რატომ აძევებდნენ სახელმწიფოდან 21 წელს მიღწეულ ახალგაზრდებს ძველ რომში
ადამიანთა მსხვერპლშეწირვის არაორაზროვან, მრავალთაგან ერთ-ერთ სარწმუნო შემთხვევას წარმოადგენს ცოცხალი ადამიანების რიტუალური დამარხვა. შემონახულია ერთი ასეთი მსხვერპლშეწირვის აღწერა, რომელიც მეორე პუნიკური ომის დროს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 217 წელს ჩატარდა: როდესაც რომაელთა არმია კართაგენელებისგან მარცხზე მარცხს განიცდიდა და ჰანიბალი უკვე მარადიული ქალაქის კედლებთან იდგა, რომაელები რამდენიმე საშინელი, ავისმომასწავებელი მინიშნებით იყვნენ თავზარდაცემულები. პლუტარქე წერს:
„... ქალიშვილი, სახელად ჰელვია, ცხენზე ამხედრებული და სადღაც მიმავალი, ელვამ იმსხვერპლა. ცხენი აღკაზმულობის გარეშე იქნა ნაპოვნი, ხოლო ქალიშვილს ტუნიკა თითქოს განგებ ჰქონდა გადატყავული; სანდლები, ბეჭდები და საბურველი აქეთ-იქით იყო მიყრილ-მოყრილი, ხოლო ენა გარეთ ჰქონდა გამოყოფილი. მკითხავებმა თქვეს, რომ ეს ვესტალების (ქურუმი ქალების) თავლაფდამსხმელი ნიშნის მომასწავებელი იყო, რაზეც ყველა ილაპარაკებდა, და რომ ამ თავხედურ დანაშაულში მხედრებიდან იყო ვიღაც გარეული. და აი, მხედარ ბარას მონამ სამი ქურუმი ქალი – ემილია, ლიცინია და მარცია დააბეზღა, რომ ისინი ცდუნებულნი იყვნენ და დიდი ხნის განმავლობაში დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდნენ კაცებთან, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ვეტუციუს ბარა – დამბეზღებლის ბატონი. ქურუმი ქალები მხილებული იქნენ და სიკვდილით დასაჯეს; და, რამდენადაც ეს საქმე შემაძრწუნებლად მოეჩვენათ, აუცილებლად მიიჩნიეს, რომ ქურუმებს სივილინების წიგნისთვის მიემართათ. ამბობენ, რომ იქ იპოვეს წინასწარმეტყველება, რომლიდანაც ნათელი გახდა, რომ ეს მოვლენები ცუდის მომასწავებელი იყო და, მომავალი უბედურებების თავიდან ასაცილებლად საჭირო იყო უცხო, გარეშე, ბარბაროსული დემონების გულის მოსალბობად ცოცხლად დაემარხათ ორი ელინი და ორიც გალი“.
ლივიუსი ამბობს, რომ ცოდვის ჩამდენი მხოლოდ ორი ქურუმი ქალი იყო, მაგრამ, ასე თუ ისე, გამოსასყიდი მსხვერპლი გაღებულ იქნა: „კვინტა ფაბია პიქტორი დელფოში გაგზავნეს, რათა ორაკულისგან გაეგო, როგორი ლოცვებითა და მსხვერპლით უნდა მოელბოთ ღმერთების გული და როდის მოეღებოდა ბოლო ასეთ უბედურებებს; ჯერჯერობით, წიგნების მითითებებისადმი მორჩილებით, მათ უჩვეულო მსხვერპლშეწირვა განახორციელეს – გალებიდან ორი თანატომელი და ბერძენი ქალ-ვაჟი ცოცხლად დამარხეს ქვებით შემოზღუდული ხარების (მოზვრების) ბაზარზე. აქ ადრეც ხდებოდა ადამიანთა მხსვერპლშეწირვა, რომელიც სრულიად უცხო იყო რომაული რელიგიის მსახურებისთვის.
თუმცა, ღმერთებისადმი მსხვერპლის გაღებისას, მარადიული ქალაქის მცხოვრებნი, არც თუ ყოველთვის, მხოლოდ მონებსა და უცხოტომელებს სწირავდნენ სასიკვდილოდ. რომაელებისთვის, რომლებიც ყველაფერზე წინ მოქალაქეობრივი ზნეობრიობის საკითხს აყენებდნენ და მზად იყვნენ, თავიანთი სიცოცხლე სამშობლოს სამსხვერპლოზე მიეტანათ, ამიტომ, საკმაოდ ტიპური სიტუაცია იყო, როდესაც ადამიანი თავისი ნებით აცხადებდა, რომ მსხვერპლად შეეწირებოდა ღმერთებს სამშობლოს კეთილდღეობისთვის.
რომაელებს გააჩნდათ კიდევ ერთი ტრადიცია, რომელსაც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავდნენ, კერძოდ, როდესაც სახელმწიფოს დაემუქრებოდა უცილობელი საფრთხე. ეს იყო „საღმრთო გაზაფხულის ტრადიცია”. ეს ჩვეულება უძველესი დროიდან მოდიოდა და ისტორიულ პერიოდში პრაქტიკულად არ ყოფილა გამოყენებული. ის მდგომარეობდა იმაში, რომ ღმერთებს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი თემს ან სახელმწიფოს ააცილებდნენ კარზე მომდგარ საშიშროებას, აღუთქვამდნენ, მსხვერპლად შეეწირათ ყველა სულიერი, ცოცხალი არსება, რომელიც უახლოეს გაზაფხულზე გაჩნდებოდა, მათ შორის – საკუთარი შვილებიც. მოგვიანებით ადამიანთა მსხვერპლშეწირვა იმით შეცვალეს, რომ იმ საბედისწერო გაზაფხულს დაბადებულ ბავშვებს სახელმწიფოდან აძევებდნენ, როგორც კი ისინი სრულწლოვანები გახდებოდნენ.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 217 წელს რომაელებმა მორიგი მარცხი განიცადეს ჰანიბალისგან: ისინი განადგურებული იქნენ ტრაზიმენის ტბასთან. ღმერთების თავიანთ მხარეზე გადმოსაყვანად კვირიტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ უკიდურესი საშიშროების შემთხვევაში ხორციელდებოდა: გახსნეს ძველი, სივილინების წიგნი, რომლებსაც ქურუმები ქვის ყუთებში ინახავდნენ იუპიტერის კაპიტოლიუმის ტაძარში. წიგნებთან რჩევა-დარიგების მოთათბირების შემდეგ, ქურუმებმა განაცხადეს, რომ საფრთხის აღსაკვეთად უნდა აშენებულიყო ახალი ტაძრები, ღმერთებისთვის უხვად უნდა შეეწირათ მსხვერპლი, იუპიტერისთვის უნდა გამართულიყო „დიდი თამაშები“; ასევე, უნდა დაჰპირებოდნენ „საღრმთო გაზაფხულს“ იმ შემთხვევაში, თუ ომი მათთვის სასარგებლოდ, წარმატებით წარიმართებოდა.
როგორც ლივიუსი წერს, დიდმა პონტიფიკმა წეს-ჩვეულების ჩატარებაზე თანხმობის მისაღებად ხალხს მიმართა:
„გსურთ თუ არა, ინებებთ თუ არა, რომ ასე იქნას საქმე წარმართული: თუ რომაელი კვირიტი ხალხის სახელმწიფო უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება უვნებლად ამჟამინდელ ომებში, კერძოდ კი, რომაელი ხალხის ომში კართაგენთან და რომაელი ხალხის ომში გალებთან, რომლებიც ალპების მთელ ამ მხარეში სახლობენ, მაშინ, რომაელმა კვირიტმა ხალხმა იუპიტერს ნობათად უნდა უძღვნას ყველაფერი, რასაც გაზაფხული მოიტანს – ღორების, ცხვრების, თხებისა და ხარების ჯოგები, იმ დღიდან, რომელსაც სენატი გადაწყვეტს“.
ხალხმა თანხმობა განაცხადა და აღთქმაც დადო. მასში სიტყვა არ იყო თქმული ადამიანთა მსხვერპლშეწირვაზე, ყოველ შემთხვევაში, არაფერი წერია რომაელი ავტორების იმდროინდელ გადმოცემებში, რომლებიც ჩვენამდეა მოღწეული. და მაინც, ირიბი დამოწმებებიდან ირკვევა, რომ რომაელებს განზრახული ჰქონდათ, ამ რიტუალში ბავშვებიც ჩაერთოთ, რომლებიც საბედისწერო გაზაფხულზე დაიბადებოდნენ. მათ სამსხვერპლოზე დახოცვას, ბუნებრივია, არავინ ცდილობდა – როგორც ჩანს, ისინი ქალაქიდან უნდა გაეძევებინათ. ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ, რაღაც მიზეზებით, ამ რიტუალის ჩატარება გადადებული იქნა 21 წლით, ანუ, იმ დრომდე, როდესაც წამოზრდილი ახალგაზრდების გასახლება იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, „საღმრთო გაზაფხული“ მხოლოდ 195 წელს ჩატარდა; ამასთანავე ქურუმებმა მომავალ წელს განაცხადეს, რომ ის „საღმრთო გადაწყვეტილებათა დარღვევით ჩატარდა” და, ამიტომ, გადაწყდა, რომ რიტუალი განმეორებით ჩატარებულიყო, რაც რომაელებმა აღასრულეს კიდეც. მაგრამ, არ შემორჩენილა არანაირი ცნობა იმის შესახებ, რომ 196 წელს რომაელებს სადმე ახალგაზრდებით დასახლებული კოლონია შეექმნათ. ამ ყოველივედან გამომდინარე, ღმერთებს, როგორც ჩანს, რომაელებმა სულ სხვანაირად მოულბეს გულები.