რატომ დააბრუნეს რუსებმა გიორგი მეთორმეტის სამეფო გვირგვინი და სად გაქრა ის
საქართველოს, თავისი ძლიერების ჟამს, სამეფო გვირგვინებიც განსაკუთრებული ჰქონდა: დავით აღმაშენებელი ატარებდა საიმპერატორო გვირგვინს – ეს ჩანს გელათისა და სინას მთის წმიდა ეკატერინეს მონასტრის ფრესკებიდან; მსგავსი გვირგვინი ედგათ თავზე ბიზანტიის იმპერატორებს.
მანამდე, როგორც ჩანს, არსებობდა სხვა გვირგვინებიც. მაგალითად, ცნობილია, რომ მეფე მირსა და მის ძმას, მომავალ წმიდა მეფე არჩილს, ბიზანტიის იმპერატორმა გამოუგზავნა ორი სამეფო გვირგვინი. „ქართლის ცხოვრებაში“ არის სხვა ცნობაც, კერძოდ, მანამდე წმიდა არჩილი ამბობს, რომ, არაბთა შემოსევის გამო, სხვა განძთან ერთად, გადამალული ჰქონდათ ორი გვირგვინი – „ზურმუხტისა და იაგუნდისა ძოწეულისათა“, რომლებიც ვახტანგ გორგასალმა ინდოეთიდან და სინდეთიდან ჩამოიტანა; ასევე, მეფე არჩილი ახსენებს კიდევ ორ გვირგვინს – „ოქროსა და ანთრაკისას“, მირიანისას და ვახტანგისას, მეორე ვახტანგს სპარსეთის შაჰმა რომ მიუძღვნაო.
იქნებოდა, ასევე, შემდგომი დროის, გაერთიანებამდელი სამეფო გვირგვინები. როდესაც, მაგალითად, ბაგრატ მესამე ავიდა აფხაზეთის ტახტზე, მას ერგებოდა აფხაზეთის მეფეთა გვირგვინი და მამისგან დარჩებოდა ქართველ მეფეთა გვირგვინიც. შესაძლოა, დავით მესამე კურაპალატს ჰქონდა იმიერ-ტაოსა და ბასიანის გვირგვინი; კახეთ-ჰერეთსაც ექნებოდა თავისი გვირგვინი.
დავით აღმაშენებლის მსგავსად, საიმპერატორო გვირგვინითაა გამოსახული გელათის ფრესკაზე იმერეთის მეფე ბაგრატ მესამე. როგორც ჩანს, ეს გვირგვინი მისი მეფობის დროს (1510–1565) კიდევ იყო შემორჩენილი გელათში. ზარზმაში ბაგრატ მეფე სხვაგვარი გვირგვინითაა გამოსახული.
საქართველოს გვირგვინები გაწყობილი იქნებოდა უძვირფასესი თვლებით, რადგან, ერთიანი ქართული სამეფო ძალიან მდიდარი იყო.
დავით აღმაშენებლის ვაჟის, დიმიტრი პირველის გამეფების სცენა გამოსახულია სვანეთში, მაცხვარიშის ფრესკაზე. იქ მეფეს დავით აღმაშენებლის საიმპერატორო გვირგვინისგან განსხვავებულ გვირგვინს ადგამენ თავზე ანგელოზები (ხმალს კი დიდებულები შემოარტყამენ, დაახლოებით იმგვარს, ბაგრატ იმერეთის მეფეს რომ ახურავს ზარზმის ფრესკაზე.
დიმიტრი მეფის ვაჟს, გიორგი მესამეს და, შვილიშვილს, თამარს, სხვაგვარი გვირგვინები აქვთ ფრესკებზე, დავით აღმაშენებლის საიმპერატორო გვირგვინისგან განსხვავებული და ცოტათი მაცხვარიშის ფრესკისგანაც განსხვავებული. მაგალითად, ბერთუბნის, ბეთანიისა და ყინწვისის ფრესკებზე თამარის გვირგვინები თითქმის ერთნაირია... ასევე, გიორგი მესამისა ბეთანიის ფრესკაზე (შეიძლება, მხატვარმა ოდნავ განსხვავებულად დახატა)... ხოლო ვარძიაში თამარს და მამამისს სრულიად განსხვავებული გვირგვინები ახურავთ. ეს უნდა ამაგრებდეს თვალსაზრისს, რომ სამეფოში რამდენიმე გვირგვინი იყო და ძლიერების ჟამს იქმნებოდა ახლებიც (ეს დიდი კვლევის საგანია).
ამგვარად იყო სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, რუსეთში და ბრიტანეთში, სადაც არაერთი გვირგვინი არსებობს.
ქართული სამეფო გვირგვინები მტრების შემოსევის შედეგად დაიკარგა. მსოფლიო ისტორიაში ხშირია შემთხვევები, როდესაც დამპყრობელი შეიჭრებოდა ქვეყანაში და, მორჩილების ნიშნად, გვირგვინის გადაცემას ითხოვდა ან იტაცებდა.
გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, ქართლ-კახეთის მეფეების დამტკიცებისას, რუსეთის იმპერატორებს უნდა გამოეგზავნათ მათთვის სამეფო ინსიგნიები და მეფედ დამტკიცების სიგელი, ერეკლე მეორისთვის იმპერატრიცა ეკატერინე მეორემ ლუი-დავიდ დიუვალიეს დაამზადებინა სამეფო გვირგვინი, კვერთხი და ხმალი, რომლებიც აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას გაიტაცეს.
ერეკლე მეორის გასვენებისთვის იმ გვირგვინისა და კვერთხის მსგავსი ხის გვირგვინი და კვერთხი დაამზადეს და ასე იყო წარმოდგენილი გლოვის დღეებში მეფის ცხედრის გვერდით. ეს ამბავი ქართლ-კახეთის სახელმწიფოს მატერიალურ მდგომარეობაზეც მიუთითებს.
მეფე გიორგი მეთორმეტის სამეფო ინსიგნიებისთვის იმპერატორმა პავლე პირველმა 3 272 გრამი ოქრო გამოაყოფინა. დამამზადებლებს, პიერ ეტიენ ტერემენსა და ნათანელ გოტლობ ლიხტს გადაუხადეს 2 175 მანეთი. ასე შეიქმნა „ივერიულად” („ქართულად”) წოდებული სამეფო გვირგვინი, რომელიც ქართული ტრადიციების გათვალისწინებითა და ევროპული კანონებით იყო დამზადებული. ეს გვირგვინი გამოსახული იყო ბაგრატიონთა გერბებზე და ახლაც მას იყენებენ ბაგრატიონები.
ივერიული გვირგვინის ჰერალდიკური ვარიანტი გამოსახულია დღევანდელი საქართველოს სახელმწიფოს გერბზე, თუმცა, გამოსახულებაზე ძვირფასი თვლების ფერი ჩამქრალია, იმიტომ რომ, საქართველო რესპუბლიკაა.
1801 წელს ივერიული (ქართული) გვირგვინი წაიღეს პეტერბურგში და ის გახდა რუსეთის იმპერატორის, როგორც „საქართველოს მეფის“ საკუთრება – მას ხომ ეს ტიტული მითვისებული ჰქონდა.
გიორგი მეთორმეტისთვის დამზადებულ ინსიგნიებს ამშვენებდა 1 318 ბრილიანტი და 248 ლალი. მათ შორის, კვერთხს – 182 ბრილიანტი და 58 ლალი; გვირგვინს – 82 ბრილიანტი და 43 ლალი, ხმალს – 1 054 ბრილიანტი და 248 ლალი.
ინსიგნიებზე დატანილი მესამე ხარისხის 11 ბრილიანტიდან თითო იწონიდა 0,5 კარატს, ყოველი მეორე ხარისხის 302 ბრილიანტის წონა იყო 0,15 კარატი; პირველი ხარისხის ბრილიანტებიდან თითოს წონა იყო 0,05 კარატი; წითელი იაგუნდები სამი ხარისხის იყო: პირველი ხარისხის – 0.2 კარატი, მეორე ხარისხის – 0,8, ხოლო მესამე ხარისხისა – 1,75 კარატი.
დანარჩენი თვლები მხოლოდ გვირგვინზე იყო: 3 და 6-კარატიანი ზურმუხტები – მესამე ხარისხისა და 4 ცალი 10-კარატიანი, თუმცა, მეოთხე ხარისხისა. გვირგვინს ამშვენებდა 7 შვიდკარატიანი ლალი, ორი გიგანტური ძოწი, 18,5 კარატის წონისა; ასევე, ამეთვისტოს მეორე და მესამე ხარისხის თვლები და 64 ალმასი – 0,9 კარატისა.
ეს, რა თქმა უნდა, უძვირფასეს ბრიტანულ და რუსეთის იმპერიის გვირგვინებს ჩამოუვარდებოდა, მაგრამ, მაინც კარგი იყო.
ივერიული გვირგვინი და სხვა ძვირფასეულობა ინახებოდა მოსკოვში. ქართველი საზოგადოების მოთხოვნით, 1923 წელს, რათა მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, რომ საქართველოს დევნილმა მთავრობამ ტყუილად წაიღო საგანძური ქვეყნიდან, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი პატრონობდა, რუსებმა გადმოგვცეს ქართული საგანძური, მათ შორის – „ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერები, დროშა და სხვა.
1930 წლამდე გიორგი მეთორმეტის გვირგვინი ინახებოდა დღევანდელ სახელმწიფო მუზეუმში. შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდა მისი „რეალიზება“... ფოტოსურათები შემორჩენილია.
შესაძლოა, იმიტომ დააბრუნეს ქართული გვირგვინი, რომ, აქედან, საქართველოდან რეალიზებულიყო. პრინციპში, ცენტრის (მოსკოვის) გარეშე მაინც არაფერი ხდებოდა საბჭოთა რესპუბლიკებში. არის ვერსია, რომ ივერიული გვირგვინი რომელიღაც კერძო კოლექციაში ინახება არალეგალურად; სხვა ვერსიით, ის გადაადნეს.
ახლა შევადაროთ გიორგი მეთორმეტის ქართულ გვირგვინს ბრიტანეთის გვირგვინები.
დიდი ბრიტანეთი უმდიდრესი ქვეყანაა. მის ყოფილ იმპერიაში მზე არ ჩადიოდა, იმიტომ, რომ თითქმის ყველა კონტინენტზე ჰქონდა უზარმაზარი კოლონიები და ამ კოლონიებიდან უდიდესი სიმდიდრე მოედინებოდა ლონდონში. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის საუნჯე თითქმის არასდროს ყოფილა მეზობლებისა თუ ბოროტმოქმედების მიერ გაძარცული, მიუხედავად იმისა, რომ მცდელობები, რა თქმა უნდა, იყო. ამიტომ, დიდი ბრიტანეთის მეფეების მიერ დაგროვებული ქონება შემონახულია, ის დღეს ტურისტების თვალს ახარებს და სპეციალისტების ყურადღებას იპყრობს. ეს ქონება დღევანდელი ბრიტანელების სიღარიბის ფონზე არ არის შექმნილი. ამ მხრივ ბრიტანეთი არის უდიდესი სიმდიდრის ქვეყანა, ზღაპრული სიმდიდრის სამეფო.
დიდი ბრიტანეთის სამეფო განძი ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის სიამაყეა და, ის მხოლოდ მონარქის საკუთრება კი არ არის, არამედ, მთელი ბრიტანელი ხალხის. მისი ნახვა შეუძლია ყველა მსურველს მუზეუმებსა და სასახლებში.
ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოდ დიდი ბრიტანეთის სამეფო ინსიგნიებს შორის ითვლება წმიდა ედუარდის გვირგვინი. ის დაამზადეს მეფე ჩარლზ მეორისთვის 1661 წელს.
წმიდა ედუარდის გვირგვინი გამოიყენება იშვიათად, ახალი მეფის კურთხევის დროს (ძალიან მძიმეა). მასში გამოყენებულია წმიდა ედუარდ აღმსარებლის გვირგვინის ოქრო. ინახება ვესთმინსთერის სააბატოში, სადაც ტურისტებს შეუძლიათ, ნახონ. წმიდა ედუარდის გვირგვინი, როგორც ვთქვით, ოქროსია და მოჭედილია 444 ძვირფასი თვლით. წონა – 2,155 გრამი.
ძალიან ძვირფასია საიმპერიო გვირგვინი, რომელიც დამზადდა დედოფალ ვიქტორიას კურთხევის დღისთვის.
საიმპერიო გვირგვინი შემკობილია 2 868 ბრილიანტით, 277 მარგალიტით, 17 საფირონით, 11 ზურმუხტითა და 5 ლალის თვლით. მასზე არის არაერთი ისტორიული ქვა. მათ შორის აღნიშნავენ „კულინანის“ ბრილიანტს. ეს ბრილიანტი ახლა 317 კარატს იწონის.
კულინანის ალმასი მეოცე საუკუნის დასაწყისში უპოვნიათ აფრიკაში. მისი წონა იყო 3 106 კარატი. 1905 წელს ის დაბადების დღეზე აჩუქეს მეფე ედუარდ მეშვიდეს. ალმასი დაუჭრიათ ცხრა ნაწილად. ამ ცხრა ნაწილს შორის უდიდესი, „აფრიკის პირველი ვარსკვლავი“, 530 კარატს იწონის; მეორე ნაწილი, როგორც ვთქვით, საიმპერიო გვირგვინშია ჩასმული. ამავე საიმპერიო გვირგვინზეა 104-კარატიანი საფირონი, რომელსაც „სტიუარტების საფირონს“ უწოდებენ. ის 1214 წელს უნდა იყოს დამზადებული. ამავე გვირგვინზეა „შავი პრინცის ლალის“ თვალი. ის ისტორიაში 1367 წლიდან მოიხსენიება. თუმცა, სინამდვილეში, უფრო ძველი უნდა იყოს. გვირგვინის 4 დიდი მარგალიტიდან ერთი ელისაბედ პირველის საყურე იყო. გვირგვინის თავზე ჯვარში ჩასმული საფირონი ედუარდ აღმსარებლის დროინდელია (მეფობდა 1042-1066 წლებში).
როდესაც შოტლანდიის პარლამენტი გაიხსნა, დედოფალ ელისაბედ მეორეს ეს გვირგვინი გვერდით ედო, თუმცა, არ დაუხურავს. შესაძლოა, საიმპერიო გვირგვინი არ დაიდგა თავზე შოტლანდიელთა პატივსაცემად.
დედა-დედოფლის გვირგვინი დამზადებულია 1937-იან წლებში, გეორგ მეექვსის მეფედ კურთხევისთვის. გეორგ მეექვსე დღევანდელი მონარქის, ელიზაბეთ მეორის მამა გახლდათ.
დედა-დედოფლის გვირგვინში კოჰინორის ცნობილი ბრილიანტია ჩასმული. ბრილიანტის წონაა 107 კარატი. გადმოცემით ის 3 000 წლისაა.
არსებობს ეგრეთ წოდებული „ინდოეთის გვირგვინი.” ის დაამზადეს 1911 წელს, გეორგ მეექვსისთვის და სიმბოლურად აღნიშნავს ინდოეთის იმპერატორის გვირგვინს. ინდოეთის გვირგვინზე 6 000 ძვირფასი ქვაა. ეს ძვირფასი ქვები ინდოეთშია მოპოვებული. აღნიშნული გვირგვინი, ფაქტობრივად, მას მერე არც გამოიყენება.
აღსანიშნავია დედოფალ ვიქტორიას პატარა გვირგვინი, რომელიც 1870 წელს, ოქროსა და ვერცხლის ნარევებისგან არის დამზადებული. მისი წონაა 113 გრამი და მასზე დაბნეულია 1 300 ბრილიანტი.
არსებობს გეორგ მეოთხის გვირგვინი, რომელზეც 1 333 ბრილიანტია. ამ ბრილიანტების წონა სულ 325 კარატია.
დღევანდელი დედოფალი ამ გვირგვინს პარლამენტის საზეიმო გახსნის დროს იდგამს თავზე.
აი, ასეთია განსხვავება ჩვენი გვიანი საუკუნეებისა და ძლიერი დიდი ბრიტანეთის შესაძლებლობებს შორის...