კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ მოუწყო კახეთში ქეთი მელუას დაუვიწყარი დაბადების დღე და რამ გააოცა საქართველოში პირველად ჩამოსული მისი ქმრის ნათესავები

16 სექტემბერს, ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ქეთი მელუა იუბილარი გახლდათ. მას ოცდაათი წელი შეუსრულდა და საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა, საყვარელ სამშობლოში, საქართველოში დაგეგმა. როგორც შევიტყვეთ, იუბილე ქეთიმ ვიწრო წრეში, ყვარელში გადაიხადა და ჩევენს ქვეყანაში პირველად ჩამოსული დედამთილ-მამამთილი, ქართული სტუმართმოყვარეობით, კერძებითა და ღვინით, ნამდვილად გააოცა. წელს პირველად, ქეთის საკუთარ იუბილეზე არ უმღერია. თუმცა, დუდუკების ფონზე, ცეკვით იჯერა გული. როგორც ქეთის ოჯახისგან შევიტყვეთ, სტუმრები კმაყოფილი იყვნენ. ქეთის ქმარი კი სიამაყით ამბობდა და სვამდა იმ ქართულ სადღეგრძელოებს, რომელიც მას ქეთის ბაბუამ, ბატონმა ამირან მელუამ ასწავლა.

ამირან მელუა:
როცა ქეთიმ საქართველოში გადაწყვიტა დაბადების დღის გადახდა, ძალიან გაგვიხარდა მის ოჯახის წევრებს. დიდი ხანია ამბობდა, 30 წლის იუბილეს ჩემს საყვარელ ქვეყანაში და უახლოესი ადამიანების გარემოცვაში გადავიხდიო, და ასეც მოიქცა. თან, ვიცოდით, რომ ის მეუღლესთან, ჯეიმს ტოსელენდთან და დედამთილ-მამამთილთან ერთად აპირებდა ამ დღესასწაულის შეხვედრას. მოკლედ, დაგვირეკა და გვითხრა, კარგი ადგილი შეარჩიეთ ქალაქგარეთ, ბუნებაში და იქ გავშალოთ კარგი ქართული სუფრაო. ოჯახმა მოვითათბირეთ და ოთხ ადგილზე შევაჩერეთ არჩევანი – ან რაჭაში, ან სამეგრელოში, ან კახეთში და ან ყაზბეგში უნდა წაგვეყვანა სტუმრები. საბოლოო ჯამში, არჩევანი კახეთზე შევაჩერეთ და იქ წავიყვანეთ ქეთის ქმრის ნათესავები – დედა, მამა, ძმა, დეიდა და მისი ქმარი, ანუ ბიძა.
– ეს არჩევანი ქეთისთან არ შეათანხმეთ?
– როგორ არა, სურათები გავუგზავნეთ ქეთის და მოეწონა. მოკლედ, ღვინის ტურიც მოვაწყვეთ და ისეთი სუფრა გავშალეთ „ხარებას მეღვინეობის” დიდ დარბაზში, ნამდვილი შოკი მიიღეს ჯეიმსის ნათესავებმა, გაოცებულები იყურებოდნენ (იცინის). სუფრამდე, პატარა ექსკურსია მოვაწყვეთ,  სტუმრებს დავათვალიერებინეთ კახეთი, გავასინჯეთ ჩვენი ქვეყნის ღვინო და სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ.
– ამ ყველაფერს ორგანიზება ხომ სჭირდებოდა? ვინ დაგეგმა ეს ყველაფერი?
– ძირითადი ორგანიზატორი ჩემი ვაჟი, არჩილი გახლდათ, ანუ ქეთის ბიძა და ქეთის მამის მეგობარი და თანაკურსელი, შოთა მარგიშვილი. სხვათა შორის, ქეთიმ შოთას სადღეგრძელო პერსონალურად დალია. არჩილი, ძალიან განიცდიდა, ამბობდა, მინდა, ქეთის ისეთი დაბადების დღე მოვუწყო, მისთვის ნამდვილი ზეიმი იყოს და ეს დღე არასდროს დაავიწყდესო, და, ნამდვილად გამოუვიდა.
– სუფრა გასაგებია, მაგრამ, ტორტი, რომელიც ნამდვილად ორიგინალური და იუბილარისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. ვისი იდეა იყო?
– ეს ჩემი ვაჟის, არჩილის და მისი მეუღლის იდეა გახლდათ. დასხდნენ და მთელი ინტერნეტი გადაქექეს. იპოვეს ტორტების მცხობელი სტელას საიტი და მას შეუკვეთეს გიტარის ფორმის, იასამნისფერი, ერთმეტრიანი ტორტი. ეს არავინ იცოდა და სიურპრიზი იყო. ქეთის ზუსტად ასეთი გიტარა აქვს, რომელიც ძალიან უყვარს და მასზე უკრავს კონცერტებზე. ტორტის პარამეტრებიც ზუსტად იგივე იყო. არჩილმა რომ დაურეკა სტელას და შეკვეთა მისცა, გადაირია ქალი. ამას ვერ მოვასწრებ ასე მალე, მაგრამ, ფოტო მაინც გადმომიგზავნეთ, როგორი ტორტი გინდათო. არჩილმა რომ ქეთის ფოტო გაუგზავნა, სადაც ხელში ის იასამნისფერი გიტარა უჭირავს, გადაირია. თუ ქეთი მელუასთვის გინდათ, ყველა შეკვეთას გადავდებ და მოვუსწრებო. სპეციალური მანქანით წავიღეთ კახეთში ის ტორტი. აბა, ჩვეულებრივ მანქანაში არ ჩაეტეოდა. დაბადების დღის დასასრულს, შუქი ჩავაქრეთ და არავინ რომ არ ელოდებოდა, ისე შევიტანეთ ის გიტარის ტორტი შუშხუნებით. თან, სიმღერა გაისმა: „რა ლამაზი დღეა, რა ლამაზი დღეა, იმიტომ რომ დღეს ქეთის დაბადების დღეა!..“ და ქეთის ცრემლები წამოუვიდა. ნამდვილად არ ელოდა ასეთ სიურპრიზს. ისეთი ტორტი იყო, ყველას ნამდვილი გიტარა ეგონა, თავიდან (იცინის). სხვათა შორის, ქეთიმ თქვა, ასეთი ტორტის შეკვეთა და დამზადება ინგლისში შვიდი ათასი ფუნტი ღირსო. მაგრამ, ჩვენ ამ თანხასთან შედარებით საკმაოდ ნაკლები დაგვიჯდა. დამიჯერეთ, ეს თანხა ქეთის ასეთ გახარებად ნამდვილად ღირდა. მარტო ქეთი კი არა, ჩამოსული სტუმრებიც გადაირივნენ. ფოტოებს უღებდნენ ტორტს, ასეთი რამ პირველად ვნახეთო. ქეთის რომ ვუთხარით, დაჭერიო, გადაირია, ამას დანა როგორ დავადოო (იცინის).
– თამადობა ვინ ითავა?
– თამადობას ვის დავუთმობდი ჩემი საყვარელი შვილიშვილის დაბადების დღეზე? (იცინის) მე ვითამადე და თქვენ წარმოიდგინეთ, საკმაოდ კარგად. სიძემ, ჯეიმსმა ისეთი მადლობები გვიხადა, ჩემი ქეთი რომ ასეთი ბედნიერიაო, უნდა მოგესმინათ. ამბობდა, ეს რა ვნახე, ქართველბი „გულაობთ” თურმე, თქვენ ცხოვრობთ და ჩვენ ვარსებობთ, ასე გამოდისო (იცინის). ისეთი ღვინო იყო, მეორე დღეს ნაბახუსევიც კი არ გვქონია, არადა გული მისკდებოდა, ეს საპატივცემულო ხალხი თავის ტკივილმა არ გაგლიჯის „პახმელიაზე”-მეთქი (იცინის). სამი სახის ღვინოს ვსვამდით – ქართული ტექნოლოგიით დამზადებულ წითელ „ქინძმარაულს”, ნახევრად მშრალ, წითელ „საფერავს” და ევროპულად დაყენებულ „მწვანეს”. სტუმრებიც მოკრძალებულად დავპატიჟეთ, ოჯახის ახლო გარემოცვა, სულ ორმოცი კაცი. ქეთიმ თქვა, ეს ჩემთვის გამორჩეულად დასამახსოვრებელი დაბადების დღეაო.
– ქეთი საკუთარ დაბადების დღეზე, ყოველთვის გიტარის თანხლებით მღერის, წელს ხომ არ დაურღვევია ეს ტრადიცია?
– ეს ტრადიცია, ნამდვილად დაარღვია (იცინის). წელს პირველი დაბადების დღე იყო, როცა მას არ უმღერია და სხვის ნამღერ-დაკრულზე ცეკვავდა. ქეთის რომ ემღერა, ძვირი დაგვიჯდებოდა (იცინის), ამიტომ, დუდუკების ფონზე გავმართეთ ქეიფი. ქეთის დედამთილ-მამამთილიც კი ვაცეკვეთ დუდუკებზე და მჯერა, ეს კახეთში გატარებული დღე, არასდროს დაავიწყდებათ.
– ქეთი და მისი სტუმრები უკვე წავიდნენ ბრიტანეთში?
– კი, 18 სექტემბერს გაფრინდნენ. ქეთის ძალიან უყვარს ფერწერა, ეს ყველა ჩვენმა ახლობელმა იცის და დაბადების დღეზე უამრავი ნახატი აჩუქეს სტუმრებმა. ისინიც თან წაიღო და თქვა, ჩემს ოთახში დავკიდებ. ამათ რომ შევხედავ, სულ კახეთი და ჩემი დაბადების დღე გამახსენდებაო (იცინის). ქეთის დედამთილ-მამამთილი კი ამბობდა, აღარ გვინდა აქედან წასვლა, ეს რა ხალხი ყოფილხართ, როგორი მასპინძლობა გცოდნიათო. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, ქეთი ახალ პროექტს გეგმავს, რომლის პრეზენტაციაც საქართველოში იქნება.

скачать dle 11.3