კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა თბილისელი ქურდი ბავშვი ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული კომპანიის სრული მეწილე

ცნობილი კრიმინალი მოშე კაციაშვილი, მეტსახელად „მოშკა“, გასულ საუკუნეში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა შავ სამყაროში და მილიციაც კარგად იცნობდა მას. თუმცა, ის ისე „სუფთად“ მუშაობდა, რომ სამართალდამცველებს, ხშირ შემთხვევაში, მისი გამოაშკარავება და მოხელთება ძალიან უჭირდათ. გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს ამ ცნობილი დამნაშავის მდიდარი კრიმინალური ცხოვრებიდან.
პატარა მძარცველები
1947 წელს დაბადებული „მოშკა“ ადრეული ბავშვობიდანვე დაადგა კრიმინალურ გზას – 13 წლისაც არ იყო, რომ მძარცველთა ბანდა ჩამოაყალიბა. ბანდაში მისი ასაკის ბავშვები იყვნენ გაერთიანებული და სხვადასხვა სახის კრიმინალურ საქმიანობას ეწეოდნენ. ძირითადად ისინი ძარცვა-ქურდობით იყვნენ დაკავებული და თბილისის ძველ, ისტორიულ უბნებში მუშაობდნენ, სადაც ტურისტები იყრიდა ხოლმე თავს. პატარა მძარცველები მოშკას მიერ მოფიქრებული და კარგად დამუშავებული სქემით მოქმედებდნენ: რომელიმე ისტორიული ძეგლის დასათვალიერებლად მისული ტურისტული ჯგუფის ავტობუსის მარცხენა წინა საბურავს ბავშვები წვეტიანი რკინით ჩაფუშავდნენ ხოლმე. სანამ მძღოლი საბურავს ცვლიდა, ათიოდე პატარა კრიმინალი ჩუმად შედიოდა ავტობუსში და ტურისტების მიერ დატოვებულ ნივთებს იპარავდნენ და თვითნაკეთი ველოსიპედებით ტოვებდნენ შემთხვევის ადგილს. 1960 წელს თბილისის სხვადასხვა ისტორიულ უბანში ცხრა მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა და, მილიციის ძალისხმევის მიუხედავად, ბოროტმოქმედები ვერ მოიხელთეს. იმავე წლის 14 აგვისტოს პატარა მძარცველებმა მოსკოველი ტურისტების ავტობუსი გაძარცვეს ფუნიკულიორის ზემო პლატოზე და გაიქცნენ. მოშკას უზარმაზარი შავი ჩანთა მხარზე ჰქონდა გადაკიდებული, კისერზე კი უახლესი მარკის ფოტოაპარატი ეკიდა. ის ერთ-ერთმა მორიგე მილიციელმა შენიშნა და დაედევნა. გაქცეული მოშკა ნაძარცვი ნივთებით ცდილობდა, ხელიდან დასხლტომოდა მდევარს – ის საცალფეხო გზით დაეშვა ქვევით, შემდეგ მკვეთრად მარჯვნივ გაუხვია და კლდოვან ციცაბოს მიადგა, რომელიც სოლოლაკს გადაჰყურებს. მოშკა წამით შეჩერდა, შემდეგ კლდიდან ისკუპა და ისე გავიდა სამშვიდობოზე, არც ჩანთა დაუკარგავს და არც ფოტოაპარატი. მდევარმა მილიციელმა კი ვერ გაბედა ამ სახიფათო ტრიუკის განმეორება და ბავშვი ხელიდან გაუსხლტა. თუმცა, მილიციის ოპერატიულმა ჯგუფმა მაინც მოახერხა ორი პატარა მძარცველის შეპყრობა, შემდგომ დღეებში კი დანარჩენებიც აიყვანეს და მხოლოდ მოშკა ვერ მოიხელთეს, რომელიც სახლიდან გაიქცა და ჯერ ქუთაისში იმალებოდა, შემდეგ კი ბათუმში გაემგზავრა. მოშკა მხოლოდ ორი წლის შემდეგ გაიცნო მილიციამ, ისიც მას მერე, რაც მამამისმა საქმე „ჩააწყო“ და თავისი შვილი თბილისში ჩამოიყვანა. თუმცა, მოშკას უკვე გაგებული ჰქონდა დანაშაულის გემო და პატიოსანი ცხოვრება აღარ სურდა. 1964 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, მოშკა მოსკოვში, თეატრალურ ინსტიტუტში მოეწყო და სწავლის პარალელურად კრიმინალურ საქმიანობას განაგრძობდა.
სადაზღვეო აგენტი
მოსკოვის თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტმა, მოშე კაციაშვილმა, ერთი წელი „გარემოს ათვისებასა“ და გრიმის ხელოვნებაში დაოსტატებას მოანდომა, 1965 წლის სექტემბრიდან კი საბჭოთა კავშირის დედაქალაქში ფართო კრიმინალური საქმიანობა გააჩაღა. თმაშეღებილი, სათვალეებიანი და ბლანჟიანი მოშკა მოსკოვის ელიტურ ბინებს აკითხავდა, მათ მფლობელებს სადაზღვევო აგენტად წარუდგენდა თავს და დაზღვევას სთავაზობდა. სინამდვილეში კი ბინებს ათვალიერებდა, საკეტების ანაბეჭდებს იღებდა და გასაღებებს ამზადებდა. მოგვიანებით კი ცარიელ ბინებში ბრუნდებოდა და პირწმინდად ძარცვავდა მათ. 1965-68 წლებში მოშკამ ოცდათხუთმეტი ბინა გაძარცვა და მილიონი მანეთის ღირებულების სხვადასხვა ნივთი წაიღო. მოხერხებული ქურდი ოქროსა და ძვირფასეულობას ინახავდა, ნივთებს ყიდდა. აღებული ფულის ნაწილს იყენებდა, დანარჩენით კი ოქროსა და ძვირფასეულობას ყიდულობდა. „მურის“ (მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს) ძალისხმევის მიუხედავად, „სადაზღვეო აგენტის“ მოხელთება ვერ ხერხდებოდა – მილიცია ეძებდა ქერათმიან, ორმოციოდე წლის მამაკაცს, მოშკა კი შავგვრემანი და, სულ რაღაც, 22 წლის იყო...
მოშკა 1969 წლის იანვარში დააკავა „კაგებემ,“ თანაც, არა ქურდობაზე, არამედ იმიტომ, რომ მან 50 დოლარი იყიდა ერთ-ერთი „ვალუტჩიკისგან“, რომელსაც უშიშროება უთვალთვალებდა. ვალუტა კი მოშკას მაღაზია „ბერიოზკაში“ საჩუქრის შესაძენად სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, ის გაასამართლეს და ორი წლით ჩასვეს ციხეში. აბა, რა იცოდა „კაგებემ,“ რომ, „ჩიტს,“ რომელიც მათ ჩაუვარდათ ხელში, ერთ-ერთი მოსკოვური ბინის სამალავში მილიონი მანეთის ღირებულების განძი ჰქონდა შენახული. მოგვიანებით მოშკა კმაყოფილიც კი იყო, რომ უშიშროებამ ვალუტის გამო დააპატიმრა, რადგან, ბინის ქურდობაზე რომ აეყვანათ, მას გაშიფრავდნენ, ნაძარცვ განძსა და ფულსაც ჩამოართმევდნენ და თორმეტი წლით ციხეშიც ჩასვამდნენ. ორი წლის შემდეგ კი მოშკა ციხიდან გამოვიდა და ერთ-ერთ მოსკოვურ თეატრში მსახიობად დაიწყო მუშაობა.
იატაკქვეშა გასართობი ქსელი
გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლები საბჭოთა კავშირში კრიმინალური სამყაროსთვის ნამდვილი გაფურჩქვნის ხანა იყო. იმ დროს ყვაოდა ყველა სახის იატაკქვეშა ბიზნესი, მათ შორის – სათამაშო ბიზნესიც და მოშკა იმთავითვე ჩაერთო მასში. ქართველი ქურდების საფარქვეშ მან არალეგალური სამორინეების ქსელი ააწყო, სადაც მრავალი ცნობილი ადამიანი, მათ შორის, პარტიულებიც დადიოდნენ. რაც მთავარია, იქ ტრიალებდა დიდი ფული და მოშკა ამ კაპიტალის ორმოც პროცენტს იდებდა ჯიბეში, დანარჩენს კი ქურდებსა და სხვადასხვა პარტიულ თუ მილიციის მაღალჩინოსნებს უხდიდა. ორი ასეთი სამორინე თბილისშიც ფუნქციონირებდა. ამ ბიზნესის პარალელურად, მოშკა არც თაღლითობას თაკილობდა, ოღონდ, მსხვილ მასშტაბებში და ერთ-ერთ პირველ „ატკატებს“ სწორედ ის ახორციელებდა. მოშე კაციაშვილი, ყალბი საბუთების გამოყენებით, სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს თანხებს არიცხვინებდა სხვადასხვა დაწესებულებაში, ვითომდა ხელმოკლე მოქალაქეებისთვის. სინამდვილეში კი ეს ფული მასა და მაღალჩინოსნებს შორის ნაწილდებოდა და ამ გზით მან რამდენიმე მილიონი მანეთი იშოვა.
1979 წელს 32 წლის მოშკამ სხვადასხვა მაქინაციითა და სამორინეებში ნაშოვნი მილიონებით ოქრო და ძვირფასი ქვები შეიძინა. შემდეგ ეს ქონება დიპლომატიური ბარგით გაიტანა შვეიცარიაში და ერთ-ერთ ბანკში შეინახა. 1981 წელს კი, ერთ-ერთი სპორტული დელეგაციის შემადგენლობაში, ცოლ-შვილთან ერთად გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში და იქიდან აღარ დაბრუნებულა.
გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში მოშკამ მთელი თავისი ქონება ერთ-ერთი მსხვილი ამერიკული კომპანიის აქციებში დააბანდა, ხუთი წლის შემდეგ კი მისი სრული მფლობელი გახდა და დღემდე იქ მოღვაწეობს.
ნიკა ლაშაური

скачать dle 11.3