სიძველის სუნი
ბევრს ჰგონია, რომ ანტიკური სამყარო სანიმუშო და სისუფთავის განსახიერება იყო: თეთრი ქვისგან აშენებული ქალაქები, თეთრ ხიტონებში გამოწყობილი ადამიანები, სუფთა ზღვა... არადა, არქიმედემ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ „ნასოსი“ იმიტომ გამოიგონა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ფეკალური მასებით დაბინძურებული ქუჩების წყლის დიდი ჭავლით ჩარეცხვა. უამრავი ადამიანი სწორედ სიბინძურისგან გაჩენილი დაავადებებით იღუპებოდა.
შედარებით მეტად იცავდნენ სისუფთავეს ძველი ეგვიპტელები. მიჩნეულია, რომ პირველი არომატული ნაზავი – არა სუნამო, სწორედ ძველ ეგვიპტეში შეიქმნა. თუმცა, თავდაპირველად მას მხოლოდ რიტუალების დროს იყენებდნენ. ტაძარი დაუბანელი ადამიანებით ივსებოდა და იატაკზე ამ სურნელოვან ნაზავს ასხამდნენ. შემდგომში ამ ნაზავით ტანის გაწმენდა ისწავლეს. ეგვიპტელების დამსახურებაა ისიც, რომ დღეს სხვადასხვა მცენარიდან სურნელოვანი ზეთების მიღების რეცეპტები არსებობს. ამ რეცეპტების სპეციალური კრებულიც კი არის – „ებერსის პაპირუსი“. ედფუში, ერთ-ერთი ტაძრის კედელზე შემონახულია ფრესკა ზეთების დამზადების პროცესით. ამ ზეთებით სუნამოს მსგავსი რაღაც ზეთოვანი სითხე მზადდებოდა, რომელიც ოქროზე ძვირი ღირდა. სპარსეთში სურნელოვან ზეთებს ქალები თმაში იზელდნენ, კაცები – თმასა და წვერში. ბერძნები ასეთ ზეთებს სასიყვარულო კავშირის წინ იყენებდნენ, ასევე, მადის გასაძლიერებლად და სამკურნალო მიზნით. არომატული ზეთები ძირითადად ნუშისგან, ილისა და შროშანისგან მზადდებოდა. როცა ბერძენი კვდებოდა, საფლავში აუცილებლად ჩაუდებდნენ ხოლმე ფლაკონით სურნელოვან ზეთს. ბერძნებმავე მოიფიქრეს სურნელოვანი ზეთების წყლით გაზავება. რომსა და საბერძნეთში ამ წყლით ბანდნენ შინაურ ცხოველებს და ნამავდნენ მათ საცხოვრებელ ადგილს, რომ ცუდი სუნი არ ყოფილიყო.
მოგვიანებით რომის ცენტრალურ ქუჩებში აიგო შადრევნები, რომლებშიც სპეციალურად უშვებდნენ სურნელოვან წყალს. შემდეგ რომის იმპერია დაეცა და თითქმის ასი წლის განმავლობაში ევროპას საერთოდ არ გახსენებია პარფიუმერიის არსებობა... არაბმა ალქიმიკოსებმა, ჯაბირ იბნ ჰაიანიდან (მერვე საუკუნე) მოყოლებული, ვიდრე ავიცენამდე (მეთერთმეტე საუკუნე) თითქმის თავიდან განვლეს გზა სურნელოვანი წყლისა და ნელსაცხებლების შესაქმნელად. ყველაზე დიდი პოპულარობა მოიხვეჭა ვარდის ეთეროვანმა ზეთებმა. საკმაოდ ძვირად ღირებული პროდუქტი იყო, მაგრამ, ყიდულობდნენ. ავიცენამ მოახერხა, დაემზადებინა გაფილტრული ვარდის წყალი. ჯვაროსნების აღმოსავლეთში ჩასვლამდე, ევროპა, შეიძლება ითქვას, ყარდა – სწორედ ჯვაროსნებმა შეიტანეს ვარდის წყალი ევროპაში. ევროპას დიდი დრო დასჭირდა იმის მისახვედრად, თვითონ როგორ დაემზადებინა ვარდის წყალი. ამასობაში, უნგრეთში, სურნელოვანი ზეთის სპირტში გახსნით, პირველი სუნამო მიიღეს – თანამედროვე სუნამოსთან საკმაოდ მიახლოებული. პარფიუმის ისტორიაში ის „უნგრული წყლის“ სახელწოდებით შევიდა. საფრანგეთში „უნგრული წყალი“ ეკატერინე მედიჩიმ შეიტანა და მეჩვიდმეტე საუკუნეში მთელი საფრანგეთი სერიოზულად „შეჯდა“ „უნგრულ წყალზე“, რომლის დამზადება ადგილობრივადაც დაიწყეს. ფრანგი არისტოკრატები ტყავის ხელთათმანებსაც კი ამ წყლით ასველებდნენ. ლუდოვიკო მეთხუთმეტის კარს „ყველაზე არომატული სამეფო კარი” შეარქვეს. აქ სუნამოთი იყო გაჟღენთილი ყველაფერი – ტანსაცმელი და ავეჯიც კი – ასე ცდილობდნენ ჩაეხშოთ ის სიმყრალე, რომელიც ქალაქში კანალიზაციის უქონლობით იყო გამოწვეული. ასევე მოხდა ინგლისშიც, სადაც დედოფალმა ელისაბედ პირველმა ვერ გაუძლო უსიამოვნო სუნს და თავშეყრის ადგილებში „უნგრული წყლის“ დასხმა ბრძანა.
მეთვრამეტე საუკუნეში უკვე გაჩნდა პირველი მანუფაქტურები, სადაც ოდეკოლონის ჩასასხმელ ფლაკონებს ამზადებდნენ; 1903 წელს კი გასაყიდად გამოიტანეს პირველი სუნამო.