კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად დადის ხელთათმანებით და ნაგვის დიდი პარკებით ლევან ხარაშვილი და როგორ არის მის ოჯახში კონფლიქტების საქმე მოგვარებული

გადაცემა „ექიმების“ ერთ-ერთი წამყვანი, ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი უკვე წლებია, იაშვილის კლინიკაში ორ განყოფილებაში მუშაობს: გულმკერდისა და მუცლის ღრუს ქირურგიაში. მას ყველაზე საყვარელ არსებებთან, ბავშვებთან უწევს ურთიერთობა, რომელთა ჯანმრთელობაზე მუდმივად ზრუნავს.

– გადაცემაზე რომ იწყებდით მუშაობას, მაშინ თუ ფიქრობდით, რომ ასეთი წარმატებული და რეიტინგული იქნებოდა?
– რა თქმა უნდა, ველოდებოდით, რადგან ეს ამერიკული გადაცემის ანალოგია, რომელსაც „ემი“ აქვს მოგებული. ძალიან საინტერესო გადაცემაა და ამიტომაც გახდა, ალბათ, პოპულარული. მიზანი ზუსტად ის იყო, რომ მარტივ, ყველასთვის გასაგებ ენაზე გველაპარაკა ისეთ პრობლემებზე, რომლებიც აქტუალურია, ყველას აწუხებს, ოღონდ შეიძლება, არც დაფიქრებულან ამაზე. მაგალითად, ვისაუბრეთ ჯანსაღ კვებაზე, სკოლაში რომ მიდის ბავშვი, როგორ უნდა აარჩიონ ზურგჩანთა და ასე შემდეგ. ეს არის საინტერესო თემატიკა, რომელზეც არასდროს არავინ ლაპარაკობს, ან ლაპარაკობენ ექიმის კაბინეტში. როცა ექიმი ჭკვიანი სახით, თეთრი ხალათით გეუბნება: არ მოწიო სიგარეტი, მავნებელია – შეიძლება, ამას შედეგი არ მოჰყვეს. მაგრამ, როცა იგივე საკითხს სხვა სახით მიაწვდი, ისე, რომ პირველკლასელმა ბავშვმაც გაიგოს და თან, ამას ვიზუალიზაციაც ერთვის, როგორც ეს ჩვენი გადაცემის შემთხვევაშია, მაშინ უკვე გასაგები ხდება. მე მგონია, კარგი გადაცემაა, მომწონს.
– მეც მომწონს. ხშირად ექიმები პაციენტებს მართლაც მათთვის გაუგებას ენაზე ესაუბრებიან. თქვენს შემთხვევაში, როგორ არის საქმე?
– სამწუხაროდ, ბევრი ექიმი სამედიცინო ტერმინებით საუბრობს. ეს გასაგებიცაა, ხანდახან ჩვენც წამოგვცდება ხოლმე – ეს ჩვენთვის ნორმალურია. კოლეგების ერთმანეთთან საუბარი რომ მოისმინოთ, ვერ გაიგებთ, რაზე ვლაპარკობთ, ამიტომაც, როცა პაციენტს რაღაცას ვუხსნით, იქაც გაგვეპარება ხოლმე ასეთი ტერმინები. ალბათ, ჩვენ, ოთხივე ამ ნიშნითაც აგვარჩიეს გადაცემისთვის, რომ გასაგებ ენაზე ვსაუბრობთ. მე პედიატრი ვარ, ბავშვებთან მიწევს მუშაობა, ამიტომ მშობლებს ყველაფერს დეტალურად, დაწვრილებით ვუხსნი: საკვებიდან დაწყებული სხვა რაღაცით დამთავრებული. დღის განმავლობაში შეიძლება, ერთი და იგივე ძალიან ბევრჯერ გავიმეორო, ამიტომ გასაგებ ენაზე საუბარი არ არის ჩვენთვის რთული. თუმცა, ძალიან ვაკონტროლებთ თავს, რომ ტერმინებისგან თავი შევიკავოთ. როცა სერიოზულ დაავადებაზეა ლაპარაკი, მაგალითად, როგორიც არის მკერდის კიბო, იქ მხოლოდ პოპულარული ენით საუბარი გიძნელდება. მაგრამ მაინც ვაკონტროლებთ თავს.
– გადაცემაში აშკარად ბევრი იმპროვიზაციაა.
– იმპროვიზაცია არის, კი. დაახლოებითი მონაზახი გვაქვს, მაგრამ გადაცემის რეპეტიცია და ჩაწერა, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება. ჩემს სამივე კოლეგას იუმორის ძალიან კარგი გრძნობა აქვს.
– მეოთხეც არ უჩივის იუმორის გრძნობას. მახსოვს სერგიენკოსთან თქვენი დიალოგი.
– სერგიენკოსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვს და ამიტომაც გამოვიდა ასე კარგად. ჩვენი პროდიუსერები, მთლიანად ჯგუფი, მხიარული ხალხია და გვიადვილებენ შრომას. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის, ექიმებისთვის უცხო გარემოა. ჩემთვის მშობლიური გარემო საოპერაციო და მისი მიმდებარე ტერიტორიებია. ამიტომ, ცოტა გაგვიჭირდა. თუმცა, როგორც ამბობენ, ძალიან მალე ავუღეთ ალღო იმას, რაც თავის დროზე ბევრ გამოცდილ და ცნობილ ტელეწამყვანსა და მსახიობს გაუჭირდაო – ასეთ კომპლიმეტებს ვიმსახურებთ ხოლმე, გვანებივრებენ. სტიმული ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ხასიათიც, როგორც ჩანს, უკვე კარგად აქვთ შესწავლილი. სტიმული სულ არის: კარგები ხართ, ყოჩაღ, ყოჩაღ... – გვაქებენ, რომ არ მოგვწყინდეს, არ დავითრგუნოთ, გავაუმჯობესოთ ყველაფერი. თან, იმხელა ადრენალინის გამომყოფი საქმეა, არ მეგონა, თუ ასეთ აზარტში შევიდოდით.
– ვინც ტელევიზიაში მუშაობას იწყებს, მერე თავის ძირითად პროფესიას ღალატობს და იმედია, თქვენს შემთხვევაშიც ასე არ იქნება.
– არა, ჩვენს შემთხვევაში, ასე ნამდვილად არ იქნება და შემიძლია, ამის გარანტია მოგცეთ. ექიმები ვართ და როცა წლებია, ექიმად მუშაობ, ეს იმას ნიშნავს, რომ სამსახურზე ფანატიკურად ხარ შეყვარებული, სხვანაირად ექიმობას ვერ შეძლებ. ჩვენ გვიყვარს ჩვენი საქმე და სწორედ ამ საქმის სიყვარულმა გადაგვადგმევინა ის ნაბიჯი, რომ ამ პროექტში მიგვეღო მონაწილეობა და იქიდანაც გვეცადა, ჩვენი საქმე გაგვეკეთებინა.
– რამდენად მოულოდნელი იყო შემოთავაზება წამყვანად მუშაობაზე?
– ნამდვილად წამოუდგენელი იყო, რადგან ტელევიზიასთან მუშაობის არანაირი გამოცდილება არ მქონია. თავიდან ვიფიქრე: რა მინდა ტელევიზიაში-მეთქი, მაგრამ მერე ჩვენმა პროდიუსერმა, დუდა გელოვანმა მითხრა: ამ ლინკებს უყურე, ამერიკული ვარიანტის ლინკები მომცა, ცოტა დაფიქრდი და მერე გამეცი პასუხიო. რომ ვნახე, ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით კი გადაცემის მიზანი. ამიტომ, ბევრი აღარ მიფიქრია. ჩემს კოლეგებს, მასწავლებლებს, ყველას, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, დავეკითხე და პრინციპში, ყველამ ერთხმად მითხრა: უნდა წახვიდეო და არ ვნანობ, ეს რომ გავაკეთე.
– დროის დეფიციტი კიდევ უფრო გაგეზრდებოდათ.
– ისედაც ცოტა დრო გვაქვს თავისუფალი და კვირა საღამოც დავკარგე. ხშირად შაბათს მორიგე ვარ. ძალიან რთულია ოთხივეს ერთდროულად გვეცალოს. ოთხივე ქირურგები ვართ, სხვანაირი რეჟიმი გვაქვს, ამიტომ ჩვენს შეკრებაზე ძალიან წვალობენ. არის ისეთი შემთხვევები, როცა გამოძახებები გვაქვს. მიგვიტოვებია რეპეტიცია, წამოვსულვართ ოპერაციაზე ან რაღაც მანიპულაციაზე და მერე მივბრუნებულვათ. ეს ყველაფერი გათვალისწინებული აქვთ, იციან, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება, გასაქცევი გავხდეთ.
– ყველაზე დაუცველ, ფაქიზ და საყვარელ არსებებთან, ბავშვებთან გიწევთ მუშაობა. რატომ შეაჩერეთ არჩევანი მედიცინში ერთ-ერთ რთულ სფეროზე, ბავშვთა ქირურგიაზე?
– სამკურნალო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, ანუ განათლებით მოზრდილების ექიმი უნდა ვყოფილიყავი. მაგრამ მერე, პედიატრიაში ამოვყავი თავი და არ ვნანობ. სტუდენტობის დროს სხვადასხვა კლინიკაში ხომ ვმორიგეობდით და ერთ დღეს, ბავშვთა განყოფილებაში, რეანიმაციაში მომიწია მორიგეობა. მაშინ ძალიან შემიყვარდა, მივხვდი, რომ პატარების ექიმი უნდა ვყოფილიყავი. ბავშვთა ქირურგია სპეციფიკური და საინტერესო დარგია. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, პაციენტები და ვფიქრობ, გამიმართლა ცხოვრებაში – ღმერთმა მომცა იმის შანსი, რომ პატარა ბავშვებს დავეხმარო. ზოგჯერ ისეთ პათოლოგიებთან გვიწევს მუშაობა, განსაკუთრებით ახალშობილებთან დაკავშირებით – ხშირად თანდაყოლილი მანკებია და ამის კორექცია გვიწევს. ყველანაირი შედეგი გვაქვს, ხშირად ვიმარჯვებთ და პატარებს ნორმალურ კალაპოტში ვაბრუნებთ, რომ ჯანმრთელები იყვნენ და ბედნიერად იცხოვრონ.
– ლევანი ექიმის ეშინიათ?
– პატარები ექიმებთან ნაკლებად ჭირვეულობენ. შეიძლება, ეს იმის ბრალია, რომ ეს ექიმთან პირველი კონტაქტია. არ იციან, რომ ეს ტკივილთან, დისკომფორტთან არის დაკავშირებული. გაცილებით უფრო მარტივია მათთან მუშაობა, თუ ყველაფერს აუხსნი, მოგყვებიან, გენდობიან და ხშირ შემთხვევაში, თუ რამე მოსათმენია, ითმენენ. თუმცა, ჩვენ ვცდილობით, ყველა მტკივნეული მანიპულაცია ანესთეზიით გაკეთდეს – მომწონს ეს მიდგომა. ამას წინათ ძალიან საყვარელი გოგონა იწვა ჩვენთან, ავტომობილმა გადაუარა ხელზე და დიდი რეკონსტრუქციული ოპერაცია გავუკეთეთ. კარგი შედეგი მივიღეთ. დიდხანს მოუწია საავადმყოფოში ყოფნა, გადახვევებს რომ ვუკეთებდით, რა თქმა უნდა, მტკივნეული იყო. რომ წავიდა სახლში, ზუსტად მაშინ გავიდა ჩვენი პირველი გადაცემა. დედამისმა მითხრა: როგორც კი ტელევიზორში დაგინახათ, მაშინვე გამორთოო. გადახვევაზე რომ მოვიდა, მოვეფერე და მითხრა: რა გინდოდა ჩემს ტელევიზორშიო.
– ჩვენს საზოგადოებაში, რატომღაც, ახალგაზრდა ექიმებს ნაკლებად უცხადებდნენ ნდობას, სკეპტიკურად უყურებენ... თქვენც დამდგარხათ ასეთი ფაქტის წინაშე?
– კი, თუმცა, მგონი, ეს მიდგომა იცვლება. ახალგაზრდა ექიმი უფრო პროგრესთან, ინოვაცაისთან, უცხოეთთან კავშირის ასოციაციას იწვევს. თუმცა, ახლაც არის შემთხვევა, როცა ეჭვის თვალით გვიყურებენ ახალგაზრდებს – ეს ნორმალურია. ჩემი ახალგაზრდული ასაკი ზოგჯერ პაციენტების მშობლებში ასეთ კითხვებს იწვევს: გაგიკეთებიათ აქამდე ასეთი ოპერაცია? მათი მესმის, რადგან ძალიან ნერვიულობენ, მათთვის ეს პირველია. მიუხედავად ჩემი ახალგაზრდული ასაკისა, ქირურგიაში მუშაობის დიდი გამოცდილება დამიგროვდა. დიდი ხანია, ამ კლინიკაში ვმუშაობ, მყავს კარგი პედაგოგები. სამწუხაროდ, ჩემი გამზრდელი პროფესორი, პაატა გვეტაძე გარდაიცვალა. მასთან და ჩვენი კლინიკის სხვა ქირურგებთან მუშაობის დიდი გამოცდილება დამიგროვდა. რომ გაიგებენ, ბატონი პაატას მოსწავლე ვარ, წლების განმავლობაში ერთად ვმუშაობდით, მისი ავტორიტეტი მეხმარება. ტელევიზიასაც დიდი ძალა აქვს. ახლა, რომ ხედავენ ტელევიზორში ვჩანვარ, ესე იგი, სანდო კაცი ვარ და უფრო მეტად მენდობიან. ცნობადობა აშკარად გაიზარდა: კართან ჩურჩული ისმის: ეს არ არის?!
– რამხელა შვილები გყავთ?
– ორი ბიჭი მყავს: 8 წლის და 6 წლის – ოთო და სანდრო. სანდრო ახლა წავიდა სკოლაში. სხვათა შორის, ძალიან ხალისით და დიდი ემოციებით. პირველად რომ დამინახეს ტელევიზორში, თბილისში არ იყვნენ და იმხელა ჟრიამული ატეხეს... ახლა, მგონი, შეეჩვივნენ. სხვათა შორის, უყურებენ და მერე მაკონტროლებენ: წყალი დალიე, მარილს რატომ აყრი – მავნებელია ეს.
– სახლში ექიმი რომ გყავს, თან პედიატრი, ბავშვთა ქირურგი, ეს დიდი ფუფუნებაა, განსაკუთრებით, ალბათ, მეუღლისთვის, უფრო მშვიდად იქნება.
– როცა ბავშვები ავად არიან, ექიმთან მიმყავს. მე ამ დროს მამა ვარ. როცა რაღაც ელემენტარული პრობლემაა, მე მივხედავ, მაგრამ როცა ჩემს კომპენტენციას ცდება ის კითხვა, რაც შეიძლება გამიჩნდეს, საკუთარ თავზე არ ვიღებ პასუხისმგებლობას და მიმყავს ექიმთან. ნაცნობი ექიმები კი მყავს ბევრი.
– რა პროფესიისაა მეუღლე?
– კონფლიქტოლოგია.
– ანუ, თქვენს ოჯახში კონფლიქტების საქმეც მოგვარებულია.
– ჩვეულებრივადაა ყველაფერი, თუმცა, ახლა თბილისიდან, ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტს ნამდვილად ვერ მოვაგვარებთ. ოჯახში კინკალობა და ჩხუბი ყოველთვის ხდება, როგორც სხვა ოჯახებში. მეუღლეს ყოველთვის ჩემს რეჟიმთან უწევს აწყობა.
– არ აქვს პროტესტის გრძნობა?
– აქვს, მაგრამ, რა ქნას, მიჩვეულია.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– ჩემი კურსელი, მეგობარი, იმავდროულად, ჩემი მეუღლის კლასელი იყო. მეგობრები არიან და მისგან გავიცანით ერთმანეთი პიკნიკზე. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ყველას მეორე ადამიანის მოხიბვლის თავისი მეთოდი აქვს, თუმცა განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ორი წელი, ცოტა მეტიც დავდიოდით ერთად. არ ვიჩქარეთ, ახალგაზრდები ვიყავით, შევეწყვეთ და მერე მივედით ამ გადაწყვეტილებამდე. დღემდე ერთად ვართ, ღმერთის წყალობით.
– ოჯახთან ერთად სადმე წასვლას, ცოტა ხნით დასვენებას თუ ახერხებთ?
– თავისუფალი დრო რომ მაქვს, ვცდილობ, ოჯახთან ერთად გავატარო. თუ საღამოს სადმე გავდივართ, ან საქეიფოდ მივდივართ, მეუღლე ყოველთვის ჩემთან ერთად არის. რაღაცნაირად, ახერხებს იმას, რომ ის დეფიციტი, რაც ურთიერთობაში გვაქვს, ერთად შევავსოთ, ერთად ვიყოთ. თან, ბევრი საერთო მეგობარი გვყავს, ერთი სამეგობრო და ამიტომ, ყოველთვის ერთად მივდივართ. ზაფხულში ვცდილობთ, ქალაქგარეთ გავიდეთ, ბუნება დავათვალიეროთ. ერთი კვირის წინ, მეგობრებთან ერთად, ყაზბეგში ვიყავი, ჯუთაში. უფროსი ბიჭი წავიყვანე, ფეხით იარა, ილაშქრა ზურგზემოკიდებული ჩანთით, ძალიან მოეწონა. მეც გამიხარდა, რადგან ამ ასაკის ბავშვებს უფრო სხვა ინტერესები აქვთ. ოთოს ძალიან მოეწონა, სიამოვნებით იარა და დააფასა ის სილამაზე, რაც მთაშია. მგონი, მოიწამლა ამით. მინდა, რომ გაიზრდებიან, უყვარდეთ ბუნება, იცოდნენ, როგორ მოიქცნენ ბუნებაში, მეგობრებთან ერთად იარონ და მიიღონ სიამოვნება. მთა მიყვარს და ძალიან კარგად ვისვენებ. მეგობრები ზაფხულიდან ზაფხულამდე ველოდებით, როდის გავიჭრებით მთაში. წელს ერთი კვირით თუშეთში ვიყავი, ფეხით დავდიოდით სხვადასხვა სოფელში. ჩამოვედი სრულიად აღტაცებული, მოხიბლული თუშეთის სილამაზით და თუში ხალხით. სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. ერთადერთი, რაც ჭკუიდან მშლის  და მაცოფებს, ეს არის ნაგავი, რომელსაც ბუნებაში ყრიან. კოშმარული პრობლემაა, ულამაზესი, დახატული ბუნება და გამოიხედავ, გდია პოლიეთილენის ბოთლი, რომელიც  ეგდება მანამ, სანამ ვიღაც არ აიღებს. მეგობრები სადმე რომ ვართ, სულ დიდი ნაგვის ჩანთებით, ხელთათმანებით დავდივართ. ვასუფთავებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, დამყრელი უფრო მეტია, ვიდრე დამსუფთავებელი.
– გაქვთ სპორტული გატაცებები?
– ველოსიპედი მიყვარს და დავდივართ მეგობრები. ფეხბურთს ვთამაშობთ. მე და ჩემი მეგობრები რაგბის გულშემატკივრები ვართ, ხშირად ვუყურებთ. ახლა საქართველოს თამაში ირლანდიასთან, ოფიციალური ტესტია ნოემბერში. მივდივართ სტადიონზე საქომაგოდ. ერთი სული მაქვს, როდის გავიჭრები. აქტიური ქომაგი ვარ, მთლიანად ვარ ჩართული. ფეხბურთიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ ეტაპზე რაგბისკენ გადავიხარე. კალათბურთიც მიყვარს, სულ დავდივარ საგულშემატკივროდ. ძალიან მიყვარს ჩვენი გუნდი, ლამაზად თამაშობენ, გრძნობენ მაყურებლის მხარდაჭერას. ჩვენი კაპიტანი, ზაზა ფაჩულია, ყველა დროის საუკეთესო ქართველი სპორსტმენია. ვინც ჩამოდის, ყველა აღიარებს, რომ საქართველოში თამაში ძალიან უჭირთ, რადგან მაყურებლის მხრიდან მხარდაჭერა ძალიან დიდია.

скачать dle 11.3