„ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო“
ანუ დაობლებული „ბარტყები“
საფრანგეთი რფ-ს „მისტრალს“ უპრიალებს და აინუნშიც არ აგდებს საფრთხეს, რომ იმ „მისტრალს“, დიდი ალბათობით, სწორედ „ნატოს“ წევრი ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენებს (თუ დასჭირდება), თორემ, სახელდობრ ჩვენ რფს-ის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი „მოსკვაც“ გვეყოფა.
ამასობაში გერმანული გამოცემა Sddeutsche Zeitung იუწყება, რომ რფ-ის პრ. პუტინმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განუცხადა, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში ჯარებს შევიყვანო (თუ, რასაკვირველია, ეს უკანასკნელები ჯეროვნად არ მოიქცევიან).
ეს ამბავი ბ-ნ პოროშენკოს არც გაუციებია (ან კი როგორ გააციებდა), მსწრაფლ აცნობა ევროკომისიის პრეზდენტ ჟოზე მანუელ ბოროზუს. მომყავს პრ. პუტინის ზუსტი ციტატა: „რომ მოვინდომო, ორ დღეში ჯარს არა მხოლოდ კიევში, არამედ რიგაში, ვილნიუსში, ტალინში, ვარშავასა და ბუქარესტში შევიყვან (თვალშისაცემია, რომ ჩამოთვლილია პოსტსოციალისტური ქვეყნების დედაქალაქები).”
ამას გარდა, ურჩევია, მთლად ევროკავშირის იმედადაც ნუ იქნები, იმ მარტივი მიზეზით, რომ ევროსაბჭოს დონეზე გადაწყვეტილების დაბლოკვაც შემიძლიაო.
ჩვენ არ ვიცით, გაითვალისწინებს თუ არა ბ-ნი პოროშენკო პრ. ვლ. პუტინის რჩევას ან რას მოიმოქმედებს საპასუხოდ ევროპრეზიდენტი ბ-ნი ბაროზუ. თუმცა, შექმნილი ვითარება აჩენს ეჭვს, რომ, შესაძლოა, ჩიტი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დასავლეთი) ბარტყების თითო-თითოდ გადასაყრელად გაემზადოს. –