როგორ შეიქმნა თბილისში ერთადერთი ძაღლების ბაღი, რა სერვისებს სთავაზობს ის მომხმარებელს და ვინ არიან მისი ძირითადი მომხმარებლები
დაახლოებით ერთი წელია, რაც თბილისში ძაღლების ბაღი „ბალტო“ გაიხსნა. ეს ერთადერთია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ამიერკავკასიის მასშტაბით.
ოთხფეხა მეგობრებს შორის ძაღლს უდავოდ წამყვანი ადგილი უჭირავს და მისი ყოლის სურვილი ბევრს აქვს, მაგრამ თანამედროვე ცხოვრებისთვის დამახასიათებელი აქტიური რიტმიდან გამომდინარე, მისთვის საკმარისი დროის დათმობა და სათანადოდ მოვლა, ნამდვილად არ არის მარტივი. ამიტომ, ბუნებრივად გაჩნდა მოთხოვნილება დაწესებულებაზე, რომელიც დღის განმავლობაში ძაღლის შენახვასა და პატრონობას უზრუნველყოფდა. ამიტომაც გაიხსნა ძაღლების ბაღი, რომელიც უამრავ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. გარდა ბაღისა, კომპლექსში შედის სკოლა, უმაღლესი, სალონი და სასტუმროც კი.
ამ საკითხის დეტალებში გასარკვევად ძაღლების ბაღის მენეჯერს, ნათია ბურჯალიანს ვესაუბრეთ.
– როგორ გაჩნდა ძაღლების ბაღის შექმნის იდეა?
– ძაღლების ბაღი შეიქმნა კინოლოგიური სკოლის ბაზაზე. წლების განმავლობაში მწვრთნელებზე, კინოლოგებზე, რომლებიც ძაღლებს ასწავლიან, დიდი მოთხოვნა იყო. ხშირად ჰქონდათ პრობლემა, რომ, როცა სამსახურში იყვნენ, სად დაეტოვებინათ ძაღლი, განსაკუთრებით ეს საკითხი ლეკვების პატრონებს აწუხებდათ. ლეკვის მარტო სახლში ყოფნა მისთვისაც სარისკოა, რადგან შეიძლება, ისეთი რამე შეჭამოს ან გააკეთოს, რომ თავი დაიზიანოს. პატრონისთვის ხომ დიდი პრობლემაა, პატარა ასაკში ძაღლები ყველაფერს აფუჭებენ. ამ მოთხოვნის საფუძველზე გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ისეთი სერვისი, რომელიც დაკავებულ ადამიანს ძაღლის ყოლის საშუალებას მისცემდა. დილით მოიყვანს ჩვენთან, საღამოთი კი წაიყვანს. ინდივიდუალურად რომ დაიქირაოთ დამხმარე, რომელიც ყოველდღიურად მიხედავს ძაღლს, თანხობრივად საკმაოდ ძვირი დაჯდება. ბაღი რადგან ბევრზეა გათვლილი, თანხაც ისეთი შეირჩა, რომ მომხმარებლისთვის მისაწვდომი იყოს.
– აქტიური მომხმარებელი გყავთ?
– კი. მომხმარებელი საკმაოდ ბევრი გვყავს. თუმცა რაოდენობა იცვლება. არიან ისეთები, რომლებმაც თავიდანვე დაიწყეს სიარული და ახლაც აგრძელებენ; ისეთებიც, ვინც, ვთქვათ, სამი თვე დადის. ზოგჯერ მოგვმართვენ კონკრეტული პრობლემის გადაჭრისთვის. მაგალითად, პატარა ლეკვებში ხშირი პრობლემაა სახლში მოსაქმება. ამის გამო ხშირად მოგვმართავენ. როცა მსგავსი პრობლემა გვარდება, ზოგი წყვეტს, ზოგი კი აგრძელებს სიარულს.
– რამე კონკრეტული კრიტერიუმები თუ გაქვთ განსაზღვრული, რომლის მიხედვითაც ძაღლებს იღებთ, მაგალითად, ასაკი.
– არა. განსაზღვრული ასაკი არ გვაქვს. შეიძლება, ძაღლი იყოს ათი წლის და მას თავისუფლად შეუძლია, იაროს ბაღში. მთავარია, ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდეს დამაკმაყოფილებელი და ფსიქიკაც – მოწესრიგებული. აგრესიულ ძაღლებს არ ვიღებთ. თავიდან ვამოწმებთ ძაღლს. გვაქვს აგრესიის ტესტი. თუ ის აგრესიულია ადამიანის ან სხვა ცხოველის მიმართ, ბაღში ვერ მოხვდება.
– დღეს ქუჩის ძაღლებთან დაკავშირებით დიდი პრობლემებია, მათ დაბინავებაზეც ხომ არ ზრუნავთ.
– ჩვენ, თანამშრომლებს თუ რამე შეგვიძლია, ვაკეთებთ, მაგრამ თვითონ კომპანია ამაში ჩართული არ არის. ეს ცხოველთა დამცველების სფეროა. ისინი მაქსიმუმს აკეთებენ. ჩვენ, უბრალოდ, ინდივიდუალურად თუ შევძლებთ რამის გაკეთებას. ყოფილა შემთხვევა, რომ დაგვიბინავებია უპატრონო ძაღლი, მისი ლეკვები, მაგრამ ამას ერთჯერადი ხასიათი აქვს და ოფიციალურად ამ კუთხით არ ვმუშაობთ.
– ძირითადად ვინ სარგებლობს თქვენი მომსახურებით? ცნობილი ადამიანები თუ გყავთ მომხმარებელთა შორის?
– ძაღლის შენახვა, შეიძლება ითქვას, ფუფუნებასთან არის დაკავშირებული, რაც, სამწუხაროდ, საშუალო ფენას არ შეუძლია. ყოველთვიური გადასახადიც არ არის მცირე თანხა. ამიტომ, მის გადახდაზე ყველას არ მიუწვდება ხელი. ცნობილი მომხმარებლებიც გვყავს, მაგრამ ვინაობას ვერ დავასახელებ (იცინის). ისე გეტყვით, რომ, ძირითადად, ჟურნალისტები არიან, როგორც ყველაზე დაკავებულები.
– კონკრეტულად, რა თანხებთან არის დაკავშირებული თქვენი მომსახურება?
– თვიური გადასახადი 300 ლარია. თუმცა, ბაღის გარდა, ჩვენ გვაქვს ძაღლების სასტუმრო, რომელიც 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს. აქაც მიღების პირობები იგივეა. მხოლოდ სასტუმროში მეთვალყურე ღამითაც ჰყავს ძაღლს. ფასი აქ ინდივიდუალურია – 10 ლარიდან 25 ლარამდე მერყეობს.
– ამ თანხის სანაცვლოდ რა სერვისს სთავაზობთ?
– თუ გინდათ, რომ ძაღლი ბაღში ატაროთ, უნდა გქონდეთ ვეტერინარული პასპორტი, სადაც აღნიშნული იქნება, რომ ძაღლს ვაქცინაცია ჩატარებული აქვს. ეს აუცილებელი პირობაა. თან, ვაქცინაც ხარისხიანი უნდა იყოს, ამასაც ყურადღებას ვაქცევთ. ვეტერინარი ამოწმებს და თუ ყველაფერი კარგად აქვს, ძაღლს დილით გაუვლის სამარშრუტო ტაქსი, რომელიც მოიყვანს ბაღში. ბაღი არის საკუთარი სახლის პირობებში, გვაქვს ეზოც. ოთახები სპეციალურად მათთვის არის მოწყობილი. მომვლელები გვყავს სპეციალურად შერჩეული, დატრენინგებული. მათ ყველაფერი იციან ძაღლების შესახებ. ძაღლები საღამომდე ერთობიან, ჭამენ, იძინებენ, გარეთ გადიან სასეირნოდ. ყველა ძაღლს ინდივიდუალური დატვირთვის რეჟიმი აქვს. ზოგი ერთი საათი სეირნობს, ზოგს ორი ესაჭიროება და ასე შემდეგ. ჩვენც შესაბამისად ვემსახურებით. საღამოს კი ისევ ჩასხდებიან სამარშრუტო ტაქსიში და მიბრძანდებიან სახლში. კვება ყველა ძაღლისთვის ინდივიდუალურია.
– სხვადასხვა ასაკის ძაღლი გყავთ და ამის მიხედვით ჯგუფებად თუ ყოფთ?
– ბაღში კატეგორიების მიხედვით გვაქვს ჯგუფები. მაგალითად, ორი თვის ძაღლი ვერ იქნება დიდ ძაღლთან ერთად. ჯგუფებს ძირითადად ზომისა და ასაკის მიხედვით ვყოფთ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ კომფორტულად იგრძნონ თავი და რაც მთავარია, ამით გარკვეული რისკებისგან ვიცავთ თავს.
– სხვა სერვისებზეც გადავიდეთ. როგორც მითხარით, სკოლაც გაქვთ.
– გვაქვს კინოლოგიური სკოლა, სადაც პროფესიონალი მწვრთნელები ემსახურებიან ძაღლებს. სკოლის დირექტორს 25-წლიანი სტაჟი აქვს ამ საქმეში. დანარჩენი მწვრთნელებიც პროფესიონალები არიან. გვყავს ქალბატონი ჰენდლერი, რომელიც გამოფენებისთვის ამზადებს ძაღლებს. როცა ძაღლი მორჩება ბაღს, დაახლოებით 5-6 თვის ასაკში, შეუძლია, სკოლაში სწავლის გაგრძელება. მერე უმაღლესიც არის. არის შემთხვევა, როცა ბაღში დადის ძაღლი, მაგრამ სასკოლო წვრთნა ესაჭიროება, უკვე ისეთ ასაკშია. ასეთ შემთხვევაში, პარალელურად, ამ მომსახურების მიღებაც შესაძლებელია და ამაზე 50-პროცენტიანი ფასდაკლებაც გვაქვს. წვრთნაში შედის როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური მეცადინეობები. ჯგუფურ მეცადინეობას ჩვენი მწვრთნელი იპოდრომზე ატარებს. მასში მონაწილეობა პატრონებსაც შეუძლიათ, რის შედეგად თვითონაც სწავლობენ ძაღლთან ურთიერთობას. შესაძლებელია, მწვრთნელის სახლში გამოძახებაც.
სპორტული ჯგუფიც გვაქვს, სადაც ძაღლები სხვადასხვა სავარჯიშოებით არიან დაკავებულები. გვაქვს, ასევე, ვეტერინარული კლინიკა, რომელიც 24 საათი მუშაობს. მომსახურება გამოძახებითაც შესაძლებელია. ძაღლებისთვის, რომლებიც ჩვენთან დაჰყავთ, ვეტერინარის მომსახურება უფასოა. შემოწმება სისტემატურად, ყოველ კვირას უტარდებათ.
– ინტერვიუმდე მითხარით, რომ ძაღლების სალონიც გაქვთ.
– დიახ, სალონი გვაქვს. გვყავს სტილისტი, რომელიც ჭრის და ვარცხნის ძაღლებს. ძაღლისთვის აუცილებელია ბეწვის, ყურების, ფრჩხილების მოწესრიგება, ეს ელემენტარული ჰიგიენაა. ზოგიერთ ჯიშს განსაკუთრებით უხეში ბეწვი აქვს, რომელსაც აცლიან. ამ მომსახურებით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მათთვის კი, ვისაც ჩვენთან დაჰყავს ძაღლი, ყველა დანარჩენ სერვისზე ფასდაკლებები გვაქვს.
– ამ ყველაფრის ფონზე, ალბათ, კმაყოფილი კლიენტები გყავთ?
– ვინც ჩვენთან დადის, ყველა კმაყოფილია. ზემოთაც გითხარით, რომ მავნე ჩვევების გამო, ხშირად მოგვმართავენ, იქნება ეს სახლში მოსაქმება, გაუჩერებელი ყეფა თუ სხვა. ჩვენი მომსახურების შემდეგ კი, აბსოლუტურად ყველას მოეხსნა ყველანაირი პრობლემა.
ძაღლები ბაღში მთელი დღე თამაშობენ, ენერგიისგან იცლებიან და ყველაფერს იღებენ, რაც სჭირდებათ. სახლში დაღლილები და დამშვიდებულები მიდიან, შესაბამისად, მშვიდად იძინებენ. შედეგი პირველივე დღეებში სახეზეა. ხშირად გვეკითხებიან, შეგუება უჭირთ თუ არა ძაღლებს. ყველა ძაღლისთვის რთულია ახალ გარემოსთან შეგუება. პატრონის გარეშე ნერვიულობენ, მაგრამ აქ პირველივე დღეს ისეთი მხიარულება, იმდენი ძაღლი და გასართობი ხვდებათ, რომ ადაპტაციის პროცესი ძალიან უმტკივნეულოდ გადააქვთ. ერთი სერვისი გვაქვს, რაც სხვაგან არ არის – ძაღლების გადაყვანის სერვისი. თუ ძაღლი ცუდად გაგიხდათ, დიდი ზომისაა და მანქანაში ვერ ათავსებთ, ან აგრესიულია და ვერ მიგყავთ ექიმამდე, ასეთ შემთხვევაში, შეგიძლიათ, გამოიძახოთ ჩვენი სერვისის სპეციალური ჯგუფი, რომელიც შედგება კინოლოგებისა და ვეტექიმისგან. მოხდება მისი ტრანსპორტირება ექიმამდე თუ სხვა ნებისმიერ ადგილამდე.