როგორ დავამარცხოთ „ფორთოხლის კანი“, ანუ – რეალური ზღაპარი ციტრუსების შესახებ
თქვენ ეს მართლა ზღაპარი გგონიათ? სულ ტყუილად – შედეგს საკუთარი თვალით ნახავთ, თანაც, სულ რაღაც 2 კვირის შემდეგ, თუ, რა თქმა უნდა, ყველაფერს ზუსტად ისე გააკეთებთ, როგორც ჩვენ გირჩევთ.
თავდაპირველად წარმოგიდგენთ ამ „ზღაპრის“ სამ მთავარ პერსონაჟს – ლიმონს, მანდარინსა და გრეიპფრუტს და გაგაცნობთ მათგან დამზადებული ზეთების ღირსებებს:
ლიმონის ზეთი ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლასა და სისხლის მიკროცირკულაციას; ჭიმავს კანს და ხდის მას ნაზსა და გლუვს.
მანდარინის ზეთი შესანიშნავად ამაგრებს, ამკვრივებს და ჭიმავს კანს; ხელს უშლის სტრიებისა და ნაწიბურების გაჩენას.
გრეიპფრუტის ზეთი აჩქარებს ლიმფის ცირკულაციას და კანიდან გამოაქვს ზედმეტი სითხე; აწესრიგებს ქსოვილში სისხლის მიმოქცევას და აღადგენს უჯრედების კვებას.
ამ თვისებებიდან გამომდინარე, მათთვის, ვისაც აქვს ეგრეთ წოდებული „ფორთოხლის კანი“, კოსმეტოლოგებმა შეიმუშავეს ფორმულა:
მაღალი კონცენტრაციის ეთერზეთები + მასაჟი = ხავერდოვან კანს.
„შეიარაღდით“ „ფოთოხლის კანთან“ საბრძოლველად: ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით (დაახლოებით 2-2 ჩაის კოვზი) შეურიეთ ლიმონის, მანდარინისა და გრეიპფრუტის ზეთები, დაუმატეთ მაღალი ხარისხის ზეითუნის ზეთი (3-4 ჩაის კოვზი) და დაიმასაჟეთ პრობლემური ზონები. ორმაგი ეფექტურობის ამ ფორმულას აქტიურად გამოაქვს აღნიშნული ზონებიდან ზედმეტი სითხე და ტოქსინები და აქრობს შეშუპებებს, შედეგად კი კანი ხდება უფრო ნაზი, გლუვი და მკვრივი.
მასაჟი გაიკეთეთ შემდეგნაირად:
1. წრიული მოძრაობით წაისვით ზეთების ნარევი პრობლემურ ზონაზე, მაგალითად, მუცელზე და შეეცადეთ, ჭიპის გარშემო წრიულად დამასაჟებით „აიძულოთ“ კანი, გახურდეს.
2. კანი რომ გახურდება, გადადით მსუბუქ ჩქმეტებზე: ჭიპის გარშემო ყოველი სანტიმეტრი (ორივე ხელით ერთდროულად) დაიჩქმიტეთ (ოღონდ, არ დაილურჯოთ) – ეს აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას.
3. რაც შეეხება ბარძაყებსა და დუნდულებს, ალბათ, მასაჟისტის დახმარება დაგჭირდებათ, რადგან, შესაძლოა, თვითონ ვერ მისწვდეთ, თუმცა, შეგიძლიათ, მაინც სცადოთ.
თავიდან ზეთი წაისვით ისევე, როგორც მუცელზე (ანუ, წრიული მოძრაობით) და ბარძაყები და დუნდულებიც დაიჩქმიტეთ ისევე, როგორც პირველ შემთხვევაში, ბოლოს კი გააკეთეთ მუშტები და წასმული ზეთი მუშტების ძლიერი დაჭერით შეიზილეთ კანში.
პროცედურა ჩაიტარეთ დღეში ერთხელ ან ორჯერ: დილით – სახლიდან გასვლამდე 1 საათით ადრე და, საღამოს – დაძინებამდე 2 საათით ადრე. თუ, არც ერთ საღამოს არ გამოტოვებთ, 2 კვირის შემდეგ თავად დარწმუნდებით, რომ ბევრი ზღაპრის ახდენა თავადვე შეგიძლიათ.