ნეტარი მატრონას ცხოვრება და წინასწარმეტყველებანი
მატრონა დიმიტრის ასული ნიკონოვა დაიბადა 1885 წლის 9 ნოემბერს, ტულის გუბერნიის სოფელ სებინოში, მრავალშვილიანი გლეხის ოჯახში. ჯერ კიდევ მის დაბადებამდე მატრონას დედამ, ნატალია ნიკონოვამ, საოცარი სიზმარი ნახა: ზეციდან მასთან ბრმა ფრინველი ჩამოფრინდა ადამიანის სახით და მარჯვენა ხელზე დააჯდა.
მართლაც პატარა ბრმა გოგონა დაიბადა, რომელსაც თვალების მაგივრად ჩაღრმავებული ადგილები ჰქონდა. როდესაც მას ნათლავდნენ, ემბაზიდან ჭერამდე მსუბუქი, კეთილსურნელოვანი კვამლის სვეტი აღიმართა. ღვთის რჩეულობის ნიშანი შენიშნა ყველამ, ვინც იქ იყო. გაოცებულმა მღვდელმა კი თქვა: „მე ბევრი ჩვილი მომინათლავს, მაგრამ ასეთ რამეს პირველად ვხედავ. ეს ყრმა წმიდანი იქნება“.
ზამთარში თბილად რომ ყოფილიყვნენ, მატრონას მშობლებთან ერთად ეძინა რუსულ ღუმელზე. ღამით, გამოღვიძებული მშობლები, ხშირად პატარა მატრონას ვერ პოულობდნენ. როდესაც დაძახებაზე ის მათ უპასუხებდა, აღმოჩნდებოდა, რომ მთელი ღამე სახლის წინა კუთხეში იჯდა, ხატებს ეთამაშებოდა და ეღუღუნებოდა, თითქოს ელაპარაკებაო. ყველასთვის გაუგებარი რჩებოდა, როგორ ახერხებდა ბრმა ჩვილი ხატებს მისწვდომოდა, ჩამოეღო ისინი, დაედო მაგიდაზე და თვითონ ჩამოსულიყო. ეს მისი პირველი გასაოცარი ქმედებები იყო. როდესაც მატრონა ცოტა წამოიზარდა და ფეხზე დადგა, ასეთი რამ გადახდა: ერთხელ, თავისი ქოხის ფანჯარასთან იჯდა და ლოცულობდა. უეცრად კარი გაიღო და ოთახში მოხუცი შემოვიდა წყლის სათხოვნელად. მატრონამ წყალი მიაწოდა. მან დალია და ჭურჭელი დაუბრუნა, ხოლო წასვლისას მსუბუქად დაარტყა ბავშვს მკერდზე. მას შემდეგ, წმიდა მატრონას, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, მკერდზე ჯვარი ჰქონდა გამოსახული, თითქოსდა იესო ქრისტეს გამოსახულებით. მისი სიტყვებით, ეს მოხუცი წმიდა ნიკოლოზი იყო, სასწაულმოქმედი და მსწრაფლშემწე.
წინასწარჭვრეტის უნარი მატრონას ადრევე აღმოაჩნდა. ის სოფლის ეკლესიასთან ახლოს ცხოვრობდა და მას თავის მეორე სახლად მიიჩნვდა. არც ერთ ღვთისმსახურებას არ ტოვებდა ბავშვობიდანვე.
ერთხელ მატრონამ გაიღვიძა და დედას ეუბნება: „მოემზადე, დედა, მალე მე ქორწილი მექნება“. დედა მღვდელთან წავიდა და ყველაფერი უამბო. მღვდელი მივიდა მათთან და მატრონა აზიარა. უეცრად, რამდენიმე დღის შემდეგ, მათ სახლთან ეტლებმა იწყეს თავმოყრა. მოდიოდნენ და მოდიოდნენ სხვადასხვა კუთხიდან, მოჰყავდათ ავადმყოფები თავიანთი ჭირ-ვარამითა და უბედურებით. ყველანი, რატომღაც, მატრონას კითხულობდნენ. მატრონა მათ ლოცვებს უკითხავდა და ბევრ მათგანს კურნავდა კიდეც. გაკვირვებული დედის კითხვაზე ის პასუხობდა: „ხომ გითხარი, რომ ქორწილი მექნებოდა“.
აქედან მოყოლებული, ნეტარი მატრონა მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში უანგაროდ იდგა ხალხის სამსახურში და დაუღალავად ეხმარებოდა მათ. მისმა წინასწარმეტყველურმა ნიჭმა კი თანდათან უფრო მეტი სიძლიერით იჩინა თავი. მასვე უნდა უმადლოდეს სოფელი ღვრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის შექმნასაც, რომელმაც ის არაერთი განსაცდელისგან იხსნა.
ღვთისმშობლის ეს ხატი არა მხოლოდ შესანიშნავი ღვთივშთაგონებული ქმნილება გამოვიდა, არამედ მადლმოსილი და სასწაულმოქმედიც. როგორც კი ამ ხატს ლოცვით შემოატარებდნენ, გვალვას გამანაყოფიერებელი წვიმა ცვლიდა. ტაძარში კი ამ ხატისგან უამრავი სნეული იღებდა კურნებას. შემდეგ ამ წმიდა ხატის ასლიც გადაიღეს და ისიც სასწაულმოქმედი გახდა.