როგორ იპოვა ერთმანეთი მამა-შვილმა და ვინ ელოდება სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებ ნახევარძმას
ვიაჩესლავ ვაჟას ძე სერგეევი (დედის გვარზე) ეძებდა დაახლოებით 65-66 წლის ვაჟა კურტანიძეს.
ისტორია: ვეძებ მამაჩემს – ვაჟა კურტანიძეს. ჩემი მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს და მას შემდეგ მე მამა აღარ მინახავს. ძალიან მინდა მისი მოძებნა და ნახვა. შეიძლება, მას ამჟამად თავისი ოჯახი აქვს და მე მყავს ნახევარდაძმები და მათი გაცნობა მინდა. პირადად მე საქართველოდან ძალიან შორს ვიმყოფები და, გთხოვთ მამაჩემის მოძებნაში დამეხმაროთ. მაქვს მისი ერთადერთი სურათი, რომელსაც გიგზავნით კიდეც. ვიმედოვნებ, რომ მასაც ენდომება ჩემი ნახვა და გაცნობა.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ამა წლის აგვისტოში დაიბეჭდა ჩვენს რუბრიკაში. საბედნიეროდ, ვიაჩესლავის მამა ნაპოვნია, მასთან ერთად კი ჩემს სტატიას გამოეხმაურა „დაკარგული“ ვაჟა კურტანიძის შვილი, 34 წლის ზურა კურტანიძე. ერთი სიტყვით, თუ რით და როგორ დასრულდა ეს ისტორია, მკითხველი დღევანდელი სტატიიდან შეიტყობს.
ინტერვიუ ნაპოვნ 34 წლის ზურა კურტანიძესთან (ვაჟა კურტანიძის შვილთან):
– ზურა, თქვენ პირველი გამომეხმაურეთ და მითხარით, რომ, ვისაც ეძებდნენ, ის კაცი მამათქვენია. გვიამბეთ, რა რეაქცია გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ მამას რუსეთში შვილი ჰყავს?
– ჩემმა მეგობრებმა სრულიად შემთხვევით წაიკითხეს თქვენის ტატია და, რა თქმა უნდა, მაშინვე იცნეს მამაჩემი ფოტოდან. იმ დღესვე დამირეკა დედამ ლაგოდეხიდან და მითხრა, რომ დაგკავშირებოდით. ერთი სიტყვით, მთელ ოჯახს ძალიან გაგვიხარდა ვიაჩესლავის გამოჩენა, რადგან, ჩვენც ვეძებდით მას, მაგრამ, წლების განმავლობაში ვერაფრით ვერ ვპოულოდით. რომ არა თქვენ და თქვენი რუბრიკა, ჩვენ ერთმანეთს, ალბათ, ვერც ვიპოვიდით. მამაჩემს არასდროს დაუმალავს, რომ ლენინგრადში მას შვილი ჰყავდა. მე მყავს კიდევ ერთი ძმა და ერთი და, სამივეს ერთნაირად გვიხარია ვიაჩესლავის გამოჩენა ჩვენს ცხოვრებაში. მას შემდეგ, რაც ერთმანეთს დავუკავშირდით, ჩვენ ვიაჩესლავი საქართველოში მოვიპატიჟეთ. ამჟამად ჩემი მშობლები ლაგოდეხში ცხოვრობენ, თავად მე კი რუსეთში ვარ. იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში ჩვენ შევხვდებით და პირადადაც გავიცნობთ ვიაჩესლავს. მიუხედავად იმისა, რომ ის არასდროს გვინახავს, მის მიმართ გარკვეული სიმპათიაც კი გაგვაჩნია – ის ხომ ჩვენი სისხლი და ხორცია. მასთან საუბრიდან გაირკვა, რომ ისიც ძალიან ბედნიერია, რომ გვიპოვა, განსაკუთრებულად კი მოხარულია იმით, რომ მამის ოჯახმა (ანუ ჩვენ) ასე კარგად მივიღეთ.
– მამათქვენს რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც გაიგო, რომ მას სანკტ-პეტერბურგში მცხოვრები შვილი ეძებდა?
– სიტყვებით რთული გადმოსაცემია, მამა ძალიან ბედნიერი იყო. წარმოიდგინეთ, ორმოცდახუთი წუთი ველაპარაკებოდით ტელეფონით ვიაჩესლავს. როგორც გითხარით, მას ჩვენც ვეძებდით და ძველ მისამართზე უშედეგოდ ვუგზავნიდით წერილებს. აღმოჩნდა, რომ ვიაჩესლავსაც სულ უნდოდა ჩვენი, უფრო სწორად კი, ვაჟას პოვნა. ბოლოს მას ეს ნაბიჯი მისმა მეუღლემ, სვეტლანა კალანდაროვამ გადაადგმევინა, რომელმაც პირველმა გააკეთა განაცხადი სამძებრო საიტზე და შემდეგ თქვენი დახმარებით ყველაფერი ასე კარგად დაგვირგვინდა.
ჩვენ ვიაჩესლავი თავის ოჯახთან ერთად დავპატიჟეთ საქართველოში და ის დაგვპირდა, რომ ზაფხულში ან გაზაფხულზე გვესტუმრება. ჩემს ბიჭს, რომელიც ამჟამად 8 წლისაა, ისე გაუხარდა ვიაჩესლავის პოვნა, რომ ლამის მთელს უბანს მოსდო, მამიკომ ძმა იპოვაო. ლუკას სიტყვებს ბევრი არ უჯერებდა და მერე მე მეკითხებოდნენ, რა ხდება, ვინ იპოვეთო. ერთი სიტყვით, ჩვენს ოჯახში დიდი სიხარულია. მადლობა თქვენ ამისთვის.
ინტერვიუ ვიაჩესლავთან (ვინც მამას ეძებდა):
– თქვენ როგორი რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ მამა ნაპოვნია და თქვენთან დაკავშირება მხოლოდ მას კი არა, მთელ მის ოჯახს უნდა?
– ძალიან გამიხარდა და თქვენი დიდი მადლობელი ვარ ამისთვის. მამის პოვნა ძალიან მინდოდა, მაგრამ, პირველ ნაბიჯს ვერ ვდგამდი და ამაში ჩემი მეუღლე დამეხმარა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ისტორია ასე მალე და ასე კარგად დამთავრდებოდა. დიდი მადლობა თქვენ და მთელ თქვენს რედაქციას. ის, რასაც თქვენ აკეთებთ და რა საქმესაც უძღვებით, დიდი საგანძურია. მე ყოველთვის მახსოვდა, რომ ქართველი ვარ, ეს ერთი წამითაც არ დამვიწყებია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში გავიზარდე და მამა პატარაობიდან არ მინახავს. ყოველთვის მჯეროდა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვნახავდი ჩემს სამშობლოს. მე და მამა იმიტომ დავშორდით ერთმანეთს, რომ ჩემი მშობლები დაშორდნენ – ასე დაიკარგა ჩვენ შორის კავშირი. ახლა კი ვხვდები, რომ ამდენი წლის განმავლობაში ეს უსასრულო ლოდინი ღირდა იმად, რომ მეპოვა ამდენი საყვარელი ადამიანი ერთად. ბედნიერი ვარ, რადგან, მყავს ნახევარდაძმები. ჩემს დიდ ოჯახს მომავალ წელს (გაზაფხულზე ან ზაფხულში) აუცილებლად ვნახავ, ამჟამად კი ჩვენ სატელეფონო და ინტერნეტკავშირი გვაქვს ერთმანეთთან.
თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.