კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღკვეთა სტალინმა ილიას უარმყოფელთა პარპაში

იოსებ ჯუღაშვილს მონაწილეობა არ მიუღია ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ მიმართულ არც ერთ ბინძურ კამპანიაში, არც ილიას ნააზრევისა და ნაღვაწის შეფასებაში ჩარეულა.
1921 წელს საქართველო საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო. საბჭოთა საქართველოში პირველკაცობდა ილიას უპირველესი უარმყოფელი, ბოლშევიკი ფილიპე მახარაძე. ფილიპე მახარაძე ესწრაფოდა ილიას ნააზრევისა და ნაღვაწის, ილიას გზის უარყოფა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აეყვანა. სტალინს ამ პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებაში მონაწილეობა არ მიუღია. პირიქით, მან მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ილიას უარმყოფელთა პარპაში აღკვეთა.
იოსებ სტალინს ფილიპე მახარაძე არ უყვარდა და ამას არც მალავდა. დასცინოდა კიდეც, ძველ ბოლშევიკს „საშუალო დონის ლიტერატორს“ ეძახდა. იოსებ სტალინის მიერ ფილიპე მახარაძის ათვალწუნებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ამ მიზეზთა შორის გამოვყოფთ რამდენიმეს: პირველი – ფილიპე მახარაძე, ისევე, როგორც ძველ ბოლშევიკთა თაობა, მიიჩნევდა, რომ იოსებ ჯუღაშვილს ბოლშევიკური პარტიის, რევოლუციის წინაშე მასზე გაცილებით ნაკლები დამსახურება ჰქონდა. წინათ ამას იოსებ სტალინი დიდ ყურადღებას არ აქცევდა. მეოცე საუკუნის 20-იანი წლების შუა ხანებიდან ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ჩაბმულ იოსებ სტალინს უკვე ხელს აღარ აძლევდა ფილიპე მახარაძის მიერ საკუთარი დამსახურების დემონსტრირება, იოსებ სტალინთან შედარებით საკუთარი უპირატესობის ხაზგასმა. მეორე – იოსებ სტალინი ცდილობდა, თავისი რევოლუციური მოღვაწეობის დასაწყისი, რაც შეიძლება, წინ გადაეწია და „მესამე დასთან” (შეიქმნა 1892-1893 წლებში) დაეკავშირებინა. სტალინის მისწრაფებას წლების განმავლობაში სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა ფილიპე მახარაძე. მესამე – იოსებ სტალინი ცდილობდა, თავი რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისისა და ბათუმის ორგანიზაციების ერთ-ერთ დამფუძნებლად და ხელმძღვანელად წარმოედგინა. ფილიპე მახარაძე ამასაც გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა. მეოთხე – იოსებ სტალინი ფილიპე მახარაძეს ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ადანაშაულებდა და ხშირად არაორაზროვნად შეახსენებდა მას ამ დანაშაულს. მეხუთე – საბჭოთა კავშირის შექმნის პერიოდში ფილიპე მახარაძე და მისი თანამოაზრეები ღიად დაუპირისპირდნენ იოსებ სტალინს და ბევრი თავსატეხი გაუჩინეს მას. 1921-1931 წლებში იოსებ სტალინი ფილიპე მახარაძის ქმედებას კონტროლს ვერ უწევდა. ძველი ბოლშევიკი სტალინს არ ერიდებოდა და ხშირად განზრახ აღიზიანებდა კიდეც მას. ფილიპე მახარაძის პოზიციები შეირყა საქართველოსა და ამიერკავკასიის ფედერაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სათავეში ლავრენტი ბერიას მოსვლის შემდეგ. თავდაპირველად, ფილიპე მახარაძე არც ბერიას უწევდა ანგარიშს. ვეტერანმა ბოლშევიკმა ლენინის გარდაცვალების ათი წლისთავთან დაკავშირებით, დაწერა ნაშრომი სათაურით: „ათი წელი ულენინოდ”. სტალინის ნების თანახმად, ბერიამ მახარაძე აიძულა, ნაშრომისთვის სათაური შეეცვალა. 1934 წელს იგივე ნაშრომი ასეთი სათაურით გამოვიდა: „ათი წელი ულენინოდ სტალინის წინამძღოლობით“. ფილიპე მახარაძემ დათმო. სრული კაპიტულაცია ძველ ბოლშევიკს ჯერ კიდევ წინ ელოდა.
მეოცე საუკუნის 20-იანი წლების მეორე ნახევარში იოსებ სტალინმა ხელისუფლებისთვის ბრძოლის ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი მოიგო. 1927 წელს ლევ ტროცკი საკავშირო კომუნისტური პარტიის რიგებიდან გარიცხეს, ყველა თანამდებობა დაატოვებინეს და შუა აზიაში გადაასახლეს. ეს სტალინს დამშვიდების საშუალებას არ აძლევდა. საკავშირო კომუნისტურ პარტიაში, საბჭოთა კავშირის უმაღლეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სამხედრო უწყებაში, დიპლომატიურ კორპუსში იოსებ ჯუღაშვილს დიდი ოპოზიცია ჰყავდა. განსაკუთრებით საგანგაშო იყო ის, რომ იოსებ ჯუღაშვილს ოპოზიციაში ჩაუდგა ძველ ბოლშევიკთა, რევოლუციონერთა პირველი თაობის დიდი ნაწილი, მოკავშირე რესპუბლიკების პარტიული და საბჭოთა ხელმძღვანელობა. დაბოლოს, იოსებ ჯუღაშვილის პოლიტიკურ კურსს ეწინააღმდეგებოდა ინტელიგენციის აბსოლუტური უმრავლესობა. მეოცე საუკუნის 30-იანი წლების დამდეგისათვის სრულიად ცხადი გახდა: სტალინი ხელისუფლების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე იდგა. 20-იანი წლების მეორე ნახევარში გატარებულმა რეპრესიებმა ოპოზიცია ვერ მოსპო.
ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ჩაბმულ იოსებ ჯუღაშვილს, აუცილებლად სჭირდებოდა იმის დემონსტრირება, რომ ის დიდი და სახელოვანი ისტორიის, დიდი სულიერი და მატერიალური კულტურის მემკვიდრე ერის შვილი იყო. ყოველივე ეს უნდა წარმოჩენილიყო დიდი ოსტატობით, დამაჯერებლად. ამ შემთხვევაში, ერთბაშად მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. საჭირო იყო რამდენიმე კარგად გააზრებული ღონისძიება, რომელიც ეფექტს მოახდენდა საბჭოთა კავშირშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც. ასე ჩაიფიქრა და განახორციელა იოსებ სტალინმა ოთხი დიდი ღონისძიება: საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის პირველი ყრილობა; ქართული კულტურის დეკადა მოსკოვში; შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის” დაწერიდან 750 წლისთავი; ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 100 წლისთავი.
საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის პირველი ყრილობა იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ ყველა რესპუბლიკის მწერალთა კავშირის სახელით გამოსულ მომხსენებელს უნდა მიმოეხილა მწერლობის ისტორია უძველესი დროიდან მეოცე საუკუნის 20-30-იანი წლების ჩათვლით. მსგავსი მოხსენების დაწერა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მოხსენება ღირებული რომ ყოფილიყო, საჭირო იყო ლიტერატურათმცოდნეებისა და ისტორიკოსების ერთობლივი შრომა. მეორე სირთულეს ის წარმოშობდა, რომ მეცნიერული თვალსაზრისით თუნდაც უნაკლოდ შესრულებული მოხსენება, შეიძლება, მისაღები არ ყოფილიყო პოლიტიკური თვალსაზრისით. ყრილობას სტალინი დაესწრო. 1934 წლის 20 აგვისტოს საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის ყრილობაზე საქართველოდან მოხსენებით გამოვიდა ცნობილი ბოლშევიკი მალაქია ტოროშელიძე. მოხსენების ტექსტს წინასწარ გაეცნო იოსებ სტალინი და ტექსტი დაიწუნა. მოხსენების ის ვარიანტი, რომლითაც ტოროშელიძე 1934 წლის აგვისტოში საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის ყრილობის წინაშე წარდგა, როგორც სტრუქტურით, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით, სტალინის კარნახითაა დაწერილი. გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ყველა დასკვნა იოსებ სტალინს ეკუთვნის. სტალინი განსაკუთრებით დაინტერესებულა მალაქია ტოროშელიძის მოხსენების იმ ნაწილით, რომელიც ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შეფასებას ეხებოდა. ეს შემთხვევითი არ იყო. იმხანად ბელადს უკვე გადაწყვეტილი ექნებოდა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 100 წლისთავის ფართოდ აღნიშვნა. ამიტომაა, რომ მალაქია ტოროშელიძის მოხსენების ეს ნაწილი თითქმის მთლიანად იოსებ სტალინის შეხედულებას გამოხატავს. მოხსენების დანარჩენ ნაწილებთან შედარებით, ის მოცულობითაც თვალშისაცემად დიდია. ილიას მსოფლმხედველობის შეფასებისას, მალაქია ტოროშელიძის მიერ გაკეთებული ყოველი დასკვნა მიმართული იყო ფილიპე მახარაძისეული შეფასებების წინააღმდეგ. აცამტვერებდა ყოველივე იმას, რაც ფილიპე მახარაძემ ილიას წინააღმდეგ დაწერა ორმოცი წლის განმავლობაში. უდავოა, ეს კარგად იგრძნო ფილიპე მახარაძემ. მალაქია ტოროშელიძემ, ცხადია, მოხსენება რუსულად წაიკითხა. იმავე, 1934 წელს მოხსენება ცალკე წიგნად გამოიცა მოსკოვში. ესეც სტალინის გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო. 1937 წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 100 წლისთავი დიდი ზარზეიმით აღინიშნა. 1937 წლის 9 მაისს გაზეთ „კომუნისტში” დაიბეჭდა ოფიციალური მასალა – „ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 100 წლისთავისთვის”. სტატიიდან მკითხველმა შეიტყო, რომ საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭომ მიიღო დადგენილება ილია ჭავჭავაძის იუბილეს აღსანიშნავად. იქვე ჩამოთვლილი იყო დაგეგმილი ღონისძიებები. 1937 წლის 10 ივნისს გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში” გამოქვეყნდა ცნობა თბილისში, მწერალთა სასახლეში, ილია ჭავჭავაძის იუბილესადმი მიძღვნილი საქართველოს მწერალთა კავშირის პლენუმის გამართვის თაობაზე. გაზეთები „კომუნისტი” „Çჭðüÿ გîñòîêჭ” და „ლიტერატურული საქართველო” სისტემატურად აშუქებდნენ ილიას იუბილესთვის მზადების საკითხებს და საიუბილეო ღონისძიებებს როგორც თბილისში, ისე საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში. მოეწყო ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი გამოფენა. 1937 წელს საიუბილეოდ გამოიცა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებული. რუსულად ითარგმნა და გამოიცა კრებულები: „თçხðჭííîå” და „ჟòèõè è ïîýìû”. ილიას დაბადებიდან 100 წლისთავს გამოეხმაურა მრავალი მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ლიტერატურათმცოდნე და ისტორიკოსი. დუმილს ინარჩუნებდა დამარცხებული ფილიპე მახარაძე. მის თანამოაზრეთაგან ზოგიერთმა ძველ ბელადს უღალატა და ილიას ქება-დიდება დაიწყო. ფილიპე მახარაძე მიხვდა, რომ დამარცხდა და დანებდა.
ვახტანგ გურულის წიგნის, „მეფე-მამა” მიხედვით

скачать dle 11.3