რატომ არ სჯერა ქართველების სიზარმაცისა და მექალთანეობის ლევან ყოჩიაშვილს და რატომ ვეღარ იქცევიან საქართველოში რაინდულად
სანიმუშო ქართველი მამაკაცის, შვილის, მეუღლის იმიჯი ხელის ერთი მოსმით გაანადგურა, როცა ცოლს „უღალატა“ და სრულიად საქართველოს ქალბატონების რისხვა დაიმსახურა... თუ მისი გმირი „ტიპურ“ ქართველობას „აწვება“ და „ღვინო, დუდუკი, ქალების“ სტერეოტიპს წარმატებით აგრძელებს, რეალურ ცხოვრებაში ლევან ყოჩიაშვილი ქართველი კაცის ბევრ უარყოფით თვისებას ხედავს... ბევრი რამ არ მოსწონს და დარწმუნებულია, რომ ქართველები ათეული წლების წინ გაცილებით უკეთესნი ვიყავით...
ლევან ყოჩიაშვილი: ვერ ვიტყვი, რომ ქართველები ვინმეზე ბევრად ცუდები ან ბევრად კარგები ვართ. ვფიქრობ, რაიმე იშვიათი განსაკუთრებულობა არ გვახასიათებს. ქართველები ვართ – სულ ეს არის (იცინის).
– ანუ, გადაჭარბებული წარმოდგენა საკუთარ ქართველობაზე არ უნდა გვქონდეს?
– დიახ. ამას ვგულისხმობდი. თუმცა, ნამდვილად გვქონდა რაღაც ღირსება, რაც დღეს დაიკარგა და მხოლოდ „ქართველები ყველაზე მაგრები ვართ“ ძახილით, ბევრი რამ გავაფუჭეთ. კარგი თვისებების, კარგი ტრადიციების აზრი და ფორმა შეიცვალა ცუდისკენ. ეს სამწუხარო რეალობაა, რასაც თვალებში უნდა ჩავხედოთ.
– მაგალითად, ქართველები ვართ „მაგარი ტიპები“ – უდარდელები, ხელგაშლილები... ვამბობთ მაგარ სადღეგრძელოებს...
– ვერ ვხვდები, რატომ უნდა იყოს ასე და რა არის ამაში საამაყო (იცინის). მე არ მჯერა, რომ ჩვენი წინაპრები უდარდელად სვამდნენ სამშობლოს სიყვარულის სადღეგრძელოს და არაფერს აკეთებდნენ. მაშინ აქამდე ქვეყანა ვერ მოვიდოდა. მით უმეტეს, თუ ჩვენს ისტორიას გავითვალისწინებთ. სულ მგონია, რომ ვიღაცას ძალიან დასჭირდა, რომ ქართველებს საკუთარ თავზე ასეთი წარმოდგენა შექმნოდათ. წარმოიდგინეთ, მეომარ ქართველს, სულ რომ ხმალი ეჭირა ხელში, მექალთანეობისა და სიზარმაცის დრო ექნებოდა?! თავად განსაჯეთ, შეეფერება თუ არა ეს რეალობას. მე პირიქით გეტყვით – ქართველს ყოველთვის გამოარჩევდა სიტყვა-პასუხი და ქალისადმი რაინდული დამოკიდებულება, მისი პატივისცემა. დღეს მე ამას ვერ ვხედავ. ხანდახან მამაკაცები ისე იქცევიან, მე მრცხვენია მათ მაგივრად. ნამდვილად არ ეკადრება არც ერთ კაცს ქალისადმი ასეთი დამოკიდებულება.
– სულერთია, ქალი როგორ იქცევა?
– სულერთია. ჯერ ერთი, განა როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომ მას ისე მოექცე, როგორც მამაკაცსაც კი – შენს სწორს, არ მოექცევი. ცუდი არაფერია იმაში, რომ ქალს დაუთმობ მაშინაც კი, როცა ის რაღაცას ისე ვერ აკეთებს, როგორც საჭიროა. ზედმეტიც რომ მოგივიდეს დათმობა და პატივისცემა, ამით მხოლოდ საკუთარ ღირსებას მატებ რაღაცას. ჩემთვის ქალის ზედმეტი პატივისცემა ბევრად მისასალმებელია, ვიდრე მისი დაჩაგვრა ან დამცირება. რა მოხდა, დათმე... რა დაგაკლდება ამით. ქალის თვალში რომ ღირსეულად გამოჩენილიყვნენ, მამაკაცები თავსაც კი იკლავდნენ, მათი გულისთვის.
– ანუ, ქარველი კაცი ღირსეულად აღარ იქცევა?
– არა. აღარ შვრებიან ამას, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა. რაც, ჩემი აზრით, სირცხვილია. ახლა, რაც შეეხება ქართველის სიზარმაცეს. ქართველობა სიზარმაცესთან არაფერ შუაშია. ადამიანები ზოგადად არიან ან ზარმაცები, ან შრომისმოყვარეები. ჩვენ რომ ზარმაცები ვყოფილიყავით – ერს ვგულისხმობ, აუცილებლად გადავშენდებოდით.
– შენი გმირი – დათო, ტიპური ქართველი მამაკაცია – ნაკლოვანებებისა და მახინჯი სტერეოტიპების სრული ნაკრები.
– (იცინის) ვაიმე, რატომ? არ არის ცუდი კაცი. კარგი მამაა, კარგი შვილია... კარგი მეზობელი და კარგი მეგობარი. ჰო, ცოლთან ნამდვილად შეეშალა, რაშიც არ ვეთანხმები. არც იმაში ვეთანხმები, რომ ქალმა არ უნდა იმუშაოს. რატომ აქვს ამაზე „გაჭედილი“, ვერ ვხვდები.
– იმიტომ, რომ ქართველი კაცების უმრავლესობას ცოლი უნდა „კუხნაში“.
– მერე რატომ, რატომ? მიეცი საშუალება ადამიანს, გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები, აკეთოს ის საქმე, რაც კარგად გამოსდის და კარიერაც გაიკეთოს, რატომაც არა?! შენ რაში უნდა შეგიშალოს ამან ხელი? ბოლოს და ბოლოს, მისმა მშობლებმა მისცეს განათლება, ჩადეს შვილში ინვესტიცია. არავის აქვს უფლება, მეორე ადამიანს საკუთარი თავის რეალიზება აუკრძალოს. ძალიან მეშლება ნერვები დათოზე, ცოლს მუშაობას რომ უშლის.
– საყვარელი რომ ჰყავდა, მაგაზე ძალიან არ აგშლია ნერვები?
– (იცინის) შეეშალა... ისე, მე მართლაც სტერეოტიპების „ბუკეტი“ გამოვდივარ. როგორ ჩამომეშალა ხუხულასავით იმიჯი?! მოქეიფე, კარგი მსმელი, კარგი მჭამელი... ცოლს მუშაობას ვუშლი, პლუს საყვარელიც მყავს... უჰ, ეს როგორ შეიძლება...
– ანუ, „რა მოხდა, კაცს თუ საყვარელი ჰყავს,“ არ მოსულა?
– არა, რა თქმა უნდა. როგორ შეიძლება ღალატი „მოსული“ იყოს. დაუშვებელია ყველანაირად. ნუ იქნები მაშინ მასთან და, რაც გინდა, ის აკეთე... მოკლედ, რა შემრჩა საბოლოოდ ხელში მას მერე, რაც გავარკვიეთ, რომ დათომ ყველაფერი იკადრა? (იცინის) კარგი შვილია თავისი მშობლების... რაც არ არის საკმარისი ქართველი ღირსეული მამაკაცისთვის...
– რომელსაც, თუ კაცია, აუცილებლად უნდა უყვარდეს ფეხბურთი...
– კიდევ ერთი „საშინელი“ ნაკლი მომიძებნეთ, ჰო? დასდევს საწყალ ბავშვს, მითხარი, რატომ არ გიყვარს ფეხბურთიო. რა თქმა უნდა, სისულელეა იმის მტკიცებაც, რომ თუ ქართველი ხარ, აუცილებლად უნდა გიყვარდეს ფეხბურთი.
– ლევან, რა გვაკლია ყველაზე მეტად, რაც, შენი აზრით, ჩვენც გვიშლის ხელს ქართველობაში და ქვეყანაც არ მიჰყავს წინ?
– ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობა და პასუხისმგებლობა გვაკლია ყველაზე მეტად. მე მაინც ეს ორი რამ მგონია ჩვენი კარგად არყოფნის მიზეზი. ჩვენ რომ ერთმანეთის გასაჭირი გვტკიოდეს, ჩვენ რომ ერთმანეთის გვესმოდეს, ჩვენ რომ ერთმანეთისა და ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა გვქონდეს, ამ პაწაწინა ქვეყანაში ამდენი ღარიბი და მშიერი ბავშვი არ იქნებოდა. არც პატიების უნარი გვაქვს. სულ ელემენტარულსაც კი, რაც შეიძლება, შენც დაგემართოს, არაფრით პატიობ სხვას. განა, რამდენი ვართ სულ... ან ჩვენი ქვეყანა რამხელაა... ოთხი დღე გეყოფა, რომ თავიდან ბოლომდე შემოუარო. სულ იმას გავიძახით, ცოტანი ვართ, ცოტანი ვართო და ეს ცოტანიც კი ვერ მოვრიგებულვართ ერთმანეთში. არადა, ამ სიცოტავეს უფრო უნდა შევეკარით და გავეერთიანებინეთ... რატომღაც ეს არ გამოგვდის. ერთმანეთს ანგარიშს არ ვუწევთ და იმიტომ. შეიძლება, სამშობლოც არ გვიყვარს ისე, როგორც უნდა გვიყვარდეს. საკმარისია, დააკვირდე, როგორ ვიქცევით ქუჩაში, რომ დარწმუნდეთ – ჩვენ ჩვენს ქვეყანას პატივს არ ვცემთ, არც საკუთარ ქართველობას, სამწუხაროდ.
კიდევ, რაც ძალიან მაწუხებს, ბილწსიტყვაობაა... ყველა სიტყვის შემდეგ... ყველა ფრაზაში, ისეთ რაღაცას გაიგონებ, კაცი ვარ და მრცხვენია. რა არის ეს, ვერ ვხვდები. შეიძლება, დაუსრულებლად, ყველგან და ყველასთან იგინებოდე? ქალთან, კაცთან, ბავშვთან... უფროსთან თუ უმცროსთან... მიზეზით თუ უმიზეზოდ... არადა, არ ვიყავით ქართველები უკულტუროები და უზრდელები... თბილები ვართ, მოსიყვარულეებიო, რომ გავიძახით, რაღაცაში ხომ უნდა გამოჩნდეს ეს?!