიქცა – მან მამის ხსოვნის აღსანიშნავი თამაშები მისი გარდაცვალების 20 წლისთავზე მოაწყო.
გლადიატორთა თამაშების მოწყობას დიდძალი პოლიტიკური დივიდენდები მოჰქონდა ორგანიზატორებისთვის, ამიტომ იმპერატორებმა კერძო პირების უფლებების რამდენადმე შეზღუდვა დაიწყეს: ადგენდნენ კვოტებს როგორც გლადიატორთა რაოდენობასა და სანახაობის ხანგრძლივობაზე, ასევე, თამაშების ჩატარების სიხშირეზე. თუმცაღა, თვით იმპერატორებისთვის ამას ხელი არ შეუშლია – ისინი დანახარჯებს არ გაურბოდნენ. ავგუსტუს ოქტავიანე (რომის იმპერატორი – ძველი წელთაღრიცხვით 63-14 წლები) თავისი ქმედებების ჩამოთვლისას აღნიშნავდა, რომ მან რვაჯერ ჩაატარა თამაშები, რომლებშიც დაახლოებით 10 000-მა გლადიატორმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო 26-ჯერ – „მონადირეების“ მხეცებთან შერკინება, როდესაც 3 500 ნადირი იქნა მოკლული. ჩვენი წელთაღრიცხვით 107 წელს, დაკებზე გამარჯვების შემდეგ, იმპერატორმა ტრაიანემ მოაწყო თამაშები, რომელშიც 10 000 გლადიატორი და 11 000 მხეცი იღებდა მონაწილეობას.
ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 97 წელს, სენატის სპეციალური დადგენილებით, ადამიანთა მსხვერპლშეწირვა აიკრძალა, მაგრამ, გლადიატორთა თამაშებს ეს დადგენილება არ შეეხო. როგორც ჩანს, ამ დროისთვის გლადიატორთა თამაშები თავის პირვანდელ საკრალურ მნიშვნელობას კარგავს. დაკრძალვის თამაშებიც კი, არა იმდენად მიცვალებულთათვის გაცემული მსხვერპლის როლს ასრულებდა, რამდენადაც გასართობ სანახაობას წარმოადგენდა, რომელიც ხალხისთვის ეწყობოდა მიცვალებულის ხსოვნის აღნიშვნის საბაბით. იმპერიის პერიოდში სიცოცხლე იაფი ღირდა და სენატის დადგენილება ადამიანთა მსხვერპლშეწირვის აკრძალვის შესახებ დავიწყებულ იქნა. მართლაც, მსხვერპლის გაღება ხდებოდა უკვე არა იმდენად ღმერთების გულის მოსალბობად, რამდენადაც პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დასაშინებლად ან იმპერატორთა ხუშტურების დასაკმაყოფილებლად.