ეძიე კაცი
– არ გეწყინოს, მაგრამ, შენი სიტყვებიდან ის ვიგრძენი, რომ, ნანობ, ქმარს რომ გაშორდი და ამ გადაწყვეტილებაში არავინ შეგიშალა ხელი. როგორც ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე, როცა ქალს ქმარი ჰყავს, თუნდაც უვარგისი, მისი სახლიც და სახელიც დაცულია ცნობისმოყვარე თვალისა და ავი ენისგანო, – თქვა სალომემ, – აი, მე, მაგალითად, დღეს პირველად ვამბობ ამას ხმამაღლა: ხშირად ვნანობ, რომ ქმარს გავშორდი, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი გვაერთიანებდა – არც ხასიათი, არც ინტერესები, არც შეხედულებები...
– სექსი? – ჰკითხა სალომეს მოულოდნელი გულახდილობით გაოცებულმა კატომ.
– და, არც სექსი – წელიწადში რამდენჯერმე ნაძალადევად ჩატარებული ინტიმის პაროდია სექსი რომ არ არის, ალბათ, დამეთანხმებით.
– მერე, ამ ყველაფრის მიუხედავად, ნანობ, რომ გაშორდი?! – გადაირია ქეთა.
– ჰო, თან, საკმაოდ ხშირად, რაც, სიმართლე გითხრათ, თვითონვე მიკვირს, მაგრამ, ასეა. მიუხედავად იმისა, რომ, პრინციპში, ლიკას თითქმის ყველაფერში ვეთანხმები, მაინც ვფიქრობ, რომ ახლობლებმა არ უნდა შეუწყონ ხელი ოჯახის დანგრევას, ყოველ შემთხვევაში, უნდა შეეცადონ, რომ ეს არ მოხდეს – ეს უფრო ჰუმანური და სწორი საქციელი იქნება. ქალს ბევრი რამის ატანა შეუძლია და მოვალეც არის აიტანოს – სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეთია საზოგადოების აზრი და ეს მართლაც ასეა.
– რა იქნება სწორი და ჰუმანური, გოგო, რომ მე ახლა ნათიას ვუთხრა, არა უშავს, ქმარი რომ გამცირებდა, შენ ქალი ხარ და, ამიტომ, ვალდებული ხარ, უარესიც აიტანო; ყველაფერი უნდა მოითმინო, თუნდაც იმიტომ, რომ ქმარგაყრილი ქალის სახელი არ შეგერქვას-მეთქი?! იცით, რატომ ვარ დღეს ასეთი რადიკალური? ამ რამდენიმე თვის წინ შემხვდა ერთი ახლობელი, ჩემი ხნის ქალი, რომელმაც მითხრა, ქმარს ვეყრები და ძალიან ცუდად ვარო. იმავე საღამოს დამირეკა და მთხოვა, შენთან დალაპარაკება მინდა და, თუ შეიძლება, მოვალო. რა თქმა უნდა, ვუთხარი, მოდი-მეთქი. მაკა მოვიდა და ქმრის ბოლოდროინდელი „გმირობის“ ამბავი მიამბო. ზაზა ლამის ქორწილის დღიდან რომ ღალატობდა, ეს მანამდეც ვიცოდი – ვიღაცა მაგრად ნაგულავები, 20 წლის ასაკში სამჯერ განათხოვარი და შვილებიანი ქალი ჰყავდა საყვარლად წლების განმავლობაში. იმ გოგოს ქალაქში საკმაოდ ცნობილი მშობლები ჰყავდა, ასე ვთქვათ, რესპექტაბელური ოჯახიდან იყო. მაგრამ იმ გომბიოს მშობლებმა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, ზაზას ცოლი ორსულად იყო, ყველანაირად შეუწყვეს ხელი თავიანთი შვილისა და ამ შტერი კაცის მაქსიმალურად დაახლოებას (უნდოდათ, მეოთხედაც გაეთხოვებინათ). როდესაც ის გოგო დაორსულდა, მამამისმა დაიბარა ზაზა და კატეგორიულად მოსთხოვა, ცოლს გაეყარე და ჩემი შვილი შეირთეო. ეს ისტორია იმით დასრულდა, მაკას მთელი სანათესაო ჩაერია საქმეში და, საბოლოოდ, ზაზა ცოლს აღარ გაშორდა, ის გომბიო კი იძულებული გახდა, აბორტი გაეკეთებინა. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაკამ აპატია ქმარს და შეურიგდა, მაგრამ, იმის შემდეგ, აგერ უკვე თხუთმეტ წელზე მეტია, ეს ტუტუცი კაცი იმ ქალს მაინც ვერ შორდება, ესემესებით სიყვარულს უხსნის, ხვდება, თან ჰყვება; ცოლმა კი ამასობაში არაერთხელ გამოიჭირა ღალატში და, რამდენჯერაც უთხრა, ყველაფერი ვიციო, იმდენჯერ საშინლად სცემა იმ პირუტყვმა. ეს სცენები ხშირად შვილების თვალწინ იმართებოდა. გულგახეთქილი ბავშვები დედის გამოსარჩლებას ვერ ბედავდნენ, რადგან, თვითონაც კარგად ახსოვდათ მამის ხელის სიმწარე. მერე მაკამ სერიოზულად დაუსვა საკითხი გაყრაზე და ზაზაც, თითქოს დაშოშმინდა, ყოველ შემთხვევაში, მალავდა, ისევ იმასთან რომ დაეთრეოდა. იმ დღეს კი, მაკა რომ შემხვდა, გაირკვა, რომ არაფერიც არ დასრულებულა – ისევ სასიყვარულო ესემესები ნახა მობილურში. ის ზაზა თავხედია თუ იდიოტი, დღემდე ვერ გამირკვევია – აზრზე ვერ მოვდივარ, რატომ არ შლიდა იმ ესემესებს...
– მოიცა, რატომ გვიყვები ასე დაწვრილებით, რაში გვაინტერესებს შენი ახლობლის ოჯახური პრობლემები? – შეაწყვეტინა ქეთამ.
– მაცადეთ, დავასრულო, ძალიან მნიშვნელოვანი რამის თქმა მინდა, – რუსამ მთელი ჭიქაწყალი გამოცალა და განაგრძო: – მოკლედ, მოვიდა ჩემთან ატირებული – ისევ იმ ქალთან მღალატობს და სახლიდან უნდა გავაგდო, შენ რას მირჩევო. მთელი თვე დადიოდა ჩემთან ყოველ საღამოს და მთელი თვის განმავლობაში ვარწმუნებდი, რომ არ უნდა გაყროდა ზაზას.
– ბოლოს რა მოხდა? – ჰკითხა ნათიამ.
– ბოლოს შერიგდნენ და დღესაც მადლობელია ჩემი, მაგრამ, იმ დღიდან პატივს აღარ ვცემ საკუთარ თავს, რადგან, არ ვიყავი გულწრფელი, როცა ვეუბნებოდი, არ გაშორდე-მეთქი, იმიტომ, რომ ვურჩიე ის, რასაც საკუთარ თავს არ ვურჩევდი.
– აბა, რატომ ურჩიე?
– იმიტომ, რომ თვითონ უნდოდა ასე, ანუ, გულის სიღრმეში მაინც არ უნდოდა გაყრა და სჭირდებოდა ისეთი „მრჩეველი“, რომელიც დაარწმუნებდა, რომ უნდა ეპატიებინა ქმრისთვის.
– რა იცი, რომ არ უნდოდა გაყრა?
– ჯერ ერთი, მანამდეც, წლების განმავლობაში, იმდენჯერ უქნა ქმარმა თავზე და იმდენჯერ სცემა პრაქტიკულად იმ ქალის გამო, გაყრა რომ ნდომოდა, მილიონჯერ ჰქონდა ამის რეალური მიზეზი; გარდა ამისა, ერთი ნათესავი გოგო ჰყავს მაკას და იმასაც უამბო ყველაფერი, იმან კი დაურეკა ზაზას, საშინლად გალანძღა და უკანასკნელი სიტყვები უძახა, მაკას კი პირდაპირ უთხრა, ეგეთ ნაძირალას ხვალვე უნდა გაეყარო, თორემ, ახლაც თუ აპატიე, მერე უარესს გიზამს და ჩემთან აღარ მოხვიდეო.
– სწორი უთქვამს, რას ერჩი იმ ნათესავს, – აღნიშნა სოფომ.
– იმ გოგოს მე კი არა, მაკა ერჩის, იმის მერე საერთოდ აღარ ეკონტაქტება – რას ჰქვია, ქმარი გამილანძღა; იმის ნაცვლად, რომ დავემშვიდებინე და შევერიგებინე, ცეცხლზე ნავთს მისხამდა და გაყრისკენ მიბიძგებდაო.
– ანუ, რა გინდოდა, ამ ყველაფრით გეთქვა? – გაუკვირდა ელისოს.
– ის, რომ იდიოტურად გვაქვს ქართველ ქალებს ტვინი დაპროგრამებული – ყველაფერი უნდა მოითმინო, ყველაფერი უნდა აიტანო, ყველაფერი უნდა აპატიო... ქმრებს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა; ისინი კი მონათმლობელებად გრძნობენ თავს და მონათმფლობელებივითაც იქცევიან... – რუსამ ისე ამოიქშინა, თითქოს კიბეებზე აირბინა და უცებ გაჩერდა.
– მონათმფლობელებივით კი არა, ინდიელთა ტომის ბელადებივით იქცევიან, – შეუსწორა ქეთამ, – პირქუშები, საკუთარ სიბრძნესა და სიმართლეში დარწმუნებულები... მთელი ტომი თვალებში შეჰყურებს და მის ნება-სურვილს თვალის დაუხამხამებლად ასრულებს... ერთი, ბუმბულები აკლიათ თავზე და ფერადი ზოლები – სახეზე...
ყველამ თავისი ახლანდელი თუ ყოფილი ქმარი წარმოიდგინა ინდიელი ბელადის როლში და უცებ ყველას ერთად აუტყდა ისტერიული სიცილი.
– ჩემს მეორე ქმარს, ალბათ, „ცბიერი ტურა“ ერქმეოდა ან – „ანგარებიანი სვავი“, – ჩაბჟირდა მია, – ინდიელებს ხომ ამდაგვარი სახელები ჰქვიათ...
– პირველს? – სიცილითვე ჰკითხა ქეთამ.
– ალბათ, „საცოდავი მაჩვი“ ან რაღაც ამის მსგავსი შენს ქმარს? – მიამ მთელი ჭიქა წყალი ორი ყლუპით დალია, სული რომ მოეთქვა და ქეთას კითხვა გაუმეორა: – თემიკოს რა ერქმეოდა?
– თემიკოს? – ქეთამ უცბად შეწყვიტა სიცილი და თვალები დაუსევდიანდა, – არ ვიცი, ალბათ, „უჟმური მამალი“ ან „უხასიათო მგელი“, – თქვა და ძალით გაიცინა, მერე კი ნათიას მიუბრუნდა: – რეზოს რა ერქმეოდა?
– „საოწარკვეთილი ნაგაზი“ ან... არ ვიცი, ფანტაზია აღარ მყოფნის, – გადაიკისკისა ნათიამ, – ისე, გვისმენდნენ ახლა, რაებს ვლაპარაკობთ მათზე, გვიტირებდნენ ყოფის დღეს.
– მეტი რაღა უნდა გვიტირონ, მთელი ცხოვრება ყოფანატირები არა ვართ? – ბოღმით თქვა ლიკამ, თუმცა, მაინც გაეცინა.
– მაგარი „ლირიკული გადახვევა“ გამოგვივიდა მთავარი თემიდან, – სიცილისგან წამოსული ცრემლების წმენდით თქვა სალომემ, – მაგრად ვიხალისე.
– უფრო კარგად იხალისებთ, ჩემს სიუჟეტს თუ ნახავთ! – დაიძახა მიამ და ჩანთიდან ფლეშკა ამოიღო, – ჩავრთო? მზად ხართ საყურებლად?
საკმაოდ ემოციური თანხმობის შემდეგ მიამ კომპიუტერი ჩართო და გოგოები მონიტორს მიაჩერდნენ. ჩანაწერი დაახლოებით ნახევარსაათიანი იყო და, მთელი ამ ნახევარი საათის განმავლობაში ისმოდა სიცილი, მოწონების შეძახილები, ტაში და ქება.
– გადაირეოდა შენი ქმარი, ასეთს რომ გნახავდა, აბა, რას იზამდა, – თქვა აღფრთოვანებულმა ლიკამ, – ისე, ასეთი მრავალმხრივ ნიჭიერი თუ იყავი, ჩვენც არ ვიცოდით.
– რეზოს სახე არასდროს დამავიწყდება, – გაეცინა ელისოს, – მაგრამ, ის სიმპათიური ტიპი ვინ იყო, გვერდით რომ ეჯდა?
– რეზოს ფირმის ამერიკელი პარტნიორია, – აუხსნა მიამ.
– ამერიკელი პარტნიორი უძახე შენ და, მსუნაგი მელასავით კი გიყურებდა, – გაეცინა ელისოს.
– კაცების დედაც ვატირე, უკლებლივ ყველასი! – იყვირა უცებ სალომემ, – ამისთანა ქალები აჩუქათ ღმერთმა და თვალები მაინც ტ... ში გაურბით.
– რა სიტყვებს ამბობ, არ გრცხვენია? – შენიშვნა მისცა კატომ, – თუ მაგრები ხართ, პირში უთხარით ქმრებს სათქმელი.
– ჰო, ისე ვერ ვბედავთ ხმის ამოღებას და, ზურგსუკან მაინც გამოვხატოთ პროტესტი, – ელისომ სიგარეტს მოუკიდა და ნათიას სთხოვა, თუ არ გეზარება, ერთი დიდი ჭიქით უშაქრო ჩაი მომიტანეო.
ნათია ჩაის მოსატანად რომ გავიდა, გოგოებს ჩუმად ჰკითხა:
– რა ვუყოთ ამ გოგოს? ვითომ კარგ ხასიათზეა, მაგრამ, აშკარად ძალიან ნერვიულობს და ვერც ვამტყუნებ – ადვილი არ არის ასეთი სერიოზული ნაბიჯის ასე ერთბაშად გადადგმა.
– უნდა გავამხნევოთ, სხვას ვერაფერს ვიზამთ, – თქვა სალომემ და უცბად გაჩუმდა, რადგან ამ დროს ნათია შემოვიდა და ელისოს ჩაი შემოუტანა.
წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ყველას ეუხერხულა რამის თქმა. ნათიამ გადახედა დაქალებს და ძალიან სერიოზულად იკითხა:
– ესე იგი, რას მირჩევთ, უფრო სწორად, როგორია თქვენი აზრი, ვარ თუ არა მართალი?
– მართალი ვისთან? – ჰკითხა მირანდამ.
– უპირველეს ყოვლისა, ალბათ, საკუთარ თავთან, მერე – შვილებთან და, ზოგადად, ოჯახთან, – დაფიქრებით თქვა ნათიამ, – თან, სიმართლე გითხრათ, არც ის არის ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი, როგორ იჭორავებენ ჩემზე მეზობლები, თანამშრომლები და ნაცნობები.
– ანუ, გაწუხებს, რას იტყვის ხალხი? – თქვა უცებ კატომ.
– ჰო, შენ წარმოიდგინე, მაწუხებს, თუმცა, აქამდე მეგონა, რომ ეს საკითხი ყოველთვის ფეხებზე მეკიდა, – თქვა ნათიამ, სავარძლის საზურგეს მიეყუდა და თვალები დახუჭა, – მაგრამ, თურმე, ასე არ ყოფილა.
– იცი, რატომ არ ყოფილა ასე? – განაგრძო კატომ, – იმიტომ, რომ არც ერთი ჩვენგანი და, საერთოდ, ქართველები, არ ვცხოვრობთ საკუთარი თავისთვის.
– აბა, ვისთვის ვცხოვრობთ? – გაუკვირდა მირანდას.
– ვისთვის და, სხვებისთვის, უფრო სწორად, სხვების დასანახავად, – ეს გენებში გვაქვს. ოდესმე დაფიქრებულხართ, რა ორი პრინციპით ცხოვრობს ზოგადად ადამიანი, განსაკუთრებით – ქართველი ადამიანი? – კატომ გოგოებს გადახედა და, რადგან პასუხი ვერ მიიღო, თვითონვე განმარტა: – ეს ორი პრინციპია: „ხალხმა გაიგოს“ და „ხალხმა არ გაიგოს“.
– ეს ხომ ერთმანეთს გამორიცხავს? – ვერ მიხვდა ელისო.
– პირიქით, ერთმანეთის გაგრძელებაა. მაგალითად, ყველაზე კარგ ვარიანტში, თუ ოდნავ, თუნდაც უმნიშვნელო სიკეთეს ვაკეთებთ, ყველანაირად ვცდილობთ, ვითომ შემთხვევითაც და სპეციალურადაც, ამის შესახებ ნაცნობ-მეგობრებთან და, განსაკუთრებით, ჭორიკანა მეზობლებთან ვთქვათ, რომ მერე ყველამ გაიგოს, თურმე, რა კარგები ვყოფილვართ; არის „ხალხმა გაიგოს“ სხვა ვარიანტიც – თუ, ვთქვათ, სამსახურში დაგაწინაურეს, ან, ელემენტარულად, რამე მოდური ბრენდის ტანსაცმელი იყიდე – მაშინვე იცვამ და გარეთ გარბიხარ, რომ სხვებმა დაგინახონ და შეშურდეთ, განსაკუთრებით იმათ, ვინც მანამდე ცოტა ზემოდან გიყურებდა, იმიტომ, რომ შენზე კარგად ეცვა, ან, დაუმსახურებლად, მაგრამ, შენზე მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა...
– „ხალხმა არ გაიგოს“ როდის ხდება, მივხვდი, მაგრამ, შენ თვითონ დაასრულე, – გაეცინა ლიკას.
– „ხალხმა არ გაიგოს“ ხდება, როცა რამის დამალვა გინდა, მაგალითად, სამსახურში ჩამოგაქვეითეს, საყვარელი გაიჩინე, ოჯახის წევრმა, ან, თუნდაც, შენ თვითონ, რაღაც ცუდი ჩაიდინე, ცუდად მოიქეცი, – განაგრძო კატომ.
– ცუდ საქციელსაც აქვს კატეგორიები, მაგალითად – შემთხვევით, უნებურად, გარემოებიდან გამომდინარე, იძულებული გახდი, თავი დაიცავი, სამაგიერო გადაუხადე და ასე შემდეგ, – არ დაეთანხმა სალომე, – ისეც ხომ ხდება, რომ ადამიანი ვერ ხვდება, ცუდს რომ სჩადის?
– არა, ეს კატეგორიები კი არა, გამართლების მცდელობებია, როცა გინდა, რომ შენი ცუდი საქციელი შელამაზებულად, ან, უკიდურეს შემთხვევაში, შენდა უნებურად ჩადენილად მოაჩვენო ვინმეს. რაც შეეხება შენს ბოლო რიტორიკულ შეკითხვას, გეტყვი, რომ, ყველა ადამიანმა, თუ ის ფსიქიკურად ნორმალურია, ზუსტად იცის, როდის აკეთებს ცუდს და, თავიდანვე ცდილობს, ისეთი შირმა გაუკეთოს, რომ სხვები ამას ვერ მიხვდნენ, რომ მათ თვალში არ „გაშიშვლდეს“, ანუ, ისეთად არ დაინახონ, როგორიც სინამდვილეშია. ადამიანი რომ ვერ ხვდებოდეს, ავად მოიქცა თუ კარგად, ბოროტება ჩაიდინა თუ სიკეთე, მაშინ, არც პირველის დამალვასა და დაფარვას შეეცდებოდა და არც მეორის შესახებ ყველგან ლაპარაკსა და ტრაბახს... ეს, რა თქმა უნდა, ჩემი პირადი აზრია და, თუ არ დამეთანხმებით, თქვენი ნებაა, – თქვა კატომ, მერე პატარა პაუზა გააკეთა და მორიდებით თქვა: – ახლა კი იმ თემას მინდა შევეხო, რის გამოც შევიკრიბეთ და, კიდევ იმას, წეღან რომ ცუდად მოვიქეცით ყველა.
– ცუდად რატომ მოვიქეცით? – იკითხა ქეთამ, თუმცა, მიხვდა, რასაც კატო გულისხმობდა.
– იმიტომ, რომ, გვეგონა, ქმრებს დავცინოდით და ვამცირებდით, სინამდვილეში კი თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი თავი დაიმცირა.
– შენ რა შუაში ხარ, შენ ხომ ხმა არ ამოგიღია?
– ჰო, მაგრამ, მე გისმენდით და არ შეგაწყვეტინეთ ეს სულელური მასხრობა.
– ეს მთლად მასხრობა არ ყოფილა, ჩემო კარგო, ეს იყო ჩვენი უსუსური პროტესტის უმწეო გამოხატვა – უბრალოდ, ორთქლი გამოვუშვით, – თქვა მირანდამ, – არ გეწყინოს, მაგრამ, შენთვის ამ საკითხში ჩვენი გაგება ცოტა რთულია, რადგან, შენ და შენმა ქმარმა, მგონი, ათი წელი რომეო და ჯულიეტასავით იცხოვრეთ და ამ წლების განმავლობაში წუთიც არ იყო ისეთი, რომ ნამდვილ ქალად არ გეგრძნო თავი... ეს წარმოუდგენელი ბედნიერებაა, თითქმის ზღაპარია... ჩვენ კი, არც ერთს, ეს არ გვქონია. ალბათ, ეჭვი არ გეპარება იმაში, რომ ახლა შურით არ ვლაპარაკობ, უბრალოდ, ფაქტების კონსტატაციას ვახდენ. ერთში კი ნამდვილად გეთანხმები – ქართველები სხვის დასანახავად, სხვისთვის თავის მოსაწონებლად ვცხოვრობთ. მგონი, ჰუმბოლდტმა თქვა, ხალხთა ზნეობრიობა ქალების მიმართ გამოხატული პატივისცემით განისაზღვრებაო. უცხოელი სტუმარი ქართულ სუფრაზე თუ მოხვდება, ამ სიტყვებიდან გამომდინარე, ქართველებს დედამიწაზე ყველაზე ზნეობრივ ერად ჩათვლის, რადგან, ალბათ, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ სვამენ ასეთი აღფრთოვანებითა და მოწიწებით დედისა და, ზოგადად, ქალის სადღეგრძელოს, რომ აღარაფერი ვთქვა იმ სიტყვებზე, რომლებშიც ქალების უპირატესობა მამაკაცებთან შედარებით აშკარად ხაზგასმულად ჩანს...
– ანუ, და-ძმა, დედ-მამა, დედაბოძი, და დედასამშობლო? ეს ყველაზე კარგად ილიამ ახსნა, – სიტყვა ჩაურთო სოფომ.
– დიახ და, ამიტომ ამაზე აღარ ვილაპარაკებ. მაგრამ, რა ხდება იმ სუფრებისა და ქეიფების მიღმა, თითოეული ამ კაცის ოჯახში?! – დასვა რიტორიკული კითხვა მირანდამ.
– მე გეტყვით, – ჩაურთო კატომ, – უმრავლეს შემთხვევაში, მსუბუქად რომ ვთქვა, კარგი არაფერი. ანუ, გამოდის, რომ სხვას ვამბობთ და სხვას ვაკეთებთ, ესე იგი, ცრუ და მატყუარა ერი ვართ. დედის რომელ პატივისცემაზეა ლაპარაკი, როცა, ასაკოვანი კაცებიც კი, ორშაურად მოიხსენიებენ საკუთარ დედებს, ხშირად – გარდაცვლილებსაც, გინების კონტექსტში? ამაზე მეტი დაცემა, გადაგვარება და დეგრადირება გაგონილა?! ცოლების ცემა-ტყეპა კიდევ ცალკე თემაა, რომ აღარაფერი ვთქვა მათ გინებასა და სხვა ათასგვარ დამცირებაზე.
– კატო, შენ ვითომ ჩვენ არ დაგვეთანხმე, სინამდვილეში კი იმავეს ამბობ, რასაც ჩვენ, მაგრამ, უფრო მწვავედ, – შეაწყვეტინა ქეთამ.
– არა, დამამთავრებინე სათქმელი. მე ხუთი წელია, ქვრივი ვარ და მთელი ეს ხუთი წელი განსაკუთრებული ტკივილით ვფიქრობ ამ თემაზე, რადგან, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა საშინელებაა კენტად დარჩენა. ქვრივი და ქმარგაყრილი ქალი აბსოლუტურად სხვადასხვა მდგომარეობაა. ქვრივობა გაცილებით უფრო მძიმე ჯვარია ქალისთვის, რომც არ ჰყვარებოდა ქმარი, და, მით უფრო, თუ უყვარდა. მე ამაზე არასდროს არ მილაპარაკია ხმამაღლა და, საერთოდ, ამდენიც არ მილაპარაკია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მაგრამ, ახლა ყველას გასაგონად ვამბობ: დიახ, მე უბედნიერესი ათი წელი გავატარე ქმართან ერთად, მაგრამ, ყოველთვის იდილიური სიამტკბილობა არც ჩვენ გვქონია; ყოფილა წვრილ-წვრილი უსიამოვნებები და უთანხმოებები, მაგრამ, პატარა ასაკის მიუხედავად, ორივეს გვყოფნიდა გონიერება და, რაც მთავარია, სურვილი, ერთმანეთისთვის გვეპატიებინა; ბოდიში მოგვეხადა მაშინაც კი, თუ თვითონ ვიყავით მართალი და ეს ბოდიში მიგვეღო, როგორც დიდი სიყვარულის ნიშანი. რომელიმე რომ გავფხუკიანებულიყავით, სულ პატარა მიზეზის გამოც კი შეგვეძლო, ოჯახი დაგვენგრია..
– ეს იმიტომ, რომ ძალიან გიყვარდათ ერთმანეთი, – შეაწყვეტინა სალომემ.
– რა თქმა უნდა, მაგრამ, თითოეული თქვენგანი, სოფოსა და რუსას გარდა, სიყვარულით გათხოვდა, ოღონდ, ვერ თუ არ გაუფრთხილდა ამ სიყვარულს. ყველაფერში კაცებს რომ ვამტყუნებთ, ჩვენ თვითონ ყოველთვის მართლები ვართ მათთან? ყოველთვის სწორად ვიქცევით? იქნებ, მათაც სჭირდებათ არა მარტო ცხელი სადილი, გაუთოებული პერანგი და ვნებიანი ქალი ლოგინში, არამედ, ელემენტარულად, მეგობარი, რომელიც გაუგებს, გვერდში დაუდგება და, სხვა თუ არაფერი, ხასიათს გაუსწორებს? რომელს გიცდიათ, გამხდარიყავით ისეთი ქალი, როგორიც მის ქმარს მოსწონს?
– ნათიამ სცადა, – ჩაურთო ქეთამ.
– სცადა და მიიღო კიდეც შედეგი – უკვე გულგაციებული და გაქცეული ქმარი მოაბრუნა, მუხლებზე დაამხო და ჯაჭვით დააბა, ახლა კი აწკმუტუნებს, ახვეწნინებს და ეს ძალიან სიამოვნებს, რადგან, მისი ქალური თავმოყვარეობა დაკმაყოფილებულია და ღირსება – აღდგენილი. ასე არ არის, ნათია?
– ჰო, ესეცაა, – გამოტყდა ნათია, – ოღონდ, ჩემს შემთხვევაში კიდევ სხვა რაღაცეებია გასათვალისწინებელი.
– გასაგებია, მაგრამ, ეს ყველაფერი ცოტა ადრე, ვთქვათ, ორი-სამი წლის წინ რომ გაეკეთებინა, თუნდაც უფრო მსუბუქი ფორმებით, ანუ, მანამდე, სანამ რეზო საყვარელს გაიჩენდა, ხომ ყველასთვის უკეთესი იქნებოდა?
– მე მიყვარდა ის ისეთი, როგორიც იყო, ამიტომ, მასაც ისეთი უნდა ვყვარებოდი, როგორიც ვარ, – გააპროტესტა ნათიამ.
– ეს მხოლოდ სიტყვებია. სინამდვილეში, ცოლსაც და ქმარსაც, თუ ერთმანეთი უყვართ, უწევთ საკუთარი თავის ცოტათი გადაკეთება, რომ ერთმანეთს უკეთ მოერგონ. ვიცი, რომ ერთგული და მზრუნველი ცოლი იყავი, მაგრამ, კიდევ რა თვისება გქონდა ისეთი, რომელიც, შენი აზრით, ქმარს უნდა მოეწონოს?
– ტრაბახად თუ არ ჩამომართმევთ, გეტყვით, რომ სახლი ყოველთვის მოწესრიგებული მქონდა, ქმარ-შვილი – მოვლილი; არასდროს მითხოვია რამის ყიდვა, თითქმის სულ სახლში ვიყავი – ეს ერთი წელია, სამსახურში გავედი, ისიც, ნახევარ განაკვეთზე, რომ ჩემი ხელი ოჯახს არ მოჰკლებოდა; არსად დავდიოდი, ჩვენი „სხოდკებისა“ და დედაჩემის გარდა... კიდევ, არასდროს არაფერზე მქონია პრეტენზია... რა ვიცი, კიდევ რა ვთქვა... ჰო, რაც არ უნდა მწყენოდა, პასუხს არ ვცემდი, გულში ვიკლავდი და არც კი ვაგრძნობინებდი, რომ გული მატკინა... მეტი რა უნდა მექნა?
– მერე, არასდროს გიფიქრია, რომ სწორედ ეს ერთფეროვანი მოწესრიგებულობა, უპრეტენზიობა, პასუხის გაუცემლობა და დილიდან საღამომდე საშინაო ხალათში გამოწყობილი, თავწაკრული და მოფუსფუსე ცოლი მობეზრდა? თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ შენ ყველაზე ლამაზი ხარ ჩვენ შორის, მაგრამ, რატომ ჩამოაფარე შენს სილამაზეს ფარდა? კაცი არასდროს არ გადაწევს ამ ფარდას – დაეზარება, ან, ვერც მიხვდება, რომ ფარდის იქითაც უნდა შეიხედოს ხანდახან და, ამიტომ, წავა იმასთან, ვისაც საერთოდ არ უყვარს ფარდები. ამიტომ გეუბნები, იქნებ, შენც ხარ დამნაშავე ამ ყველაფერში?
– ჰო, ალბათ, მართალი ხარ, – მცირეოდენი ფიქრის შემდეგ თქვა ნათიამ, – მაგრამ, როცა ორივეს ეშლება, ესე იგი, იმ ორი ადამიანისგან წყვილი ვერასოდეს შედგება. მე რეზომ იმდენი შეურაცხყოფა მომაყენა, რომ ამის გადატანა და გადახარშვა მიჭირს. კარგი, ვთქვათ, ვაპატიე და შევურიგდი. ჯერ ერთი, რა გარანტია მაქვს, რომ ისევ არ მიღალატებს? თანაც, რა გამოდის, მისი დაინტერესება რომ გამოვიწვიო, სახლში აბრჭყვიალებულმა უნდა ვიარო და, სამსახურიდან დაბრუნებულს „როკ-ენ-როლის“ ცეკვით ან კარაოკეზე დამახსოვრებული სიმღერით შევეგებო?
– იყო სასურველი ქალი – ეს დიდი ხელოვნებაა, – შეახსენა კატომ.
– ვიცი. მხატვრობაც ხელოვნებაა, მაგრამ, ზოგი გენიოსია; ზოგი, უბრალოდ, კარგად ხატავს, ზოგს კი წრეწირის შემოხაზვაც კი არ შეუძლია, – ნათიას სევდა შეეპარა ხმაში და თვალები აუცრემლიანდა.
– მართალი ხარ, მაგრამ, იმას ხომ უნდა ეცადო, რომ ის წრეწირი მაინც შემოხაზო?.. მოკლედ, თავს აღარ შეგაწყენ ჭკუის სწავლებით. საბოლოოდ კი იმას გეტყვი, რომ არც ერთი ჩვენგანის რჩევა არ იქნება სწორი არც პატიების და არც არპატიების შესახებ. ეს შენ თვითონ უნდა გადაწყვიტო, ოღონდ, ცხელ გულზე, ემოციებით აჟიტირებულმა კი არა, კარგად რომ დამშვიდდები, დაწყნარდები, აწონ-დაწონი მომხდარს, გაერკვევი შენს გრძნობებში, მხოლოდ მაშინ უნდა გააკეთო არჩევანი: ღირს კი ამ ნაბიჯად დანგრეული ოჯახი, თუ, პირიქით – დანგრეულ ოჯახად და მარტო დარჩენად ეს ნაბიჯი?! ამას იმიტომ გეუბნები ასე ხაზგასმით, რომ მერე არ ინანო, რადგან, მერე უფრო ძნელი, თითქმის შეუძლებელი იქნება ნაბიჯის უკან გადადგმა – ამას დედაჩემის მაგალითზე გეუბნები.
– ისე, მართალია, – დაეთანხმა სოფო, – ამას წინათ რაღაც ფილმს ვუყურებდი და იქ იყო ერთი ძალიან საინტერესო მომენტი:
გაგრძელება შემდეგ ნომერში