რატომ ცხოვრობს ყოფილი მილიონერი გლდანის მეხუთე მიკრორაიონში და რა პრობლემები შეუქმნა სამმა მილიონმა მის ოჯახს
სამი მილიონის მფლობელი დღეს თბილისში გლდანის ოროთახიან ბინაში ქირით ცხოვრობს. ჩემი რესპონდენტი რამდენიმე წლის წინ გერმანიაში ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით წავიდა. მის თავზე კი მრავალმა უბედურებამ გადაიარა. უბედურება მოგებულმა მილიონმა მოუტანა, თუმცა ერთმა კი არა, თითქმის სამმა მილიონმა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სიღარიბე.
– შენ ხარ ადამიანი, რომელმაც 32 წლის განმავლობაში მოახერხა და ერთდროულად გახდა მილიონერი და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფიც. საინტერესოა, ბავშვობა როგორი გქონდა?
– თბილისში დავიბადე და გავიზარდე. სამსართულიანი საკუთარი სახლი გვქონდა. მდიდრები არ ვიყავით, მაგრამ შეძლებულ ოჯახად ვითვლებოდით. ორი მოსამსახურე გვყავდა, ერთს საოჯახო საქმეები ებარა და მეორეს – ჩვენი თავი. სხვათა შორის, მამაჩემი და მამიდები ამ ძიძის გაზრდილები არიან. მაგრამ, ბაბუაჩემის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ოჯახის მამა-მარჩენალი იყო, მამაჩემის ინიციატივით, სახლი გაიყიდა და ყველამ ცალკე, დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება.
– რამდენი წლის იყავი?
– 6-7 წლის და ეს წლები, რა თქმა უნდა, უზრუნველად გავატარე. შეიძლება ითქვას, ყველაზე ბედნიერი იმ წლებში ვიყავი, რომელიც ბუნდოვანი მოგონების სახით შემომრჩა. ამის შემდეგ ისე მოხდა, რომ ყველაფერი დავკარგეთ, რადგან მამაჩემმა ვერ გამოიყენა ის შესაძლებლობა, რაც ჰქონდა და ცოტა ხანში ქირით მოგვიწია ცხოვრების გაგრძელება. პრინციპში, დღემდე ქირით ვარ ცოლ-შვილთან ერთად.
– და ადრეულ ასაკში მოგიწია მუშაობის დაწყება?
– კი. რაღაც პერიოდი მე და ჩემი და ბავშვთა თავშესაფარში ვიზრდებოდით, ორთაჭალაში. მერე დავიწყე მუშაობა ჟურნალ-გაზეთების დამტარებლად მეტროში. სხვათა შორის, ძირითადად, ბავშვები ვმუშაობდით ამ საქმეზე და იქ გავიჩინე მეგობრები, რომლებთან ერთადაც დღემდე მოვდივარ. ყველაზე მაგარი კი ის არის, რომ ყველამ ჩვენი გზა მოვნახეთ ცხოვრებაში, ადამიანობა არ დავკარგეთ და არ გავბოროტდით. ყველა ვცხოვრობთ და დღემდე პატიოსნად ვშრომობთ ჩვენი ოჯახების სარჩენად.
– ტყუილად არ არის ნათქვამი, გაჭირვება აძლიერებს და შრომა აკეთილშობილებს ადამიანსო. რამდენი წლის იყავი, უცხოეთში რომ წახვედი?
– 26 წლის ვიყავი, მეორე შვილი რომ შემეძინა და მაშინ, 2008 წლის ომის შემდეგ, საბოლოოდ გადავწყვიტე, უცხოეთში წავსულიყავი, რომ ოჯახი მერჩინა. არ მინდოდა, ჩემი შვილებიც ჩემსავით გაჭირვებაში გაზრდილიყვნენ, თან მაშინ, ჩემს დროს, ზოგადად, სხვა ცხოვრება იყო, ყველას უჭირდა. ეს ის პერიოდია, როცა პროფესორ-მასწავლებლები მშრალ ხიდზე ოჯახიდან გამოტანილ ნივთებს ყიდდნენ, როცა ხალხი პურის რიგში ღამეებს ათენებდა და ერთი პურისთვის თავ-პირს ალეწავდნენ ერთმანეთს. ჩვენ არ ვიციოდით, რა იყო კარგი ცხოვრება და არც არაფერზე გვქონდა პრეტენზია, მთავარი საზრუნავი საჭმელი იყო. მაგრამ ახლა ჩემს შვილებს ლეპტოპისკენ გაურბით თვალები და მთხოვენ, უახლესი მოდელის მობილური ვუყიდო.
– გერმანიაში რას საქმიანობდი?
– ლტოლვილად ჩავბარდი და ამ სტატუსის მქონე პირის დახმარებას ვიღებდი გერმანიის მთავრობისგან, რომელიც კარგ ფულად ითვლებოდა. მოგვიანებით, მუშაობა დავიწყე მშენებლობაზე და დამატებითი შემოსავალი გამიჩნდა. თან, ცოტას ვიპარავდი კიდეც, ოღონდ არასოდეს ვღორობდი. პატიოსანი ქურდი ვიყავი (იცინის). რამდენჯერმე მანქანაც გამოვაგზავნე და ჩემი მეგობრები აქ ყიდდნენ. ერთი სიტყვით, კარგად ავეწყვე. გავიქექე, ადგილობრივებთან დავმეგობრდი, რომლებიც ბევრ რამეში მეხმარებოდნენ.
– და მათვე გაგამწარეს?
– გერმანელებმა გამამწარეს, მაგრამ ქართველმა გამწირა, რომლის გამოც მოვიხადე სასჯელი და დღეს თუ რამე ცუდი მჭირს, იმ ქართველი თარჯიმნის ქართველობის დამსახურებაა, რომელსაც ადრე თუ გვიან, სამაგიეროს აუცილებლად გადავუხდი.
– ანუ, ქართველის დამსახურებაა შენი სამი მილიონის დაკარგვა?
– მილიონებს ვიღა ჩიოდა?! ციხეში მიკრა თავი და რაც მქონდა, ისიც დამაკარგვინა.
– როგორ გახდი მილიონერი?
– ლატარიაში მოვიგე 2 700 000. იქამდე სულ ვთამაშოდი, მაგრამ არ ვიცოდი, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ შეეძლო თანხის აღება. ეს არის ლატარიის საერთაშორისო კანონი და ამიტომ, ერთ ქართველ ქალს ვთხოვე დახმარება, რომელიც სანოტარო ბიუროში თარჯიმნად მუშაობდა. რა თქმა უნდა, მას ბოლომდე არ ვენდე და ასევე, ჩემს გერმანელ მეგობარს ვთხოვე დამხმარებოდა – მის სახელზე გამოწერილიყო ჯეკპოტი და თანხის 20 პროცენტს დავპირდი.
– მაშინ ის ქართველი ქალი რაღაში გჭირდებოდა, ისედაც ხომ ყველაფერი მარტივი გასაკეთებელი იყო?
– ჯერ ამ ქალთან გავიარე კონსულტაცია, რომელმაც დამარიგა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი და ამის შემდეგ დაველაპარაკე გერმანელ მეგობარს. თან, თავი დავიზღვიე, ვიფიქრე, გერმანელები მაინც ცივი ხალხია და რამე არ გამიჩალიჩოს-მეთქი. გარდა ამისა, ესეც ქართველი ემიგრანტია, კარგად იცის ენა და კანონები და რამე რომ იყოს, საქმის კურსში იქნება, მოაგვარებს-მეთქი.
– ისინი მანამდე იცნობდნენ ერთმანეთს?
– ამ ქალს ყველა იცნობდა. თუ ვინმეს რამე გაუჭირდებოდა, შუამავლის როლს ასრულებდა. ძირითადად, ადვოკატის დაქირავება და სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართებაში რაც სჭირდებოდათ ქართველებს.
– თაღლითობის სქემა როგორი იყო და შენ რა თანხა მოგცეს?
– მე მომცეს ვირის თავ-ფეხი. მითხრეს, რომ თითქმის მილიონი სახელმწიფომ დააკავა, რადგან რაღაც პროცენტები საშემოსავლო თუ მოგების გადასახადი იყო დაკისრებული. მივხვდი, რომ რაღაცას მატყუებდნენ, მაგრამ ჩავყლაპე. დაპირებულმა ოცმა პროცენტმა ნახევარ მილიონზე მეტი შეადგინა. თანხის დიდი ნაწილი ამ თარჯიმანმა წაიღო, ვითომ საკუთარი და ვიღაც ადვოკატების ასანაზღაურებლად.
– ადვოკატი რატომ დაგჭირდა?
– ხელოვნურად შემიქმნეს პრობლემები, ვითომ ლატარიის კომპანიას უჩივლეს დიდი პროცენტის დაკავებისთვის, დროში გამიწელეს და ისე იმუშავეს ფსიქოლოგიურად, რომ ბოლოს უკვე ყველაფერზე თანახმა ვიყავი. თან, ფული მათ ხელში იყო და სანამ საქმე ბოლომდე არ დასრულდებოდა, გამოტანის უფლება არ ჰქონდათ. ვითომ ამ ყველაფერს ის ქალი საკუთარი ხარჯებით აგვარებდა, ანუ ვალით მიკეთებდა. რამდენიმეთვიანი წვალების შემდეგ 800 000 მომიტანეს, რის გამოც დაიწყო ჩვენი კონფლიტი. ფაქტობრივად, ორი მილიონი მომიტეხეს. თანხის ნაწილი საქართველოში გამოვგზავნე, რითაც ჩემმა ცოლმა ორი ბინა იყიდა, ერთი – საცხოვრებლად და მეორე – გასაქირავებლად.
– ციხეში როგორ აღმოჩნდი?
– გერმანელი ვცემე, რომელმაც ყველაფერი დაფქვა და იმ ქართველ თარჯიმანს შეაწმინდა ხელი. ამის საუბარი დიქტოფონზე ჩავიწერე და მერე ორივე დავაპირისპირე ერთმანეთს. ამ ჩხუბში ეს ქალიც შემომელახა და ბოლოს ორივემ ჩემ წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. კარგი ადვოკატი ავიყვანე, რომელიც საკმაოდ ძვირი დამიჯდა. საბოლოოდ კი, ორწლიანი განაჩენი მაინც გამომიტანეს და ბოლოს ერთი წელი მოვიხადე სასჯელი, რის გამოც მომიწია ერთი ბინის გაყიდვა.
– კი მაგრამ, ამდენი რა დაჯდა შენი ერთწლიანი პატიმრობა, რომ ნახევარი მილიონი არ ეყო?
– უნახავმა რა ნახაო, ეგ დამემართა. ბინებს რემონტები სჭირდებოდა, რომელიც საკმაოდ ძვირი დაჯდა, ასევე, ავეჯი. სახლში თითქმის არაფერი გვქონდა და ცოლს უფლება მივეცი, ყველაფერი ახალი და ძვირიანი ეყიდა. თან, ხომ იცი, ნათესავები მაგ დროს საფლავიდანაც კი დგებიან და გაკითხავენ. შეძლებისდაგვარად, ყველას დავეხმარე და დიდი დრო არ დაგვჭირდა ფულის დასახარჯად.
– ფული რომ აიღე, რატომ მაშინვე არ წამოხვედი?
– საბუთების გაფუჭება არ მინდოდა. პატიოსნად ვცხოვრობდი და შანსი მქონდა, მოქალაქე გავმხდარიყავი. ჩემი ჭკუით, კარგი გადაწყვეტილება მივიღე და საბუთების კეთება დავიწყე, რომ თავისუფლად შემძლებოდა ნებისმიერ დროს უკან დაბრუნება. შვილების მომავალზე ვიფიქრე, განათლებას გერმანიაში მივაღებინებ და კაცებად დადგებიან-მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანს, ბედნიერება ჩემთან დიდხანს არ ჩერდება.