კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ნაპახმელიარი“ ზურა ქაფიანიძე და შეჯიბრი დალევაში

საერთოდ, „სპორტული“ პიროვნება ვარ: სასმელს არ ვეტანები და მოწევაზეც თავს ვიკავებ, მაგრამ, საქმე საქმეზე თუ მიდგა, რას ჰქვია, არ დავლევ?! დავლევ და მეტსაც ვიზამ!
ერთხელ მშვენიერი დილაა. ზურა ქაფიანიძე მაგარ „პახმელიაზეა“ და კინოსტუდიის წინ დაბორიალობს. ხაში უნდა, მაგრამ, მარტო წასვლა, „ცვეტში, უტყდება” და ამყოლს, „საბუტილნიკს“ ეძებს.
მაინცდამაინც მე შევრჩი ხელში, არადა, თენგიზ არჩვაძეს ეძებს.
– წამო, კოტე... თითო ხაშიიი... ზედ ლავაშიიი... ა? რავარია? – მიარითმა.
არა, გმადლობთ, არ შემიძლია-მეთქი.
– წამო, კაცო, ნუ დალევ! – არ მეშვება, – კაი ჩაციებული ორ-ორი ბოთლი ლიმონათი დავურტყათ.
არა, მალალიტრაჟკებთან არ ვსვამ-მეთქი, არ წამომცდა?!
– რაიო?! მე ვარ მალალიტრაჟკა?! – გადაირია.
– აბა რა, შენ არ იყავი „ქალაქ ანარაში“ ყანწიანად რომ ჩაგეძინა-მეთქი? – ვითომ ვიმასხრე, მაგრამ, გადარეული ქაფიანიძის გაჩერება მამაზეციერსაც აღარ შეეძლო.
იქვე გამვლელი ავტობუსი გააჩერა, – დამავლო ხელი და, რომ ავედით, მერე ეკითხება მძღოლს – სად მიდის ეს ავტობუსიო.
– საბურთალოზე, – ამოიკნავლა შეშინებულმა.
– საბურთალო არ ვიცი მე! – დაუბრიალა საცრისხელა თვალები „ბალონკა“ ლეკვისხელა მძღოლს, – სახაშეში წაგვიყვანე მე და კოტე!
– საბურთალოზეცაა სახაშე, ბატონო, – მოებღაუჭა მძღოლი საჭეს.
– საბურთალოს სახაშე იყოს, – ცოტა ფიქრის შემდეგ ამოღერღა ზურამ და, მძღოლიან- მგზავრებიანად, ყველამ ამოვისუნთქეთ.
მძღოლმა სახაშესთან ჩამოგვსვა და ისე დაგაზა, მგონი, არც ერთ გაჩერებაზე აღარ გაუჩერებია.
ჩათრევას ჩაყოლა რომ ჯობია, სკოლიდანვე ვიცოდი.
– შევიდეთ! – მიბრძანა და იდაყვი წამკრა.
– იმ შემთხვევაში შემოვალ, მსაჯს თუ დავნიშნავთ – შევეჯიბროთ დალევაში, – ვუთხარი ამაყად.
მაშინ მობილური სად იყო, შევიდა სახაშის გამგის კაბინეტში და დარეკა „მსაჯთან“.
ერთის მაგივრად ორი „მსაჯი“ მოვიდა.
– არ დამიწყო, ზურა, თუ გიყვარდე, ჭიქები, – დავიწყე ჭკვიანად.
– აპა, ყანწები? – გადაირია სიხარულისგან.
– არა, პირდაპირ ბანკებით დავლიოთ.
მუქარანარევი ღიმილით შემათვალიერა, როგორც იცოდა ხოლმე:
– კარგი, იყოს ბანკები, ოღონდ, ჩესნად. აგერ, მსაჯი გვყავს და, ეს მეორე კიდევ – გვერდითი მსაჯი...
– კიდევ ერთი პირობა, – ვთქვი მშრალად – სმას მე ვიწყებ („ქეიფს ვიწყებ დილიდან...“)
– შენა-შენაა?! – ისე ჩაბჟირდა, კახი კავსაძე რომ ეუბნებოდა კარლოს „ღვინის ქურდებში“ – შენ დალევ ამ ბანკასაა? ვაა... ხა, ხა, ხა, კაცოო!
ვახვიე და ვახვიე ცაფირუზხმელეთოვანი ჩვენი დედასაქართველოს ამერ-იმერის, მთა-ბარის სადღეგრძელო... კაი ათი წუთი შეუსვენებლივ ვამბობ სადღეგრძელოს, მოვიყუდე „რქაწითელით“ სავსე „ბანკა“ და დავცალე.
ცოტა შეჩქვიფდა – არაფრით არ ელოდა.
გამომართვა გალიცლიცებული „ბანკა“, ორი სიტყვა წაიბურტყუნა, რომელთაგან ერთი საქართველო იყო, მეორე ვერ გავიგე და გადაუძახა. გადაუძახა და დაუთბა თვალები.
შევივსე მეორე „ბანკა“. მსაჯები არ სვამენ, ობიექტურობას იცავენ მთელი სერიოზულობით.
მესამემაც მშვიდობიანად რომ ჩაიარა, ზურა საფუძვლიანად შეჩქვიფდა – ვატყობ, აღარ უნდა.
– მეოთხეც დავლიო? – ვეკითხები.
– მეოთხეც და მეხუთეც! – მიპასუხა რიხიანი სიმღერით – „ვოვდილაა“...
მეექვსე „ბანკა“ სვენებ-სვენებით შესვა, ცოტა დაიუხერხულა და, როგორც ორი კაცის თამადას, წუთშესვენება მთხოვა.
– შეიძლება, „დვანულიასკენ“ გავიარო?
– მიდი...
– გმადლობთ... ცალით ვერ მოახერხა და ორივე თვალი ჩამიკრა. ორი ნაბიჯი გადადგა და დავუყვირე:
– ქაფიანიძე, სდექ!
– რა იყო, ბოშო? – მობრუნდა.
– სად მიდიხარ?
– ტუალეტში.
– არ გამოვა.
– რატომ?
– შენ გათავისუფლდები და მერე მე შემომიტევ არა... აქ იყავი.
– სულ ცოტათი! – გამოიწელა ყელი.
– არავითარი!
დალია მეექვსე და... წაიყვანეს კიდეც ტაქსით სახლში დათვივით ჩაძინებული.
მეორე დღეს მოვიდა კინოსტუდიაში.
– შენ რა სმა გცოდნია, კაცო... – გადამხვია მხარზე ხელი.
– ხელი აიღე, გაოფლილი ვარ, ხელი დაგისველდება-მეთქი.
– რამ გაგაოფლიანა, ჩემო საყვარელო კოტიკო? – მეკითხება.
– ვვარჯიშობ, კარატეზე.
ფრთხილად მომაშორა „ტორი“ მხრიდან (ახლა შეჯიბრში არ გამომიწვიოსო).
მერეც რომ შემხვდებოდა, მეკითხებოდა –  „ბანკიჩ“, როგორ ხარო?
ცარიელი „დუხი” იყო, მაგას სმა სად შეეძლო...
მსახიობ კოტე თოლორაიას ნაამბობის მიხედვით

скачать dle 11.3