რა პროგრამას სთავაზობს საქართველოს შსს-ს აკადემია სტუდენტებს და რა განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ
საქართველოს შსს-ს აკადემია მსურველებს „საპოლიციო რეგულირების სამართლის“ სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს. სამაგისტრო პროგრამა მედიის წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ და აკადემიის რექტორმა ნუკრი გილაშვილმა გაგვაცნეს. აკადემიის „საპოლიციო რეგულირების სამართლის“ სამაგისტრო პროგრამა ორიენტირებულია სამართალდარღვევათა პრევენციაზე. შს მინისტრის მოადგილემ სამაგისტრო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ აკადემიას მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. სამაგისტრო პროგრამაზე ის სტუდენტები ჩაირიცხებიან, რომლებსაც სამართლის ბაკალავრის დიპლომი გააჩნიათ და გავლილი აქვთ საერთო სამაგისტრო გამოცდა. აღსანიშნავია, რომ სწავლა სრულიად უფასოა და რაიონიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელიც იფუნქციონიერებს; ასევე, უფასო იქნება კვებაც. მაგისტრატურაში მისაღებად განაცხადების შეტანა 18 სექტემბრამდე გაგრძელდება. აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით, ბატონმა ლევან იზორიამ განაცხადა:
„შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი ხელმძღვანელობა, განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ კადრების მომზადების საკითხს. ამ თვალსაზრისით, გვინდა ერთგვარი კარიერული სისტემის შემოღება, სადაც დაწინაურების თითოეული საფეხური დამოკიდებული იქნება, შესაბამის კვალიფიკაციასა და უნარებზე. სწორედ ამ მიზეზით, აკადემია იწყებს სამაგისტრო პროგრამას – „საპოლიციო რეგურირების სამართალს“, რაც საქართველოში უპრეცედენტო შემთხვევაა – აქამდე მსგავსი დარგი არ არსებობდა. ისინი, ვინც ამ პროგრამას გაივლიან, შინაგან საქმეთა სამინისტროში, საშუალო რგოლის მენეჯმენტის თანამდებობაზე დასაქმების რეალური შესაძლებლობა ექნებათ. 2015 წლიდან ჩვენ შემოგთავაზებთ საბაკალავრო პროგრამასაც. აქედან გამომდინარე, აკადემიაში იქნება სამი საფეხურის სწავლება: პროფესიული მომზადება, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები“.
შს მინისტრის მოადგილის მიერ სამაგისტრო პროგრამის წარდგენის დასრულების შემდეგ, აკადემიის რექტორმა ნუკრი გილაშვილმა ჟურნალისტებისთვის ტური გამართა. აკადემიაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე მოწყობილია: მზადაა საკონფერენციო დარბაზი, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, რომლებიც თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, აღსანიშნავია აკადემიის ბიბლიოთეკა, რომელიც სტუდენტს წიგნების ფართო არჩევანს სთავაზობს, ასევე ფუნქციონირებს სტამბაც, რომელშიც, როგორც ბატონმა ნუკრიმ განაცხადა, არაერთი წიგნია დაბეჭდილი; ასევე, აქ იქმნება პერიოდული ჟურნალი – „საარქივო მოამბე“. აკადემიას აქვს იმიტირებული სასამართლოს დარბაზიც; რაც შეეხება ტირებს, შსს აკადემია, სტუდენტებს სთავაზობს როგორც იმიტირებულ, ასევე, რეალურ ტირს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აკადემიის რექტორმა ნუკრი გილაშვილმა განაცხადა:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს სთავაზობს სრულიად ახალ პროგრამას, სამართლის ახალ დარგს. აქ ჩაბარება შეუძლია ყველა იმ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს, რომელსაც გააჩნია აკრედიტებული უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომი. სტუდენტების აქტივობა მაღალია, ძალიან ბევრმა შემოიტანა განაცხადი, რაც კარგია. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებულები ვართ ამ ადამიანების დასაქმებაზე. სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ისეთ საგნებს გაივლიან, რომლებიც დანაშაულის პრევენციაზე ამახვილებს ყურადღებას. რაც შეეხება სასწავლო პროცესის განრიგს, მეცადინეობა დაიწყება დილიდან და ოთხ-ხუთ საათს გასტანს“.