ინტიმური საუბრები
ყველა შვილი ვალდებულია, მშობელს მოუაროს
18 წლის გავთხოვდი. ჩემი ქმარი ათი წლით იყო ჩემზე უფროსი. ჰყავდა სამი უმცროსი და და ყველანი ერთად ცხოვრობდნენ დიდ, ორსართულიან სახლში. ჩვენ ცალკე ოთახი გამოგვიყვეს. სანამ ჩემი მულები გაუთხოვრები იყვნენ, ბინასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არ შეგვქმნია, მაგრამ გათხოვების შემდეგ ყველამ თავისი წილი მოითხოვა. ამიტომ დათოს მშობლებმა სახლი გაყიდეს და, გოგოებისთვის წილების განაწილების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ დათოს არაფერი შეხვდა – აღარაფერი დაგვრჩაო, – ასე გვითხრეს. თვითონ ჩემმა დედამთილ-მამამთილმა ოროთახიანი ბინა იყიდა თავისთვის, დათოს კი „წილად“ იმდენი თანხა მისცეს, გარეუბანში პატარა ბინის დასაგირავებლად თუ გვეყოფოდა. რადგან არც ყიდვის საშუალება გვქონდა და არც ქირის გადახდის, ამიტომ, ასეც მოვიქეცით – მუხიანის დასაწყისში დავიგირავეთ პატარა, ოროთახიანი ბინა და ბავშვებიანად იქ გადავედით.
ცოტა ხანში ჩემი მამამთილი გარდაიცვალა, დედამთილს კი საშინელი სკლეროზი დაეწყო. ჩემმა მულებმა თავიანთი დედა ჩვენ მოგვაყენეს ბარგით, ბინა კი გააქირავეს და იმ ქირას დღემდე თვითონ ინაწილებენ.
შეიძლება, ძალიან ცუდი ადამიანი ვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ, აღარ შემიძლია ორი შვილის, ქმრისა და სკლეროზიანი დედამთილის მარტო მოვლა, თან, ამ პაწაწინა ბინაში. კი მეცოდება, ასეთ დღეში რომ არის, მაგრამ, მე რა დავაშავე? ქონების გაყოფის დროს დათო და მისი ცოლ-შვილი არავის გახსენებია, დედის მოვლა კი არც ერთ ქალიშვილს არ უნდა. ლოგინად ჩავარდნილი რომ იყოს, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ, ისეთი ენერგია აქვს, ქალაქს შემოუვლის ფეხით და არ დაიღლება; ამიტომ, სულ სიარული უნდა და გარეთ იპარება, მერე კი საათობით ვეძებთ მთელ უბანში. გარდა ამისა, რამდენჯერმე ონკანი დატოვა მოშვებული, მეზობელი „ჩარეცხა“ და იმისი რემონტის ფულიც ჩვენ დაგვაწვა კისერზე. ორჯერ ხანძარიც გააჩინა – გაზქურა დატოვა ანთებული. მოკლედ, ძალიან „მხიარულად“ ვცხოვრობთ. თან, მეც და დათოც ვმუშაობთ და ლამის სამსახური დავკარგეთ ორივემ. საწყალ ბავშვებს მისჯილი აქვთ ბებიის ყარაულობა.
რამდენჯერმე ვთხოვე ჩემს მულებს, რიგრიგობით, წელიწადში თითო თვით მაინც წაიყვანეთ თქვენთან-მეთქი, მაგრამ, გაგონებაც არ უნდათ – მშობლებს ვაჟიშვილმა უნდა მოუაროსო.
ძალიან მინდა, რომ ეს წერილი წაიკითხონ, იქნებ, შერცხვეთ, და სანახავად მაინც მოვიდნენ დედასთან.
აქამდე ასე ვიცოდი, რომ ყველა შვილი ერთნაირად არის ვალდებული, მშობელს მიხედოს.
ელენე, 25 წლის.
შეყვარებულმა მიმატოვა
შეყვარებულმა, რომელზეც ვგიჟდებოდი, უცერემონიოდ მიმატოვა. საღამოს რომ უნდა შევხვედროდით, ცოტა ხნით ადრე დამირეკა და მითხრა, ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა, აღარ მელოდოო. მიზეზი არც უთქვამს, არც არაფერი აუხსნია. ძალიან ცუდ დღეში ვარ. საშინელი დეპრესია დამეწყო. სიცოცხლე აღარ მინდა. ჩემმა დაქალმა თავის ნაცნობ ფსიქოლოგთან წამიყვანა, რომელმაც ყურადღებით მომისმინა და მითხრა, რომ წყენა, სიბრაზე და იმედგაცრუება ბუნებრივი ემოციებია და უნდა მოვძებნო საკუთარ თავში ძალა, რომ ეს ემოციები გამოვხატო, ესე იგი, გარეთ გამოვუშვა, ანუ, ვიტირო; დავხიო მისი ფოტოები, თავიდან მოვიშორო ყველაფერი, რაც მას მაგონებს; წავშალო მისი ესემესები; მეგობრებთან ერთად წავიდე „ტუსოვკებზე“, მოვიწყო შოპინგი; წავიდე სალონში და შევიცვალო იმიჯი... მოკლედ, მთელი არსებით შევიგრძნო, რა მშვენიერია სიცოცხლე და, არა მარტო „დავიკიდო“ ყოფილი შეყვარებულის საქციელი, არამედ, მადლობა ვუთხრა განგებას, რომ ასე მოხდა, რადგან, ის ნამდვილად არ იყო ჩემი ღირსი; უფრო მეტიც, მასთან მთელი ცხოვრება უბედური ვიქნებოდი.
ეს ყველაფერი გასაგებია და ვეთანხმები კიდეც იმ ფსიქოლოგს, მაგრამ, ჩემს მდგომარეობაში როგორ შევძლო ამდენი რამის გაკეთება, როცა გათენებაც კი არ მიხარია და ყველაზე ახლობელი ადამიანების დანახვა და ხმის გაგონებაც კი ნერვებს მიშლის?! მეშინია, მართლა არ გავაფრინო. ვიცი, ამაზე უარესიც შემთხვევიათ ქალებს და გადაუტანიათ კიდეც, მაგრამ, ყველა ერთნაირად ძლიერი ხომ არ არის? უკვე მთელი თვე გავიდა მას შემდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთო მეგობრებისგან იცის, რა მდგომარეობაშიც ჩავვარდი და, მიუხედავად ამისა, ერთხელაც კი არ დამირეკა, რომ დავეწყნარებინე მაინც, ან, უბრალოდ, დამლაპარაკებოდა – მე ხომ ასე მენატრება მისი ხმის გაგონება...
სოფო, 22 წლის.
მეშინია, შვილიშვილი არ დამეღუპოს
ჩემი შვილიშვილი, ნუციკო, 16 წლისაა და მეთერთმეტე კლასში სწავლობს. უფრო სწორად, კი არ სწავლობს, ირიცხება, რადგან, შარშანაც არაფერი უსწავლია. ის კი არა, თითქმის არ დადიოდა სკოლაში. არადა, მეცხრე კლასის ჩათვლით, ერთ-ერთი საუკეთესო იყო კლასში. მეათედან კი თითქოს შემიცვალეს ბავშვი – ხასიათიც გაუფუჭდა, სწავლასაც თავი დაანება, ყველაფერზე კაპასობს და ისტერიკებს მართავს, არავინ აღარ მოვწონვართ ოჯახში. თუ ვინმე მეგობარი მოუვიდა, მასთან გამოსვლას გვიკრძალავს, თითქოს რცხვენია ჩვენი გამოჩენა. თავისი დაქალების თანდასწრებით ისე დაგვტუქსავს ხოლმე, თავის მოკვლა მინდება.
თავიდან ასაკს დავაბრალე და ჩუმად წავედი ექიმთან. ისიც დამეთანხმა, რომ, გარკვეულწილად, ასაკის ბრალიცაა, მაგრამ, რამე სტრესი ხომ არ მიიღო ან ოჯახში, ან მეგობრებში, ან, იქნებ, შეყვარებულს დაშორდაო. მეგობრებთან და შეყვარებულთან დაკავშირებით რა ხდება, მთლად ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, ოჯახში მართლაც დიდი ნერვიულობა გადაიტანა: ჩემი ქალიშვილი და მისი ქმარი ერთმანეთს საკმაოდ ცუდად დაშორდნენ – სკანდალით, ურთიერთბრალდებებით და ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ბავშვის თვალწინ მოხდა.
როცა ოჯახი ინგრევა, მთლიანად ერთი მხარის ბრალი არ არის ხოლმე. ასე იყო ჩემი შვილის შემთხვევაშიც – მასაც, ალბათ, ბევრი რამ შეეშალა ქმართან და არც ჩემი სიძე იყო მამა აბრამის ბატკანი. ცოლმა ქმარს შეიძლება, ბევრი რამ აპატიოს, მაგრამ, როცა საყვარლად ცოლის მეგობარს გაიხდის და არც კი ცდილობს, დამალოს ეს ამბავი; როცა იმ ქალს ოცდაოთხი საათი ჩემი ნაყიდი მანქანით ასეირნებს აღმა-დაღმა, ცოლ-შვილისთვის კი მაშინაც ვერ იცლის, როცა ექიმთან წაყვანა სჭირდებათ, რაღაზე უნდა ელაპარაკო. ეგ კი არა, ერთხელ ნუციკოს შეჰპირდა მამამისი სადღაც წაყვანას – სკოლაში მოგაკითხავ და იქიდან წავიდეთო. ბავშვი მთელი საათი ელოდა სკოლის წინ, მობილურითაც არ დაურეკა, მაგვიანდებაო, თან, გათიშა თავისი ტელეფონი. ბოლოს, როგორც იქნა, მიაკითხა და საწყალი გოგო კინაღამ გაგიჟდა – გვერდით ის აშარაშკა ეჯდა, უკანა სავარძელზე კი უზარმაზარი თაიგული იდო. ორივენი გადასარევ ხასიათზე ყოფილან და ამ ჩემს ნაძირალა სიძეს ბოდიშიც კი არ მოუხდია დაგვიანებისთვის. ნუციკოს აღარ უნდოდა მამამისთან წასვლა, თუმცა, მაინც ჩაუჯდა მანქანაში – არ იკადრა სცენების გამართვა, მაგრამ, როცა იმ ქალმა ირონიულად მოიკითხა თავისი ყოფილი დაქალი, ანუ, ჩემი შვილი – რას შვრება დედაშენი, არ მოვენატრეო? – ნუცა გადმოვიდა მანქანიდან, კარი მიუჯახუნა და მამამისს მიაძახა: ვერ გიტან, მეზიზღები და მრცხვენია, შენი შვილი რომ ვარო. იმ ნაძირალამ კი, იმის ნაცვლად, რომ გაჩუმებულიყო და წათრეულიყო მაინც, გადმოუხტა ბავშვს, მკლავში ხელი ჩაავლო, შეანჯღრია და უყვირა: შე პატარა ლაწირაკო ნაბიჭვარო, ვის უბედავ აქ სცენების გამართვასო. ნუციკოს წყენისგან, შიშისა და დამცირებისგან გული წასვლია. იმას კი მიუტოვებია ბავშვი, ჩამჯდარა მანქანაში და იმ ძუკნასთან ერთად წათრეულა.
გულწასული ნუცა სკოლიდან გამოსულ ერთ-ერთ მასწავლებელს დაუნახავს, რომელმაც სასწრაფო გამოიძახა და ბავშვი სახლში მოგვიყვანა. ახლა რომ ვუფიქრდები, სწორედ იმ დღიდან შეიცვალა ჩემი შვილიშვილი. მშობლების გაყრა თითქოს მძიმედ არ გადაიტანა (ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად ასე ჩანდა), მაგრამ, როგორც ჩანს, გულში ბოღმა ჩაიდო და ყველაფერს აპროტესტებს, ოღონდ, ისეთი ფორმებით, მეშინია, რამე არ დაემართოს. ამ ყველაფერს კი მე ერთნაირად ვაბრალებ ჩემს შვილსაც და მის ყოფილ ქმარსაც. ცოლ-ქმარს შორის ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ არც ერთმა არასდროს არ უნდა დაივიწყოს, რომ ჰყავთ საერთო შვილი, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება, თუკი არ უნდათ, რომ ბავშვი ან დაავადდეს, ან ცუდ გზას დაადგეს და დაიღუპოს.
ნუნუ, 64 წლის.