კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ მისცა გვარი შვილობილს ნუკა კვალიაშვილმა და როგორ მოხვდა მის სახლში „მკურნალი” ნუპი

მომღერალ ნუკა კვალიაშვილს ცხოველები ბავშვობიდან უყვარს და დღესაც, მათი უფლებების დამცველია. ყოველთვის ცდილობს, უპატრონოდ დარჩენილი, ქუჩაში გამოგდებული პატარა კნუტი თუ ლეკვი სიკვდილს გადაარჩინოს. მას მზრუნველი პარტონი მოუძებნოს, გააშვილოს. ფიქრობს, რომ ისინი მომავალში, ბევრ ადამიანზე მეტად ერთგული და გულშემატკივარი იქნებიან თავისი „მშვილებლებისთვის”. თავად უსაყვარლესი, ფუმფულა კატა ჰყავს სახლში და ისიც, მისი პარტონის უზომოდ ერთგული, დამჯერი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ერთგვარი, მკურნალიც კია.

ნუკა კვალიაშვილი:
ცხოველები ბევრ ადამიანზე მეტად მიყვარს და ამას, არასდროს ვმალავ. ხშირად, სოციალურ ქსელში ვიზიარებ ცხოველების სურათებს და ვთხოვ გულისხმიერ ადამიანებს მათ აყვანას, გაზრდას და მოვლას. ხშირად მწერენ, არ დაიღალე ცხოველებზე წერითო,  მე კი მათ გასაგონად ვამბობ: ვისაც ბავშვობიდან არ ასწავლეს, მათი სიყვარული, ის დაუცველი ცხოველი მათზე მეტად მიყვარს და შემტკივა გული. ცხოველი ინსტიქტებით მოქმედებს, მას გაცილებით მეტად შეუძლია გიერთგულოს, უყვარდე, გვერდით გედგას. ჩემი კატა, რომელსაც ნუპი ჰქვია, ნამდვილი მკურნალია ჩემთვის.
– ესე იგი, სახლში პირადი მკურნალი გყავს ნუპის სახით?
– დიახ, შეიძლება ასეც ითქვას. თუ რამე მაწუხებს, იმ ადგილას მეხება, მეხუტება და ცოტა ხანში ვგრძნობ, რომ ტკივილი ქრება. მართლა ვერ წარმოიდგენთ, ნუპი როგორი კატაა, სასწაულებს სჩადის. თუ რამე გვტკივა, იმ ადგილას აცოცდება, ჩაგვეხუტება და ტკივილიც ქრება. ამბობენ, კატებს აქვთ უნარი, ადამიანის ავადმყოფობა საკუთარ თავზე აიღონ და ისინი განკურნონო. სწორედ ასე იქცევა ნუპი, როცა რაიმე გვაწუხებს. ერთხელ ჩემი დაქალი დარჩა ჩემთან, სიცხემ აუწია, 38 ჰქონდა, ძალიან ცუდად იყო. ნუპი მივიდა, საწოლზე აძვრა, თავზე დააჯდა და წარმოიდგინეთ, სიცხემ დაუწია. დედაჩემიც (ეკა კვალიაშვილი – ავტორი) რომ მოვა, ეგრევე კალთაში უჯდება. იცით, რა მომწონს? ნუპი ჩემსავით ერთგულია და ჩემზე უკეთესი ხასიათი აქვს (იცინის).
– თავად არასდროს გამხდარა ნუპი ავად?
– არასდროს გამხდარა ავად. თან, კარგად ვუვლით, გარეთ არ ვუშვებთ. ვაბანავებთ, ვვარცხნით. ერთადერთი პრობლემა ის გვაქვს, რომ სამზარეულოდან საჭმლის მოპარვა უყვარს და ამაზე ვუბრაზდები (იცინის). სხვა მხრივ, კარგი გოგო მყავს და ეს რომ არ დადიოდეს ოთახებში, ვერც კი წარმომიდგენია.
– რამდენი წლისაა ნუპი და როგორ მოხვდა შენთან?
– ნუპი ერთი წლისაა, სოციალურ ქსელში ვნახე მისი ფოტო და ისე მომეწონა, მივედი და ეგრევე წამოვიყვანე. სხვათა შორის, მე თავად ვეხმარებოდი ამ საიტზე დადებული ფოტოების ავტორებს ცხოველების გაშვილებაში, მაგრამ ნუპი ისე მომეწონა, სხვას ვერ დავუთმე და მე წამოვიყვანე (იცინის). არ დამავიწყდება, დედა მოსკოვში იყო. მას დღეს ჰყავს თეთრი ფუმფულა კატა პუპი, რომელიც უკვე ექვსი წლისაა და ის, სანამ ეკა აქ არ იყო, ჩემთან მყავდა. რომ ჩამოვიდა, წაიყვანა პუპი ეკამ და ძალიან ვიდარდე. ძალიან დამაკლდა, მარტო ვიგრძენი თავი მის გარეშე და სულ აქეთ-იქეთ ვიყურებოდი, ან ახლა გამოვა ოთახიდან, ან ახლა-მეთქი. ჩემს მეუღლეს ვუთხარი, მოდი რა, ერთი ფისო ვიშვილოთ-მეთქი. მან კი მიპასუხა, არ გვინდა, ერთს ძლივს შეელიე, არ გეზარება მისი მოვლაო. სწორედ იმ დღეებში დადეს ორი თვის ნუპის სურათი საიტზე, მეც გავვარდი და ვიშვილე (იცინის). თურმე, ქუჩაში უნახავთ, გაჩერებაზე, ვიღაც გოგოს გამოჰკიდებია და სახლამდე გაჰყოლია. იმ გოგომ კი საიტზე დადო სურათი და ნუპიც ასე გახდა ჩემი ოჯახის ახალი წევრი. ნუპის ჯერ პასპორტი არ აქვს, შესაბამისად, არც გვარი მიმიცია, მარტო სახელი გააჩნია.
– ნუკა, გიყურებ როგორ გიყვარს შენი კატა და ვხვდები, ნუპის როგორ გაუმართლა. ზოგადად, მარტო ფისოების მიმართ გაქვს მსგავსი დამოკიდებულება თუ სხვა ცხოველებიც ასე გიყვარს?
– აბსოლუტურად, ყველა ცხოველი მიყვარს. თქვენ, წარმოიდგინეთ, ქვეწარმავლებიც კი მიყვარს, რაც ზოგისთვის წარმოუდგენელია. ბევრისგან გამიგია, ცხოველი სახლში არ შეიძლებაო და ბავშვებს უშლიან მათ ყოლას ბინაში. ეს არასწორია და ჩემთვის მიუღებელი. მეც, ბავშვობაში არ „შემარგეს” ცხოველი. სულ მინდოდა, მყოლოდა ცხოველი სახლში, მაგრამ ბებიას ჰქონდა მათ დატოვებაზე პრეტენზია. თუმცა, ბევრი ძაღლი მყავდა. არ დამავიწყდება, დედამ ბავშვობაში მიყიდა კავკასიური ნაგაზის ჯიშის, თეთრი ფერის, ძაღლის ლეკვი, დინა ერქვა. სამი თვის რომ გახდა, იმხელა იყო, სახლში ფიზიკურად ვეღარ დავიტოვებდით და დედამ გააჩუქა. სახლში რომ დავბრუნდი და აღარ დამხვდა, ვიდარდე, ვიტირე, მაგრამ რაღას ვიზამდი. მერე დაქალმა მაჩუქა სტაფის ჯიშის ძაღლის ლეკვი. ეს ჯიში მოჩხუბარია, აგრესიული, არაადეკვატური, მაგრამ თუ სწორად გაზარდე, საშიში არაფერია. მახსოვს, ორი თვის იყო, ჯესი დავარქვი და ისიც არ „შემარგეს”, გააჩუქეს, მხოლოდ იმის გამო, რომ ბებიას არ უნდოდა. ამის მერეც „ავტყდი”, მიყიდეთ ძაღლი-მეთქი. დედაჩემმა უარი ვერ მითხრა, წავედით და მონადირის ჯიშის ლეკვი ვიყიდეთ. ერთი თვის გოგო იყო, უსაყვარლესი, მაგრამ ოთხივე ფეხის დამბლა დაემართა და მოკვდა. ისე განვიცადე მისი სიკვდილი, ვთქვი, ჩემს ცხოვრებაში აღარ ვიყოლიებ ძაღლს-მეთქი. მართლა საშინელ მდგომარეობაში ჩამაგდო მისმა სიკვდილმა. ეს იყო, ნამდვილი შოკისმომგვრელი სტრესი ჩემთვის. ამის მერე, პირობა შევასრულე, ძაღლი არ მყოლია, მაგრამ კატა სულ მყავს სახლში. სხვათა შორის, ეკამ კანეკორსოს ჯიშის ძაღლიც მიყიდა და სიურპრიზად დამახვედრა სახლში. მაგრამ, თავად ვთქვი უარი, ვიფიქრე, ამასაც რომ რამე დაემართოს, სტრესს ვეღარ გადავიტან-მეთქი. ამის მერე, მონადირე კატა მომიყვანა ეკამ – დუდი. საოცარი ვინმე იყო, ძალიან აგრესიული, ნამდვილი გიჟი. ღამით სამზარეულოში ვკეტავდით, რომ არ დავეკბინეთ. ერთ დღეს, ისე მეცა და დამპორჭყნა, დამასისხლიანა. კიდევ კარგი აცრილი მყავდა. ამის მერე, მივხვდით, დუდის სახლში ვეღარ გავაჩერებდით და მონასტერში წავიყვანეთ. მერე გვითხრეს დედაოებმა – დუდი მთელი ღამე გარეთ დადის, ნადირობს და დილით, კართან ხან მკვდარი ხვლიკი და ხან მკვდარი ვირთხა გვხვდებაო. დედაოებს ბოსტანი ჰქონდათ. ის ნადირობდა და თუ რაიმე საეჭვოს შეამჩნევდა, ეგრევე კლავდა. საოცრება ის იყო, რომ დუდი ბიჭი იყო. სანამ ჩვენთან ცხოვრობდა, ქალიც მოვუყვანეთ, ჯერ არ მიეკარა, მერე კი ეცა და დაგლიჯა. ასეთი გიჟი იყო. ნუპი მასთან შედარებით, ნამდვილი ანგელოზია (იცინის).
– დავიჯერო, ნუპის არაფერი გაუფუჭებია?
– არა, არასოდეს. ამას წინათ წამოვწექი, ჩემი შვიდი თვის შვილი გვერდით მეწვა და ნუპიც მოგვიწვა. ჩამძინებია და გამაღვიძა სათამაშოს კაკუნის ხმამ. გავიხედე და რას ვხედავ? ბავშვს ნუპისთვის გაუბრდღვნია ბეწვი. იმ საცოდავმა ხმა არ ამოიღო, გაცლია. ეს კი ისევ გაწეულა და კიდევ გაუცლია ბეწვი. ნუპი დამალულა და ბავშვი სათამაშოს ურტყამდა საწოლის თავს, გამოდი, კიდევ უნდა გაგბრდღვნაო (იცინის). სხვა კატა, დაეტაკებოდა და დაპორჭყნიდა ბავშვს. ნუპი კი მშვიდად შეეგუა ბედს (იცინის). ხვდება, რომ ბავშვია და მას არ ერჩის. ასე რომ, ნუპი შეგნებული და ჭკვიანი გოგოა.

скачать dle 11.3