კაცობრიობის გადასარჩენად
– შინ მიგიყვან, – ვუთხარი და ეფრემოვის ქუჩისკენ ავიღე გეზი.
– ცოცხალია? – მკითხა 15-წუთიანი დუმილის შემდეგ
– ჰო.
– იქნებ ღამე მეგობართან გავათიო?
თვალებში შიში შევატყვე.
– მითხარი, ვარა, ეგორ კაზაკოვი, იგივე კაბანი, სიტყვის კაცია?
– რატომ მეკითხები?
პასუხი არ გამიცია. ჩაფიქრდა და ცოტა ხანში მითხრა:
– ალბათ... ყოველ შემთხვევაში, ტყუილი არასოდეს უთქვამს.
– მაშინ, მშვიდად იყავი. შინ წადი – ის აღარ შეგაწუხებს!
– თვითონ გითხრა?
– ასე ვთქვათ.
ვარვარა კვლავ ჩაფიქრდა.
– მითხარი, ალექს, ეს როგორ მოახერხე?
– რა?
– ეგორს თავი გაუტეხე და თანაც აიძულე, ჩემზე უარი ეთქვა.
– დამიჯერე, მეორე პირველზე ძნელი არ ყოფილა.
სახეზე წყენამ გადაურბინა, მაგრამ შეეცადა, არ შეემჩნია.
– რამდენი ხანია, შენ და ეგორი ერთად ხართ?
– 5 წელი იქნება.
– ესე იგი, სანამ ვიღაც რიმსკის „სახალხო ტაძარში“ არ გაერთიანდებოდით, უღრუბლოდ ცხოვრობდით, არა?
– ჰო.
– მერე რა მოხდა?
– არაფერი... უბრალოდ, ეგორს არ უყვარს, როცა შინ არ ვზივარ და ქადაგებებზე სიარულს ამიტომ მიკრძალავდა.
– თუმცა, თავიდან, როცა „წითელ კარავში“ გაერთიანდი, არაფერი უთქვამს, არა?
ვარვარამ დაკვირვებითა და ეჭვით შემათვალიერა, მაგრამ მე მის გამოხედვას კარგად გავუძელი – წარბიც არ შემიხრია.
– განა ამის შესახებ თვითონ გითხრა? დაუჯერებელია... შენ მას თავი გაუტეხე.
– არა. ამას თვითონ მივხვდი, შენი საუბრიდან. შენ მითხარი, ბოლო დროს ქადაგებაზე სიარულს მიკრძალავსო...
– ასე გითხარი?
– ჰო.
– არ მახსოვს.
– ის ხომ გახსოვს, რაღაცის მოყოლას რომ აპირებდი და ეგორმა შეგაწყვეტინა.
ვარვარა დადუმდა და ფანჯრიდან განათებული პროსპექტის თვალიერებას მოჰყვა.
– ვარა, რატომ გიკრძალავდა ეგორი „სახალხო ტაძარში“ სიარულს?!
– უკვე გითხარი, არ უყვარს, როცა სახლიდან ხშირად გავდივარ... თანაც „წითელ კარავში“ თუ შედგი ფეხი, ფაქტობრივად, შინ ვეღარ შეხვალ და კომუნაში უნდა იცხოვრო.
– როგორც რომა, არა?
– დიახ.
– კარგი... რადგან „ვერ გაიგე“ შეკითხვა, ახლა სხვანაირად გკითხავ: რატომ ითმენს მამა ვლადი ურჩ და თავნება ეგორ კაზაკოვს თავის გარემოცვაში?
– ის ძალიან ძლიერია და თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებს.
– ისე კეთილსინდისიერად, რომ სვამს და თანაც, როგორც ხედავ, არც ისეთი ძლიერია, თუ ერთ ჩვეულებრივ მოქალაქეს შეუძლია, ჩვეულებრივ ბარში, ჩვეულებრივად მოცელოს და მწყობრიდან გამოიყვანოს?!
– ჩვეულებრივი მოქალაქე?! – ვარვარამ ეჭვით შემომხედა, – ჩვეულებრივი მოქალაქეები იარაღით არ დადიან.
ბრაზმა წამომიარა და, ალბათ, ვარვარას მანქანიდან გადავსვამდი, რომ არა ჩემი მისია, რომელიც უპირველესი იყო.
– შენ გავიწყდება, რომ შეგპირდი, იგორს ჩამოგაშორებ-მეთქი. კარგად იცი, რომ ეგორთან დაპირისპირება შიშველი ხელებით საშიშია... ამიტომ იარაღი ორი დღის წინ შევიძინე.
– მართლა? – შევატყვე, ესიამოვნა და მოლბა:
– ოჰ, საშა... მაპატიე, ჩემ გამო საფრთხეში ჩაიგდე თავი.
ეს მისი მიმართვა უკვე მაღიზიანებდა. თანაც, მივხვდი, რომ ჩემი დაჟინებული კითხვები ეჭვს უფრო გაუღრმავებდა, ამიტომ დროებით უკან დავიხიე, რადგან ძირითადი უკვე ეგორისგან იყო ჩემთვის ცნობილი.
– ახლა რას აპირებ?
– არ ვიცი... ეგორს მაინც ვერ ვენდობი.
– მოკლედ, ვარა, თუ „წითელ კარავში“ დაბრუნდები, ეგორი ვეღარ შეგაწუხებს. ამას მე გპირდები!
– მეშინია, საშა... ეგორმა რომ რამე დამიშავოს?
– ნუ გეშინია, შენ გვერდით ვიქნები... ანუ, იმის თქმა მინდა, რომ, თუ რეკომენდაციას გამიწევ მამა ვლადთან, იქნებ „წითელ კარავშიც“ მოვხვდე.
ვარვარა შეიშმუშნა, შევატყვე, ყოყმანობდა.
– მართალი გითხრა, „წითელი კარვის“ წევრად ყოფნა აღარ მინდა.
– შენ მე მაოცებ, ვერა! ამ გზაზე შენ დამაყენე და ახლა უკან იხევ?! ასე არ გამოვა... მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს ყველაფერი და შენ ამაში დამეხმარები!
– კარგი! შენ გამო „წითელ კარავში“ დავბრუნდები!
მანქანა 14-სართულიან კორპუსთან გავაჩერე. ვარვარამ მაკოცა და გადასვლისას მითხრა:
– ორ დღეში დაგირეკავ, საშა, ჯობია, ეგორი ჯერჯერობით აღარ გავაღიზიანოთ... პარასკევს კი მამა ვლადის ოფისში ერთად წავიდეთ.
„ეგორმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო!“ – გავიფიქრე და მანქანიდან გადასულ ვარვარა ანტონოვნას დავაწიე: – შენს ზარს დაველოდები!
***
მეორე დილით ნასტიამ დამირეკა. ვუთხარი – მდინარე მოსკოვმა კალაპოტი შეიცვალა-მეთქი. ქარაგმას მიმიხვდა და საღამოს 8-ზე შენთან გამოვალო, მითხრა. მანქანით დახვედრა შევთავაზე, მაგრამ, ჩვეულებისამებრ, იუარა.
გაცრეცილი დღე იდგა. მონაცრისფრო-მოიისფრო ღრუბელი გადაჰკვროდა ჩრდილოურ ბაც ცას. მალე დაიქუხა და მსხვილი წვეთები დაუშვა. ფანჯარა გამოვაღე. თბილ, ჟუჟუნა წვიმას მონატრებული მიწის სურნელი მე-7 სართულზეც კი ვიგრძენი. შეიძლება, მომეჩვენა კიდეც... ისე მომენატრა ჩემი მზედალეული მთა-ბარი... ლურჯი ცა, თბილი, მეგობრული და ტალღებით მოთამაშე ზღვა. „ერთი ეს საქმე მიმაყვანინა ბოლომდე... და თუ ცოცხალი გადავრჩი, საქართველოში დაბრუნებული, ბათუმისკენ გავეშურები. ბათუმი... მისი მწვანე და პატარა ქუჩები, ზღაპრული, თბილი ქალაქი... რა შორეული ჩანს, როცა მოსკოვს გადაჰყურებ, რომელზეც მდინარე გველივით მიიკლაკნება და კრემლის მრგვალი, ბოლოკა გუმბათები მოჩანს შორიდან.
ძლივს გადავაგორე დრო 8 საათამდე. შინაყუდა არასდროს ვყოფილვარ. გული ვერაფერს დავუდე. შუადღისას გამოვედი, მანქანა დავქოქე და კუტუზოვის ქუჩაზე „ღვინის გალერეაში“ შევიარე. ხის თაროებსა და მუხის ძველებურ კასრებზე ჩამწკრივებულმა ღვინის ბოთლებმა და მათმა სურნელმა კიდევ ერთხელ გამახსენა სამშობლო. სხვადასხვა ფრანგული ღვინოდან ორი ბოთლი – 1991 წელს ჩამოსხმული „ვინ დუ ცარი“ და ორიც – შინაური „ლუი როდერერი“ შევარჩიე და კვლავ დავბრუნდი. ფრანგული ღვინო ჭიქაში ჩამოვარაკრაკე, ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი და ორი ყლუპი მოვსვი. ჩემს თავზე გამეღიმა – ღვინოს ქართველივით სუფრასთან როდი ვსვამ... ნამდვილი ინგლისელივით ვიქცევი... მაგრამ ვიცი, მაინც არ გადავჯიშდები და კიდევ ვიმეორებ გულში: „ერთი, ეს საქმე ბოლომდე მიმაყვანინა და ვარვარას კი არა, გორგონასაც ჩავიწვენ ლოგინში!“ ვარვარას ხსენებაზე ნიშატი წამიხდა, ღვინოც ვეღარ მშველის. მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მალე ნასტენკა მოვა და ბავშვივით სუფთა ხმით მკითხავს – აბა, ალექსანდრ, როგორ არის საქმე? სამწუხაროდ, მხოლოდ ამას მკითხავს.
წვიმიან მოსკოვში ღამე მიწიდან ცისკენ მიიზიდება და არე-მარეს უცებ აშავებს. ბინების ფანჯრებში ერთიმეორის მიყოლებით ინთება სინათლე. ბანერების, რეკლამებისა და ლამპიონების შუქებზე ბრწყინავს სველი ასფალტი. გუბურებში ფერადი შუქი ირეკლება, მანქანები შხუილით დაქრიან ფართო პროსპექტებზე. ჩემი სახლიდან მოსკოვის თითქმის ერთი მეოთხედი მოჩანს... ეს კი ძალიან „ბევრია“ იმ ადამიანისთვის, ვინც მთელი ცხოვრება მთაწმინდას შესცქეროდა ფანჯრიდან...
ნასტია 9-ის ნახევარზე მოვიდა. ზუსტად ვიცი, იმიტომ, რომ 7 საათის მერე ყოველ 5 წუთში საათს ვაკვირდებოდი.
– აბა, ალექსანდრ, როგორ არის საქმე? – ჩამოჯდა თუ არა, იკითხა.
გამეცინა.
– იქნებ ჯერ გვევახშმა, სამსახურიდან მოდიხარ...
– რა გაქვს?
– პერმული პელმენები, სოჭის არაჟანი, იტალიური პიცა, რომელსაც მიკროტალღურ ღუმელში 10 წუთი სჭირდება, რათა „ფორმაში მოვიდეს“... და ბოლოს, „ლუი როდერერი“.
– წითელი ღვინო მირჩევნია, – გაეღიმა ნასტიას და სამზარეულოში შემომყვა.
– ძალიან უხერხულად მოძრაობ სამზარეულოში, – გაეღიმა, როცა ქურა ჩავრთე და პელმენების მოსახარშად ქვაბი დავდგი.
– ჰო... სამზარეულო ის ადგილი არ არის, სადაც ჩემი ფანტაზია ფრთებს გაშლის.
– ეგეთი ადგილი სად არის? – ეშმაკურად მოწკურა თვალები.
– სად არის და... ბევრგან, მაგალითად, ზღვის სანაპიროზე, მდინარესთან, მთაში, მინდორში, ტყეში... ლოგინში, თუ მარტოს არ მძინავს.
– მაინც შენებურად გადაამლაშე...
– რა ვქნა, სიმართლის თქმა მიყვარს, – ვიმართლე თავი.
– ნამდვილი მექალთანე ხარ, – თითი დამიქნია ნასტიამ, – შენნაირებს არ ვენდობი!
– ძალიანაც ცდები... არც მექალთანე ვარ და არც ღალატი მჩვევია.
– ისე, მართლა, ალექსანდრ, უკვე 35 წლის ხარ... ნუთუ არავინ გყვარებია?
ნასტიას შეკითხვამ მოგონებები ამიშალა და ხუმრობის ხალისი ჩამიქრო.
– იყო ერთხელ... მაშინ 22 წლის ვიყავი, – სკამზე ჩამოვჯექი და ვთხოვე: – იქნებ მიკროტალღურ ღუმელში შეგეხედა... მგონი, პიცა გამოცხვა... მე ამაში ვერ ვერკვევი.
ნასტია წამოდგა, ღუმელის კარი გამოაღო და გამომრთველ ღილაკს დააჭირა ხელი.
– უკვე მზად არის... გუნება გაგიფუჭდა, ალბათ, სევდიანი ამბავია, არა?
– არა, უფრო კომიკური.
ნასტიამ იჭვნეულად გაიქნია თავი.
– არ გჯერა? მოგიყვები და ნახავ.
– გისმენ.
– მე-2 კურსზე ვიყავი, ჩემი ინსტიტუტელი მომეწონა. დავუახლოვდი. მალე მოწონება ორმხრივ სიყვარულში გადაიზარდა. ისე იქცეოდა, მეგონა, ჩემზე გიჟდებოდა. მერე შინ მივიყვანე, ჩემი ოჯახის წევრები გავაცანი. როცა წამოვედით, მითხრა, საუკეთესო ოჯახი გყავს, ძალიან მომეწონაო და ამ სიტყვებს სხვათა შორის მოაყოლა, – ოჯახს რომ შევქმნით, სად უნდა ვიცხოვროთო. ჯერჯერობით ჩემებთან და მერე ვნახოთ-მეთქი, ვუთხარი. ერთ კვირაში გათხოვდა... ვიღაც დედისერთა, მდიდარ ბიჭზე. არადა, ერთი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს... წინა დღეს სახლამდე მე მივაცილე. ის კი მეორე დღეს სხვას გაჰყვა, – თხრობა დავამთავრე, ჩაფიქრებულ ნასტიას გავხედე და გავუღიმე, – განა სასაცილო არ არის?!
– არა! – სრული სერიოზულობით მიპასუხა და მკითხა: – ... და მას შემდეგ სერიოზულად არავისზე გიფიქრია, ასეა?
– ჰო, ასეა.
– შენც ჩემსავით გაგტეხია გული...
– არც მთლად ასეა საქმე: გული მთელი მაქვს და სიყვარულს ელის.
– ფრთხილად იყავი, ვარვარა არ შეგიყვარდეს! – მაინც გამკრა კბილი.
თუმცა, ვარვარას ხსენებაზე ისეთი სახე გამიხდა, რომ აღარ გააგრძელა.
– ჰო, მართლა, ვახშმის შემდეგ უნდა წავიდე, მამას გული აწუხებდა დილიდან, არ მინდა, ძალიან დავიგვიანო. ამიტომ მომიყევი, რა მოხდა, – ნასტიამ თეფშები მაგიდაზე დააწყო და მრგვალფირფიტიანი საჭრელით პიცის „ხაზვას“ შეუდგა.
– მოხდა ის, რომ მე და ეგორ კაზაკოვი ერთმანეთს შევხვდით... ეს მოულოდნელი შეხვედრა მე მსუბუქ ტვინის შერყევად, მას კი გატეხილ თავად და ჩაჭეჭყილ „კვერცხებად“ დაუჯდა.
– რას ამბო, ალექსანდრ! – ნასტიას ლამის ლუკმა გადასცდა და ჩანგალი თეფშზე დადო. – და შენ ასე მშვიდად ლაპარაკობ ამაზე?!
– დამშვიდდი, ნასტია. თუმცა, ეგორ კაზაკოვი ლეონიდ ტაბნიკოვივით (ტაბნიკოვი – ყველაზე მაღალი ადამიანი ევრაზიის კონტინენტზე) ახმახია, მაგრამ არც ისეთი მოხერხებულია, რომ მცემოს ან რამე დამიშავოს. თანაც, რუსული ანდაზის არ იყოს, „ცუდი კარგის გარეშე არ არსებობს“ – მე ვარვარას გავუხსენი გზა „წითელი კარვისკენ“ და ვარვარა მე გამიხსნის გზას ვლად რიმსკისკენ. აბა, როგორია.?
– საუცხოოა, თუ ეგორმა მანამდე საიქიოს არ გაგისტუმრა...
– ეგორი თითსაც აღარ გაანძრევს – ანგარიში გასწორებულია!
ნასტია ჩაფიქრდა და ორწუთიანი პაუზის შემდეგ მკითხა:
– ალექს, როგორ ფიქრობ, კაბანს საყვარელი წაართვი, ის კი მშვიდად იჯდება და გულხელდაკრეფილი გიყურებთ, როგორ ივლით შენ და ვარვარა ხელიხელჩაკიდებულები „სახალხო ტაძარში“?!
– საქმეც ეგ არის, რომ კაბანს ვარვარა აღარ სჭირდება, მე „დამითმო“, – ირონიულად გამეღიმა და უცბადვე დავაყოლე: – თუმცა, იგივე არ გაუკეთებია, როცა ვარა ანტონოვნას ვლად რიმსკისთან შეუსწრო... ალბათ, უკვე დაიღალა.
– რაო?! – ნასტიას გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა. – აი, თურმე რატომ უკრძალავდა ამ ქალს „წითელ კარავში“ ყოფნას და ქადაგებებზე სიარულს!
– და აი, რატომ ითმენენ ეგორ კაზაკოვის თავნებობას რიმსკის წითელკარველები... შიშობენ, რომ ეგორი ამ ამბავს „სახალხო ტაძრის“ მრევლში გაახმაურებს იმ შემთხვევაში, თუ სამსახურიდან დაითხოვენ.
– ახლა ყველაფერი ნათელია...
– დიახ, და ისიც ნათელია, რომ რომა აკოინიკოვს არ გაუვიდა ნომერი – კაბანი არც ისეთი სულელია, იმ ვარვარას გამო, რომელმაც ორჯერ უღალატა, შარში ჩაიგდოს თავი, მით უმეტეს, თუ მისი მეტოქე ადვილი საცემი არ არის.
– ყველაფერი თავისთავად დალაგდა, – ნასტიამ წითელი ღვინით სავსე ჭიქას წამოავლო ხელი, – გილოცავ, ალექსანდრ, წისქვილმა ჩვენს სასარგებლოდ დაიწყო დაფქვა.
– გმადლობ, ნასტენკა... იმედია, მალე რიმსკის ნდობას მოვიპოვებ, თანაც ისე, რომ კაბანის მოშორება აღარ დამჭირდება – მისი გატეხილი თავი ამჯერად უფრო კარგი მოკავშირეა, რადგან ძალიან გაახარებს რიმსკისა და თეთრთავა რომას.
ღამის 11 საათი იყო, ჩემი ბინიდან რომ გამოვედით. ნასტიას მარტო გაშვებაზე ამჯერად ცივი უარი ვუთხარი და აღარ შემწინააღმდეგებია. ქუჩები აღარ იყო ისეთი გადატვირთული, როგორც პიკის საათებში იცის მოსკოვში, მაგრამ მანქანა მაინც ნელი სვლით მიმყავდა – ვცდილობდი, ნასტიასთან ყოფნის წუთები გამეხანგრძლივებინა, თანაც, ცარიელ ბინაში დაბრუნებაც არ მეხალისებოდა. აფსუს თბილისი! მარტო ვინ დაგტოვებს – ეზოდან ძმაკაცი შემოგძახებს, ტელეფონით ნათესავი შეგეხმიანება, ხოლო კარზე მეზობლის ზარი არ მოგაკლდება.
ნასტია ჩუმად იყო... ალბათ, ჩვენს საქმეზე ფიქრობდა... ან იქნებ... თუმცა, არ მიყვარს ვარაუდების გამოთქვმა, როცა საქმე ქალს ეხება. მისმა სიჩუმემ ოდნავ დამძაბა და გადავწყვიტე, ცოტა გამებრაზებინა.
– აბა, ნასტენკა, როგორ მიდის „კოსმოპოისკში“ საქმე – უცხოპლანეტელებს ისევ დასდევთ? ან იქნებ დაიჭირეთ კიდეც ერთი-ორი...
– სულაც არ არის სასაცილო! – როგორც ვვარაუდობდი, ოდნავ გაბრაზდა, – ჩვენ უცხოპლანეტელებს კი არა, ანომალიურ მოვლენებს ვიკვლევთ და მერე კოსმოსურ ძალებთან ვაკავშირებთ.
– ძალიან საინტერესო სამუშაო გქონიათ... სახელიც ძალიან უცნაური ჰქვია...
– როგორი?
– როგორ გითხრა... არაყოველდღიური... თუ შეიძლება, ასე ითქვას. ცოტათი მეცინება კიდეც.
– სულ ტყუილად! შენ არ იცი, დედამიწაზე უამრავი ისეთი რამ ხდება, რასაც ლოგიკასთან საერთო არაფერი აქვს, ანუ ლოგიკას არ ექვემდებარება.
– მაგალითად?
– მაგალითად... შარშან ზაფხულში ყირიმის ნახევარკუნძულის ფენომენზე ვმუშაობდით და მთებში მცხოვრები უძველესი რასის – ჯენტაიფასას კვალს ვიკვლევდით, რომლებიც ოქროს აკვნის მფლობელ ნახევარღმერთებად მიაჩნდათ, რადგან ადამიანებს არ ჰგავდნენ.
– კარგი რა, ნასტია! ასეთი ზღაპრების ბავშვობიდან არ მჯერა, – სკეპტიკურად განვუცხადე.
– შენ რა, ეს ზღაპარი გგონია?! იმ ტერიტორიაზე აღმოჩენილია აკუსტიკური გამოქვაბულ-ორმოები, რომლებიც მიახლოებისას ისეთ ხმას გამოსცემს, რომ ადამიანის ფსიქიკურ-ნევროზულ მდგომარეობას ამწვავებს და იქიდან გამოქცევის სურვილს გიჩენს. ალბათ, მათი საშუალებით იცავდა ჯენტაიფასა ვიღაცის ან რაღაცისგან საკუთარ ტერიტორიას.
ამას გარდა, „კოსმოპოისკში“ ნიჭიერი ადამიანები მუშაობენ, მეცნიერები, სწავლულები... მათი მტკიცებით, ატლანტიდა სულაც არ არის მითი – ის სანტარინის კუნძულზე მდებარეობდა და ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამიმ გაანადგურა...
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრა, რაზეც ამჯერად მუშაობს „კოსმოპოისკი“. ეს არის წმინდა გრაალი. ხომ არ გგონია, რომ ის მართლა თასი ან ფიალაა, რომლითაც იესომ ღვინო დაალევინა მოწაფეებს?
– მაშ, რა არის?
– ეს არის ქვა, რომელიც კოსმოსიდან ჩამოვარდა, რადგან შემადგენლობით დედამიწური წარმოშობა არ აქვს და მისი მეშვეობით ადამიანს შეუძლია ტელეპათიური უნარის პროვოცირება.
– არ მგონია, ეს ქვა ვინმეს ენახა... მგონი, რაღაც მითებს ყვები, ნასტია, – შევაწყვეტინე სიტყვა ძალიან შთაგონებული სახით მოსაუბრეს.
– ნახეს კიდევაც და ნახევრად გამოიკვლიეს... თუმცა დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინათ დაიკარგა.
– კარგი, ნუ ცხარობ, ჭირსაც წაუღია ეგ რაღაც საკრალური ქვა... ამაზე ხომ არ უნდა ვიკამათოთ მე და შენ.
ნასტია გაჩუმდა.
– თუმცა, მაინც ვერ ვხვდები, თქვენი ორგანიზაცია ვლად რიმსკის მასწავლებლით რატომ დაინტერესდა... ნუთუ ფიქრობთ, რომ ისიც კოსმოსიდან მოვიდა დედამიწაზე?!
– დრო მოვა და ამაზე ვეღარ გაიცინებ, იმიტომ რომ, დარწმუნდები, – ეს მოვლენა თუ ფენომენი ადამიანის გონებისთვის ისეთივე მიუწვდომელია, როგორც სამყაროს სრულყოფილი აღქმა.
– ეჰ, ნასტია... მე კი ვფიქრობ, რომ საზოგადოება იმაზე ადვილი მოსატყუებელია, ვიდრე ჩვენ გვგონია. საერთოდ, ბრბო უფრო ადვილი სამართავია, ვიდრე ერთი ადამიანი. მისი ფსიქოლოგია კარგად ვიცი. საკმარისია, მოუწოდო, ვინმე ჩაქოლონ, რომ ბრბო წამსვე მზად არის, ეს გააკეთოს... იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი თავი აქვს იმისთვის, რომ რამეზე დაფიქრდეს და – საკმაოდ ბევრი თვალი იმისთვის, რომ სინათლე სიბნელისგან გაარჩიოს...
– ნასტიას აღარაფერი უთქვამს, მოვედითო, მანქანა გამაჩერებინა და გადასვლისას მომაძახა:
– ეგორს მაინც მოერიდე, ალექსანდრ!
– კარგი, – თავი დავუქნიე და ჩემთვის ჩავილაპარაკე: – რომ იცოდე, კაბანი მართლა ტახივით უცოდველია აფთარ აკოინიკოვთან შედარებით... აი, ვის უნდა მოვერიდო.
მანქანა საბურავების ხრჭიალით შემოვაბრუნე საპირისპირო ზოლზე და მანქანების კოლონაში შევერიე.
***
როგორც დამითქვა, ვარვარა ანტონოვნამ, მართლაც, ორი დღის შემდეგ დამირეკა და მითხრა, რომ „მამა“ ვლადი მშენებარე რიმგოროდიდან, რომელიც 5 საათის სავალზე იყო მოსკოვიდან, პარასკევს 6 საათისთვის დაბრუნდებოდა და შეხვედრა პარასკევს 5 საათისთვის დავთქვი. შევატყვე, არ ესიამოვნა, მისი ნახვა იმ დღესვე რომ არ მოვინდომე. მაგრამ ვარა უკვე მუჭში მყავდა მოქცეული და მის ხუშტურებს იმდენად აღარ ვაქცევდი ყურადღებას, მით უმეტეს, რომ მისი ნახვა სიამოვნებას არ მანიჭებდა.
პარასკევს ეფრემოვის ქუჩაზე, სახლთან მივაკითხე. როგორც კი ჩაჯდა, წყენით შემომხედა:
– ვეღარ გცნობ, საშა, ამ ბოლო დროს ცივად მექცევი.
– გეჩვენება, ძვირფასო, – გადავიხარე და მისი ეჭვი რომ გამექარწყლებინა, ყურის ბიბილოსთან, ყელზე ვაკოცე, – თუმცა, ეს შეიძლება იმის ბრალიც იყოს, რომ გამუდმებით „სახალხო ტაძრის“ წევრობაზე ვფიქრობ. იცი, ვარა, გადაწყვეტილება მივიღე, მამა ვლადის ერთ-ერთი რჩეულთაგანი მინდა, გავხდე და კომუნაში სხვებთან ერთად ვიცხოვრო.
– მერე ჩვენ? – მკითხა ხმის კანკალით.
– ნუ წუხხარ, ყველაფერი კარგად იქნება! – ჩემი პასუხი, თუმცა ოპტიმისტურად ჟღერდა, საკმაოდ შორს იდგა კონკრეტიკისგან. მიუხედავად ამისა, ჩემმა ამაღლებულმა ტონმა გაჭრა და აღარაფერი უკითხავს.
6 საათი იქნებოდა, როცა ძველი სინაგოგის შენობასთან გავაჩერე მანქანა... ალექსეის საშვის მოთხოვნა არც უფიქრია, ისე შეგვიშვა. დარბაზი თითქმის შევსებული იყო. ამაღლებულ ადგილზე, ელიტჯგუფის წევრებს შორის რომა აკოინიკოვის თეთრი თავი შევნიშნე, რომელიც, ალბათ, წარსულში წითური თმით იყო „დაფარული“. ამ ვარაუდის თუ მოსაზრების საფუძველს მისი გახუნებული ნარინჯისფერი წარბები და წამწამები მაძლევდა. იმანაც შეგვამჩნია და, ჩემს გასაკვირად, ჩვენკენ ღიმილით გამოემართა:
– საღამო მშვიდობისა, ვარვარა, – მიესალმა თანაკლასელს და მეც შემომაცეცა წვრილი წყვილი თვალი. – როგორ ხარ, ალექსანდრ?
– გმადლობ, კარგად, – თავს ძალა დავატანე, რომ ზრდილობიანი პასუხი დამებრუნებინა. რა თქმა უნდა, მაშინვე მივხვდი მისი ასეთი სახეცვლილების მიზეზს.
– მამა ვლადი უკვე მოვიდა? – ცივად შეხვდა ვარვარა.
– აქ არის... მალე გამოვა, – რომა შეყოვნდა და ვარვარას კვლავ შეჰღიმა: – რადგან მოხვედი, ალბათ, უკვე იცი, რომ ეგორ კაზაკოვი დღეს არ იქნება... არც ხვალ და არც ზეგ...
– რატომ? – ვარვარა ანტონოვნამ ისეთი გაოცებული სახე მიიღო, რომ მეც კი დამაეჭვა, 5 დღის წინანდელი ამბავი ხომ არ დაავიწყდა-მეთქი.
– ვიღაცას ისე მაგრად ჩაურტყამს, ალბათ, ერთთვიანი წოლითი რეჟიმი გარანტირებული აქვს.
– მართალა?! – ვარვარამ კვლავ გაიოცა, – მერე მამა ვლადს ვინ იცავს?
– ჩვენ, მისი გარემოცვა... როგორც ვიცი, ეგორ კაზაკოვი თავის მოვალეობის შესრულებას აღარ აპირებს, ამიტომ მამა ვლადს დროებით ჩვენ დავიცავთ, სანამ მის შემცვლელს არ ვიპოვით.
კისერზე ძარღვები დამეჭიმა, ისე დავიძაბე. მივხვდი ჩემი მოქმედების გადამწყვეტი დრო დამდგარიყო და თვით განგებამ მომცა დიდი შანსი, ამიტომ რომას მეგობრულად გავუღიმე, არც ვაციე და არც ვაცხელე, ისე ვკითხე:
– რომან ნიკოლაევიჩ, იქნებ მე გამოგადგეთ რამეში? – სპორტული თანრიგი მაქვს მძლეოსნობაში და, ამასთან, მიზანში სროლა ჩემი ჰობია.
– მართლა? ვნახოთ... მამა ვლადს დაველაპარაკები! – მითხრა და გაგვშორდა.
„ოჰო, ეს სულ სხვა ლაპარაკია! – გავიფიქრე და ცოტაღა დამაკლდა, ხელები მომეფშვნიტა. – ვიცი, რამაც შეცვალა ასე ეს იქედნესნაშობი – საძულველი ეგორ კაზაკოვი თავიდან მოიშორა და ამას მე მიმადლის“.
– თუ სპორტსმენი იყავი, რატომ არ მითხარი? – ჩამჩურჩულა წყენით ვარვარამ.
– არ ვიცი... ალბათ, იმიტომ რომ, არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი.
წინა ადგილები სულ შევსებული დაგვხვდა, ამიტომ მე და ვარვარა ანტონოვნა უკანა რიგში ვისხედით. მალე „მამა“ ვლადი გამოჩნდა... კვლავ თეთრებით შემოსილი, მხოლოდ პერანგი ეცვა ცისფერი. „სახალხო ტაძრის“ რჩეული საზოგადოებას დიდი სიყვარულითა და ხელების ქნევით მიესალმა და თავისი „ფართო“ და „განიერი“ სიტყვა დაიწყო. საკმაოდ ბევრჯერ „გადაჰკრა“ მიმართვის დროს, რომ ღვთის რჩეული იყო, რომ, როგორც რჩეულს, პასუხისმგებლობა ეკისრა ღვთისა და საკუთარი მრევლის წინაშე. ბოლოს საუბარში რიმგოროდის მშენებლობის ვადებსა და ფინანსურ დახმარებას შეეხო... ვრცლად ისაუბრა შემოწირულობების მნიშვნელობაზე და რჩეულნი დააიმედა, რომ მალე ღვთის მიერ ნაწყალობევი ქალაქი საზეიმოდ გაიხსნებოდა და რომ თვითონაც იქ იცხოვრებდა თავის მრევლთან ერთად.
ასე მეგონა, საათ-ნახევარი ზღარბზე ვიჯექი. გამიჭირდა ჩემთვის არაფრისმთქმელი და მოსაბეზრებელი სიტყვის მოსმენა, მაგრამ რას ვიზამდი. თანაც, დროდადრო ვარვარა მრავალმნიშვნელოვნად შემომხედავდა ხოლმე მისი სულიერი მოძღვრის მჭევრმეტყველებით მოხიბლული.
სიტყვის დასასრულ, მამა ვლადი იქ მყოფთ ენერგიული ჟესტებით და ამაღლებული განწყობით დაემშვიდობა და დარბაზის წინა კარიდან გაუჩინარდა. მას უკან ელიტჯგუფი მიჰყვა.
წამოდგომა დავაპირე, მაგრამ ვარვარამ მკლავზე მომქაჩა და შემაჩერა.
– აქ დამელოდე, ახლავე მოვალ, – მითხრა და იმ კარისკენ გაემართა, რომლითაც მისი სულიერი წინამძღოლი გაუჩინარდა.
ალბათ, 15 წუთი მაინც გავიდა. მოთმინებით ვიჯექი და ვუცდიდი, რა მოხდებოდა ვლად რიმსკის კაბინეტში, რომელიც ადრე რაბინების სამყოფელი უნდა ყოფილიყო.
ვარვარა, როგორც იქნა, გამოვიდა, სახეზე საზეიმო ღიმილი უბრწყინავდა.
– საშა, მამა ვლადს შენ შესახებ ველაპარაკე, ხვალ 5 საათზე მოხვალ და გაგესაუბრება.
– არაჩვეულებრივია! – ფეხზე წამოვდექი, ვარვარას გადავეხვიე და ჩემთან ამოსვლა შევთავაზე... ისიც დაუფარავი სიხარულით დამთანხმდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში