რა თამამი ნაბიჯი გადადგა ნიუ-იორკის „ფეშენ-ვიქზე” ლაკო ბუკიამ და რატომ არ აპირებს ის კოლექციის გაყიდვას
დიზაინერმა ლაკო ბუკიამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში, დიზაინის ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა, „პარსონსში“, მაგისტრატურა დაამთავრა, სხვა მაგისტრანტებთან ერთად, ნიუ-იორკის „ფეშენ-ვიქზე” კოლექცია გაიტანა. ამ კოლექციაში ლაკომ ბევრი შრომა, ემოცია და ენერგია ჩადო. ულამაზეს ქსოვილებზე საკუთარი შეგრძნებებით სავსე ცხოვრება დააპრინტა და მოდის მოყვარულების, კრიტიკოსების წინაშე წარადგინა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლაკოს ახალი კოლექცია ძალიან ლამაზი, ეფექტური, საინტერესო იყო და ის მომავალში ქართველ დიზაინერს ნამდვილად კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოუტანს. ამისთვის მან ნიუ-იორკში უკვე პირველი ნაბიჯები გადადგა.
ლაკო ბუკია: ჩვენი ჩვენება ნიუ-იორკის „ფეშენ-ვიქის” ოფიციალურ განრიგში 6 სექტემბერს, 6 საათზე გაიმართა. „პარსონსის“ უნივერსიტეტი დიდი ხანია, რაც არსებობს და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. აქ, თავის დროზე სწავლობდნენ: ტომ ფორდი, მარკ ჯეიკობსი, დონა კარანი და ძალიან ბევრი სხვაც. თუმცა, მაგისტრატურა სამი წლის წინ გაიხნა და ჩვენ ვართ მესამე თაობა, რომელმაც მაგისტრატურა დაამთავრა. მესამე სეზონია, რაც მაგისტრატურის სტუდენტებს უფლება აქვთ საკუთარი სადიპლომო კოლექცია გაიტანონ ნიუ-იორკის „ფეშენ-ვიქზე”. თუმცა, ყველა სტუდენტი იქ ვერ ხვდება. თვრამეტმა სტუდენტმა დაიწყო სწავლა, მაგრამ თერთმეტმა დავამთავრეთ და შესაბამისად, ჩვენ გავიტანეთ საკუთარი კოლექციები. ზოგადად, მაგისტრატურის კურსდამთავრებულების ჩვენებას „ფეშენ-ვიქზე” ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, ისევე, როგორც ლონდონში სენტ-მარტინის სტუდენტების ჩვენებას, რომელიც თებერვალში ლონდონის „ფეშენ-ვიქზე” იმართება ხოლმე. ანუ, ეს ორი უნივერსიტეტი, შეიძლება ითქვას, ერთმანეთის კონკურენტია, ერთი ბრიტანულ ბაზაზეა, მეორე კი – ამერიკულზე. ორივეს მიმართ ძალიან დიდი ინტერესია. აინტერესებთ, როგორია ახალგაზდა დიზაინერების ახალი ხედვა, სიახლეები. დიდი სამოდელო სახლებიც, რომლებიც სამუშაოდ ეძებენ დიზაინერებს ან სურთ ვინმეს შეცვლა, მათ მიმართ სერიოზულ ყურადღებას იჩენენ. კოლექციას რომ შეხედავ, მიხვდები – ეს არ არის ის სამოსი, რომელიც შეიძლება, ყოველდღე ჩაიცვა. თუმცა, შეიძლებოდა, გაკეთებულიყო ისეთი, რომელიც ადვილად ჩასაცმელი და გასაყიდი იქნებოდა. მაგრამ, იდეა სწორედ ის იყო, რომ ჩვენ მათ სიახლე, ახალი ხედვა უნდა შევთავაზოთ. შეიძლება გამოვიყენოთ განსხვავებული ტექნიკა, ფერების განსხვავებული შეხამება, პრინტი, კონცეფცია იყოს თუნდაც ძალიან განსხვავებული – ამ ყველაფერს დიდი ყურადღება ექცევა. ამიტომაც მას, ვინც ჩვენებაზე მოდის, აინტერესებს არა ის, რამდენად კომერციულია კოლექცია, არამედ იმის ნახვა, როგორია შენი ხედვა, მსოფლმხედველობა და რა შეგიძლია შეცვალო.
– თუმცა, შენს კოლექციაში არის ისეთი სამოსი, რომელსაც ჩაიცვამდი, მაგრამ ამას ყველა ვერ შეძლებდა.
– ალბათ, ცოტა უფრო თამამი უნდა იყოს, რომ ასეთი რაღაცეები ჩაიცვას, მაინც განსხვავებულია. თუ კაბას ვერ ჩაიცვამს ვინმე, ფეხსაცმელები და აქსესუარები ისეთია, რომ მათი ჩაცმა არ იქნება პრობლემა. ბევრი ვიმუშავე ამ კოლექციაზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ქსოვილი, რადგან პრინტებზე ვმუშაობდი და ქსოვილზე ვაკეთებდი დიდ აქცენტს. თავიდან, რომ დავიწყე დიპლომისთვის კოლექციის კეთება, ჩემს ლექტორებს ვუთხარი: არ მინდა, ფერადი კოლექცია იყოს-მეთქი. მათ კი მითხრეს: ზუსტად ამიტომაც იქნება ფერადიო. არჩევანი აღარ იყო. ბოლოს იმდენი ფერი გამოვიდა... ძალიან რთული იყო... იმდენი ფერი, ფოტო მაქვს შეხამებული... არ მინდოდა, ძალიან გადატვირთული ყოფილიყო ან უშნო. ზოგიერთი ისეთი ფერი მაქვს გამოყენებული, რომ ერთად ეს ფერები წარმოუდგენელი იყო. მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი კარგად ჩაჯდა.
– ქსოვილებზე შენი ფოტოები დააპრინტე, თუმცა ისეთი კუთხითაა წარმოჩენილი, პირდაპირ ვერც აღიქვამ.
– მეც მინდოდა, არ ყოფილიყო ადვილად აღსაქმელი. კოლექციას კი დავარქვი „პორტრეტი“, მაგრამ აუცილებელი არ იყო, ბოლომდე პორტრეტი დაენახა ადამიანს. ვინც ნახა, მიხვდა, რომ ფოტოკოლაჟი იყო აწყობილი. თუ არ ჩაუღრმავდები და არ იკითხავ, რაზეა კოლექცია, შეიძლება, ვერც ჩაწვდე ბოლომდე. ვისაც დააინტერესა, მათ ავუხსენი კონცეფცია. იმის აღქმა, რომ ეს ფოტოგრაფია იყო და ცხოვრების ფრაგმენტებს შეიცავდა, ყველამ შეძლო, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო გახლდათ. თან, ეს საკმაოდ თამამი ნაბიჯი იყო, ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია. ძალიან ძნელია, შენი ოცნებები, მიზნები, ემოციები ტანსაცმელეზე გადმოიტანო, რომელიც სულიერი არ არის და შენ მას აცოცხლებ. ჩემთვისაც რთული იყო საკუთარ თავთან რაღაცეების აღიარება. იმის გარკვევა, რომ ეს რაღაც კომპლექსია, პრობლემებია. ანუ, რაც მაქვს და შემდეგ ამის საჯაროდ გამოტანა.
– როგორ ჩაიარა ჩვენებამ?
– ერთი ჩვენება იყო, მაგრამ ერთმანეთის მიყოლებით გამოვდიოდით. ერთადერთი, მუსიკა იცვლებოდა. მუსიკის შერჩევაში არ ჩავრეულვართ. თვითონ აარჩიეს. რატომღაც ჩემს ჩვენებაზე რომანტიკული, ნაზი სიმღერა იყო. მე, ალბათ, შევცვლიდი, უფრო ენერგიულს ვარჩევდი. მოდელებიც თვითონ შეარჩიეს, მაგრამ მათთან და სტილისტთან ერთად, სამი დღის განმავლობაში ვმუშაობდით. ვარჩევდით რომელ გოგონაზე რა ჯობდა, რა შეგვეცვალა და ასე შედეგ. ჩვენებამ კარგად ჩაიარა. დონა კარანი ესწრებოდა, რადგან თავად აფინანსებს ამ ფაკულტეტს. STYLE.COM-დან იყვნენ წარმომადგენლები. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საიტია და იქ შენი ჩვენების ფოტოები რომ მოხვდეს, ძალიან დიდი მიღწევაა. ჩვენი ჩვენების ფოტოები დევს ამ საიტზე, გარდა ამისა, STYLE.COM-ის პირდაპირ ეთერში მიდიოდა ჩვენი ჩვენება. რა თქმა უნდა, ჩვენებას ესწრებოდნენ პრესის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა მოდის სახლის წარმომადგენლები, რომ შემდეგ თავიანთი სახლებისთვის აერჩიათ დიზაინერი.
– როგორი გამოხმურება ჰქონდა?
– ინტერნეტში ვნახე გამოხმაურებები, ძალიან კარგი და დადებითი იყო. ჩვენების შემდეგ კომპლიმენტებიც მივიღეთ. დონა კარანთან მივედი და ვუთხარი: მე ის სტუდენტი ვარ, იმ ქვეყნიდან, თქვენ რომ არ იცნობდით და ადრე გაგაცანით-მეთქი. გამიხსენა. ჩვენება რომ დამთავრდა, ჩემს დასთან მივიდა. მას ჩემი კოლექციიდან ეცვა კაბა, ეტყობა, მე ვეგონე. მივიდა და მიულოცა, თან, ვგავართ ერთმანეთს, ყველამ აღნიშნა ეს. „ვოგშიც“ დაიბეჭდა ჩვენ შესახებ სტატია. ერთმა ჟურნალისტმა ასეთი რამ დაწერა: ჩვენებაზე რომ ვიყავი, სახელი ლაკო ბუკია წავიკითხე, მეცნო და გამახსენდა, რომ ორი წლის წინ ამ გოგონაზე სტატია გავაკეთე ლონდონში. იმის მერე როდის აღმოჩნდა ის ამერიკაში, არ ვიცი. თუ იგივე გოგონაა, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან წასულა წინ, გაზრდილა. თუ იგივე არ არის, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ ყველა, ვისაც ლაკო ბუკია ჰქვია, ძალიან კრეატიულია. მისი კოლექცია ჩემი ფავორიტი იყოო. ძალიან გამიხარდა იმის გაგება, რომ მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ლონდონში მართლაც ძალიან პოპულარული ვიყავი, დღესაც ახსოვთ და არ დავიწყებიათ. რადგან ორი წელი სწავლისთვის გადავდე თავი და ამით თითქოს უკან, იმ პერიოდის ლონდონში დავბრუნდი – ეს სასიამოვნო შეგრძნებაა. ბევრი გამოხმაურება იყო: სტილისტები, ჟურნალებისთვის გადაღებები, ინტერვიუები. პლუს, ვეცნობი აქაურ მოდის სამყაროს. ორი წელი კი ვიყავი აქ, მაგრამ დატვირთული გრაფიკის გამო, ამის შანსი არ მომეცა.
– ნებისმიერი დიზაინერის ოცნებაა ნიუ-იორკის „ფეშენ-ვიქზე” გამოსვლა.
– ალბათ, ჩემთვის, როგორც დიზაინერისთვის, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება და მიხარია, რომ ამისრულდა.
– რა ბედი ეწევა ამ კოლექციას, აპირებ გაყიდვას?
– შემოთავაზებები არის, ფეხსაცმლის ყიდვა უნდათ. ფეხსაცმელს უფრო შეველევი, კოლექციას – არა. იმდენად რთული გასაკეთებელია, ამის მეორედ იდენტირება არ იქნება სწორი. არ მინდა კოლექცია გავყიდო, ალბათ, სამახსოვროდ დარჩება. სამაგიეროდ, გავყიდი ფეხსაცმელებს, ხელთათმანებს, წინდებს, აქსესუარებს.