როდის ხდება თილისმა ბედნიერების უტყუარი მცველი და რომელი ლითონებისგან დამზადებულ სამკაულს აქვს სამკურნალო და დამცავი ძალა
ადამიანი სასოწარკვეთილებაში რომ ვარდება და გამოსავალს ვერ პოულობს, მხოლოდ მაშინ მიმართავს უარყოფითი, დამანგრეველი ენერგიებისგან დამცავ საშუალებებს. ბევრს არ სჯერა თილისმების სასწაულმოქმედი ძალის. თუმცა, მიუხედავად ამისა, სასწაულები ხდება და ამის არაერთი ფაქტი არსებობს. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნაილი ამბობს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საკუთარ ცხოვრებაში თავადვე შეიტანოს სასიკეთო ცვლილებები, ამაში სხვა ვერ დაგვეხმარება. ბევრს ეშინია კიდეც ცვლილებების, მაგრამ, თუ ის თქვენს ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება, ალბათ, დამეთანხმებით, ცდა მაინც ღირს.
ნაილი: დამიჯერეთ, ნამდვილად ღირს, გარისკოთ და თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. აქ შიში და იმაზე ფიქრი – ვაითუ რაღაც არ გამოვიდესო, ზედმეტია. უბრალოდ, უნდა მოინდომოთ და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენთ ცხოვრებაში. დამეთანხმებით, ბევრს აქვს პრობლემები როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში – ვერ აწყობენ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან, ნათესავებსა თუ საყვარელ ადამიანთან და ფიქრობენ, როგორ მოაგვარონ ეს ყველაფერი, საშველს და ხსნას კი ვერ პოულობენ. მართალია, ცხოვრება იოლი არავისთვისაა და პრობლემა თუ ბარიერი ნებისმიერს ხვდება წინ, მაგრამ, მთავარია, არ მოეშვათ, იბრძოლოთ და ამით საკუთარ წინსვლას, წარმატებას შეუწყოთ ხელი.
– დამეთანხმეთ, ქალბატონო ნაილი, რომ ეს სათქმელად ადვილია, მაგრამ, რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ რთული გადასალახავი. ხომ ასეა?
– გეთანხმებით, მაგრამ გეტყვით, რომ მსგავსი საშინელებები საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. წლების წინ, სიყვარულით შექმნილი ოჯახი დამენგრა. რომ იტყვიან, ღალატის მსხვერპლი გავხდი და თითქოს სამყარო ჩამომენგრა თავზე. არც სამსახური მქონდა. დეპრესიაში ჩავვარდი, თავის მოკვლაც კი ვცადე. მაგრამ, მერე მივხვდი, რომ გამოსავალი აუცილებლად მოიძებნებოდა და თავს შემოვუძახე. რომ ამბობენ, რასაც თავს თვითონ დაუშავებ, იმას სხვა ვერ გიზამსო, სრული სიმართლეა. ამიტომ, საკუთარ ბედ-იღბალს თავადვე უნდა დაეხმარო, რომ უკეთესობისკენ წარმართო და ბედნიერება მოიპოვო. ცხოვრებაში უამრავი გამოცდა გველის და თითოეულ წარუმატებლობაზე თუ თავის მოკვლა გადავწყვიტეთ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება? ასე არაფერი გამოვა, ბედნიერებისთვის ბრძოლა კი ნამდვილად ღირს. არც ისაა სწორი, როცა მხოლოდ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის შემდეგ ფიქრობ დამანგრეველი ენერგიის განეიტრალებაზე. თილისმის ტარება ყველასთვის საჭიროა – ასე უფრო დაცულიც ხარ, ჯანმრთელიც და შესაძლო უარყოფითი მოვლენებისგან დაზღვეულიც. ასე რომ, თილისმა მხოლოდ მაშინ კი არ უნდა ატაროთ, როცა გამოსავალს ვერ პოულობთ, არამედ მაშინაც, როცა წარმატებული, ჯანმრთელი და ბედნიერი ხართ. ის ბედნიერების უტყუარი მცველია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ არსებობს ლითონები, რომლისგან დამზადებულ თილისმასაც სამკურნალო და დამცავი ძალა გააჩნია.
– იქნებ უფრო ზუსტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ, რომელი ლითონია ამ მხრივ განსაკუთრებული?
– ბევრი დღესაც ატარებს ლითონის სამკაულებს თილისმის სახით, მაგრამ, არც კი იცის, მისი ზუსტი დამცავი თვისებების შესახებ. ძველად კი, თითქმის ყველა ოჯახში მიირთმევდნენ საკვებს ლითონის ჭურჭლიდან, ხმარობდნენ ვერცხლისა და ოქროს დანა-ჩანგალს, ატარებდნენ მისგან დამზადებულ სამკაულს და ზუსტად იცოდნენ, რომ ეს მათი დამცავი თილისმა იყო და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ლითონისგან დამზადებული სამკაულები და ჭურჭელი უარყოფითი ენერგიისგან დაცვის ყველაზე კარგი საშუალებაა და მას უნიკალური თვისებებიც გააჩნია. სხვათა შორის, ეს თვისება უბრალო რკინასაც აქვს.
– გამიგია, რომ ამა თუ იმ ლითონის სამკაული ყველა ადამიანზე ერთნაირად არ მოქმედებს. როგორც პარაფსიქოლოგმა, გვირჩიეთ, როგორ უნდა შევარჩიოთ ის, რომ ჩვენთვის დამცავი გახდეს?
– მართალია, ვერცხლი, ოქრო თუ უბრალო რკინა ყველასთვის ერთნაირად დამცავი და დადებითი შედეგის მომტანი ვერ იქნება. მაგალითად, რბილი ხასიათის, გაუბედავმა, მორიდებულმა და თავმდაბალმა ადამიანმა აუცილებლად უნდა ატაროს უბრალო რკინისგან დამზადებული სამკაულები, რათა კარიერასა და პირად ცხოვრებაში წინ წაიწიოს და ადვილად დაძლიოს წინაღობები თუ ბარიერები. ფეთქებად და უნებისყოფო ადამიანის ოქროს სამკაული ეკრძალება, რადგან ეს მას კიდევ უფრო აღაგზნებს და ააფორიაქებს; უმჯობესია, მათ ვერცხლის სამკაულები ატარონ, რაც ენერგიის კონცენტრაციაში შეუწყობს ხელს. საგვარეულო, ძვირფასი სამკაულების ტარება ყოველდღიურად არ ღირს, ჯობია, კვირაში ერთხელ გაიკეთოთ, დანარჩენ დღეებში კი სახლში იდოს, რომ მათი მძლავრი ენერგეტიკა და პოტენციალი საცხოვრებელში დაგროვდეს. ასეთი ნივთები არც უარყოფით ენერგიას შემოუშვებს სახლში და ბედნიერი ოჯახური თანაცხოვრების შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ. მაგრამ, გაითვალისწინეთ, ეს ნივთები აუცილებლად თქვენს წინაპარს უნდა ეკუთვნოდეს, ანუ, შეძენილი არ უნდა იყოს.
– ის მხოლოდ გათხოვილმა ქალმა უნდა ატაროს თუ ოჯახის ნებისმიერ წევრს შეუძლია მისი ტარება?
– თუ ძვირფას საგვარეულო სამკაულს ატარებს გასათხოვარი გოგონა, დიდი შანსია, პირად ცხოვრებაში უბედური იყოს და ცხოვრების თანამგზავრი ვერ იპოვოს. გათხოვილმა, კი როგორც გითხარით, მხოლოდ კვირაში ერთხელ უნდა გაიკეთოს. ასეთი ნივთის ტარებისას ყურადღება უნდა მიაქციოთ კვირის დღეებს. მაგალითად, არ უნდა გაიკეთოთ საგვარეულო ძვირფასეულობა ორშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს. დანარჩენ დღეებში მისი ტარება გამართლებულია. კარგია, თუ რომელიმე ლითონისგან თქვენს სახელზე დაამზადებინებთ სამკაულს და მას ატარებთ ყოველდღიურად – ეს ყველაზე დადებითად მოქმედებს ადამიანის ბედსა თუ კარიერაზე, წარმატებები და იღბალი მოაქვს და იმდენად ძლიერია, რომ, შეუძლია, ჯადოს ენერგიაც კი გაანეიტრალოს. ოღონდ, ასეთი თილისმა-სამკაული დროდადრო მარილში უნდა ჩადოთ და ასე გაწმინდოთ უარყოფითი ენერგიებისგან, რომელსაც ყოველდღიურად იღებს. სხვათა შორის, ყველაზე კარგი დამცავი თილისმა ვერცხლისგან დამზადებული სამკაულია. ის ადვილად გაგარკვევთ სიტუაციებში; გამოიცნობთ ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ – მტერი; აგარიდებთ არასასურველ კონტაქტებს. ასეთი თილისმა ქალისთვისაც და მამაკაცისთვისაც კარგია. ადრე, თუ დაკვირვებიხართ, თითქმის ყველა ატარებდა ვერცხლის აქსესუარებს. მაგალითად, კაცები – ქამარ-ხანჯალს, ქალები კი – საყურეებსა და გულსაკიდებს, რადგან, ვერცხლი ადამიანს სურვილების ახდენაშიც ეხმარება და ბედ-იღბლის მოპოვებაშიც. ასე რომ, დამცავი თილისმა თუ გნებავთ, მაშინ ის თქვენს სახელზე ვერცხლისგან დაამზადებინეთ ოქრომჭედელს და ყოველდღიურად ატარეთ. ასეთი თილისმა ავითარებს ზებუნებრივ ძალებს ანუ, გაგიძლიერებთ ინტუიციასა და წინასწარმეტყველურ ნიჭს. თუ ოჯახში ხშირად გაქვთ მეუღლესთან კონფლიქტი, შეიძინეთ ლითონის შანდალი და ხშირად დაანთეთ იისფერი და თეთრი სანთლები – ეს განამტკიცებს იმ ენერგიებს, რომლებიც ოჯახური თანაცხოვრებისთვისაა საჭირო და აგარიდებთ უარყოფითი ძალების ზეგავლენას მეუღლესთან ურთიერთობაში; ასევე, დაგეხმარებათ ოჯახური პრობლემების იოლად გადაწყვეტაში. მარტივი მეთოდია და, დამერწმუნეთ, საკმაოდ ძლიერად ჭრის.