როგორ აღიარა გრიგოლ ხანძთელმა ბაგრატიონები ქრისტეს ნათესავებად და როგორ დალოცა ისინი
ყოველ ქვეყანაში, ყოველი მეფე, მთავარი ან დაწინაურებული საგვარეულოს მეთაური ცდილობდა, თავისი წარმოშობა დაეკავშირებინა რომელიმე განსაკუთრებული, ლეგენდარული ადამიანისთვის. რაც მეტად ცნობილი იქნებოდა წინაპარი, მით მეტად პრესტიჟულად ითვლებოდა დინასტია.
ხშირად დინასტიები სიმართლეს ავრცელებდნენ თავისი წინაპრების შესახებ. ხანდახან იყო გადაჭარბებაც, ან ამბების გამოგონებაც. დინასტიის პრესტიჟულობა პოლიტიკურ მოვლენებზე ახდენდა გავლენას, მით უმეტეს მაშინ, თუ რამდენიმე დინასტია ექიშპებოდა ერთმანეთს ქვეყნის გაერთიანების საქმეში.
მერვე-მეცხრე საუკუნეებში საქართველოში რამდენიმე სამთავრო არსებობდა. ყოველი სამთავრო ცდილობდა, შემოეერთებინა მეზობელი სამთავრო და თავად გამხდარიყო ერთიანი ქვეყნის ცენტრი, ანუ უფრო დიდი სამეფოს შემქმნელი ან უფრო განევრცო თავისი საზღვრები. ეს მოქმედი დინასტიის ძალაუფლების გავრცელებისა და გაძლიერების საშუალება იყო. იმ დროს რამდენიმე დაწინაურებული საგვარეულო ერთმანეთს უპირისპირდებოდა საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით პირველობის მოსაპოვებლად. აქვე იყვნენ დამპყობლებიც, არაბები და ბიზანტიელები.
საგვარეულოებისა და სამთავროების ქიშპობაში, სამხედრო საქმის გარდა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იდეოლოგიას და პროპაგანდას.
მერვე-მეცხრე საუკუნეებში საქართველოში, სხვა საგვარეულოებთან ერთად, მოქმედებდნენ ბაგრატიონებიც. ბაგრატიონთა წარმოშობის შესახებ სხვადასხვა აზრი არსებობს. სამეცნიერო თვალსაზრისები დაახლოებით ამგვარია: ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე მეორე საუკუნეში ეს გვარი დაწინაურებული იყო, კერძოდ, ძველ ქართულ მხარეში, სპერში, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში. ისინი იყვნენ ფარნავაზის შთამომავლები. სპერი რომ ქართული მხარე გახლდათ, ამას მეცნიერული მონაცემები აშკარად ადასტურებს. ძველ საქართველოში შავ ზღვას სპერის ზღვას ეძახდნენ, ჭოროხს – სპერის მდინარეს. შავიზღვისპირა ქვეყნის შავიზღვისპირა ერი – ქართველები უცხო მხარის სახელს, სპერის ზღვას არ დაარქმევდნენ. ლეჩხუმში არსებობს სოფელი „ნასპერი”. ესეც მიმანიშნებელია, რომ სპერი ქართული სამყაროს ნაწილი გახლდათ. კიდევ სხვა მონაცემებიც გვაქვს. უდავოა, რომ სპერი ქართული მხარე იყო. აშკარაა, რომ ისინი ქართველები არიან წარმოშობით.
არსებობს სხვა მოსაზრებაც: კერძოდ, ძველი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნეში ურმიის ტბის მიდამოებში არსებობდა მანას სამეფო. მანას სამეფო მოქცეული იყო ურარტუს სახელმწიფოს შემადგენლობაში, მისი ნაწილი გახლდათ. წყაროებში იხსენიება მანას მეფე ბაგადატი. ზოგი ფიქრობს, რომ ეს ბაგადატი შესაძლებელია, იყოს ბაგრატიონთა საგვარეულოს წინაპარი. ასევე, უნდა ვთქვათ, რომ მანას სამეფო სახლში, დინასტიაში გავრცელებული იყო სახელი აზა. შეიძლება ეს სახელი აზა უკავშირდება აზოს – ქართლის მეფეს ფარნავაზამდე, რომელიც, საისტორიო ტრადიციის მიხედვით, „არიან ქართლის“, ე. ი. საქართველოს სამხრეთ მხარეებში მდებარე ქართული სამეფოს უფლისწული გახლდათ („ძე არიან ქართლის მეფისა”) და შემდეგ გამეფდა მცხეთაში.
არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ზოგიერთ ქართულ წყაროში ბაგრატიონთა გვარი წარმოდგენილია როგორც „ბაგრატუნიანი” (ასევე, „ბაგრატონიანი”, „ბაგრატოანი” და სხვა) „უნი” ურარტული (და არა არმენული) სუფიქსია. ეს გარემოება კი, შესაძლებელია, მოწმობდეს იმას, რომ ბაგრატიდთა გვარი მართლაც უძველესია და ურარტული დროიდან (ძველი წელთაღრიცხვით მეცხრე-მეექვსე საუკუნეები) მოდის. შესაძლოა ურარტუს სამყაროდანაც, კერძოდ მანას სამეფოდან (ძველ ქართულ სამეფოდან, „არიან-ქართლიდან”) იყოს მოსული ჯერ ქართულ მხარე სპერში და შემდეგ აქედან მათი ერთი შტო – სომხეთში, რამეთუ ამიერკავკასიაში ბაგრატიდთა უძველესი სამკვიდრო უთუოდ სპერი იყო. „ან” ძველქართული სუფიქსია. ასევე, ძველ საქართველოში გვარები ნაწარმოები იყო „ან”-ით, მაგალითად, ფარნავაზიანი და სხვა მრავალი. ამის ტრადიცია შემორჩენილია სვანეთში და ლეჩხუმში (გვარები) და აღმოსავლეთ საქართველოშიც (წარმომავლობა, „ოთარაანთი”, „გიორგიანთი” და სხვა).
არის ამ ვარაუდის სხვა ვარიაციაც... არის კიდევ ერთი თვალსაზრისი, რომელიც ყველაზე მეტად არის გავრცელებული საქართველოსა და მსოფლიოშიც. მეთერთმეტე საუკუნეში მოღვაწე სუმბატ დავითის ძე თავის შესანიშნავ თხულებაში „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“, რომელიც სხვათა შორის, ძალიან დახუნძლულია სხვადასხვა საიდუმლო ინფორმაციითა და სიმბოლიკით, გვიამბობს ბაგრატიონების საქართველოში მოსვლისა და გამთავრების ამბავს. სუმბატ დავითის ძის თქმით, ბაგრატიონები არიან ბიბლიური მეფის, დავით წინასწარმეტყველის შთამომავლები. სხვათა შორის, ამ შტოს წარმომადგენელი იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და მართალი იოსები. სუმბატ დავითის ძის მიხედვით, პირველი ბაგრატიონ-დავითიანი, რომელიც ავიდა ქართლის ერისმთავართა ტახტზე (ადრე რომ სამეფო ტახტი ერქვა), იყო გვარამი, რომელიც ქართლის მამულიშვილთა კრებაზე აირჩიეს ქართლის მმართველად – ერისმთავრად.
საქართველოში მართლაც, 575 წელს ქართლის ერისმთავრად აირჩიეს გვარამი. სუმბატ დავითის ძის თხზულებაზე გაცილებით უფრო ძველი, „მოქცევა ქართლისა“ მის გვარს არ ასახელებს. მერვე ან უფრო მეცხრე საუკუნეში მოღვაწე მემატიანე ჯუანშერი გვარამს ბაგრატიონად მიიჩნევს.
ალბათ, მეექვსე საუკუნის შემდგომ, სუმბატ დავითის ძემდე, ბაგრატიონთა დავითიანობის თეორია გავრცელებული იყო კავკასიაში და განსაკუთრებით საქართველოში – როგორც ამას გვამცნობს სუმბატ დავითის ძე და როგორც ეს ჩანს ჯუანშერთან და გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. ის შეიქმნა 951 წელს, გრიგოლ ხანძთელის გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ. ეს თხზულება ასახავს მერვე-მეცხრე საუკუნის მოვლენებს და ეყრდნობა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა და მოწაფეთა მოწაფეების მიერ მონათხრობს. ამგვარად, სანდო წყაროდ მიიჩნევა.
786 წელს ქართლის ერისმთავარი გახდა აშოტ პირველი ბაგრატიონი. ცოტათი ადრე ქართლის ერისმთავარი გახლდათ სტეფანოზ მეოთხე, ხოლო მანამდე მისი ბიძა, დედის ძმა ნერსე მეორე. რომლის კარზეც იზრდებოდა საქართველოს ეკლესიის მომავალი ვარსკვლავი გრიგოლ ხანძთელი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბაგრატიონები თავს მიიჩნევდნენ დავით წინასწარმეტყველის შთამომავლებად. ამგვარად, მათი დინასტიის ისტორია ძალიან პრესტიჟული შეიძლება ყოფილიყო – ყველაზე პრესტიჟული, არა მხოლოდ საქართველოსა და კავკასიაში, არამედ მსოფლიოშიც, რადგან, სისხლის ნათესაობით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს უკავშირდებოდნენ. ამგვარად კი, განკაცებულ მაცხოვარს და მართალ იოსებს, ქრისტეს დამწინდველს.
ასეთი პრესტიჟული თეორია არც ერთ დინასტიას არ ჰქონდა ქრისტიანულ სამყაროში – მხოლოდ ბაგრატიონებსა და ეთიოპიის მეფეებს, რომლებიც თავის წარმოშობას უკავშირებდნენ დავით წინასწარმეტყველის ვაჟს, მეფე სოლომონს და ეთიოპიის (საბას) ლეგენდარული სამეფოს ლეგენდარულ დედოფალს... მაგრამ, ამ თეორიას აღიარება სჭირდებოდა საქართველოში, კონკრეტულად კი, ქართული ეკლესიის მხრიდან. ეს იყო აუცილებელი...
აშოტ ერისმთავარი გააფთრებული ებრძოდა დამპყრობ არაბებს. წარმატებებსაც მიაღწია. მაგრამ, შემდეგ დამარცხდა და 809 წელს მოუწია ქართლის დატოვება და შავშეთ-კლარჯეთში გადასვლა. ტაო-კლარჯეთი ადმინისტრაციულად დაკავშირებული იყო ქართლთან. იქ არაბების გავლენა იმ პერიოდში ნაკლები იყო და ბიზანტია ცდილობდა, მოეპოვებინა გავლენა.
აშოტ კურაპალატმა აღადგინა ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებული არტანუჯის ციხე. იქ მოიწყო დედაქალაქი და შეუდგა ამ ქართულ მხარეში ძლიერი სამეფოს ჩამოყალიბებას. ეს აწყობდა არაბების კონკურენტ ბიზანტიას და ამიტომ, აშოტს კურაპალატის ტიტული მიანიჭა ბიზანტიის იმპერატორმა.
მერვე საუკუნის 70-იან წლების ბოლოს, კლარჯეთში ქართლიდან გადავიდა და სამონასტრო ცხოვრების გავრცელება დაიწყო ნერსე მეოთხე ერისმთავრის მეუღლის ძმისშვილმა – გრიგოლ ხანძთელმა. გრიგოლ ხანძთელმა და აშოტ კურაპალატმა უმნიშვნელოვანესი მისია შეასრულეს საქართველოს ისტორიაში. გრიგოლ ხანძთელს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა აშოტ დიდთან. ისინი თანამებრძოლები და შეიძლება ითქვას, მეგობრები იყვნენ. თანამებრძოლობა, მით უმეტეს ქვეყნის ძლიერებისთვის მოღვაწეობის საქმეში, ხალხის სამსახურში, ძალიან აახლოებს ადამიანებს. განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ არ აქვთ ბელადობის ამბიცია და პატივმოყვარეობით არ არიან შეპყრობილნი.
აშოტი ხელმწიფე იყო. მას არ სჭირდებოდა ვინმესთვის რაიმეს მტკიცება. არც ამბიციების გამოვლენა და ა. შ. თან იყო ძალიან მორწმუნე. როცა მამა გრიგოლმა მას წაჰგვარა საყვარელი და მონასტერში აღკვეცა, დიდმა ხელმწიფემ მხოლოდ იტირა და ბედს, მამა გრიგოლის ავტორიტეტსა და სარწმუნოების მოთხოვნას დაემორჩილა გულგატეხილი.
გრიგოლ ხანძთელი არქიმანდრიტი იყო, უარი თქვა მღვდელმთავრობაზე... ის გამოირჩევა ზოგადად ბერების აბსოლუტური უმრავლესობისგანაც კი, საერთოდ, როგორც ცხოვრების წესით, ისე ბერად აღკვეცის მიზნითაც. ეს ქართულმა აგიოგრაფიამ კარგად გადმოგვცა. როგორც აღნიშნავდა რევაზ სირაძე: „უნივერსალობა უმთავრესი ნიშანია აგიოგრაფიულ სახე-იდეათა. ჩვეულებრივ, აგიოგრაფიული უნივერსალიზმი არ გულისხმობს პიროვნების მრავალმხრიობას, პირიქით, ეს ნიშნავს მაქსიმალისტურ განდეგილობას, ან მაქსიმალურ მორჩილებას, ან არადა, თავგანწირვას სხეულებრივი მარტვილობისთვის, თუ სარწმუნოებრივი ქადაგებისთვის.
გრიგოლ ხანძთელის სახემ გვიჩვენა ქართული აგიოგრაფიის სულ სხვაგვარი შესაძლებლობა: საერო და სასულიერო ინტერესთა შერწყმა, ცხადია, სულიერის უპირატესობით, ცხოვრების გასულიერებით“.
ანუ, გრიგოლ ხანძთელის მაგვარი ბერები, დიდი მოღვაწეები, შემდგომში იოანე ათონელი, მისი ვაჟი, საქართველოს ეკლესიის მნათობი ეფთვიმე ათონელი, ასევე, ჩვენი ეკლესიის სხვა მნათობი – გიორგი მთაწმინდელი და სხვები მხოლოდ საკუთარი სულის გადარჩენისთვის კი არ იღვწოდნენ, არამედ სამშობლოსთვის... ხშირ შემთხვევაში უფრო მეტად, რადგან კარგად ესმოდათ, სამშობლოსა და ხალხის სამსახური არის ღვთის სამსახურთა შორის უპირველესი. ისინი სრულიად თავისუფალი იყვნენ პირადი ინტერესებისგან, პირადი ეგოიზმისგან, რა თქმა უნდა, თუ შეიძლება, ასე რომ ითქვას.
ქართულმა იდეოლოგიამ კარგად გადმოსცა უმთავრესი ინტერესი ქართული საზოგადოებისა, სასულიერო და საერო მოღვაწეებისა – ქვეყნის აღორძინების მცდელობა. რადგან ძლიერ სახელმწიფოში ეკლესიაც უფრო ძლიერია და რწმენაც.
გრიგოლ ხანძთელი და აშოტ კურაპალატი ერთ მიზანს ემსახურებოდნენ და ორივემ კარგად იცოდა თავისი საქმე. მათი ურთიერთობა კი ასე დაიწყო. აშოტ კურაპალატის კარზე მოღვაწეობდა დიდებული აზნაური გაბრიელ დაფანჩული. მისი მამულები ახლოს იყო მამა გრიგოლის მიერ დაარსებულ ხანძთის მონასტერთან. გაბრიელ დაფანჩულმა და მისმა კეთილმორწმუნე მეუღლე მარიამმა დიდი ნივთიერი დახმარება აღმოუჩინეს მამა გრიგოლის საძმოს წევრებს მონასტრების მშენებლობაში და მშენებლებიც მიახმარეს.
შემდგომ გაბრიელ დაფანჩულმა აუწყა თავის სუზერენს გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფეების სიწმინდისა და მოღვაწეობის შესახებ. ხელმწიფემ მოინდომა გაეცნო მამა გრიგოლი, თავისი ხელით წერილი მისწერა და შეხვედრა სთხოვა. „უდაბნოს ვარსკვლავი“ დიდი სიხარულით ეწვია ხელმწიფეს სასახლეში.
მეფემ გააცნო თავისი შვილები ადარნასე, ბაგრატი და გუარამი. ამ საუბრის გადმოცემისას გიორგი მერჩულე გვამცნობს, რომ ქართული ეკლესიის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ პიროვნებას ესე მიუმართავს აშოტ ბაგრატიონისთვის:
„დავით წინაისწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო! მეფობა და სათნოებანიც მისნი დაგიმკვიდრენ ქრისტემან ღმერთმან, რომლისათვისცა ამას მოგახსენებ: არა მოაკლდეს მთავრობა შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა, ქვეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროის კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე“.
ეს უკვე ნიშნავდა ქართული ეკლესიის მხრიდან ბაგრატიონების აღიარებას დავით წინასწარმეტყველის შთამომავლებად, ქრისტეს ხორციელი ბიძაშვილის შთამომავლებად, ღვთისმშობლის ნათესავებად, უფლის ნათესავებად“.
ეს პირველი წყაროა (თუ სხვა დაკარგული არ არის), რომელიც თანამედროვეების მიერ არის გადმოცემული და სადაც ჩანს, რომ ქართული ეკლესიის წარმომადგენელი აღიარებდა ბაგრატიონებს უფლის ნათესავებად. თან, კათალიკოსთა და ეპისკოპოსთა მოძღვარი და აღმზრდელი, წმინდა გრიგოლ ხანძთელი.
სუმბატ დავითის ძე მეთერთმეტე საუკუნეში ვერ გამოიგონებდა ბაგრატიონთა დავით წინასწარმეტყველისგან წარმომავლობის თეორიას. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ აზრის იყო მერვე საუკუნეში გრიგოლ ხანძთელი.
გარდა ამისა, გრიგოლ ხანძთელის სიტყვებში ჩანს სხვა რამეც. ის, ფაქტობრივად, იმეორებს დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს 88 ფსალმუნიდან, სადაც წმიდა მეფე ამბობს, რომ უფალმა იგი გამოარჩია სხვა მეფეთა შორის და აღთქმა მისცა, რომ მისი შთამომავლობა იმეფებს მუდამ.
ეს იყო აღიარებაც და დალოცვაც ქართული ეკლესიის მხრიდან უდაბნოს ვარსკვლავის – გრიგოლ ხანძთელის პირით.
გრიგოლ ხანძთელი შემთხვევით არც არაფერს ამბობდა და არც არაფერს აკეთებდა. მას ამ აღიარებისთვის უსათუოდ ექნებოდა საფუძველი, ძველი წყაროები, გადმოცემა, ტრადიცია უკვე დამკვიდრებული და რაც მთავარია, რწმენა, რომ ბაგრატიონები მართლაც დავით წინასწარმეტყველის შთამომავლები არიან.