როგორ აწამებენ არაბი შეიხების ცოლები ერთმანეთის შვილებს და როგორ გადაურჩა ქართველი ბიჭი იემენში დახვრეტას
ცოტა რამ არაბული ქვეყნების ტრადიციების ცხოვრების შესახებ.
„1001 ღამის“ თანამედროვე რეალობა და ერთი ქართველის თავს გადახდენილი სიყვარულის ისტორია, რომელიც ქვეყნიდან გაძევებით დასრულდა.
– ბევრი საინტერესო ისტორია გაქვს მოსაყოლი და, როგორც დაგპირდი, სახელ-გვარის გარეშე ჩავწერთ ინტერვიუს. რომელ ქვეყანაში იყავი და რა მისიით?
– 2007 წელს სამუშაოდ იემენის რესპუბლიკაში წავედი. ეს არის ღრმა არაბული სახელმწიფო, თავისი უმკაცრესი რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობით, სადაც ტრადიციებს დღემდე უმკაცრესად იცავენ. მოსაზღვრე ქვეყნებია: ომანი, ეთიოპია და სომალი. სხვათა შორის, ჩემი იქ ყოფნის პერიოდში სომალელმა მეკობრეებმა ადენის ყურეში გემი დააკავეს, სადაც ქართველებიც იყვნენ და ჩვენი ტელევიზიები ხშირად აჩვენებდნენ ხოლმე ახალ ამბებში. ზოგადად, რთული რეგიონია. სხვათა შორის, ბინ ლადენი იემენში იმალებოდა ზუსტად ჩემი იქ ყოფნის პერიოდში. ამბობდნენ, მას პრეზიდენტი ალი აბდალაჰ სალეჰი მალავსო. გაოგნებული ვუსმენდი ადგილობრივებს, როცა ბინ ლადენზე და მის დაჯგუფებაზე როგორც გმირებზე, ისე მელაპარაკებოდნენ. ერთხელ ვთქვი, ჩემს ქვეყანაში ტერორისტებად ითვლებიან-მეთქი და, ცოტას გადავრჩი, არ მიმახვრიტეს.
– ანუ, ბინ ლადენი ტერორისტად არ მიაჩნიათ?
– ისინი ამბობენ, რომ ის გმირია; თან, ყველას არ აქვს პატივი, თვითმკვლელი კამიკაძე იყოს, რადგან, ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. სიტყვა „ტერორისტი” მათი ლექსიკონიდან ამოღებულია. მე მახსოვს, ერთ დილას გამოვედი ქუჩაში და მთელი ქალაქი აჭრელებული იყო ვიღაცის ფოტოებით. აღმოჩნდა, თვითმკვლელი, რომელმაც სადღაც თავი აიფეთქა და პლაკატები გააკრეს მისი გამოსახულებით, როგორც გმირის, რომ ყველას ენახა მისი სახე. პირველად რომ ჩავედი და იარაღგადაკიდებული ბავშვები დავინახე, ვიფიქრე, სათამაშო თოფებია-მეთქი. თავიდან ძალიან დაძაბული ვიყავი, მაგრამ, მერე „ფესვები გავიდგი”. მართალია, ადგილობრივის იერი არ მქონდა, თუმცა, თავისიანად აღმიქვამდნენ და არაბულად მიწყებდნენ საუბარს.
– როგორ გაუძელი ერთი წელი ასეთ გარემოს?
– თავიდან მიჭირდა, მაგრამ მერე მივეჩვიე, ადვილად ავუწყვე ფეხი მათ ცხოვრებას – ვიცვამდი მათ ნაციონალურ ტანსაცმელს, ვღეჭავდი ნარკოტიკს, რომელიც ამ ქვეყანაში ნარკოტიკად არ ითვლება. სხვათა შორის, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეს მცენარე ხარობს და ნარკოტიკთა სიაში არ შედის; ის კი არა, არასრულწლოვანებისთვისაც დაშვებულია.
– მახსოვს, ადრე ამბობდი, ტერორისტებთანაც ვმეგობრობდიო, ეს სიმართლეა?
– პირობითად, მე ყველას „ტერორისტს” ვეძახდი. ერთი მეგობარი მყავდა, ოსამა ერქვა და, შესაბამისად, „ბინ ლადენი” შევარქვი. ტელეფონშიც, მისი ნომერი ოსამა ბინ ლადენის სახელით მაქვს შეყვანილი. მაგრამ, იემენელებიდან, ვისთანაც ვმეგობრობდი, ზოგი უბნის მაყურებელი იყო, ზოგი – ქალაქის, აი, ჩვენში „შავებს” რომ ეძახიან, ისეთები, ოღონდ, შეიხის შვილები და სერიოზული, გავლენიანი ხალხი იყო, ვიღაც პაცნები კი არა.
– ეს შეიხები რა ფენომენია? ამბობენ, რომ ზოგი მათხოვარს ჰგავსო...
– დიახ, მართალია. ყოველ შემთხვევაში, იემენში ვერც ერთს ვერ შეატყობ, რომ შეიხია. მე ვცხოვრობდი შეიხის სასახლის გვერდით. ადამიანი, რომელსაც სალამს ვეუბნებოდი და ზოგჯერ ვლაპარაკობდით კიდეც, სასახლის მოჯამაგირე მეგონა, სანამ მისი ერთ-ერთი ცოლი არ გავიცანი. სუპერმარკეტში, სრულიად მოულოდნელად, ვიღაც გოგოს ჩემი პიჯაკი მოეწონა და მკითხა, სად იყიდეო. გავიმარიაჟე – დიზაინერი ვარ და ჩემი შეკერილია-მეთქი და, იმ ჩადრში დავინახე, თვალები როგორ გაუბრწყინდა. ამ ქალმა მითხრა, ჩემი ქმარი ამ უბნის შეიხიაო და, მთხოვა, მისთვის სტილი შემერჩია და ტანსაცმელი შემეკერა.
– ტყუილში გამოგიჭირეს?
– ქართველი რისი ქართველია, ვინმემ ტყუილში გამოიჭიროს?! მე იმან უფრო შემაშინა, რომ, ქალებს, როგორც წესი, აკრძალული აქვთ კაცთან საუბარი, მით უმეტეს – უცხოელთან და სახალხოდ. მაგრამ ჩემი მეზობელი აღმოჩნდა და, გავყევი სახლში. სანამ მივედით, გადარეკა და გავიგე, როგორ უთხრა – ქართველი დიზაინერი მომყავსო და, უფრო „დავიზმენდი”, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ეს „მოჯამაგირე” აღმოჩნდა შეიხი. მეორე დღეს მდიდრების „შოპინგ მოლში“ წავედით, ვაყიდვინე ყველაფერი, რაც კი მომეწონა; ჩემთვისაც შემარჩევინა ბრენდული ტანსაცმელი და მიყიდა, 500 დოლარიც გადამიხადა და ამის შემდეგ, პერიოდულად, გარდერობის განახლებაში ვეხმარებოდი ხოლმე.
– შეიხებს რამდენი ცოლის ყოლის უფლება აქვთ?
– შეიხებს კი არა, ნებისმიერს შეუძლია ოთხი ცოლი ჰყავდეს, მაგრამ, მრავალცოლიანობა ფინანსებზეა დამოკიდებული, ამიტომ, ბევრი ცოლი მხოლოდ მდიდრებს ჰყავთ. შეიხი – წოდებაა, რომელსაც ადამიანი მემკვიდრეობით იღებს ან სახელმწიფო ანიჭებს, ანუ, ჩვენს ენაზე, ბატონია. ოღონდ, ოთხი ცოლის ერთ სახლში ცხოვრება – ეს არის „მეორედ მოსვლა”. ცოლები ერთმანეთს რომ ამწარებენ, გასაკვირი არ არის, მაგრამ, ერთმანეთის შვილებს ხან ადუღებულ ჩაის ასხამენ და ფუფქავენ, ხან ცემაში ხდიან სულს. ეს გოგო, რომელიც გავიცანი, მეოთხე ცოლი იყო, თან, ყველაზე ახალგაზრდა – 29 წლის და, ისეთებს ყვებოდა, თვალები შუბლზე ამდიოდა.
– სექსის პრობლემა თუ არის ასეთ ჩაკეტილ ქვეყნებში?
– პირველ ხანებში – ფანტაზიითა და მარჯვე ხელებით „ვშრომობდი”, მაგრამ, მერე ჩვეულებრივი „1001 ღამე“ იყო. ამგვარ ქვეყნებში ისეთი გართობაა, თვით კაზანოვასა და ეკატერინეს შეშურდებოდათ, ოღონდ, „შებმის” მაგარი მეთოდი აქვთ, რომლის დამკვიდრება საქართველოში ვცადე, მაგრამ, არ გამომივიდა: ბლუთუსზე უთითებ ნომერსა და სქესის ნიშანს – m ან f, ანუ, კაცი ხარ თუ ქალი; როცა „სერჩავ”, ავტომატურად გიგდებს კონტაქტს; მერე უგზავნი შენს სურათს და ასე იწყება რომანი.
– ქორწინების ტრადიცია როგორი აქვთ?
– ეს მთელი რიტუალია. ქორწილს ცალ-ცალკე იხდიან, ისე, რომ ერთმანეთი ნანახიც არ ჰყავთ; გოგო ცალკე ზეიმობს, ბიჭი – ცალკე, მაგრამ, ქორწილამდე დიდი და რთული გზაა გასავლელი. ალბათ, ყველამ იცის, რომ არაბულ ქვეყნებში ცოლს ოფიციალურად ყიდულობენ, ოღონდ, გააჩნია კაცის შესაძლებლობებს და ქალი რამდენად არის ნაჭამ-ნასვამი. თუ ქალს კარგი ოჯახი აქვს და კარგად არის გაზრდილი, უფრო მეტი ფასი აქვს, თუმცა, მოსახლეობის უმრავლესობას ვალებით მოჰყავთ ცოლები. საბანკო სისტემის განვითარებასთან ერთად, ალბათ, ცოლები უკვე განვადებითაც არის. ვხუმრობ, მაგრამ, ბევრი მართლა ნასესხები ფულით ყიდულობს ცოლს და ყიდვა მთელი შემოქმედებითი პროცესია, როცა ბიჭის მშობლები მიდიან გოგოს მშობლებთან და იწყება ვაჭრობა. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ, შეიძლება, ვაჭრობა მიდიოდეს ისე, რომ გოგო არც ბიჭს და არც მის ოჯახს ნანახი არ ჰყავდეს და წუნი სახლში მიყვანის შემდეგ აღმოუჩინონ. თუკი ბიჭის დედა მოისურვებს, გოგო ძაძების გარეშე ნახოს, ეს ცალკე გადასახადია და, ვისაც „შემოწმების” ფული არ აქვს, ხშირად მოტყუებულიც რჩება, რადგან, გაყიდულ ქალს უკან აღარ იბრუნებენ.
– ამ ყველაფერს სერიოზულად ყვები თუ ხუმრობ?
– როცა მიყვებოდნენ, რა როგორ ხდება, მეც შეჰერაზადას ზღაპრები მეგონა, მაგრამ, სრული სიმართლეა. მაგალითად, მდიდრები აქლემებით აფასებენ თავიანთ ქალიშვილებს. იშვიათია, მაგრამ, არის შემთხვევები, რომ 4-5 აქლემად შეუფასებია ოჯახს ქალიშვილი და გაუყიდია კიდეც, ანუ, გააჩნია „ნავაროტკებს“ (იცინის) – რამდენი ენა იცის, რა განათლება აქვს, როგორი აღნაგობის არის, რამდენად ჯიშიანია და შეუძლია თუ არა ბევრი შვილის გაჩენა და ასე შემდეგ...
– აქლემი შეფასების უმაღლესი კრიტერიუმია?
– არის აქლემები, რომლებიც 20 ათასიდან 80 ათასამდე ღირს გარიგების პირობებში ქეციანი აქლემები არ იგულისხმება და, რაც მთავარია, შეიძლება ისე შედგეს პირველი ღამე, რომ ბიჭს სახეც არ აჩვენოს გოგომ. მეორე დღეს მხოლოდ დედამთილს აქვს უფლება, სახეზე შეხედოს რძალს და მხოლოდ მესამე დღეს ხდება ჩადრის მოხსნა ოჯახის უფროსისთვის, ანუ მამამთილისთვის.
– საინტერესოა, შეყვარებულობის პერიოდი როგორია, ან, ბიჭს როგორ უყვარდება, თუკი სახეც არ იცის, როგორი აქვს?
– თვალებით და ინტუიციით უყვარდებათ. ის კი არა, მეც შეყვარებული ვიყავი გოგოზე, რომლის სახე არასდროს მენახა და, ამ სიყვარულმა ისეთი პრობლემები შემიქმნა, რომ გამოსაქცევად გამიხდა საქმე. რაც მქონდა, ყველაფერი მივატოვე და ქვეყნიდან გამომაპარეს.
– ოჯახმა გაიგო თქვენი ურთიერთობის შესახებ?
– ჩვენ სექსი კი არა, კოცნითაც არ გვიკოცნია ერთმანეთისთვის, პლატონურად მიყვარდა და არც ის იყო გულგრილი ჩემ მიმართ, მაგრამ, ვიღაცამ ცუდად მიუტანა ამბავი მამამისს. ოღონდ, მამა არ იყო უბრალოდ მდიდარი მამა, ზემდიდარი, თან, ძალიან ცნობილი ოჯახი იყო. გამიმართლა, რომ კარგი სანაცნობო წრე მყავდა, რომლებიც ჩავრიე და არ მოაკვლევინეს ჩემი თავი, მაგრამ, 48 საათში ქვეყნის დატოვება და კომპანიის კონტრაქტის გაწყვეტა მომიწია, რის გამოც, ჯარიმის სახით, 5 000 დოლარი ჩამომაჭრეს ანგარიშიდან და ამის შემდე კომპანიამ არც ერთ პროექტზე აღარ დამასაქმა.