კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა გააუფასუროს მშობელმა შვილის წარუმატებლობა და რა დოზით უნდა შეაქოს წარმატების შემთხვევაში

განათლება შვილის მომავალში ჩადებული ყველაზე კარგი ინვესტიციაა და, იმისთვის, რომ ეს ინვესტიცია წარმატებული აღმოჩნდეს, საჭიროა სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვა.
პირველი სირთულე პირველ კლასშივე იჩენს თავს, რადგან ეს არის გარდამავალი პერიოდი ბავშვის ცხოვრებაში, როცა რადიკალურად იცვლება მისი ცხოვრების წესი. ამას ფსიქოლოგები „ადაპტაციურ ავადმყოფობას“ უწოდებენ.
რა სირთულეები ახლავს ამ პროცესს, როგორია მასში მშობლის როლი და რა გზით შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება, ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს მივმართეთ.


– რა სირთულეები ახლავს პირველკლასელის სკოლასთან ადაპტაციას და რა როლი აქვს ამ პროცესში მშობელს?
– დაბადებიდან ბავშვი ხვდება გარემოში, სადაც მისთვის ყველფერი უცხო და გაურკვეველია. გაურკვევლობა ყოველთვის იწვევს სტრესს (დისტრესს). პირველივე დღეებიდან სტრესის მოხსნის ძირითადი საშუალება არის დედასთან სიახლოვე, მისგან სითბოს მიღება, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ბავშვმა უნდა მიიღოს სითბოც და, ამავე დროს, თანდათანობით უნდა ისწავლოს დედის გარეშე არსებობაც. ამ ორი მომენტის ბალანსზეა დამოკიდებული სკოლისთვის მისი ემოციური მზაობა, რადგან, სკოლა არის ახალი სამყარო, სადაც მისთვის ისევ ყველაფერი უცხო და გაურკვეველია. თუ ბავშვი ნამყოფია საბავშვო ბაღში, სკოლასთან შეგუება უფრო გაუადვილდება, ხოლო, თუ პირდაპირ ოჯახიდან მიდის სკოლაში და თუ ოჯახში მის გვერდით სულ იყო დედა, უდედოდ სკოლაში ყოფნა მისთვის მძიმე გადასატანი იქნება. ამდენად, დედის როლი ძალზე მნიშვნელოვანი და რთულია – მან უნდა „კვებოს“ ბავშვი სითბოთი და, ამავე დროს, ასწავლოს მას პერიოდულად თავისი სითბოს გარეშე ყოფნაც (საჭმელსაც ხომ პერიოდულად ვაძლევთ ბავშვს, მუდმივად ხომ არ ვაჭმევთ); სამაგიეროდ, სკოლიდან დაბრუნებულის მიმართ განსაკუთრებით ყურადღებიანი და თბილი უნდა ვიყოთ, რომ ავანაზღაუროთ ჩვეული სითბოს დეფიციტი.
– ბაღი ახსენეთ და, საინტერესოა, რამდენად მნიშვნელოვანია იქ მიღებული გამოცდილება სასკოლო პროცესისთვის მოსამზადებლად?
– თუ ოჯახში ბევრი ბავშვია (რაც დღეს იშვიათობაა), მაშინ ბაღი დიდ გავლენას არ მოახდენს ბავშვის ჩამოყალიბებაზე, მაგრამ, თუ მას აკლია თანატოლების გარემო, მისთვის ბაღი აუცილებელია სკოლასთან ნორმალური ადაპტაციისთვის.
– რა ფორმით უნდა მიაწოდონ მშობლებმა ბავშვს ცოდნა, რომ მასში სწავლისადმი მოტივაცია გამოიწვიონ?
– სკოლამდელ ეტაპზე, როცა მშობლები, ამავდროულად მასწავლებლებიც ვართ, ბავშვს ცოდნა ანუ ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ თამაშის ფორმით, რადგან თამაში ამ პერიოდის აქტივობის ბუნებრივი ფორმაა. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ამ თამაშებში არ იყოს არც გამარჯვებული და არც დამარცხებული, უფრო ზუსტად – ბავშვს ყოველთვის უნდა ჰქონდეს გამარჯვებულის განცდა, რადგან, დადებითი ემოცია ცოდნის დაფიქსირებასაც უწყობს ხელს და ცოდნის მიღების მოტივაციის გაღვივებასაც.
– როგორც ჩანს, თამაშს დიდი როლი აქვს ამ პროცესში და, შესაბამისად, მისი აკრძალვა არ იქნება მიზანშეწონილი.
– ბავშვი სკოლაში წასვლამდე ყველაფერს თამაშით სწავლობს. ის თამაშობს მოზრდილის როლს და მისი მიბაძვით სწავლობს ენას, სოციალურ ნორმებს, იმ კონცეფციებს, რომლებზეც დიდები მსჯელობენ. ის დადებითი ემოცია, რომელიც ფონად ედება ამ პროცესს, ხდება იმის საფუძველი, რომ პატარა ადამიანი გაცილებით მეტს ითვისებს, ვიდრე სასკოლო შტუდირების პირობებში. ამ ფორმით შემეცნება იმდენად პროდუქტიულია, რომ თანამედროვე პედაგოგიკამ თამაშის ელემენტები არათუ სასკოლო, არამედ, უმაღლეს სკოლაშიც კი შემოიტანა  (სწავლების ინტერაქტიური მეთოდები, რომლებიც ხშირად ბავშვური შემეცნების მექანიზმებს ეყრდნობა). ამდენად, მისი აკრძალვა დაუშვებელია, ოღონდ, გონიერმა მშობელ-პედაგოგმა მისი საჭირო კალაპოტში მოქცევა და შემეცნების განვითარებისთვის გამოყენება უნდა შეძლოს.
– როგორ უნდა შეაფასოს მშობელმა შვილის ინტელექტუალური შესაძლებლობები სწორად?
– აი, ამ საქმისთვის ნამდვილად უნდა მიმართოთ ბავშვის ფსიქოლოგს, რადგან, მათ აქვთ ტესტების დიდი რაოდენობა ამგვარი შეფასებისთვის. ზოგადად, სასურველია, ვიცოდეთ, რომ ყოველ ადამიანში დაბუდებულია რაღაცის ნიჭი, რომელიც, თუ შეუმჩნეველი დარჩა, შესაძლებელია, ადამიანს ცხოვრება დაუმახინჯდეს. ამიტომ, ამ ნიჭის გულდასმით ძიება აუცილებელია. ჩარლზ დარვინი გონიერებას ვერ ავლენდა ვერაფერში, მაგრამ, ძალიან უყვარდა ცხოველები. მოგვიანებით მან ცხოველთა სამყაროს ევოლუციის თეორია შექმნა და გენიოსის სახელი დაიმკვიდრა. ამდენად, თუ ბავშვის გატაცების ჩამოყალიბებას ხელს შევუწყობთ, შეიძლება, ეს დიდი სიკეთის მომტანი აღმოჩნდეს მისთვისაც და საზოგადოებისთვისაც, ამგვარი გატაცება კი, შეიძლება, ვერ მოთავსდეს ტესტების ჩარჩოებში.
– ბავშვს რიგი დავალებებისთვის თავის გართმევა დამოუკიდებლად შეუძლია, ზოგჯერ კი დახმარების გარეშე ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, როგორ გამიჯნოს მშობელმა პირველი მეორისგან?
– ისევე, როგორც მიჯნავს სხვა დროს: როცა მშობელი ბავშვს სიარულში ეხმარება, ეხმარება მხოლოდ ვერტიკალური მდგომარეობის შენარჩუნებაში, თორემ, ნაბიჯებს ბავშვი თავად დგამს. ანალოგიურად, ყველა სახის დავალების ის ნაწილი, რისთვისაც თავის გართმევა დამოუკიდებლად შეუძლია, ბავშვს უნდა დავუტოვოთ და ხელი შევაშველოთ მხოლოდ იქ, სადაც თავად უძლურია.
– ზოგიერთ ბავშვს წარუმატებლობის შემთხვევაში უყალიბდება ნეგატიური დამოკიდებულება სასწავლო პროცესისადმი. რას ურჩევთ მშობელს ასეთ შემთხვევაში?
– მშობელი ყოველთვის უნდა ეცადოს, რომ წარუმატებლობა გააუფასუროს („ხვალ მიაღწევ“), ან აქცენტი გადაიტანოს ისეთ საქმეზე, რაც ბავშვს კარგად გამოსდის და შეაქოს ამისთვის.
– რა შედეგი შეიძლება გამოიღოს აგრესიამ ან ფიზიკურმა დასჯამ?
– თქვენ უკვე ბრძანეთ – სწავლის მიმართ გულაცრუება; მაგრამ, ეს მინიმალური უბედურებაა. ამის გარდა, შესაძლებელია, მის პიროვნებაში ჩამოყალიბდეს საკუთარი თავის არასრულფასოვნების განცდა, რაც, როგორც ბავშვზე, ისე მის გარემომცველთა ბედზე მოახდენს გავლენას მთელი ცხოვრების განმავლობაში.
– რაც შეეხება შექებას, რა დოზითაა ის მიზანშეწონილი?
– გააჩნია ასაკს. 4-5 წლამდე რაც მეტად ვაქებთ, მით უკეთესია – ასე საკუთარი თავისადმი რწმენა ჩამოუყალიბდება. შემდეგ ნელ-ნელა ემატება სამართლიანი კრიტიკა, 11-13 წლიდან კი უნდა მოვექცეთ, როგორც თანატოლ მეგობარს.
– რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ ამ პროცესში ბავშვი არ გახდეს მასზე ზედმეტად დამოკიდებული?
– აქაც გააჩნია ასაკს. ძალიან ადრეულ ასაკში დედაზე მიჯაჭვულობა კარგია; ადრეული სასკოლო ასაკისთვის უნდა მივაჩვიოთ დავალებების დამოუკიდებლად შესრულებას; გარდამავალი ასაკისთვის – საკუთარი თავისთვის დავალების დამოუკიდებლად მიცემას და შემდეგ პასუხისმგებლობას მიღებული გადაწყვეტილებების სისწორეზე.
– სასურველია თუ არა ამ პერიოდში ბავშვის სხვა აქტივობებით დატვირთვა?
– ჩვენ ხშირად  ვკარგავთ განსხვავებას დატვირთვასა და გადატვირთვას შორის. აუცილებელია, რომ ჩვენგან შემოთვაზებულმა დატვირთულობამ ბავშვს არ წაართვას თამაშის, თანატოლებთან ურთიერთობის, საკუთარი თავის ძიების საშუალება. დატვირთვაც ბავშვისთვის საკუთარი შესაძლებლობების გარკვევად უნდა ვაქციოთ და არა – ძალდატანებად.
– და ბოლოს, რა ასაკი მიგაჩნიათ საუკეთესოდ ბავშვის სკოლაში შესაყვანად?
– ის ასაკი, როცა ბავშვის პიროვნების ძირითადი ხერხემალი უკვე ჩამოყვალიბებულია – ესაა 6-7 წელი.

скачать dle 11.3