სად დაბოდიალობს თიკა მახალდიანის მეორე ნახევარი და როგორ იხსნის ის სტრესს იმიჯის ცვლილებით
გავიგე, მომღერალი თიკა მახალდიანი, სულ მალე თბილისს ტოვებს და მოსკოვში გადადის საცხოვრებლადო. ჩვენს ქალაქში, ხშირად ვრცელდება ჭორები ცნობილ სახეებზე და ამიტომ, გადავწყვიტე, ეს ამბავი თავად თიკასთან გადამემოწმებინა. ბოლო დროს თიკამ გარეგნული იმიჯი თვალშისაცემად შეიცვალა, თუმცა სასიმღერო სტილი ნამდვილად არ შეუცვლია. თუ რას აპირებს ის ახლო მომავალში და ნამდვილად მიემგზავრება თუ არა დიდ რუსეთში ძალების მოსასინჯად და სასიმღერო კარიერის უცხო მხარეში გასაგრძლებლად, ამაზე თავად მოგახსენებთ.
თიკა მახალდიანი: მთელი წელი ვმუშაობდი, ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ მხოლოდ ათი დღით მოვახერხე ბათუმში დასვენება და არ მეყო. თუმცა, ზაფხული რომ გავიდა, გული არ მწყდება, რადგან ასე არასდროს შევუწუხებივარ და არ შეუქმნია დისკომფორტი სიცხეს ჩემთვის, როგორც წელს. დამიჯერეთ, ჯანმრთელობაზეც კი იმოქმედა, გარეთ გასვლის მეშინოდა, სერიოზული შიშები დამეწყო. მოკლედ, ზაფხულმა სტრესულ მდგომარეობაში ჩამაგდო. თუმცა, შემოდგომა ის პერიოდია, როცა ადამიანმა გაორმაგებული ძალების მობილიზება უნდა შეძლო და იშრომო.
– ბოლო დროს, უამრავი სატელევიზიო პროექტი „დაიბადა”, სადაც არაერთი ცნობილი სახე ჩანს. თუმცა, შენ მათ შორის არ ხარ.
– იცით რა, მე არ ვარ ისეთი, ვიღაც შევაწუხო, ვიღაცას რაღაც ვთხოვო, ზედმეტად ვიაქტიურო და ასე შემდეგ. მორიდებული ვარ, თუმცა, ისიც ვიცი, რომ თუ „რქებით” არ „აწვები” ცხოვრებას, ისე იჩაგრები, მით უმეტეს თუ საქმე შოუ-ბიზნესს ეხება. სულ ვიცინი, ეს რქები რით ვეღარ ამომივიდა და ვერ გავხდი რქიანი-მეთქი (იცინის). დღეს, ბევრი კონკურსი ტარდება, მაგრამ არ მაქვს სურვილი მივიღო მონაწილეობა. მე ერთხელ მივიღე მონაწილეობა, გამიცნო ხალხმა, მეც არ დამიზოგავს თავი და შესაძლებლობები. ვფიქრობ, ესეც საკმარისია, თუმცა, შოუში მონაწილეობა სხვა საკითხია. თუ შემომთავაზეს, ამაზე დავფიქრდები.
– თიკა, გავიგე, რომ რუსეთში, კერძოდ, მოსკოვში აპირებ წასვლას და იქ სასიმღერო კარიერის აწყობას. ეს ჭორია თუ ნამდვილად გეგმავ თბილისის დატოვებას?
– მართალია, ვგეგმავდი მოსკოვში წასვლალს, მაგრამ ჯერჯერობით თავს ვიკავებ. ვმერყეობ, ბევრს ვფიქრობ, ასე ადვილი ხომ არ არის, რუსეთის ბაზარზე შესვლა? თუმცა, არ ვფიქრობ, იქ წასვლის გამო ჩემი სასიმღერო სტილი და გემოვნება შევიცვალო. ვერ გეტყვით, მომავალში რა იქნება, თუმცა, გიდასტურებთ, რომ საუბარი ჩემს წასვლაზე ნამდვილად არის, მაგრამ დროებით გადაიდო. ერთ-ერთ, რუსეთში ცნობილ ადამიანს და იმავდროულად, ჩემს მეგობარს, უნდოდა ჩემი წაყვანა მოსკოვში და რუსული შოუ-ბიზნესის ბაზარზე „გაყვანა”, მაგრამ მე ვთქვი უარი. ამ ეტაპზე, არ ვარ მზად და ვყოყმანობ.
– არ გეწყინოს, მაგრამ შეგამჩნიე, რომ ცოტა გეშინია და ამის გამო ყოყმანობ. თუ ვცდები?
– არ ცდებით, მართალია. დარწმუნებული კი ვარ ჩემს შესაძლებლობებში, მაგრამ უცხო ქვეყანაში სასიმღერო კარიერის შექმნა, რეპერტუარის ხალხის მასებზე გათვლა, ცნობადობისა და სიყვარულის მოპოვება, რთულია. თუმცა, ვიცი, შრომისმოყვარე ვარ და მაქსიამლურად დავიხარჯები ნებისმიერ ქვეყანაში. გამოგიტყდებით და, იცით როგორი ხასიათი მაქვს? ვიღაც მჭირდება გვერდით, ვინც ბიძგს მომცემს. ახლახან მივხვდი, რომ ცხოვრება რთულია და დავიღალე. მანამდე ამაზე არ ვფიქრობდი.
– ვფიქრობ, 25 წლის ასაკში ცოტა ადრეა იმაზე ფიქრი, რომ ცხოვრება რთულია და დაიღალე.
– მართალია, ადრეა, იმაზე ფიქრი, რომ ცხოვრება რთულია, თუმცა, ამის ცოდნამ მიბიძგა იმისკენ, რომ, უფრო უნდა „ამოვიქოქო“ (იცინის). ძალიან მერყევი ხასიათი მაქვს და სანამ ნაბიჯს გადავდგამ, ბევრს ვფიქრობ. თითქოს გაორებული ვარ და ვერ ვწყვეტ ადვილად საკითხებს. იმასაც ვგრძნობ, რომ ძალიან სწრაფად გადის დრო და ბევრი ფიქრი არ ვარგა, დროს არ უნდა ჩამორჩე. ახლა 25 წლის ვარ, 19 წლის ასაკში კი უკვე ცნობადი სახე ვიყავი. დღესაც მცნობს ხალხი, უყვართ ჩემი მოსმენა და მწყდება გული, რომ საქართველოში შოუ-ბიზნესში კარგი არაფერი ხდება და მომღერლის მოსასმენად მის თაყვანისმცემელს, მხოლოდ ბარში და კლუბში უწევს მისვლა. სხვათა შორის, მიუხდავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში გავხდი ცნობადი, არც თავში ამვარდნია პოპულარობა და არც ცუდი ჭორი გამიგია. ზოგადად, არ მიყვარს ისეთი ადამიანები, რაღაცას რომ მიაღწევენ და მერე თავში უვარდებათ, ცხვირს ზემოთ სწევენ, ვითომ ვინმეზე მეტი არიან.
– თიკა, გიყურებ და ვხვდები, რომ ვიზუალურად, აბსოლუტურად, სხვა ადამიანი ხარ, ვიდრე მაშინ იყავი, როცა ხალხმა სცენიდან გაგიცნო. ეს ცვლილება რასთან არის კავშირში?
– უბრალოდ, ერთ დღესაც ავდექი და ვიფიქრე, მომიხდება ცხვირის დამოკლება და თმის შეღებვა-მეთქი. ყველა მეუბნებოდა, კარგი ცხვირი გაქვს, არ გჭირდება ოპერაცია, რა იცი როგორი გექნება მერე, არ გეშინია შედეგის და არ გაიკეთოო. მაგრამ, მე დავიჟინე და ყველას ვეუბნებოდი: არ მინდა ეს სახასიათო ცხვირი და მორჩა-მეთქი. ცუდი ცხვირი ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ ვხუმრობ ხოლმე, არ მინდოდა, ვყოფილიყავი „ბურატინო” და ახლა ისეთი ვარ, როგორიც მინდოდა-მეთქი (იცინის). თავმდაბალი კი ვარ, მაგრამ იმავდროულად, პრინციპული ადამიანიც ვარ. გადავწყვიტე, გავიკეთე ცხვირის ოპერაცია და დღეს კმაყოფილი ვარ. თუმცა, მართლა ძალიან შემცვალა. პირველად რომ ჩავიხედე სარკეში, ვიფიქრე, ვა, ეს მე ვარ მეთქი? (იცინის). მერე, ისე მივეჩვიე, აღარც კი მახსოვს როგორი ცხვირის ფორმა მქონდა ადრე. სხვებიც მეუბნებიან, როგორ გიხდება ახალი იმიჯიო. თმაც იმიტომ შევიღებე, რომ რაღაც შემეცვალა ჩემს გარეგნობაში. ექსპერიმენტების გიჟი ვარ (იცინის). ცუდ ხასიათზე რომ ვარ, სულ იმას ვფიქრობ, რა შევცვალო გარეგნობაში. ერთხელ, ჩემით შევიჭერი თმა ბიჭურად.
– შენი ხელით შეიჭერი?
– დიახ, შევედი აბაზანაში, დავიჭირე მაკრატელი და ჩემი ხელით ავიკორტნე თმა (იცინის). სხვათა შორის, ცუდ განწყობაზე ვიყავი, ნერვებზე „ვიჯექი” და ეს სტრესი თმის მოჭრით, ნამდვილად მომეხსნა. მაგრამ, მერე რომ დავფიქრდი რა ვქენი, ვინანე.
– თიკა, პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– პირად ცხოვრებაში, პატარ-პატარა რომანები და ფლირტაობები მაქვს, სერიოზული არაფერი. ყველა მეუბნება, არავინ არის შენს ცხოვრებაშიო? ვბრაზდები, ეს რა კითხვაა, არ შეიძლება, მარტო იყოს ადამიანი? ან კითხვა: რასაც შენ დადიხარ და ამდენ ადამიანს ხვდები, როგორ ხარ მარტოო? არ შეიძლება, არ ვიყო შეყვარებული? ზუსტად ვიცი, ის ჩემი მომავალი შეყვარებული თუ მეორე ნახევარი სადღაც დაბოდიალობს და ერთ დღესაც შემამჩნევს (იცინის). ჯერ არ არის, ეტყობა, დრო ჩვენი შეხვედრის. მე არ ვნერვიულობ, „მოიბოდიალებს “და მოვა, სად წავაწ? (იცინის).
– შენი მეგობრების უმეტესობა გათხოვდა და ალბათ, ამიტომაც გეკითხებიან ხშირად, შენ როდის აპირებ ოჯახის შექმნასო, არა?
– ალბათ, მაგრამ გასათხოვრებიც ხომ დარჩნენ? (იცინის) სხვათა შორის, სანამ სალომე ბაკურაძე გათხოვდებოდა, ძირითადად, მასთან ვცხოვრობდი. ახლა ლაშა და სალომე ერთად არიან და სულ მეუბნება ლაშა, ხომ იცი, შენ ჩვენი „შვილი” ხარ და მოდიო (იცინის). ძალიან კარგი „მშობლები” არიან სალომე და ლაშა და მეც ვცდილობ, კარგი შვილი ვიყო მათთვის (იცინის).