კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით არის დაკავებული ჯაბა ქარსელაძე ამ ეტაპზე საფრანგეთში და რისი გამარტივებისთვის შრომობს ის ბოლო თვეების განმავლობაში

ჯაბა ქარსელაძე უკვე წლებია, უცხოეთში ცხოვრობს, თუმცა ტრადიციას არ ღალატობს და საქართველოში წელიწადში რამდენჯერმე მაინც ახერხებს ჩამოსვლას. ამჯერადაც, ზაფხულის თითქმის ერთი თვე აქ გაატარა და რამდენიმე კვირის წინ გაემგზავრა საფრანგეთში. მას შეუძლია, ხშირად გააოცოს ადამიანები, ამჯერად კი ახალი თემა წიგნზე მუშაობაა, რაც მის ცხოვრებაში კიდევ ერთი დიდი გამოცდილება იქნება.

– ჯაბა, როგორც ჩანს, შენს ექსპერიმენტებს საზღვარი არ აქვს. ამჯერად მართლაც სასიამოვნოდ გააოცებ ჩვენს მკითხველს, განსაკუთრებით კი – სტუდენტებს. გავიგე, რომ წიგნის გამოშვებას აპირებ.
– საიდან გაიგე ეს ამბავი?
– ჩემი პროფესია ნუ გავიწყდება. უმჯობესია, ის დააფიქსირე, რის შესახებ იქნება ეს წიგნი, ხალხს მემუარები რომ არ ეგონოს.
– ზუსტად აგიხსნით, რა ხდება. როგორც ასეთი, მე თვითონ არაფერს ვწერ და წიგნის შექმნამდე კიდევ ბევრი მაკლია. იქიდან გამომდინარე, რომ დოქტორანტურაში ვსწავლობ, მომეცა იმის უფლება და საშუალება, რომ ერთ-ერთ მსხვილ ორგანიზაციაში დავრეგისტრირებულიყავი, რომელიც წიგნებს გამოსცემს. მაქვს უფლება სხვადასხვა ავტორის მასალები გამოვიყენო და შევქმნა კონსპექტი, რომელიც წიგნის სახით გამოვა. ეს იქნება ელექტრონული ვერსია. ხშირად ამბობენ, რომ ფინანსები და ბუღალტერია რთული სასწავლია და ეს მართლაც ასეა. ხშირად, ამა თუ იმ წიგნში რაღაც თავები საინტერესოა, რაღაც თავები კი, პირიქით, არაფერში გჭირდება და მოსაწყენია მისი კითხვა. მე მახარებს ის ამბავი, რომ დოქტორანტურაში სწავლა მაძლევს იმის საშუალებას, რომ სხვადასხვა წიგნიდან საჭირო ინფორმაციის მიქსი გავაკეთო და კონსპექტის სახით ელექტრონული ვერსია გამოვუშვა. 
– ეს ყველაფერი ლიცენზირებული იქნება?
– რა თქმა უნდა, ყველა გამოყენებული მასალის ბოლოს მითითებული იქნება რომელი ავტორის წიგნიდან არის ინფორმაცია.
– თავად თუ გექნება ამ კონსპექტის სტუდენტებთან გამოყენების საშუალება?
– დიდი იმედი მაქვს, მომავალში აუცილებლად გავაგრძელებ სტუდენტებთან ურთიერთობას და მათი სწავლების პროცესს. სხვათა შორის, ძალიან მენატრება ეს ყველაფერი. როგორც იცით, ლექტორობის სამწლიანი გამოცდილება მაქვს საქართველოში. ასე რომ, როცა ამ საქმეს განვაგრძობ, სტუდენტებს ექნებათ საშუალება, ინტერნეტში შევიდნენ და ამ კონსპექტით იხელმძღვანელონ ძალიან მარტივად და უპრობლემოდ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ლეგალურად იქნება. ეს არ იქნება უფასო, რადგან, ვის მასალებსაც გამოვიყენებ, მათ ანაზღაურება ეკუთვნით.
– ეს მართლაც გაუადვილებს სტუდენტებს შრომას, რადგან, ათი წიგნის ნაცვლად მხოლოდ ერთის საშუალებით შეეძლებათ საჭირო ინფორმაციის მიღება.
– ჩემი მიზანი იყო, გაადვილებულიყო სწავლის პროცესი, თუმცა, გამარტივება ხარისხის დაგდებას არ ნიშნავს. თუ ადამიანს სწავლა უნდა, ეს კონსპექტი ძალიან დაეხმარება.
– როდის ექნება შენ მიერ გაკეთებული ელექტრონული წიგნის გამოყენების საშუალება მომხმარებელს და სად იქნება ის განთავსებული?
– არის ერთი დიდი ამერიკული კომპანია, „მაგროულ ჰილი“, რომელსაც თითქმის ყველა ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლობა. რადგან მათ დამარეგისტრირეს როგორც ლექტორი, როგორც კი წიგნი მზად იქნება, მათ საიტზე ავტომატურად დაიდება, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, წლის ბოლომდე მოესწროს. 12 წიგნი, რომელიც, როგორც ლექტორს, უფასოდ მეკუთვნის, უკვე მივიღე. პრინციპში, ძალიან მარტივია ამ ყველაფრის გაკეთება, როცა იცი, რა გინდა და ზუსტად რა გჭირდება ამა თუ იმ ავტორის წიგნიდან. ამ ყველაფერს დავახარისხებ, გავუკეთებ შესავალს და ამის შემდეგ უკვე სარედაქციო კოლეგია გადახედავს, რამე ხომ არ არის ჩამატებული ან მითვისებული. როგორც კი ტესტირებას გაივლის ავტომატურად აიტვირთება საიტზეც.
– წიგნი ინგლისურ ენაზე იქნება?
– დიახ, თან, გამარტივებული. დამეთანხმები, რომ, რაც არ უნდა კარგად ფლობდე ენას, ინგლისურად ფინანსებისა და ბუღალტერიის შესწავლა არც ისე ადვილია. ამიტომაც გავუმარტივე საქმე სტუდენტებს და გაცილებით მარტივი ენით შევთავაზებ კონსპექტს. ეს მათ დროსაც დაზოგავს და ლექსიკონშიც ნაკლებად ექნებათ სიტყვები მოსაძიებელი.
– გარდა იმისა, რომ ელექტრონული წიგნის შექმნით ხარ დაკავებული, პარალელურად რას საქმიანობ პარიზში?
– დოქტორანტურაში სწავლა – ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ დაკავებული ხარ. მაგრამ, აქვე გეტყვით იმასაც, რომ, რადგან საფრანგეთში მუშაობის უფლება ჯერჯერობით ნახევარ განაკვეთზე მაქვს, ინსტიტუტშივე ვმუშაობ და სხვადასხვა საინტერესო კვლევაშიც დიდი სიამოვნებით ვიღებ ხოლმე მონაწილეობას. ჩემი მიზანია, იქიდან მაქსიმუმი წამოვიღო და, სანამ ასაკი მიწყობს ხელს, ინფორმაცია მაქსიმალურად შევისრუტო. არასდროს მრცხვენია კითხვის დასმა იმის შესახებ, რაც არ ვიცი.
– დარწმუნებული ვარ, რომ წინ ბევრი რამ გაქვს გასაკეთებელი და ერთ ადგილზე არასდროს გაიყინები, იმდენად ჰიპერაქტიური ადამიანი ხარ, მაგრამ, ამასობაში გადის წლები და პირადი ცხოვრება მოსაწესრიგებელი გაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ მეორე ნახევარი ჯერ არ გყავს.
– ჰო, ეს კარიერისტი ადამიანების დაავადებაა.
– ანუ, თან საქმე და თან პირადი შენს ცხოვრებაში არ ერწყმის ერთმანეთს?
– ალბათ, საქართველოში რომ ვცხოვრობდე, უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ, იქ ძალიან რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, ვინც შენთვის თუნდაც გერლფრენდის სტატუსით იქნება. ფრანგისთვის ურთიერთობის აწყობა, როგორც თვითონ ამბობენ, სრულგანაკვეთანი სამსახურია. ძალიან დიდი დრო უნდა ჩადოს ამ ურთიერთობაში და დროის ინვესტიცია გააკეთოს. ბევრს არ უღირს ეს ყველაფერი. მით უმეტეს, როცა მათი ეროვნების წარმომადგენელი არ ხარ, ნდობაც არ არის შენ მიმართ – მაინც რაღაცის ეშინიათ.
– შენს შემთხვევაში რა ხდება?
– ჩემი ბრალი, ალბათ, ის არის, რომ ჯერჯერობით პირადი ურთიერთობის აწყობაზე არ ვარ ორიენტირებული და არც მაწუხებს ეს თემა. რა თქმა უნდა, იდეალური ვარიანტია, თუ კარიერაც და პირადი ცხოვრებაც ორივე მოწესრიგებული გაქვს. ვიცი, რომ აღარ ვარ 20 წლის, ასაკი მენატება. 30 წლამდე დავიცდი და, მერე, მგონია, რომ რაღაცეები თავისით შეიცვლება. ამიტომ, დიდად არ ვნერვიულობ და არ განვიცდი. ვხვდები, რომ ჯერ არ ვარ მზად ოჯახის შესაქმნელად. ოჯახს მხოლოდ იმის გამო ვერ შევქმნი, რომ ცოლი მყავდეს. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც რამდენჯერმე მოიყვანს ცოლს. მე მექნება ერთი ოჯახი, მეყოლება ერთი ცოლი და იმდენი შვილი, რამდენსაც ღმერთი მომცემს.
– მაქსიმალისტი ხარ და, მჯერა, რომ ოჯახისთვისაც ანალოგიურად დაიხარჯები.
– მაქსიმალისტობა ძალიან კარგია, მაგრამ, რაღაცეებში ხელის შემშლელია. ვფიქრობ, რომ  ურთერთობაშიც არ უნდა იყო მაქსიმალისტი, რადგან, თუ იდეალურ ადამიანს დაუწყე ძებნა, ვერასდროს იპოვი ერთი მარტივი მიზეზის გამო – ასეთები არ არსებობენ და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. თუმცა, არსებობენ ერთი ჭკუის ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთთან ბევრი საერთო შეიძლება ჰქონდეთ.

скачать dle 11.3