კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ალაპარაკდა რუსეთი საქართველოს ნეიტრალიტეტზე და რატომ ეთანხმება ისრაელის დაზვერვის ყოფილი შეფი კრემლს, რომ საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანება რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული

მართალია, „ნატოს“ უელსის სამიტზე მოგვრილი სიხარული, აქეთ –  შექების, იქის –  „ოქროს ხუთეულში“ მოხვედრის გამო, ერთგვარად მინელდა, თუმცა საფრთხე იგივე რჩება: რფ კვლავ არ აპირებს შეეგუოს სამხრეთ საზღვრებთან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებას, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კი, რეალურად, როგორც ვხედავთ, არც აპირებს გაფართოებას. ამის პარალელურად, საფრანგეთმა თითქმის უკვე გადასცა ერთი „მისტრალი“ რუსეთს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ნატოს“ შემდეგ სამიტს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი კიდევ უფრო უკეთ შეიარაღებული შეხვდება. როგორ აფასებს დასავლური მედია „ნატოს“ სამიტს და აქვთ თუ არა იმედი, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დაიცავს თავის წევრებს რეალური სამხედრო საფრთხის შემთხვევაში? – თემას საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევართან, უცხოური პრესის ანალიტიკოსთან, სიმონ კილაძესთან ერთად მიმოვიხილავთ.

– როგორ შეაფასა დასავლურმა პრესამ საქართველოს „ოქროს ჯგუფში“ გადაყვანა?
– ამ თემაზე სამიტამდე უფრო მეტი იწერებოდა დასავლურ მედიაში –  მხედველობაში მაქვს ამერიკული და ინგლისური გამოცემები. ფრანგული და გერმანული გაზეთები უფრო თავშეკავებულები იყვნენ. ეს შედარებით იოლად ასახსნელია, იმიტომ რომ საფრანგეთისა და გერმანიის დამოკიდებულება ჩვენი „ნატოში“ მიღების საკითხისადმი ყოველთვის ნეგატიური იყო. ჯერ ერთი, უფრო მეტი იწერებოდა სამიტამდე და იწერებოდა უფრო მეტი ოპტიმიზმით. თუმცა ბევრი ექსპერტი მიუთითებდა, რომ, თუ „მაფს“ არ მისცემენ საქართველოს, მაშინ სხვა ყველაფერი მკრთალდება. რადგან „მაფი“ არის „ნატოს“  მიერ ოფიციალურად გაწევრიანებამდე დადგენილი საფეხური, დანარჩენი პაკეტები –  ოქრო-ვერცხლისა თუ ლალ-ფირუზის –  ხელოვნურადაა შექმნილი  კონკრეტული მოცემულობისთვის.
– დროის გაწელვის მცდელობაა, რომ სახე არ დაკარგონ?
– დიახ, აი, საქართველო გვეხმარება და მთლად უპატივცემულოდ რომ არ დავტოვოთ, რაღაც მაინც მივცეთო, თორემ, საბოლოოდ, თუნდაც, „მაფი“ მოგვცენ, გარკვეული დისტანციაა გასავლელი „ნატოში“ შესვლამდე. ყოველ შემთხვევაში, ერთი დასკვნა შეიძლება, გაკეთდეს: ერთი მხრივ, ხელისუფლება ვალდებულია, რაც მიიღო, ის გააფიაროს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით ობიექტურად, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ანგარიშს უწევს რუსეთს?! ჩვენთვის ამის აღიარება არ არის სასიამოვნო, რადგან ხელს გვიშლის „ნატოში“ გაწევრიანებაში, მაგრამ, თუ ამაზე თვალს დავხუჭავთ და არ მივიღებთ ობიექტურ ჭეშმარიტებად, რეალობის გრძნობას დავკარგავთ.
– როგორ შეაფასა იმავე დასავლურმა მედიამ, ჯერ ერთი, 2008 წლის ომის შემდეგ საფრანგეთის შეთანხმება რუსეთთან, რომ დაუმზადებდა „მისტრალებს“ და, მეორე, უკრაინის დაქცევის ფონზე ამ „მისტრალის“ რუსეთისთვის გადაცემა?
– ვიცით, რომ საფრანგეთსა და გერმანიას ფართო ეკონომიკური ურთიერთობა აქვს რუსეთთან. ბევრი ილაპარაკეს სამიტამდე, რომ თითქოს საფრანგეთი ყოყმანობდა, საერთო ზეწოლის ფონზე და სოლიდარობის გამო საფრანგეთი იძულებული გახდა, რომ უშიშროების საბჭოზე განეხილა ეს საკითხი და თითქოს შეაჩერეს გადაცემის პროცესი, მაშინ, როდესაც ერთი „მისტრალი“ უკვე თითქმის მზადაა და რუსი მეზღვაურები მასზე წვრთნას გადიან. თუმცა საფრანგეთის იმ პორტში, სადაც იწყობა „მისტრალი“, რუსეთის საწინააღმდეგო მიტინგი გაიმართა და მეზღვაურებს ორი-სამი დღით აუკრძალეს ნაპირზე გასვლა, მაგრამ საქმე იქითკენ მიდის, რომ საფრანგეთი გადასცემს რუსეთის „მისტრალს“ და ეს თავისთავად ცხადია, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრანგეთი ნახავს ძალიან დიდ ზარალს.
– გავრცელდა იფნორმაცია, რომ თითქოს „ნატო“ შეისყიდის ორივე „მისტრალს“.
– ჯერ ერთი, „ნატოს“ თავისი შეიარაღებაც საკმაოდ ბევრი აქვს, მეორეც, თუ რუსეთი არ იყიდის, ვინ უნდა იყიდოს? ანალიტიკოსებმა დაითვალეს, რამდენი უნდა გადაუხადონ  რუსეთს, თუ არ გადასცემენ „მისტრალს“ და საკმაოდ დიდი თანხა გამოვიდა. თანაც, მივაქციოთ ყურადღება: ნახევარი გემი, კიჩო, გაკეთებულია რუსეთში, შემდეგ წაღებულია ბუქსირით; მთელი დოკუმენტაცია თარგმნილია რუსულ ენაზე, უამრავი რუსული ტექნოლოგიაა გამოყენებული და „ნატოს“ რუსული ტექნოლოგიას რაში სჭირდება?! ანუ ეს ხომალდი –  „მისტრალი“ თითქმის რუსულადაა გაკეთებული და სპეციალურად რუსეთისთვისაა შექმნილი. ამიტომ სხვა მყიდველი მხოლოდ ჯართად თუ იყიდის და ამ დროს მილიარდობით კომპენსაციაც უნდა გადაუხადოს რუსეთს. აქედან გამომდინარე, დავასკვენი, რომ ეს „მისტრალი“, საბოლოოდ, მაინც რუსეთს გადაეცემა, ერთი მაინც, რომელიც უკვე აშენებულია.
– ზოგადად „ნატოს“ შესაძლებლობებისადმი როგორაა განწყობილი დასავლური პრესა, აქვთ იმედი, რომ დაიცავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შესაძლო სამხედროს საფრთხისგან?
– ბევრი ანალიზი გაკეთდა თემაზე –  „ნატო“ ცივი ომის შემდეგ და დღეს. ანუ საბჭოთა კავშირი დაიშალა, „ნატოს“ როლი შესუსტდა, სამხედრო როლიც თითქმის დაკარგა და პოლიტიკურ ორგანიზაციად გადაიქცა. შესაძლოა, გარედან არ ჩანს, მაგრამ წერენ „ნატოს“ შიგნით არსებულ განხეთქილებაზე. სამიტამდეც წერდნენ, რომ „ნატოს“ წევრები არათანაბრად ზრუნავენ ბლოკის ძლიერებაზე, არადა, წესდების თანახმად, ყველამ თანაბრად უნდა შეინატოს ორგანიზაციაში თავისი წვლილი –  თუ არ ვცდები, ბლოკის წევრები ვალდებულები არიან, დაეხმარონ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს თავიანთი მთლიანი შიგა პროდუქტის 2 პროცენტით. როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი ქვეყანა არ ასრულება თავის ვალდებულებას. ამ ფაქტს, ძირითადად, ამერიკელი ანალიტიკოსები აფასებდნენ უარყოფითად, თუ ამერიკას თითქმის თავის ზურგზე გადააქვს „ნატოს“ ოპერაციები და სამოქმედო გეგმები, სხვებმაც კეთილი ინებონ და თავიანთი წვლილი შეიტანონ, რაც მათ „ნატოს“ წესდებით ევალებათო. მეორე მხრივ, აღნიშნავენ, რომ რუსეთმა გამოაცოცხლა „ნატოს“ ძველი სული, რაც იყო ჩადებული მის შექმნაში –  წინააღმდეგობა გაუწიოს კომუნისტურ საფრთხეს. იწერება, რომ „ნატომ“ უნდა გააძლიეროს სამხედრო შემადგენელი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს სავარაუდო დაპირისპირების შემთხვევაში სავარაუდო მოწინააღმდეგეს. სულ უფრო და უფრო ხშირად ამბობენ, რომ საქართველო-რუსეთის ომი „ნატომ“ შეაფერხა –  მაღვიძირა არ დავაყენეთ გამოსაფხიზლებელ ზარზე, ძილი განვაგრძეთ და ახლა უკვე უკრაინის მოვლენებმა დაგვანახვა, რომ რეალობის აღქმა შეგვისუსტდა და ამიტომ უფრო მეტი დრო უნდა დავუთმოთ შეიარაღებას, მით უმეტეს, რომ რუსეთის არმია არ არის, რაც იყო და ის ვითარდებაო. ამ მხრივ, ისევ და ისევ აქტიურობენ ამერიკა და ბრიტანეთი. მართალია, გერმანია სოლიდარულია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, მაგრამ, როგორც ევროკავშირის ეკონომიკურად ყველაზე ძლიერ ქვეყანას, ბევრი რამის ატანა შეუძლია იმავე „ნატოსთან“ დაკავშირებით. თუმცა გერმანია და საფრანგეთი მაინც თავს იკავებენ ძლიერი, მწვავე კონფრონტაციისგან რუსეთის მიმართ.
– როგორ აფასებს ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნები გერმანია-საფრანგეთის ამ ორმაგ თამაშს?
–  გითხარით, რომ შიდა უთანხმოებაა: აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ბალტიისპირეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უფრო აქტიურები არიან, მათი აზრით, „ნატომ“ უფრო მეტი წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს რუსეთის ამბიციებს, რადგან ისინი გრძნობენ, რომ რუსეთი, ადრე თუ გვიან, მათაც იმავეს გაუკეთებს. მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს მცირე სახელმწიფოები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ „ნატოს“ ძლიერი  სახელმწიფოების ქოლგის ქვეშ. თავის მხრივ კი, ეს ძლიერები, უტრირებულად თუ ვიტყვით, მათ ეუბნებიან: ჩემი იმედი გქონდეთ, მაგრამ თქვენ გამო ამხელა რუსულ მონსტრს ვერ წავეჩხუბები, თუ კონფლიქტი მოგივათ, რუსეთს ბომბები უნდა დავაყარო, ამიტომ ფრთხილად იყავით რუსეთთან. სხვა მხრივ, „ნატო“ თავისი პრინციპების ერთგული დარჩა, იმავე ახალი წევრების მიღების თვალსაზრისით –  „ნატოს“ გაფართოება მაინცდამაინც დაგეგმილი არ არის. ვინც ყველაზე ახლოს იყო, მათი გაწევრიანების საკითხიც კი არ დამდგარა, რასაც სიხარულით შეხვდა რუსეთი.
– რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ „ნატო“ შეშინდა რუსეთ-ჩინეთ-ინდოეთის ეკონომიკური კავშირით და ვერ გაბედა გაფართოება, რაც რუსეთის პოლიტიკის გამარჯებად შეფასდა. ეს მართლაც შეიძლება, ჩაითვალოს რუსული პოლიტიკის წარმატებად?
– ნამდვილად იყო ასეთი განწყობა. წაგიკითხავთ რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გადაცემა „ვრემიაში“ გასულ სიუჟეტის შინაარსს. „მოსკოვი სავსებით სამართლიანად მიიჩნევს, რომ როგორც „ნატოს“ არსებობა, ისე მისი მიახლოება რუსეთის საზღვრებთან და მით უმეტეს, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივები რუსეთისთვის საფრთხეს ნიშნავს. მაგალითად, როდესაც ლაპარაკობენ საქართველოს „ნატოს“ წევრად მიღებაზე, ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული. წარმოიდგინეთ, შავ ზღვაში სამი სახელმწიფო: თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი „ნატოს“ წევრები არიან, ალიანსისთვის თურქეთი უფრო ეფექტიანია, ვიდრე მცირე ზომის საქართველო. აქედან გამომდინარე, საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანება აშკარად ანტირუსული ნაბიჯია“. ანუ ამბობენ, რაში სჭირდება „ნატოს“ საქართველოო.
– მაშინ რუსეთს რაში სჭირდება, თუ უმნიშვნელოა? რა მნიშვნელობა აქვს, სად იქნება?
– აქ უკვე მეორე მომენტია: რუსეთი არ განიხილავს თურქეთს თავისი გავლენის სფეროდ, ის თავისი გავლენის სფეროდ განიხილავს კავკასიასა და საქართველოს და ცდილობს, დასვას გარკვეული მიჯნები. იცით, ვინ არის ამ ტექსტის ავტორი, რომელიც რუსეთის ტელევიზიის პირველი არხით გადაიცა? ისრაელის სპეცსამსახურ „ნატივის“  ყოფილი ხელმძღანაელი იაკობ კემდი. მას სთხოვეს კომენტარი. განვაგრძობ: „რუსეთმა არაერთხელ გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ „ნატოში“ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღება, ადრე თუ გვიან, გარდაუვლად გამოიწვევდა სისხლისღვრას. საქართველოში ომი  იმის შედეგი გახდა, რომ თბილისი ალიანსის იმედზე იყო და ფიქრობდა, რომ დაუსჯელი დარჩებოდა. უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები კი იმითაა გამოწვეული, რომ მოსახლეობის ნაწილისთვის ხელისუფლებაში მოსული ადამიანების მიზანი –  უკრაინის „ნატოში“ გაწევრიანება –   მიუღებელია.“ აი, ასეთი პათოსია ძირითადად რუსულ პრესაში. ბოლო ხანებში გამოქვეყნდა „მგიმოს“ საერთაშორისო ურთიერთობის სახელმწიფო ინსტიტუტის ანალიტიკური ცენტრის მასალები. რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნდა ალექსი ტოკარევის სტატია „ნატო“ ცდილობს, საქართველოსთან ურთიერთობა მისი გაწევრიანების გარეშე შეინარჩუნოს“ და ზუსტად ამას წერს: „ერთი მხრივ, ასეთმა ძლიერმა და აქტიურმა დახმარებამ ქართულ არმიაზე დადებითად იმოქმედა, მეორე მხრივ, გამოიკვეთა ურყოფითი მომენტი, ქართველი სამხედროების მონაწილეობა მსოფლიოს ცხელ წერტილებში, რაც საქართველოს ინტერესი არ არის, მაგრამ თავს მოვალედ გრძნობს, გააგზავნოს თავისი ჯარისკაცები, რაც მოსახლეობაში უარყოფით გავლენას იწვევს. ამასთან, დასავლურმა დახმარებამ უარყოფითი როლი შეასრულა: ქართველმა „ქორებმა“, უპირველესად, ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა დაიჯერა, რომ ძალითაც შეუძლია ტერიტორიული პრობლემების მოგვარება.“ ყველაზე მთავარი ის არის, რომ რუსი ანალიტიკოსის აზრით, საქართველოს „ნატოში“ არ მიიღებენ, სანამ მისი ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული იქნება, ამიტომ, სანამ ეს ასეა, თავი მეტნაკლებად მშვიდად უნდა ვიგრძნოთო. აქედან დასკვნა –  რუსეთი ყველანაირად ეცდება, რომ ჩვენი საზღვრები მუდმივად დარღვეული იყოს.
– რუსი პოლიტოლოგებისა და პოლიტიკოსებისგან ხშირად მომისმენია, რომ დასავლეთი არღვევს 90-ან წლებში მიღწეულ შეთანხმებას, რომ ისინი არ შეეხებოდნენ ყოფილი საბჭოეთის ტერიტორიას, ამიტომ, რადგან, თურმე, დასავლეთი არ ასრულებს სიტყვას, ამიტომ არც ისინი შეასრულებენ და არ იქნებიან, მათ შორის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტი, რაზეც ხელი მოაწერეს. თუ არსებობს წერილობითი შეთანხმება, რომ დასავლეთს არ უნდა გაევრცელებინა თავისი გავლენა ყოფილ საბჭოეთის რესპუბლიკებზე?
– მე არსად მინახავს დოკუმენტი ან დეკლარაცია, რომელიც რუსეთსა და დასავლეთს შორის დადებულ ამ ტიპის შეთანხმებას ასახავდეს, თუმცა მას ხშირად იშველიებს რუსეთი. ალბათ, მაშინ მაღალი დონის შეხვედრებისას ეს ჯენტლმენური შეთანხმება დაიდო. შესაძლოა, სადღაც ჩაწერილია კიდეც რაღაც ფორმით.  მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს შეგახსენებთ: ყველა ამბობდა, რომ არის, რუსეთი აცხადებდა, რომ არ არის, საბოლოოდ კი, აღმოჩნდა, რომ იყო. საერთოდ, დიპლომატიური მოლაპარკებისას ბევრი რამ გარედან არ ჩანს, თუმცა არ მგონია, ისეთი ბეცები ყოფლიყივნენ საბჭოთა ლიდერები, თან, კომუნისტური იდეოლოგიით გაჟღენთილები, რომ „ნატო“ მათი მტერია და ყოველგვარი პირობის გარეშე გაეყვანათ ჯარები ევროპიდან. შესაძლოა, თავიანთი პირობაც წამოაყენეს: ჩვენ გაგვყავს ჩვენი ჯარები გერმანიიდან, მიიღეთ აღმოსავლეთ გერმანია „ნატოს“ წევრად, მაგრამ ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებს თავი დაანებეთ. ძნელია ამაზე ილაპარაკო, როდესაც ამ ამბის მონაწილე არ ხარ, მაგრამ ლოგიკურად ისმის კითხვა: თუ დამირღვიე ბალანსი და „ნატოში“ არათუ პოლონეთი და ბულგარეთი, ბალტიისპირეთიც კი მიიღე, მაშინ მე საპასუხოდ ვიმოქმედებ. ჩვენთვის ეს რთულად წარმოსადგენია, რადგან „ნატოს“ წევრობა გვინდა, ამ დროს კი რუსეთი თავის ნაწილად განგვიხილავს, მაგრამ დიპლომატიაში ბევრი რამ ხდება დამალული. ასე რომ, გამორიცხული არ არის, მართლაც არსებულიყო ასეთი ტიპის ზეპირი ჯენტლმენური შეთანხმება. ჯენტლმენური შეთანმხება კი არ იწერება წერილობით.
– აბა, ასე ხალხური ზეპირსიტყვიერებასავით გადაეცემა თაობიდან თაობას?
– ტრადიციაა ამისი, თუ ხარ ჯენტლმენი, ობიექტური მხარე და დიპლომატი და იცავ მიღებულ პრინციპებს, ესეც უნდა დაიცვა. თუ არ იცავ, საპასუხო ნაბიჯებსაც უნდა ელოდე. არ ვიცი, როდესაც საკუთარი თვალით არ გინახავს, რთულია, იმსჯელო, მაგრამ ლოგიკურად, შესაძლებელია, რომ ასეთი შეთანხმება ყოფილიყო.
– ჩვენი ნეიტრალიტეტის თემა თუ განიხილება ან ერთი, ან მეორე მხარის მიერ?
– რუსეთში ბოლო ხანს ალაპარაკდნენ, რომ მათთვის, ასეა თუ ისე, საქართველოს ნეიტრალიტეტი მისაღებია.

скачать dle 11.3