მაფიის შვილობილი
გამრეკელმა მილიციის მორიგეს დაუბარა, რომ ათი საათისთვის ყველა განყოფილების უფროსი, მათი მოადგილეები, აგრეთვე, მალხაზ ჯიბუტი და ჭიჭიკო ხოშტარია, მილიციის უფროსის კაბინეტში დახვედროდნენ.
– არის, ამხანაგო მაიორო! – გამოეჯგიმა გამრეკელს მორიგე.
ქუჩაში რომ გავიდნენ, მილიციის სამმართველოს ეზოში ორი შავი „ვოლგა“ გაჩერდა. ერთ-ერთიდან შუახნის მძღოლი გადმოვიდა, რომელსაც ხელში ბლანკები ეჭირა და პირდაპირ მერაბს ჰკითხა:
– მეგობარო, ეს მილიციის სამმართველოა?
– დიახ, – მიუგო მერაბმა და ღიმილით გახედა ნოეს.
– უფროსი აქ არის?
– აი, უფროსი, – მერაბმა ბუცხრიკიძეზე მიანიშნა მძღოლს.
შუახნის მამაკაცმა უნდოდ შეხედა ლეიტენანტს, შემდეგ მერაბს უთხრა:
– მე მილიციის უფროსი მინდა.
– მეგობარო, თქვენ, ალბათ, „ვოლგა“ უნდა ჩააბაროთ პატრონს და ბლანკზე ხელის მოწერა და ბეჭედი გნებავთ, ხომ?
– დიახ.
– ბეჭედს კანცელარიაში დაგირტყამენ. ამ „ვოლგის“ პატრონი კი ამხანაგი ნოეა და ხელსაც ეგ მოგიწერთ. გასაღები ჩააბარეთ, – უთხრა მერაბმა მძღოლს.
– ბოდიში, თქვენ ვინ ბრძანდებით? – ჰკითხა მძღოლმა მერაბს.
გამრეკელმა მძღოლს პირადობის მოწმობა გაუშალა. თავისი „ვოლგა“ დაანახვა და უთხრა:
– მეც მყავს მასეთი და ეს „ვოლგები“ ჩემმა განყოფილებამ მიიღო მთელი რესპუბლიკის მასშტაბით.
– ბოდიში, ამხანაგო მაიორო, არ ვიცოდი, თუ მერაბ გამრეკელი იყავით, – გაუღიმა მაიორს მძღოლმა, შემდეგ ბუცხრიკიძეს „ვოლგის“ გასაღები გადასცა და უთხრა: – მშვიდობაში მოიხმარე, ძმაო, ეს მანქანა. მაგარ ხოდზეა, მაგრამ, სანამ აბკატკას არ გაივლის, გაზს ბოლომდე ნუ მიაჭერ. მე კი კანცელარიაში ავალ და ბეჭედს დავარტყმევინებ. სოხუმში მივდივართ, მეორე „ვოლგა“ იქ უნდა ჩავიყვანოთ. ნახვამდის.
მძღოლი მილიციის სამმართველოს შენობაში შევიდა, მერაბმა კი ნოეს უთხრა:
– საჭეს მიუჯექი, ლეიტენანტო. წავიდეთ, ვისაუზმოთ.
ნოე ბუცხრიკიძეს თავი სიზმარში ეგონა. ის ფრთხილად მიუჯდა საჭეს და „ვოლგა“ ადგილიდან დაძრა. მილიციის სამმართველოს თანამშრომლები თვალებგადმოკარკლულები ადევნებდნენ თვალს ამ სცენას ფანჯრებიდან და ნუნუკიამ თავის უფროსს უთხრა:
– უყურე ამ ლაწირაკ ბოვშს, რა შავი „ვოლგა“ დეირტყა ამ უთენია?
– არაა ეგ შენი საქმე, – შეუღრინა თავის მდივანს სამძებროს უფროსმა, – ენას კბილი დააჭირე და ნუ ტინგიცობ. ეგ ბოვში კი არა, განყოფილების უფროსია და ნოიკია აღარ დოუძახო, ღმერთი არ გაგიწყრეს.
– შენ არ გაჩუქებენ მაგფერ მაშინას? – არ ცხრებოდა მდივან-საყვარელი.
– გაჩუმდი-თქვა, გოგო! სავეშჩანიეა ათ საათზე და რამდონიას მდივანს კაბინეტის დალაგებაში მიეხმარე.
– დაალაგოს თვითონ, დამლაგებელი კი არ ვარ მე, – იუკადრისა ნუნუკიამ.
– მამა გიცხონდა, ინგლისის დედოფალი ხარ. წადი-თქვა, გოგო და, მიეხმარე, ჩქარა ქენი!
– ლოგინში რომ მეუბნები, დედოფალი ხარო? – წამოაძახა ნუნუკიამ სამძებროს უფროსს.
– ეს ლოგინში ხარ დედოფალი, აქ კი უსტავს უნდა დაემორჩილო, – თავი იმართლა სამძებროს უფროსმა.
ნუნუკია კი არ შეეპუა მას და მიახალა:
– უსტავი, თვარა, სულ ბწკარ-ბწკარ ასრულებ მაგ უსტავს. შენ არ მეუბნები ხოლმე – მოი აგერ, ჩემო გვაზდიკა სტოლზე უნდა დეგეუფლოო? გვაზდიკას და გიორგინას განახვებ აწი! მართლა შევასრულებ უსტავს, შენ კი ყვავილები „ვაგზალსა“ და ბაზარში მეიძიე.
– ნუ ბრაზობ, ნუნუკია. რამ გაგაცხარა, გოგო! ასეა საჭირო. ვერ ნახე, რაფერ მოპრობკეს რამდონია? წაი და მიეხმარე შენს დაქალს, ანუგეშე თან. ცოდვაა ის უბედური. უფროსი გოუგდეს და, შეიძლება, ისიც უკან მიაყოლონ. წაი, ჩემო გვაზდიკა, ჩემო ლამაზო გოგო, წაი, – უთხრა სამძებროს უფროსმა თავის საყვარელს, აკოცა და თეძოების რხევით მიმავალ ნუნუკიას წუწკი მზერა გააყოლა.
***
მერაბი და ნოე თათბირის დაწყებამდე თხუთმეტი წუთით ადრე დაბრუნდნენ მილიციის სამმართველოში. რამდონიას კაბინეტში ყველა დაბარებული თანამშრომელი იყო შეკრებილი. მაიორმა მათ კუტუბიძის წასვლის შესახებ ოფიციალურად აცნობა, შემდეგ ჭიჭიკო ხოშტარიას იქვე დააწერინა განცხადება და სამსახურიდან გაათავისუფლა. მალხაზ ჯიბუტს კი უთხრა:
– ვითვალისწინებ რა თქვენს პროფესიონალიზმსა და დამსახურებას, ერთი თვით კადრების განყოფილებაში გადამყავხართ და არ გათავისუფლებთ. ხელფასს ძველებურად აიღებთ, შემდეგ კი რიგით „ოპერად” განაგრძობთ მუშაობას, სად – ჯერ არ გადამიწყვეტია. ახლა კი შეგიძლიათ, წახვიდეთ და დაისვენოთ. იფიქრეთ თქვენს საქციელზე და სწორი დასკვნები გამოიტანეთ. თავისუფალი ბრძანდებით!
სახეწამოჭარხლებული, თავჩაღუნული მალხაზ ჯიბუტი ფეხზე წამოდგა და მაიორს უთხრა:
– ამხანაგო მაიორო, რა მეთქმის, მართალს ბრძანებთ. უფრო დიდ სასჯელს ვიმსახურებ და მადლობელი ვარ, რომ არ გამაგდეთ. გთხოვთ, რიგით „ოპერად” დამტოვოთ. უხელფასოდ ვიმუშავებ, ოღონდ კი კადრების განყოფილებაში არ გადამივანოთ. მე უკვე შევიგნე ჩემი დანაშაული და, მზად ვარ, სისხლით გამოვისყიდო.
მალხაზ ჯიბუტი მართლაც კარგი ოპერმუშაკი იყო. მას მთელ იმერეთში იცნობდნენ და პატივს სცემდნენ. მერაბმა ეს იცოდა და ამიტომაც დანიშნა განყოფილების უფროსად. გამრეკელი იმასაც მიხვდა, რომ ჯიბუტს თავმოყვარეობა ალაპარაკებდა. ამიტომ, შეეცოდა კოლეგა და უთხრა:
– კარგი, ამჯერად უკან დავიხევ და დაგითმობთ. ნოე ბუცხრიკიძის განკარგულებაში გტოვებთ. შეგიძლიათ, პირადობის მოწმობა და ტაბელური იარაღი დაიბრუნოთ, დანარჩენი კი თქვენ იცით. რაც შეეხება დანაშაულის სისხლით გამოსყიდვას, ამაში არ გეთანხმებით. რისკზე წასვლა უგუნურსაც შეუძლია. მე კი პატიოსანი, პროფესიონალი და ცოცხალი თანამშრომლები მჭირდება. გასაგებია?
– გასაგებია, ამხანაგო მაიორო! – სახეგაბრწყინებული გამოეჯგიმა ჯიბუტი გამრეკელს და რამდონიას კაბინეტიდან გავიდა.
– ახლა ავტოინსპექციის უფროსთან მაქვს პრეტენზიები, – თქვა მერაბმა და წითელსახიან, მსუქან პოდპოლკოვნიკს შეავლო მზერა. ის ფეხზე წამოდგა და ოფლიანი სახე უზარმაზარი ცხვირსახოცით მოიწმინდა, მერაბს კი უთხრა:
– გისმენთ, ამხანაგო მაიორო.
– დაბრძანდით და ისე მომისმინეთ, – უთხრა მერაბმა, – ყველა რომ სამსახურიდან გავუშვა, მილიციაში არავინ დარჩება. უკანასკნელ გაფრთხილებას გაძლევთ და, თუ მდგომარეობა სასწრაფოდ არ გამოსწორდა, მხოლოდ სამსახურიდან დათხოვნით ვერ გადარჩებით.
– გასაგებია, ამხანაგო მაიორო, – თქვა ავტოინსპექციის უფროსმა და ოფლი ნაკადულივით წამოუვიდა თავიდან.
– პირველ ყოვლისა, ის ავტოინსპექტორი გაათავისუფლეთ, ქუთაისის შემოსასვლელთან რომ დგას და მძღოლებს სამ-სამ მანეთს ართმევს.
– ტრიოშნიკა გუშინვე გავაგდე, ამხანაგო მერაბ, – სხაპასხუპით მიუგო მაიორს ოფლიანმა.
„ტრიოშნიკას” გაგონებაზე მერაბმა ძლივს შეიკავა სიცილი. პაუზა გააკეთა და უთხრა:
– მხოლოდ ეს არ კმარა. მსგავსი „ტრიოშნიკებით“ სავსეა თქვენი უწყება და, თუკი სასწრაფოდ არ აღკვეთთ ასეთ სისაძაგლეს, მკაცრ, გადამჭრელ ზომებს მივმართავთ. დღეიდან ყოველდღე ფარულად შეამოწმებენ თქვენს ხელქვეითებს და, ერთი გამოძალვის ფაქტიც რომ დაფიქსირდეს, გამომძალველთან ერთად თქვენც პასუხისგებაში მიგცემთ. გასაგებია?
– გასაგებია, ამხანაგო მაიორო! – თქვა ავტოინსპექციის უფროსმა, რომელსაც ნერვიულობისგან ისეთი ინტენსიური ოფლდენა დაეწყო, რომ მთელი ფორმა დაუსველდა და მაიორს სთხოვა: – ბატონო მერაბ, ნება მომეცით, ახლავე გავიდე მარშრუტებზე და ჩემი თანამშრომლები გავაფრთხილო, რომ ფული არავის გამოსძალონ.
– კარგი აზრია, მიბრძანდით, – ნება დართო გამრეკელმა და კაბინეტიდან გაისტუმრა.
თათბირი რომ დასრულდა, დღის 2 საათი იყო დაწყებული. მაიორმა საბოლოო სიტყვა თქვა და ასე დაასრულა:
– ორ-სამ დღეში პირადად ჩვენი მინისტრი წარმოგიდგენთ მილიციის ახალ უფროსს. თათბირი დასრულებულია. ნახვამდის.
მერაბ გამრეკელი ნოე ბუცხრიკიძემ მიაცილა „ვოლგამდე“ და უთხრა:
– ყველაფრისთვის დიდი მადლობა, ამხანაგო მაიორო. ნახვამდის.
– დიდი ხნით არ გემშვიდობები, ნოე. რამდენიმე დღეში დავბრუნდები და ბეშქენაძეებს არავინ გააკარო ჩემს ჩამოსვლამდე. ერთმანეთსაც არ შეახვედრო ისინი. აბა, შენ იცი. შენი იმედი მაქვს. ნახვამდის, – უთხრა მერაბმა ბუცხრიკიძეს და თბილისისკენ აიღო გეზი.
მაიორი 8 სექტემბერს აპირებდა ქუთაისში დაბრუნებას, მანამდე კი „რომეო და ჯულიეტას“ სოხუმურ პრემიერას უნდა დასწრებოდა თამართან ერთად და, სწორედ აფხაზეთიდან გეგმავდა ქუთაისში ჩასვლას.
უკიდურესი დაღლილობის მიუხედავად, მერაბმა სწრაფად და შეუჩერებლად იარა თბილისამდე და, ჯერ 7 საათიც არ იყო, შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტში რომ შეაბიჯა. გენერალმა ხელი ჩამოართვა გამრეკელს, სკამზე მიუთითა და ჰკითხა:
– რა ქენი, როგორ მოიარე ქუთაისი?
მაიორმა მინისტრს დომენტი კუტუბიძის განცხადება მიაწოდა და უთხრა:
– კუტუბიძის განცხადებაა სამსახურიდან წასვლის თაობაზე.
გენერალმა რის ვაი-ვაგლახით წაიკითხა რამდონიას ბატიფეხურით დაწერილი განცხადება, იქვე დაადო რეზოლუცია და თქვა:
– როგორც იქნა, მოვიშორეთ თავიდან ეს მექრთამე. სხვა რა ხდება ქუთაისში, ასე რატომ დაგაგვიანდა ჩამოსვლა?
მერაბ გამრეკელმა ყველაფერი დაწვრილებით უამბო მინისტრს და ბოლოს უთხრა:
– ძირითადად, იქ პატიოსანი და პროფესიონალი კადრები მუშაობენ. უბრალოდ, დომენტი კუტუბიძე ხრწნიდა მათ და, თუკი ნორმალური უფროსი ეყოლებათ, ათჯერ უფრო ეფექტურად იმუშავებენ.
– უფროსი, გიყვარდეს, მაგარი ეყოლებათ – ტყავს გააძრობს და შავ დღეში ჩააგდებს, ვინც ცუდად იმუშავებს, – მიუგო მინისტრმა მერაბს, – ქუთაისში ნოდარ შავიძეს ვნიშნავ. რას იტყვი, როგორი არჩევანია?
– კარგი არჩევანია, ამხანაგო გენერალო. ნოდარი პატიოსანი, პრინციპული და მღალი დონის პროფესიონალი მუშაკია.
– ჰოდა, შენ წარადგენ მას ქუთაისში.
– მე?! – გაუკვირდა მერაბს.
– დიახ, შენ. ხვალიდან თვის ბოლომდე ხომ შვებულებაში ხარ, შენ თვითონ არ მითხარი, რვაში ქუთაისში უნდა დავბრუნდე ბეშქენაძეების გამოო? ჰოდა, ნოდარსაც წარადგენ. თან, მას პირადად ჩააყენებ ყველაფრის საქმის კურსში. მოვილაპარაკეთ?
– მოვილაპარაკეთ, – მიუგო მერაბმა გენერალს.
– მაშინ, ახლა ნოდარი ნახე და ყველაფერზე შეუთანხმდი. ხვალიდან კი ხარ თავისუფალი, მაგრამ, შენი ამბავი რომ ვიცი, ვერ მოისვენებ და ფრთხილად იყავი. თუ რამე საგანგებო მოხდა ან დაგჭირდი, შეგიძლია, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში დამიკავშირდე. თოთხმეტში, საღამოს რვა საათზე კი მეუღლესთან ერთად რესტორან „არაგვში“, ქორწილში გეწვევი. ახლა კი ნახვამდის. აბა, შენ იცი, ყოჩაღად იყავი! – უთხრა მინისტრმა მერაბს, ხელი ჩამოართვა და კაბინეტიდან გამოისტუმრა.
ნოდარ შავიძეს მერაბ გამრეკელი კარგად იცნობდა და დიდადაც აფასებდა. პოდპოლკოვნიკი მაიორზე თორმეტი წლით უფროსი იყო. ისინი ჯერ კიდევ რაიონულ მილიციაში დაახლოვდნენ და ექვსი თვე მეწყვილეებიც კი იყვნენ. შემდეგ ნოდარი სამინისტროში გადაიყვანეს, მაგრამ, არც მაშინ გაუწყვეტიათ მეგობრობა. ხოლო, მერაბიც რომ ცენტრალურ აპარატში დაინიშნა, კიდევ უფრო დაახლოვდნენ და არაერთი სარისკო ოპერაცია ჩაატარეს წარმატებით ერთად.
– გილოცავ, ნოდარ, ახალ თანამდებობას. იქ ახლა სწორედ შენნაირი ხელმძღვანელი სჭირდებათ, რომ სიტუაცია დაალაგოს, – უთხრა გამრეკელმა შავიძეს, როდესაც მას კაბინეტში ეწვია.
– მადლობელი ვარ. დაჯექი, – მიუგო შავიძემ და დაამატა: – მინისტრმა მითხრა, რომ შენ უნდა წარმადგინო რვაში. მითხარი ერთი, რა ხდება რამდონიას სამფლობელოში?
– ყოფილ სამფლობელოში, – გაეცინა მერაბს, – რამდონია უკვე წარსულს ჩაბარდა და შენ მოგიწევს იმ მექრთამის აწეწილი სიტუაციის დალაგება.
– დავალაგებ კიდეც. შენ მხოლოდ საქმის კურსში ჩამაყენე, რა ხდება იქ და დანარჩენი მე ვიცი, – მტკიცედ თქვა პოდპოლკოვნიკმა და სმენად იქცა.
მერაბი შავიძეს ორი საათის განმავლობაში უყვებოდა ქუთაისის ამბებს და ბოლოს უთხრა:
– ძირითადად ასეთი სურათია ქუთაისში, ნოდარ.
– სურათს ვუჩვენებ მე მაგათ! ყაზარმულზე რომ გადავიყვან და ამოსუნთქვის საშუალებას არ მივცემ, მერე გაიგებენ, როგორ უნდა ასეთი სურათების ხატვა, – თქვა შავიძემ და მცირე პაუზის შემდეგ დაამატა: – ჩვენში დარჩეს, მერაბ და, მინისტრის ადგილზე რომ ვიყო, რამდონიას დედას ვუტირებდი. სამსახურიდან გაშვებას არ ვაკმარებდი და „ვირის აბანოში“ გამოვამწყვდევდი.
– მაგის სიმამრთან დაპირისპირებას მოერიდა. რაც არ უნდა იყოს, ცეკას ფუნქციონერია და, შეუძლია, უდამპლოს.
– ისედაც უდამპლებს, თუკი შანსი მიეცა, – თქვა შავიძემ და ხელი ჩაიქნია, მოკლედ, ასე, ჩემო მერაბ, რვაში, დილის რვა საათზე თეატრთან გელოდები და სამმართველოში ერთად მივიდეთ. ახლა კი ნახვამდის. მაზეგამდე!
მერაბი ზუსტად შუაღამისას მივიდა სახლში. ისეთი დაღილილი იყო, რომ მხოლოდ შხაპის მიღება შეძლო, შემდეგ საწოლზე მიეგდო და მკვდარივით ჩაეძინა.
– ჯერ არ ჩამოსულხარ და უკვე მიემგზავრები?! იშვიათად გხედავ ხოლმე, სალაპარაკოდ ხუთი წუთითაც ვერ გიხელთებ. გამოვყრუვდი მარტო. ხმის გამცემიც კი არ მყავს, – უსაყვედურა დედამ შვილს, როდესაც მერაბს გაეღვიძა და დილაადრიან საძინებლიდან გამოვიდა.
– ხმის გამცემიც გეყოლება და დამხმარეც. მოვიყვან თამარს და ილაპარაკეთ, რამდენიც გინდათ, – მიუგო მერაბმა დედას, აკოცა და სააბაზანოში შევიდა.
– რომელ საათზე მიემგზავრები, შვილო? – ჰკითხა დედამ სააბაზანოდან გამოსულ მერაბს და გაშლილ სუფრასთან მიიპატიჟა.
– ათ საათზე გავალ, დედი, – მიუგო მერაბმა. დედას მიეფერა და ლოყაზე აკოცა, – თუ დარდობ და განიცდი, აღარ წავალ.
– დარდი და განცდა დედის ხვედრია. როგორ არ წახვალ, თამარი გელოდება. უბრალოდ, ძალიან მენატრები ხოლმე. სულ გასული ხარ, სულ ხიფათში ხარ...
– ნუ დარდობ, დედი. მოვიყვან ცოლს და სახლშიც უფრო ხშირად მნახავ ხოლმე. რა ვქნა, ასეთი სამსახური მაქვს. ჩვენ რომ არ ვიყოთ, ამ ქვეყანას ავაზაკები დააქცევდნენ, – თქვა მერაბმა, რამდონია გაახსენდა და გაიფიქრა: „რამდონიასნაირი ავაზაკები ჯერ კიდევ ბოგინობენ, თუ ფესვებიანად არ ამოვძირკვეთ, სარეველასთვის მოედებიან ქვეყანას და შემდეგ მათი მოსპობა შეუძლებელი იქნება. მართალი მითხრა ნოდარ შავიძემ – რამდონია „ვირის აბანოში“ უნდა გაეშვაო მინისტრს. ეს ნაძირალა, ბუთბაზე, ჩოჩიანზე და თვით ფანტომზეც არანაკლებად საშიშია საზოგადოებისთვის, უფრო მეტად საშიში თუ არა. რამდონია, უბრალოდ, მოსულელო, გაღორებული ტიპია, თან, ჭკუა არ ჰყოფნის და თავი ვირეშმაკობით, უფრო მეტად კი, გავლენიანი სიმამრის წყალობით გააქვს. მას რომ ფანტომისნაირი გონება ჰქონოდა, პლუს, ასეთი ძლიერი მფარველი, ასე იოლად ვერ მოვიშორებდით“.
– მერაბ, შვილო, რამ ჩაგაფიქრა? – მაიორი დედის ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან, გაუღიმა და უთხრა:
– არაფერია, დედი, რაღაც გამახსენდა.
– ხომ მშვიდობაა, მერაბ?
– კი, რატომ მეკითხები?
– იმიტომ, შვილო, რომ, ისეთი მკაცრი და შეუვალი სახე გქონდა, შემეშინდა. მაინც, რა გაგახსენდა?
მერაბი არასდროს ლაპარაკობდა სახლში სამსახურის საქმეებზე და არც დედა ეკითხებოდა ხოლმე ასეთ რამეებს. მათ ერთგვარი უსიტყვო შეთანხმება ჰქონდათ და ეს თემა ტაბუდადებული იყო. მაგრამ, რადგან კითხვა დაისვა, მერაბმა დედას ტყუილი ვერ შეჰბედა და უთხრა:
– ერთი მექრთამე პოდპოლკოვნიკი მოვიშორეთ მილიციიდან და ის გამახსენდა.
– ფრთხილად იყავი, შვილო, ძალიან ფრთხილად. ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი. უფროსობასთან კონფლიქტს მოერიდე, გულში ჩადება იციან და მახე არ დაგიგონ.
დედის სიტყვებმა მერაბი გააოცა. მართალია, დედა მას ყოველთვის სიფრთხილისკენ მოუწოდებდა, მაგრამ, ასეთი რამ არასდროს უთქვამს. ისე გამოდიოდა, რომ მერაბს მასზე მაღალი წოდების ადამიანთა დანაშაულზე თვალი უნდა დაეხუჭა და დედას უთხრა:
– რას მეუბნები, დედი, თუ ავაზაკი მილიციის პოდპოლკოვნიკია, დანაშაული უნდა ვაპატიო და ვაპარპაშო?
– არა, მერაბ. უბრალოდ, არ მინდა, რომ მამაშენივით დაგემართოს, – მიუგო დედამ და ენაზე იკბინა...
მერაბს ხორცწამოგებული ჩანგალი ჰაერში გაუშეშდა, შემდეგ თეფშზე დადო, დედას გაოგნებული მზერა მიაპყრო და ჰკითხა:
– მამაჩემს რა დაემართა? გამაგებინე, რა ხდება, დედი!
– არაფერი, შვილო, არაფერი. ჭამე, ჩაისაც დაგისხამ...– მიუგო დედამ და გაზქურისკენ შეტრიალდა.
– არ მშია, – თქვა სახეწამოჭარხლებულმა მაიორმა, – დედი, მითხარი, რა ხდება, რა დაემართა მამაჩემს?
გაფითრებული ქალი სკამზე დაეშვა. თვალები აუცრემლდა და შვილს უთხრა:
– მამაშენს ერთი ნაძირალა პოლკოვნიკი გადაეკიდა. ხალხის მტრობა დააბრალა. გააციმბირებინა და დაღუპა.
– როგორ, მამაჩემი ფრონტზე არ დაიღუპა?
– არა, – თავი გააქნია ქალმა, – ურალის მთებს იქით, პატიმართა ბანაკში გარდაიცვალა ჭლექით. შენ მაშინ სამი წლისაც არ იყავი. იქ გამგზავრებას ვაპირებდი, მაგრამ, არ გამიშვეს. საშინელი ომი მძვინვარებდა და ქვეყანა თავზე გვენგრეოდა, ვის ეცალა მაშინ ხალხის მტრების სალოლიავოდ. მამაშენის სიკვდილის ამბავიც სრულიად შემთხვევით გავიგე. ჩემი შორეული ნათესავი მსახურობდა იმ ბანაკში გუშაგად და ეს ამბავიც მან ჩამომიტანა. ყინვასა და მარტოობაში ამოხდომია სული ჩემს საცოდავ კოტეს და, ტყეში, ჭლექიანთა საერთო საფლავში დაუმარხავთ. შენ კი იმიტომ გიმალავდი ამ ყველაფერს, რომ თავი დაჩაგრულად არ გეგრძნო და არ გაბოროტებულიყავი.
მერაბ გამრეკელი შოკში ჩააგდო დედის მონათხრობმა და კარგა ხანს ჩუმად, თავჩაღუნული იჯდა. შემდეგ თავი ასწია და ხმის კანკალით თქვა:
– საცოდავი მამა... ესე იგი, მე ხალხის მტრის შვილი ვარ?
– არა, შვილო. სტალინის სიკვდილის მერე მამაშენი გაამართლეს და რეაბილიტაციის საბუთიც კი მაქვს შენახული.
– კი მაგრამ, ორგანოში სამუშაოდ რეაბილიტირებულთა შვილებსაც ძალიან რთულად იღებდნენ. ყოველ შემთხვევაში, მათ პირად საქმეში აღნიშვნას მაინც აკეთებენ, ჩემსაში კი, ზუსტად ვიცი, რომ ასეთი აღნიშვნა არ არის. გამოდის, რომ ავტობიოგრაფიის დაწერისას ტყუილი ვთქვი და უფროსობას ეს ფაქტი დავუმალე? კარგი, მე არ ვიცოდი და ამიტომ არ დავწერე ეს, მაგრამ, კადრებმა რატომ ვერ აღმოაჩინა? ისინი არქივიდანაც ითხოვდნენ ჩვენს ბიოგრაფიულ მონაცემებს და არქივში ეს მონაცემები აუცილებლად იქნება.
– იმიტომ, შვილო, რომ კოტე დამეხმარა. ჯერ კიდევ სტუდენტი იყავი, როდესაც კოტეს ვთხოვე, რომ, თუკი მილიციაში ან სადმე სხვაგან დაიწყებდი მუშაობას, დაგხმარებოდა. მას ჩემი თქმაც არ სჭირდებოდა, ისედაც დაგეხმარებოდა. კოტე მამაშენის უახლოესი მეგობარი იყო და კოლეგები მათ „კოტე-კოტეს” ეძახდნენ.
– ვინ კოტე, დედი?
– გენერალი კოტე თავართქილაძე.
– ჩვენი მინისტრი?
– ჰო, დედა, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალი კოტე თავართქილაძე, – მიუგო მერაბს დედამ და ცრემლი შეიმშრალა.
მერაბ გამრეკელი ერთხანს ჩუმად იჯდა და ფიქრობდა, შემდეგ დედას მოეფერა და ჰკითხა:
– ის ნაძირალა პოლკოვნიკი ვინ იყო, ვინც მამაჩემი დაღუპა?
– აი, ამას ვერიდებოდი და მამაშენის ამბავს იმიტომ არ გიყვებოდი. არ მინდოდა, რომ სული მომეწამლა შენთვის, გაბოროტებულიყავი და შურისძიებაზე გეფიქრა; ამიტომ დაგიმალეთ მე და კოტემ ეს ამბავი.
– დედი, მე სრული უფლება მაქვს, რომ ყველაფერი ვიცოდე და, გთხოვ, ნუ დამიმალავ. მითხარი, ვინ იყო ის პოლკოვნიკი?
– ვინმე რობერტ მანძულია. მეტი არაფერი ვიცი, შვილო. ის უკვე ცოცხალიც აღარ არის – დაპატიმრებისას მოკლეს, თუ თავი მოიკლა, აღარ მახსოვს. ესეც კოტემ მითხრა და ამ თემაზე მეტი აღარ გვილაპარაკია. სამართალმა პური ჭამა, – უთხრა მერაბს დედამ და დაამატა: – ერთი სიტყვით, ამაზე აღარ იფიქრო. წარსული ამბავია, წარსულს კი ვეღარ შეცვლი. მამაშენი მართალი კაცი იყო ცხონებული და, რაც მთავარია, რეაბილიტირებულია.
„გენერალი უნდა ვნახო“, – გაიფიქრა მერაბმა, შემდეგ საათს დახედა და დედას უთხრა:
– თორმეტი დაიწყო, ჩემი გამგზავრების დროა. არაფერზე ინერვიულო, დედი, წავედი.
– აბა, შენ იცი, შვილო. ფრთხილად იარე და თამარი და მართა მომიკითხე, ასთამურიც, – უთხრა დედამ მერაბს, გულში ჩაიხუტა და სახლიდან გაისტუმრა.
მაიორი მერაბ გამრეკელი რაკეტასავით მიაქროლებდა „ვოლგას“ და, სამინისტროში რომ მივიდა, სიგარეტი ნახევრამდეც არ ჰქონდა მოწეული. მანქანიდან რომ გადმოვიდა, სიგარეტი ბოლომდე მოწია, შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და, რაც შეეძლო, მშვიდად შეაბიჯა შენობაში. კოტე სოხაძე მას სამორიგეოსთან შეეფეთა, რადგან გარეთ გამოდიოდა. მერაბის დანახვა ძალიან გაუკვირდა და ჰკითხა:
– მოხდა რამე, მერაბ? აფხაზეთში არ უნდა გამგზავრებულიყავი?
– არა, არაფერი. მინისტრი აქაა?
– კი, მარტოა კაბინეტში, ახლა გამოვედი მისგან.
– კარგი, წავედი.
– მოიცა, მერაბ, სახეზე ფერი არ გადევს. ხომ მშვიდობაა?
– კი, მშვიდობაა, მშვიდობა. თოთხმეტში ქორწილში გელოდები. წავედი, – მიუგო მერაბმა და კიბეებს აუყვა.
– შეიძლება, ბატონო კოტე? – იკითხა მერაბმა, როდესაც მინისტრის კაბინეტის კარი შეაღო.
გენერალი ჯერ მაიორის მოულოდნელმა ვიზიტმა გააკვირვა, უფრო მეტად კი – მიმართვის ფორმამ, რადგან, „ბატონი კოტე“ არასდროს დაუძახია მერაბს მინისტრისთვის.
– შემოდი, დაჯექი. მოხდა რამე?
მაიორი სკამზე ჩამოჯდა და გენერალს უთხრა:
– თქვენთან პირადი საქმე მაქვს, ბატონო კოტე, რაღაც მინდა გკითხოთ.
– მკითხე, გისმენ.
– ბატონო კოტე, მამაჩემის შესახებ სიმართლე მინდა გავიგო; ისიც მაინტერესებს, ვინ იყო რობერტ მანძულია და ასე რატომ გაწირა მამა.
მინისტრს სისხლი მოაწვა სახეზე. ჯერ პაუზა გააკეთა, შემდეგ თავი გააქნია და მაიორს უთხრა:
– რა საჭიროა წარსულის გახსენება? მთავარია, რომ ის გარეწარი საკადრისად დაისაჯა, კოტე კი გაამართლეს.
– შვილი ვარ და მამის ამბავი მაინტერესებს. ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, – თქვა მერაბმა, წამოდგა და კარისკენ სწრაფი ნაბიჯით გაემართა.
– მაიორო გამრეკელო, დაუბრუნდით ადგილს! – მოესმა მერაბს გენერლის მრისხანე ხმა, თუმცა, ეს ის მრისხანება არ იყო, რომელსაც მინისტრი დამნაშავე ხელქვეითების მიმართ იჩენდა ხოლმე თათბირებზე.
მერაბი ადგილს დაუბრუნდა, შემდეგ სიგარეტის კოლოფიდან ღერი ამოაცურა და მოკიდება დააპირა, მაგრამ, უმალვე მოეგო გონს და კოლოფი კვლავ ჯიბეში ჩაიდო.
– მოწიე, მერაბ, მოწიე და მეც მომაწევინე, – უთხრა გენერალმა მაიორს და გამოწვდილი კოლოფიდან „კოლხეთის“ ღერი ამოაცურა. მერაბმა მას ასანთი მოუკიდა და, ორივემ რომ გააბოლა, მინისტრმა თქვა:
– ოც წელზე მეტია, არ მომიწევია. ცუდი გემო არ აქვს, კარგი თამბაქოა, მაგრამ, ძველი უკეთესი იყო. მე და მამაშენი „ყაზბეგს“ ვეწეოდით. რუსთაველის თეატრთან თამბაქოს ჯიხური იდგა, იქ ერთი მოხუცი ებრაელი მუშაობდა და იმასთან ვყიდულობდით. მოშე ერქვა. 104 წლის იყო, რომ გარდაიცვალა – თავის კიოსკში დალია სული.
– 104 წლის?!
– ჰო, ასოთხის, – მიუგო მინისტრმა და დაამატა: – ძალიან ჰგავხარ მამაშენს. განსაკუთრებით კი, წეღან. რომ წამოდექი და მიდიოდი, თვალწინ ცხონებული კოტე წარმომიდგა. როცა რამეზე გაბრაზდებოდა, მანაც ასე იცოდა. თუმცა, მალევე მოთოკავდა ხოლმე თავს.
– ბოდიში, ამხანაგო გენერალო, – წამოწითლდა მერაბი და ფეხზე წამოდგა.
– დაჯექი, დაჯექი, – თქვა გენერალმა და ჰკითხა: – მანძულიას შესახებ საიდან შეიტყვე?
– დედას წამოსცდა.
– გასაგებია. ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყავი, როდესაც მე და მერიმ გადავწყვიტეთ, რომ ეს ამბავი შენთვის დაგვემალა. მერიმ ისურვა ასე – არ გამიბოროტდესო. მე საპირისპიროს ვფიქრობდი, მაგრამ, მერის ხათრი ვერ გავუტეხე. თუმცა, ყოველთვის მინდოდა, ეს შენთვის მეთქვა და ახლა თავისთავად გამოვიდა ასე.
– ვიცი, ამხანაგო გენერალო, დედამაც მითხრა ეს.
– ამხანაგს და ბატონს რომ მეძახი, ძალიან მრცხვენია, მამაშენი ჩემი უახლოესი ძმაკაცი იყო და იმიტომ. მოდი, ასე შევთანხმდეთ, პირისპირ „ძია კოტე” დამიძახე, სამსახურში – „ამხანაგო გენერალო.” „ბატონი კოტე” კი არ გამაგონო, კარგი?
– კარგი, ძია კოტე.
– ახლა კი ყველაფერს მოგიყვები, – თქვა გენერალმა და დაიწყო: – მე და კოტემ ერთმანეთი რომ გავიცანით, ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, ბევრად უფრო ახალგაზრდები, ვიდრე შენ ხარ ახლა. კოტე უცოლო იყო და არც მე ვიყავი დაქორწინებული. „ჩეკაშიც“ ერთად დავიწყეთ მუშაობა და საკმაოდ წარმატებულადაც ვართმევდით თავს ჩვენს საქმეს. აბა, მაშინ იყო ბანდები, თუ იყო და, თავდაუზოგავად ვებრძოდით მათ. განსაკუთრებით მამაშენი გამოირჩეოდა ამ მხრივ. შენსავით უშიშარი იყო; შეეძლო, მარტო შებმოდა კბილებამდე შეიარაღებულ ავაზაკებს და უკან არ დაიხევდა; საოცრებებს სჩადიოდა, მაგრამ, ტყვია არ ეკარებოდა. ერთხელ კი უეჭველ სიკვდილს გადამარჩინა: მთაში ერთი საშიში ბანდის ასაყვანად მიგვავლინეს, მაგრამ, აგენტ-ინფორმატორმა გაგვყიდა – ოცკაციანი რაზმი ტყეში შეგვიტყუეს და დაგვცხეს. იმ სასაკლაოდან ოთხი ადამიანი გადავრჩით ცოცხალი, მაგრამ, ორი მძიმედ იყო დაჭრილი. ჩვენც ბევრი ჩავაძაღლეთ, თუმცა, ბანდის მეთაური ხელიდან დაგვისხლტა. ისე მოხდა, რომ მე ტყვიები გამითავდა და ტყვედ ამიყვანეს, ერთ დიდ მუხაზე მიმაბეს და დახვრეტას მიპირებდნენ. ამ დროს კოტემ ცეცხლი გაუხსნა მათ და ექვსი ავაზაკი ადგილზევე გაათავა. შემდეგ ამხსნა. დახოცილებს იარაღი ავყარეთ, მძიმედ დაჭრილები ზურგზე ავიკიდეთ იარაღთან ერთად და ბარში ჩამოვაღწიეთ. ერთი თვის შემდეგ მე და მამაშენმა ის გაქცეული ბანდიტი ავიყვანეთ, რომელიც ნაძალადევში იმალებოდა და „ჩეკაში“ მივათრიეთ. დავკითხეთ და მან ხელი რობერტ მანძულიას დაადო – ის დაასახელა ბანდის მფარველად და, თქვა, რომ ჩვენი რაზმის ხაფანგში შეტყუება მანძულიას ნამოქმედარი იყო. უხერხული სიტუაცია შეიქმნა. მანძულია „ჩეკას“ პოლკოვნიკი იყო და მისი ასე ხელაღებით დადანაშაულება არ გამოდიოდა. იმავე ღამეს, დაპატიმრებული ბანდის მეთაური საკანში ყელგამოჭრილი იპოვეს, მაგრამ, მისი ხელით დაწერილი ჩვენება კოტეს სეიფში ჰქონდა შენახული. მეორე დღეს „ჩეკას“ ხელმძღვანელობამ სასწრაფო საიდუმლო პაკეტით კავკასიის ფრონტის შტაბში გამგზავნა. ომი მძვინვარებდა და ფაშისტები ყოველი მხრიდან გვიტევდნენ. მე და კოტემ მოვილაპარაკეთ, რომ ჩემს ჩამოსვლამდე არაფერი გვეღონა და მერე გადაგვეწყვიტა, როგორ მოვქცეულიყავით. ერთი კვირის შემდეგ დავბრუნდი და მამაშენი უკვე გაციმბირებული დამხვდა – მაშინ ეს სწრაფად ხდებოდა. როგორც ჩანს, მანძულია ყველაფრის საქმის კურსში იყო და დაგვასწრო. ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ მამაშენი ცილისმწამებელი იყო, კოტე ხალხის მტრობაში დაადანაშაულეს და ციმბირში გაუშვეს. ამის მერე კი მეც დამიბარეს „ჩეკას“ უფროსთან. მანძულიაც იქ იყო და მე დავადასტურე, რომ ყელგამოჭრილმა ბანდიტმა ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, თავისი ნებით დაასახელა მანძულია, თუმცა, არავინ დამიჯერა. მეც გაციმბირებას მიპირებდნენ, მაგრამ, ფაშისტების შემოტევამ გადამარჩინა და ფრონტის წინა ხაზზე გამიშვეს. ერთი წლის მერე უკან დამაბრუნეს და სწორედ მაშინ შევიტყვე, რომ რობერტ მანძულია აყვანის დროს მოუკლავთ „ჩეკისტებს”. თურმე, ის ბანდიტებთან კავშირში უმხილებიათ და, დასაჭერად რომ მივიდნენ კაბინეტში, იმ გარეწარს ერთი „ოპერი” მოუკლავს და იქვე ჩაუძაღლებიათ – აი, ასე იყო ყველაფერი, ჩემო მერაბ. მამაშენი კი იმ დროისთვის უკვე გარდაცვლილი იყო და, „ჩეკას“ ხელმძღვანელობას თავისი შეცდომა რომ დაემალა, კოტეს გამართლებაზე არც უზრუნიათ. მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ მოხერხდა ეს, მაგრამ, მანამდე მოსკოვში ორჯერ ჩავედი და, პირველად „ჩეკაში“ შევიტანე განცხადება, მეორედ კი – ცენტრალურ კომიტეტში. აი, ასეთი საშინელი დრო იყო, მერაბ, მაგრამ, სიმართლემ მაინც იზეიმა. მართალია, ეს მამაშენს არ გააცოცხლებდა, მაგრამ, მის სახელს მაინც ჩამოერეცხა ლაქა, – მინისტრმა თხრობა რომ დაასრულა, „კოლხეთის“ კოლოფიდან კიდევ ერთი ღერი ამოიღო და გააბოლა.
– ძია კოტე, იმ მანძულიას შესახებ უფრო დაწვრილებით ვერაფერს მეტყვით?
– ყველანაირად შავბნელი ტიპი იყო. სულ ორჯერ მყავს ნანახი: ერთხელ – „ჩეკას“ კლუბში, როდესაც წითელი არმიის იუბილე გაიმართა, მეორედ კი მაშინ, როდესაც მამაშენის გამო უფროსთან დამიბარეს. გრძელი, კეხიანი ცხვირი ჰქონდა. შავგვრემანი კაცი იყო და ეშმაკს ჰგავდა. კაბინეტიდანაც კი იშვიათად გამოდიოდა, თითქოს იმალებაო. მე მგონი, ცოლ-შვილიც ჰყავდა. ერთი სიტყვით, ძალიან საზიზღარი პიროვნება იყო და ყველაფერს იკადრებდა. ვინ იცის, კიდევ რას ამოუჩხრეკდნენ, რომ არ ჩაძაღლებულიყო. მე ვფიქრობ, მფარველიც ჰყავდა, ან, სულ მცირე, თანამოაზრე.
– „ჩეკაში“?
– ან „ჩეკაში“, ან ცენტრალურ კომიტეტში. თუმცა, შეიძლება, ვცდები კიდეც.
– ძია კოტე. მისი საქმის არქივში ნახვა არ შეიძლება?
– ძალიან რთულია. მოსკოვში, „კაგებეში“ ექნებათ, მაგრამ, იქ შეღწევა თითქმის შეუძლებელია. თუ მყარად დასაბუთებულ არგუმენტს არ წარადგენ, იქ არავინ მიგიშვებს. „კაგებეა“ მაინც და თავის საქმეში არავის ახედებენ, – მიუგო გენერალმა მერაბს და ჰკითხა: – მაინც, რად გინდა იმ ნაძირალას საქმის ნახვა, რას მოგცემს ეს? იქ, შეიძლება, ისიც კი არ ეწეროს, რაც მე შენ მოგიყევი.
– ისე, უბრალოდ, ინტერესის გამო.
– არა, მერაბ, თუ დასაბუთებული არგუმენტი არ წარადგინე, ვერაფერს გახდები. მაგაზე ნუღარ იფიქრებ. მართალია, გვიან, მაგრამ, მაინც ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და ნერვებს ნუღარ მოიშლი.
– კარგი, ძია კოტე, წავალ ახლა მე. სამი საათი დაწყებულა და, მინდა, მალე ჩავიდე გაგრაში.
გენერალმა მერაბ გამრეკელი კარამდე მიაცილა, გამოემშვიდობა და უთხრა:
– აბა, შენ იცი, მერაბ, ბედნიერად იარე. თოთხმეტში კარგად ვიქეიფოთ. შენი საცოლე მომიკითხე!
– ნახვამდის, ძია კოტე. ქორწილში შევხვდებით. ბოდიშს გიხდით და დიდი მადლობა, – მიუგო მერაბმა მინისტრს, შემდეგ გადაეხვია და კაბინეტიდან გამოვიდა.
მერაბი საკმაოდ დიდი სისწრაფით მიაქროლებდა „ვოლგას“, თან რობერტ მანძულიაზე ფიქრობდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში