ვეტერინარის რჩევები
კითხვა: რომელი ცხოველები ავადდებიან ყველაზე ხშირად ცოფით?
პასუხი: ყველაზე ხშირად გარეული ცხოველებიდან ავადდებიან მელიები და მგლები, ხოლო შინაური ცხოველებიდან – ძაღლები და კატები. ისინი ინფიცირდებიან გარეული ცხოველებისგან დაკბენით ან ნერწყვის მოხვედრით დაზიანებული კანის ნაწილზე. რამდენიმე ხნის განმავლობაში ვირუსი დასნებოვნების ადგილზეა, შემდეგ კი მიჰყვება ნერვულ დაბოლოებებს და ნერვული გზით ხვდება ჯერ ზურგის, შემდეგ კი, თავის ტვინში. დაავადების სიმპტომები ვლინდება მას შემდეგ, რაც ვირუსი გავრცელდება მთელს ორგანიზმში. დაავადების კლინიკური სურათის ჩამოყალიბებას წინ უსწრებს მისი ფარული, ანუ ინკუბაციური პერიოდი. ცხოველი აღნიშნულ პერიოდშიც საშიშია. ხშირად ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 10-14 დღის განმავლობაში, ხოლო ადამიანში მისმა ხანგრძლიობამ შეიძლება, შეადგინოს ერთ წლამდეც კი. მოხვდება რა ცოფის ვირუსი თავის ტვინში, იქიდან ისევ ნერვის გავლით ხვდება სანერწყვე ჯირკვალში, სადაც ხდება მისი აქტიური პროდუცირება და გამოყოფა ნერწყვთან ერთად. კლინიკური ნიშნების გამოვლინებამდე 10 დღით ადრე შეიძლება, დაიწყოს დასნებოვნებულმა ცხოველმა ვირუსის გამოყოფა.
კითხვა: შემოდგომაზე, კვების რაციონის შეცვლა ყველა ჯიშის ძაღლისთვის ერთნაირად საჭიროა თუ განსხვავებული აზრიც არსებობს?
პასუხი: კვების რაციონის შეცვლა განსაკუთრებით იმ ცხოველებისთვის არის საჭირო, რომლებიც ეზოს პირობებში იმყოფებიან, რადგან ეზოს ძაღლები გაცილებით მეტ ენერგიას ხარჯავენ. რაციონის შეცვლა გულისხმობს მისი ენერგეტიკული ღირებულების მომატებას, ანუ მისი ყუათიანობის გაზრდას, რაც აისახება მასში შემავალი ინგრედიანტების გამრავალფეროვნებითა და ხარისხიანობით. ამ პერიოდისთვის მართლაც სასურველია, ვიტამინებისა და მინერალების მიცემა, მაგალითად, მულტივიტამინებისა და მინერალების კომპლექსის სახით. ეს კი უზრუნველყოფს იმუნიტეტის, ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის გაზრდას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული პერიოდისთვის. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ტემპერატურის დაცემასთან ერთად, დამახასიათებელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება. ასევე, ამ დროს ხდება ბეწვის ცვენა, რაც დაკავშირებულია შემოდგომის „ლინკის“ პერიოდთან. ამიტომ, ვიტამინების მიცემა აუცილებელია, რადგან ის უზრუნველყოფს აღნიშნული პრობლემების შემცირებას და ბეწვის ხარისხის გაუმჯობესებას. „ლინკის“ პერიოდი ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ ცხოველი რა პირობებში ცხოვრობს. ანუ, ძაღლი, რომელიც ქუჩაშია და მასზე მოქმედებს მზის სხივები და გარემო ტემპერატურის ცვალებადობა, მისთვის აღნიშნული პერიოდი უფრო მალე მთავრდება იმ ძაღლებთან შედარებით, რომლებიც ოთახის პირობებში არიან. ასევე, მნიშვნელობა აქვს ჯიშს. მაგალითად, პუდელს ნაკლებად აღენიშნება შემოდგომაზე ბეწვის ხშირი ცვენა, ხოლო ლაბრადორსა და დალმატინელს ეს მთელი წლის განმავლობაში ახასიათებს.