კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაიტანა მარინა ბერიძემ ცხოვრების რთული პერიოდი და ვისი ზმუილი არ აძინებს მას გამთენიისას

მარინა ბერიძეს ცხოვრების ახალი ეტაპი აქვს – მას შემდეგ, რაც აქტიურ ასპარეზს ჩამოშორდა და მასთან ერთად პიკზე მიატოვა წარსული, სიმშვიდეს  ბევრი არაფერი ურღვევს. ცოტა ალცჰაიმერი „დაიხმარა”,  ცოტაც – საკუთარი ძლიერი ხასიათი და, უკვე თაროებთან ერთად,  რომელზეც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი შემოაწყო, საკუთარი თეზისებიც აქვს – საკუთარ თავზე გავლილი და გამოცდილი.   

მარინა ბერიძე: როდესაც  „რუსთავი 2-დან”, კერძოდ კი,  ნიკა გვარამიასგან  შემოთავაზება მივიღე, ეს  ჩემთვის აღმოჩნდა ძალიან მიმზიდველი და დროული და უყოყმანოდ დავთანხმდი.  ტელევიზია ჩემთვის უცხო ხომ არ იყო, მაგრამ, ტელეწამყვანის ამპლუა ნამდვილად იყო ახალი.  ძალიან მიხარია, რომ მოვხვდი  „ახალი შუადღის” ძალიან კარგ გუნდში.  მე აღარ დავბრუნდებოდი იქ, სადაც ვმუშაობდი; აღარ დავბრუნდებოდი კონკურსებში; აღარ ვიქნებოდი მუსიკალური პროდიუსერი, როგორც იყო წლების განმავლობაში.  ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის ეტაპი, რომელიც მთავრდება და უკან აღარ უნდა მიუბრუნდე. ჩემთვის ეს ეტაპი დასრულდა პიკზე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როგორც კი იგრძნობ, რომ პიკზე ხარ და იწყება ვიღაცეების  გაუთავებელი, დაუმსახურებელი ლანძღვა, თავად უნდა დასვა წერტილი.  ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ დამთავრდა ერთად.  მოვიდა დრო, რომ მე მაყურებლის გარდა არავინ მყავდეს ზედამხედველი.  დღეს ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მომწონს – მე ვარ წამყვანი „ახალ შუადღეში”, მაქვს მოკრძალებული როლი და  მხოლოდ და მხოლოდ  ერთი მიზანი – წარვადგინო ნიჭიერი  ადამიანები.  არ ვარ ჩაკეტილი არც ესტრადაში, არც კლასიკაში, ნებისმიერი ჟანრის მუსიკოსებთან მაქვს ურთიერთობა; უფრო ახალგაზრდებს ვლობირებ, თუმცა, დიდი პატივისცემით ვარ ღვაწლმოსილი, გამოცდილი  მუსიკოსების მიმართაც.  ახლა ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ვერავინ ვეღარ იტყვის, თითქოს მე სადმე ვინმეს ვბლოკავ. მე ვმუშაობ კერძო ტელევიზიაში, მაქვს ჩემი რუბრიკა და ძალიან დიდი ბოდიში, თუ ვინმე იქ ვერ მოხვდება.  „დაბლოკილ-გადაბლოკილებმა” გამართონ კონცერტები, გაყიდონ ბილეთები,  გადაავსონ, ბატონო, საკონცერტო დარბაზები, ა, ბურთი! ა, მოედანი! 
– მუდმივად ორ-სამ სამსახურში იყავით, ეს ერთადერთი საქმეა, რასაც დღეს აკეთებთ?
– მე მაქვს სტუდია „ანა-ბანა”, რომელსაც ეს წლები  ჩემი შვილი უძღვებოდა. მე, ინტერესთა კონფლიქტიდან გამომდინარე, მიგდებული მქონდა ეს საქმე,  ახლა კი მოვიცლი ჩემი სტუდიისთვის, ძალიან დიდი გეგმები მაქვს.  ამ სტუდიამ ბევრ ნიჭიერ ბავშვს გაუხსნა გზა მომავალში და ეს ტრადიცია გაგრძელდება.  მიყვარს ივენთების კეთება, რისი უფლებაც  ასევე არ მქონდა და ახლა ამ მხრივაც თავისუფალი ვიქნები.  მიხარია, რომ არავისთან და არაფერთან  აღარ იკვეთება ჩემი ინტერესები.  მაშინ ვერ ვგრძნობდი, რამხელა ტვირთია საჯარო სამსახური ჩემნაირი ადამიანისთვის. ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, რომ ეს ტვირთი მოვიხსენი და ვარ თავისუფალი – ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა, თუმცა, ისიც  ვიცი, რაც არის ნამდვილი ბედნიერება.  მე მაინც ძნელად  ვიტან ჩარჩოში ყოფნას. ახლა უკვე კარგად ვიცი  დავიმახსოვრე და არასდროს აღარ შემეშლება, რომ თანამშრომელი არის თანამშრომელი და არა შვილი. მე ხომ ვგიჟდებოდი, რომ უნდა „მეშვილა” ხალხი; თურმე, ყველას თავისი დედა ჰყავს და სულ არ მოსწონს შენი „დედობა.” მარინა ბერიძე რომ  სამინისტროში გყავს და  მთელ დღეს ისე გაატარებს, რომ არავინ დაუძახებს, ეს ნიშნავს, რომ იქ არავის სჭირდება. მხოლოდ პროექტებზე ხელის მოწერა არ იყო ჩემთვის საინტერესო; ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა  ხელიდან მივდიოდი. მე მიყვარს, როცა ვიღაცას ვჭირდები. იმათაც მოისვენეს და მეც. დავიღალე ამ გაუთავებელი  ლანძღვა-გინებით. არასდროს „გამარჯობას” არ ვეტყვი იმათ, ვინც გამოვიდა ტელევიზიით და მე მლანძღა. ისინი ჩემთვის არ არსებობენ. მე ხომ ვარ უნიჭო, არაფრის მაქნისი, არაპროფესიონალი, ბოროტი, მექრთამე, „მამაშა”... სულ ვამბობდი, რომ მხოლოდ ორი რამ ვერ დამაბრალეს. მექრთამე რომ ვყოფილიყავი, ორი წელი სამინისტროში ვინ გამაჩერებდა? მეგონა, ჩემს  ყოფაქცევასაც არავინ შეხებია და, თურმე, აქაც ვცდებოდი –  ყველაფერი თქვეს და იკადრეს,  რაც შეიძლებოდა და რაც არა.
– როგორ ფიქრობთ, რატომ იყავით მუდმივად ხმაურიანი ისტორიების ეპიცენტრში?
–  არ ვიცი. მე, თურმე, ბევრ რამეს  ვერ მივხვდი ბოლო წლებში.  ისე ვიმუშავე 25 წელი კონსერვატორიაში, არასდროს მყოლია შემოჩენილი მტერი, ისინი მერე და მერე გაჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში. მე ვიცი, რომ ხისტი ხასიატი მაქვს, მაგრამ, ამდენი გაბრაზებული და დაბოღმილი ადამიანის „სამიზნე” თუ გავხდებოდი, ვერ  წარმოვიდგენდი. ვერ მოვკვდი, თორემ, რა აღარ სცადეს!.. აღარ დარჩა ადამიანი, ვინც არ მომატყუა (იცინის), მაგრამ, რა ვქნა? ესაა თურმე ცხოვრება.  უკან არ ვიყურები. ვხუმრობ, რომ რაღაც ეტაპის ალცჰაიმერი დამემართა (იცინის). გასაშვები ყველა უნდა გაუშვა, ოღონდ, თუ შენ დაჯექი საღამოს სავარძელში და დაიწყე ფიქრი წარსულზე, იქ დაღუპული ხარ, აღარაა შენი საშველი. მე შემიძლია, თეზისებად ჩამოვუყალიბო ადამიანებს, როგორ უნდა გამოვიდნენ რთული სიტუაციებიდან. საკუთარი თავის მაშველი რგოლი მხოლოდ თავად ხარ. ვერავინ მეტყვის, რომ ამ მდგომარეობიდან ვინმემ გამომიყვანა, მე თვითონ  მოვნახე ის, რაც მახარებს, და, თან,  მკაცრი „სასჯელიც”  გამოვუტანე საკუთარ თავს – ან გამოვიდოდი ამ მდგომარეობიდან, ან გავხდებოდი სანიმუშო ბებია და დღეს ამ როლს კარგად ვითავსებ.  დილით ისე ადრე ვდგებოდი, ისე ჩქარ-ჩქარა გადიოდა დილაც, დღეც, ახლა ეს რიტმი აღარაა ისე გადარეული.  მარტო ქალის ცხოვრებამ ბევრი ახალი ჩვევა გამიჩინა, უფრო მეტი ფიქრი დავიწყე  და ამ ფიქრებთან აღარ ვარ მარტო. საღამოს, როცა მარტო ვრჩები, როიალთან ვჯდები და ვუკრავ, თუმცა, დროის დიდ ნაწილს სახლში მაინც არ ვატარებ. სტუდენტივით ვცხოვრობ: არ ვაკეთებ სადილს, რასაც ჩემი ახლობლები აპროტესტებენ და თავს იმით ვიმართლებ, არ მაქვს კარგი სამზარეულო-მეთქი;  სამაგიეროდ, მაქვს „მიკროვალნოვკა” – გავაცხელე და მორჩა, გაზს საერთოდ აღარ ვანთებ. აღმოჩნდა, რომ ძალიან ეკონომიური ქალი ვარ – აღარც გაზის გადასახადი მომდის და აღარც შუქის (იცინის).    
– შვილიშვილებთან ახლოს, ახალ და ლამაზ სახლშიც დასახლდით.
– მათთან ახლოს რომ მეცხოვრა, ამაზე ჩემმა შვილმა იზრუნა, მაშინ კი არც მაინტერესებდა, სად მივდიოდი საცხოვრებლად. კარგი სახლია, მაგრამ, მე ძველი მერჩია: იქ იყო მეზობელი – სედა, იყო რიტა, იყო პატარა მარკეტი, რომლის გამყიდველსაც ვურეკავდი და სიგარეტი მოჰქონდა ჩემთან. სოლოლაკს კიდევ სხვა ხიბლი აქვს, ის სახლი ისე  მიყვარდა, რომ, გამიჭირდა მასთან შელევა, იმ სახლზეც ალცჰაიმერი დამემართა (იცინის). იმ სახლში დავიბადე და გავიზარდე, ის იყო ჩემი მშობლების სახლი, იქ მქონდა ჩემი კედლები, ყველაფერი ჩემი იყო. იქიდან წამოვიღე სულ რამდენიმე ნივთი: ჩემი როიალი,  ძველებური კარადა და ტახტი – ამ ნივთებს ვერ შეველიე. დათო დოიაშვილმა იხუმრა: ახალ სახლში სოლოლაკის მოკლე შინაარსი გააკეთაო. მე ფანტაზია კარგად მაქვს განვითარებული. როცა ამ სახლში პირველად დავიწყე მარტო ცხოვრება, საკუთარ თავს ისეთ განწყობას ვუქმნიდი, ვითომ სასტუმროში ვიყავი; ვთამაშობდი საკუთარ თავთან, რომ ვცხოვრობდი სხვა ქალაქში და არასდროს  მენახა ეს ხედი. ჩემი ძველი სახლიდან ჩანდა ფუნიკულიორი და ბოტანიკური ბაღი, აქედან კი ჩანს ზოოპარკი. მერე რა, თუ ღამის სიმყუდროვეს გამთენიისას მირღვევენ ცხოველები, მათი ყმუილი და ზმუილი; დამიჯერეთ, ეს კეთილი ცხოველები ბევრ ადამიანს სჯობიან. ცხოველთა ხმაურს  ჩიტების ჭიკჭიკიც მოჰყვება. მერე დაიწყეს ღამეული სტუმრობები ჩემმა მეგობრებმა – დოიმ, ნიკამ, ზვიად ბოლქვაძემ; მერე მოემატნენ ახალგაზრდები და, მივხვდი, რომ გაცოცხლდა ჩემი სახლი, იქცა ბუდედ საინტერესო და ნიჭიერი მუსიკოსებისთვის, ჩემი მეგობრებისთვის, რომლებიც დამრჩნენ და ისინი ბევრნი არ არიან. ლუსტრაცია კარგი რამაა – ბოლოს გრჩება ის, ვინც ნამდვილად შენია. ლუსტრაციების ბევრი ეტაპი გავიარე, მათ შორის – მთავრობების გამოცვლით. ჩემს ცხოვრებაში არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ, თუმცა, ახლა არც ესაა ჩემი სადარდებელი – ვისაც რომელი უნდა, იმ პარტიას მიმაკუთვნოს, ეს არაფერს ცვლის. მე გავიარე  ხალხის ცვლა დარბაზებში, რაც  ძალიან სასაცილოა.  მუსიკა ისეთი რამაა, მან სულ უნდა იაროს დარბაზში, ჩვენთან კი მთავრობის ყოველ ცვლაზე იცვლება დარბაზიც.
– დღეს ამ „დარბაზებში” თქვენც გეპატიჟებიან?
–  სამთავრობო ღონისძიებებზე არა, თუმცა, როცა ჩემი მეგობრები აწყობენ კონცერტებს, იქ, რა თქმა უნდა, ვარ. უფრო და უფრო ხშირად ვჩანვარ კონსერვატორიაში – იქ დავბრუნდი, საიდანაც ჩემი გზა დაიწყო, თუმცა, კონსერვატორიაზე არასდროს მითქვამს უარი. ბოლო წლებში ისე გადავაფასე ყველაფერი, სიტყვებიც კი აღარ დამრჩა ლექსიკონში. მე იმ ასაკში ვარ, უკვე შეიძლება, გადახარშო ბევრი რამ, თუმცა, წლების გამო  იმის განცდა ნამდვილად არ  მაქვს, რომ, დავბერდი და  როგორ გამოვიყურები ტელეეკრანზე; რომ აუცილებლად უნდა გავიკეთო ბოტოქსი და პლასტიკური ოპერაციები. არა! კოსმეტოლოგთანაც კი არ დავდივარ. როცა ფული მქონდა, დრო არ მქონდა; როცა დრო მაქვს, ფული არ მაქვს, მაგრამ, არც ესაა პრობლემა (იცინის). მე ის ქალი ვარ, ვინც გიჟდება, თაროებზე დადოს ყველაფერი – ჯერ ბავშვი უნდა გამეზარდა, მერე ის გამეკეთებინა, მერე – ეს. პრაგმატული ადამიანი ვარ, მენეჯმენტი ვიცი, მაგრამ, მთავარი მენეჯმენტი – ცხოვრების მენეჯმენტი მეშლებოდა თურმე, თუმცა, არა უშავრს, ცხოვრება გრძელდება და, მგონია, რომ თავგადასავლები კიდევ იქნება.

скачать dle 11.3