„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი ვარსკვლავები
ჰოლანდიელი სპეციალისტი ლუი ვან გაალი „მანჩესტერ იუნაიტედში” ახალი გუნდის „მშენებლობას” იწყებს და ამის გამო კლუბის ხელმძღვანელობამ უპრეცედენტო სატრანსფერო პოლიტიკა აწარმოა. „წითელმა ეშმაკებმა” ყველაზე მეტი დახარჯეს გუნდის განახლებაზე და რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი განახორციელეს, რომლებსაც დღეს გაგაცნობთ.
ანხელ დი მარია
* ანხელ ფაბიან დი მარია ერნანდესი დაიბადა არგენტინულ ქალაქ როზარიოში, 1988 წლის 14 თებერვალს, მიგელ და დიანა დი მარიების ოჯახში.
* დი მარიების ოჯახს უკიდურესად უჭირდა – ანხელის მამა ნახშირის გადამმუშავებელ საწარმოში მუშაობდა, ხოლო დედა დიასახლისი იყო. ანხელი ორ დასთან ერთად პატარა ოთახში ცხოვრობდა და, მისი თქმით, გადარჩენის ერთადერთი გზა ფეხბურთი იყო, რომელსაც ის კარგად თამაშობდა.
* ბავშვობაში ანხელის კერპი არგენტინელი ფეხბურთელი, „ვალენსიისა” და ნაკრების ვინგერი კილი გონსალესი იყო, რომელთან ერთადაც ანხელს კარიერის დასაწყისში მოუწია თამაში.
* ანხელ დი მარიას პირველი ევროპული კლუბი „ბენფიკა” იყო.
* სხვა ფეხბურთელების მსგავსად, ანხელი გატაცებულია ტატუირებებით – მას სხეულზე რამდენიმე ათეული ტატუ აქვს.
* 2011 წლიდან ანხელ დი მარია დაქორწინებულია ჟორჟელინა კარდოსოზე. წყვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი – მია.
* ჯორჯ ბესტის, ბრაიან რობსონის, ერიკ კანტონას, დევიდ ბექჰემისა და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, ანხელ დი მარია „მანჩესტერის” ახალი 7 ნომერია.
რადამელ ფალკაო
* რადამელ ფალკაო გარსია ზარატე დაიბადა 1986 წლის 10 თებერვალს, კოლუმბიაში, სან-მარტაში. სახელი „ფალკაო” მას ბრაზილიელი ფეხბურთელის, ფალკაოს პატივსაცემად დაარქვეს.
* რადამელ ფალკაო კოლუმბიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც პროფესიონალურ კლუბში ითამაშა. მისი დებიუტი 1999 წელს შედგა, ხოლო პირველი გოლი პროფესიონალურ დონეზე მან 2000 წელს, 14 წლის ასაკში გაიტანა.
* რადამელ ფალკაო „მონაკოს” საკუთრებაა და „მანჩესტერ იუნაიტედში” განათხოვრებით თამაშობს.
* ფალკაო არგენტინელ ლორელეია დაიანე ტარონზეა დაქორწინებული. წყვილს ჰყავს ქალიშვილი – დომინიკა. რადამელი მორწმუნე ქრისტიანია და სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის წევრია სამშობლოში.
დეილი ბლინდი
* დეილი ბლინდი დაიბადა 1990 წლის 9 მარტს, ამსტერდამში. მამამისი, დანი ბლინდი, წარსულში ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი იყო – ამსტერდამის „აიაქსისა” და ჰოლანდიის ნაკრების წევრი.
* 2008 წელს დეილი ბლინდი „აიაქსის” ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად დასახელდა. იმავე წელს ის სარეზერვო გუნდიდან პირველ გუნდში გადაიყვანეს.
* დეილი ბლინდის ტრანსფერი „მანჩესტერ იუნაიტედს” 17,5 მილიონი ევრო დაუჯდა.
* „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა დეილი ბლინდმა მეგობარ გოგოსთან ერთად ჭიქა ღვინის აწევით აღნიშნა.
ანდერ ერერა
* ანდერ ერერა აგუერა დაიბადა ბასკეთის დედაქალაქ ბილბაოში 1989 წლის 14 აგვისტოს. მისი სიმაღლე 182 სანტიმეტრია, ხოლო წონა – 70 კილოგრამი.
* 2013 წელს „მანჩესტერ იუნაიტედს” ჰქონდა მცდელობა, 25 მილიონ გირვანქა სტერლინგად გამოესყიდა ანდერ ერერა ბილბაოს „ატლეტიკიდან,” თუმცა, კლუბმა მისი გაყიდვა არ ისურვა. 2014 წლის ზაფხულში „მანჩესტერი” ხელმეორედ შეეცადა ერერას შეძენას, ამჯერად 29 მილიონის სანაცვლოდ, მაგრამ, კვლავ უარი მიიღო. საბოლოოდ, ანდერ ერერას ტრანსფერი „მანჩესტერს” 36 მილიონი ევრო დაუჯდა.
* პირველი გოლი „მანჩესტერის” რიგებში ანდერ ერერამ, ანხელ დი მარიას მსგავსად, „ქუინზ პარკ რეინჯერსს” გაუტანა.
* ანდერის მამა, პედრო მარია, ასევე ფეხბურთელი იყო, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში „რეალ სარაგოსას” რიგებში ასპარეზობდა.