როგორ „აგდებდა“ 90-იან წლებში ნახევრად შიშველ გოგონებთან ერთად ხალხს ექსტაზში რამაზო რომა და ვინ ემუქრებოდა მას დაჭერით
„ცხოვრებაში ყველაზე დიდი წარმატება პატივისცემაა. კარიერა შეიძლება იყიდო, ისევე როგორც სახელი, ცოლი, ქმარი, სამსახური, ყველაფერი, მხოლოდ პატივისცემის ყიდვაა შეუძლებელი. ამიტომ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ადამიანებისგან მიღებული პატივისცემაა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვაკეთებ სკანდალურ განცხადებებს, რადგან სიმართლის თქმა მიყვარს, ყოველთვის ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ, ვაკეთებ იმას, რასაც საჭიროდ მივიჩნევ... ამიტომ ვცდილობ, არ გავფუჭდე და ასეთად დავრჩე,” – ეს სიტყვები დიზაინერ რამაზო რომას ეკუთვნის, რომელიც უკვე წლებია, წარმატებულად მოღვაწეობს თურქეთში და მის სამოსს არაერთი ცნობილი ვარსკვლავი იცვამს როგორც თურქეთში, ასევე აზერბაიჯანში. რამაზომ თბილისშიც არაერთი ჩვენება მოაწყო და ქართველი მოდის მოყვარულების გულიც დიდი ხნის წინ მოიგო.
რამაზო რომა: ახლა სახლური, ოჯახური ეტაპი მაქვს. მყავს ბევრი მეგობარი, რომლებიც ძალიან მიყვარს. 18 წელია, საქართველოში არ ვცხოვრობ, მოწყვეტილი ვარ აქაურობას, ამიტომ თითქმის ყოველდღე მეგობრებს ვხვდები, ხან სად მივდივართ, ხან – სად. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ქართველი ვარ, ერთი მენტალიტეტი გვაქვს. ამდენ მეგობარს უცხოეთში ვერ ვიძენ, მაინც განსხვავებული ფსიქოლოგიის ვართ.
– საფირმო კერძი გაქვს?
– ყველაზე მეტად ჩემს მეგობრებს ჩემი გაკეთებული ხინკალი მოსწონთ. ოღონდ „მთიულურს“ არ ვაკეთებ, „ქალაქურს“ – თავისი მწვანილებით, ნივრით. ნაოჭები გამომდის სასწაული. ბებია ძალიან კარგი დიასახლისი იყო. სახლში მისულს სულ გემრიელი კერძები გვხვდებოდა. ნათესავები კვირაში ერთხელ იკრიბებოდნენ ჩვენთან და მეც მინდა, ეს ტრადიაცია შევინარჩუნო – მეგობრები კვირაში ერთხელ დავპატიჟო სახლში, მოვუმზადო გემრიელი კერძები. თურქი მეგობრები გაგიჟებულები არიან, ქართული საჭმელები ძალიან უყვართ. მეც ბავშვობიდან საჭმელების მომზადების მისწრაფება მქონდა, რადგან მიყვარს გემრიელი კერძების ჭამა. თუმცა, საკუთარ თავს არ ვაძლევ ბევრის ჭამის უფლებას. ხშირად ვიბეჭდები ჟურნალებში, გამოვდივარ ტელევიზიით და ამიტომ ყოველთვის უნდა ვიყო ფორმაში. ზოგადად, არ ვარ შურიანი, არასდროს არავისი არაფერი მშურს. თუ ვიღაც რაღაც წარმატებას მიაღწევს და მეც მინდა მივაღწიო, კი არ შემშურდება, ვიმუშავებ და გავაკეთებ იმდენს, რაც იმ ადამიანმა გააკეთა. მხოლოდ მათი მშურს, ვინც ბევრს ჭამს და არ სუქდება.
– დედას მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება გქონდა.
– დედა ძალიან მიყვარს, ვუვლი. მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში ვცხოვრობ, თვეში ერთხელ ყოველთვის ჩამოდის ჩემთან სტუმრად. ვცდილობ, ყველაფერი გავუკეთო და ჩემთან ერთად კარგად და თბილად გაატაროს დრო. დედა ის ადამიანია, რომელიც მუდმივად გვერდში მიდგას. პატარა რომ ვიყავი, მაშინაც ასე იყო, სულ გვერდში მედგა. საქართველოდან ერთი ზურგჩანთით და ჩემი კასეტებით წავედი, ყველაფერს ჩემით მივაღწიე და ამ დროსაც დედა სულ მედგა გვერდში. თავის დროზე ქორეოგრაფი ვიყავი, ჩემი ჯგუფიც მყავდა „ექსტაზი“. ექსტაზში ვაგდებდით ხალხს, რადგან 1995 წელს გამომყავდა ფილარმონიაში გოგონები სვაროვსკებით გაფორმებული საცურაო კოსტიუმებით და შიფონებით – მაშინ ეს უჩვეულო იყო. მე ვაკეთებდი დიზაინს. იმ დროს ოპერაში მუშაობდა ქალბატონი ჟუჟუნა, რომელიც თეატრებისთვის კერავდა კოსტიუმებს და მასთან ვთანამშრომლობდი. 12 წლიდან ვცეკვავ. მაშინ ახალი გახსნილი იყო სასტუმრო „მეტეხი“, ცეკვის ჯგუფი იყო იქ. მივედი და მაშინვე მიმიღეს, რადგან ნიჭიერი ვიყავი და „მეტეხში” ღამის კლუბში დავიწყე ცეკვა. მერე უკვე ჩემი ჯგუფი გავაკეთე და ასე წავიდა ყველაფერი. სიმართლე რომ გითხრა, ეს პერიოდი საერთოდ არ მენატრება. მე ყოველთვის, როცა რაღაცას ვგრძნობ, რომ უნდა ვაკეთო, მაშინ ვაკეთებ – ასე ხდება კოლექციის დროსაც. თუ ძალიან მინდა – ის აუცილებლად გამომივა. რაღაც სიგნალი, ენერგია მოდის: ეს უნდა გააკეთო ახლაო, მეც ვაკეთებ და გამომდის.
– მითხარი, იღბლიანი ვარო.
– ღმერთი მწამს, ამიტომაც ბევრჯერ გამიმართლა და ბევრჯერ დამიფარა ხიფათისგან. ცხოვრებაში ძალიან ბევრი ხიფათი შემხვდა, თუნდაც სამი წლის წინანდელი დიდი სკანდალი, როცა სტამბულში დამაკავეს, მაგრამ სამ დღეში გამომიშვეს. ისეთ საშინელ რაღაცეებს მაბრალებდნენ, 55 წელი უნდა ჩავჯდარიყავი ციხეში. მაგრამ, ღმერთმა მიშველმა. სტამბულში ჩასვლისას ვმუშაობდი კონკურს „ბესტ მოდელზე“. კონკურსის პრეზიდენტმა, ერქან ოზერმანმა მოაწყო ყველაფერი, ჩემი ჩამოშორება უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. იმედიანად ვიყავი, რადგან არ ვიყავი დამნაშავე, მაგრამ თურქეთში ასეთი კანონია: თუ დაგიჭერენ, ციხეში გსვამენ და იქ ელოდები სასამართლოს. ამიტომ, შეიძლება, მოგიწიოს ოთხი თვე ან უფრო მეტი ციხეში ყოფნა. ღმერთმა დამიფარა, სიმართლე გამომჟღავნდა და სამ დღეში გამოვედი. მახსოვს, დილით მოვიდნენ, წამიყვანეს, ისე მეძინებოდა, წესიერად ვერც გავიგე ვერაფერი. მეორე დღეს დაკითხვებზე ვყავდი, მესამე დღეს ძალიან გავბრაზდი და გამომიშვეს კიდეც. ამ სამ დღეში ბევრი რამ გადავაფასე. ბევრი ადამიანის, მათ შორის მეგობრების მიმართაც გამიჩნდა ანტიპათია. საქართველოში რამდენიმე მეგობარს ურეკავდნენ სამინისტროდან და ისინიც ეხმარებოდნენ ჩემს შესახებ სხვადასხვა ტელევიზიით უარყოფითი ინფორმაციის გავრცელებაში. რა თქმა უნდა, მე ამას ასე არ დავტოვებდი: ამიტომაც „რუსთავი 2-მა“ და „იმედმა“ გამომიგზავნეს სტაბმულში ჟურნალისტები, რომ ჩემი სიმართლე გაეშუქებინათ. მერე გავარკვიე, ამ ყველაფრით ვინც იყო დაკავებული. ძალიან მეწყინა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. მე ისინი არ დამისჯია, უბრალოდ, დღესაც დამნაშავედ გრძნობენ თავს, რადგან იციან, რომ მე ყველაფერი ვიცი. „ბესტ მოდელის” დირექტორს, როგორც კი გამომიშვეს, სამ დღეში ამოუვიდა ხელზე 20-სანტიმეტრიანი კისტა. ამოაჭრეს, შემდეგ ინფარქტი დაემართა – ასე დასაჯა ღმერთმა, მეტი რაღა უნდა დამართოდა?! ამიტომ, სულ ვფიქრობ, რომ ცუდი არავის უნდა გაუკეთო. უნდა იყო მართალი, სწორად მოიქცე, დაეხმარო სხვებს და აუცილებლად გაგიმართლებს კარიერაში, პირად ცხოვრებაში.
როდესაც თბილისში ვცხოვრობდი, მაშინაც ბევრი პრობლემა იყო. კლუბი „აურა“ რომ გავხსენი, იქ ვიკრიბებოდით ხშირად და „გახრწნილობის ბუდეს“ ეძახდნენ. მიბარებდნენ სამინისტროში, მემუქრებოდნენ: თუ არ დაკეტავ, დაგიჭერთო. მაგრამ მე, რა თქმა უნდა, არ მეშინოდა, არ ვემორჩილებოდი. იმას ვაკეთებდი, რაც მინდოდა. ბაქოში წასვლაც საკმაოდ დიდი რისკი იყო. დავჯექი მატარებელზე და წავედი ბაქოში ერთი ზურგჩანთით, კასეტებით. არაფერს ვფიქრობდი, რადგან, როდესაც რაღაცას ვაკეთებ, არაფერს ვფიქრობ. უბრალოდ, წინ მივდივარ და ვიცი, რომ ეს უნდა გამომივიდეს. ბაქოში საუკეთესო კლუბს შევთავაზე ჩემი ჯგუფი, ლელა წურწუმია, აჩიკო მეფარიძე და წავედით ყველანი. დიდი პოპულარობით ვსარგებლობდით. შემდეგ ერთმა ბაქოელმა სუპერსტარმა, აიგუნ კაზიმოვამ შემამჩნია, გაგიჟდა ჩემზე: შენ რჩები ბაქოში, რამდენსაც გინდა გადაგიხდიო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. დავრჩი და სერიოზულად განვითარდა ჩემი კარიერა. მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე, თურქეთში გადასვულიყავი, თუმცა იქ ნულიდან აღარ დამიწყია ცხოვრება. აზერბაიჯანში „ბესტ მოდელის“ ქორეოგრაფი ვიყავი, სადაც გავიცანი კონკურსის დირექტორი, რომელმაც შემომთავაზა თურქეთში წასვლა. გამიცნო ყველამ, ჩავაცვი ტარკანს, სხვა სტარებს, გავხსენი ჩემი მოდის სახლი, რომელიც სტამბულში ყველაზე კარგ ადგილას მდებარეობს. იქაური სტარები უპრეტენზიოები არიან. ჩვენთან უფრო პრეტენზიულები არიან, ვიდრე თურქეთში. დიზაინერებს დიდ პატივის სცემენ. პოლიციაც თუ მაჩერებს, მერე მცნობენ და ბოდიშს მიხდიან. საქართველოში, პირიქით, შეურაცხყოფას გაყენებენ. დათუნა სულიკაშვილი ნომერ პირველი დიზაინერია საქართველოში, მისი ჩვენებები შეიძლება, შეადარო პარიზის „ფეშენ-ვიქზე” გაკეთებულ ჩვენებებს. ასეთ დიზაინერს პატივი უნდა სცეს პოლიციამ და ხალხმაც. რომ გადმოგყავს ავტომობილიდან და შეურაცხყოფას აყენებ, ეს არ არის ნორმალური...
რაც შეეხება ტარკანს, მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ის სტამბურლში სუპერსტარია, თუმცა მთელ მსოფლიოში იცნობენ. ტყავი უყვარს და ძალიან ხშირად მიკვეთავს ტყავის ქურთუკებს, ჟილეტებს... თავისი სტილი აქვს და მეც ვცდილობ, მის სტილში ჩავჯდე. აიგუნ კაზიმოვა ჩემი დაქალია. როცა კონცერტი აქვს, ბაქოდან მირეკავს: რამაზო, რა ჩავიცვა, თან ფოტოებს მიგზავნის „ვოტსაპით“ და მე ვეხმარები.
– რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?
– თურქეთში მივდივარ, გადაღებები მაქვს ჟურნალებისთვის, მერე – ჩემს ჩვენებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები. შემდეგ ბაქოში მივდივარ. იქ იხსნება ძალიან ცნობილი შოპინგ-ცენტრი და უნდათ, რომ ჩემი ბრენდი იყიდებოდეს. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ასე რომ, წინ ბევრი გეგმა მაქვს.