კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ესპანეთის ჭადრაკის ნაკრების ქართველი წევრი, რომელიც არაერთხელ გახდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი

დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი სიამაყით ივსება, როცა საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველების შესახებ იგებს. სწორედ ამგვარ ქართველთა რიგს მიეკუთვნება ანა მათნაძე. ის ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატია, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი. ანამ ჭადრაკის სფეროში მოღვაწეობა საქართველოში დაიწყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, 2006 წლიდან ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად. დღეს საქმიანობას იქ განაგრძობს და ძალიან წარმატებულადაც. რატომ დატოვა მან საქართველო, რას წარმოადგენს მისთვის ესპანეთი და რომელი რეჟისორები დაინტერესდნენ მასზე ფილმის გადაღებით, ამას ექსკლუზიურად ანასგან შეიტყობთ.

– მე ვარ ანა მათნაძე. პროფესიონალი მოჭადრაკე. ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრი. საერთაშორისო დიდოსტატი. ასევე, დამთავრებული მაქვს გერმანისტიკა და ჟურნალისტიკა. პერიოდულად ამ სფეროებშიც ვმუშაობ. ვარ 31 წლის და ვცხოვრობ ბარსელონაში.
– თამაში რა ასაკში დაიწყე?
– 4 წლის ვიყავი, დედამ სვლები რომ მასწავლა. 6 წლისამ კი პირველი ტურნირი ვითამაშე, რომელშიც 1-2 ადგილი გავიყავი. თანაბარი ქულები დავაგროვეთ. იმის შემდეგ სულ ვთამაშობ.
– რა იყო პირველი სერიოზული წარმატება და როგორი ემოცია გქონდა?
– 10 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი. ენით აღუწერელი ემოცია იყო. ეს იყო 1993 წელს, როცა საქართველო ძალიან დიდ გასაჭირში იყო და ყოველ წარმატებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. სამთავრობო დონეზე წყდებოდა სპორტსმენების წასვლა-არწასვლის საკითხები. გადამწყვეტი პარტია ჩინელს მოვუგე, რაც დამატებითი ემოცია იყო.
– ამ ასაკში ასეთი დონის თამაშის მოგება არ გაგიჭირდა?
– რა თქმა უნდა, რთული იყო, მაგრამ ბავშვობიდან მიყვარდა რთულ საქმეებთან შეჭიდება. ჩემთვის მოტივაცია და მიზნისთვის სუფთა წესებით ბრძოლა ერთ-ერთი პრიორიტეტია. ასე რომ, მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. როგორი რთულიც არ უნდა იყოს.
– თუ არ ვცდები, ნონა გაფრინდაშვილის მოწაფე იყავი.
– კი, თან ნონა გაფრინდაშვილი ჩემი ნათლიაა. ის 14 წლიდან მასწავლიდა, დაახლოებით, 20 წლამდე. 14 წლამდე კი თამარ ხმიადაშვილი მავარჯიშებდა. ერთად რამდენიმე მსოფლიოს და ევროპის მედალი მოვიპოვეთ. ორივესთან ძალიან გულთბილი ურთიერთობა მაქვს და როცა ჩამოვდივარ თბილისში, მათ ხშირად ვნახულობ.
– საქართველოს სახელით კიდევ რა მნიშვნელოვანი მიღწევები გაქვს?
– შვიდჯერ მოვიგე ევროპის ჩემპიონატი. ორჯერ გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი. გარდა ამისა, ვარ მრავალგზის პრიზიორი. მოგებული მაქვს გუნდური და საკლუბო ჩემპიონატები, მაგალითად, NTN და Energy Investi-სთან ერთად. პრიზიორებიც ბევრჯერ ვიყავით. მოკლედ, საკმაოდ ბევრია.
– ახლა ესპანეთში მოღვაწეობ. როდის და რატომ წახვედი საქართველოდან?
– 13 წლიდან მოყოლებული ესპანეთის ხშირი  სტუმარი ვიყავი. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. ამის გამო აქაურობა ყოველთვის მშობლიური იყო ჩემთვის. ამ ქვეყნის აბსოლუტურად ყველაფერი შემიყვარდა. რაღაც გასაოცარი სიყვარული გამიჩნდა ესპანეთისადმი. როგორც გითხარით, ხშირად ჩამოვდიოდი და 2006 წელს სამუდამოდ გადმოვედი. ძალიან ბედნიერი ვარ. მე და ესპანეთს ძალიან გვიყვარს ერთმანეთი (იცინის).
– კონკრეტული შემოთავაზება გქონდა ჭადრაკის სფეროდან და საბოლოოდ ამიტომ წახვედი?
– შემოთავაზებები ათი წლიდან მქონდა სხვადასხვა ქვეყნიდან. მაგალითად, ჰოლანდიელები საკუთარი თვითმფრინავით მამგზავრებდნენ ხოლმე, როცა მათთან ჩავდიოდი. სპორტსმენს შემოთავაზებები ყოველთვის აქვს. თუმცა, ესპანეთში მხოლოდ ამის გამო არ გადმოვსულვარ. მთლიანობაში, ეს ქვეყანა ჩემი სახლია და ის ადგილი, სადაც ყველანაირად ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობ თავს.
– ესპანეთში თავის დამკვიდრება არ გაგიჭირდა?
– არანაირად. ესპანეთი საოცარი ქვეყანაა. შრომას აფასებენ და ელემენტარულ პრობლემებს არ გიქმნიან აბსურდული კლიშეების გამო. აქ, მაგალითად, არ არსებობს სიტყვა „სოფლელი“, „ჩამოსული“ და ასე შემდეგ. ესპანეთში მინისტრი და დამლაგებელი ერთნაირად პატივსაცემია. თუ ნამდვილად თავდადებით მუშაობ, აუცილებლად დაგიფასდება. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. პირიქით, ყველანაირი პირობა შემიქმნეს, რომ თავი სახლში მეგრძნო.
– ესპანეთში რა წარმატებებს მიაღწიე?
– აქ რომ ჩამოვედი, 20 წელს გადაცილებული ვიყავი. ასე რომ, ასაკობრივი ჩემპიონატები უკვე აღარ მიწევდა. ახლა ვთამაშობ ოლიმპიადის, საკლუბო, ევროპის, საერთაშორისო და ეროვნულ ჩემპიონატებს. ვთამაშობ ევროპის რამდენიმე ლიგაში. წელს ოლიმპიადაზე, ესპანეთის ნაკრებში ვერცხლის მედალი მოვიპოვე ჩემს დაფაზე. ევროპის ჩემპიონატზე შარშანაც ვერცხლის მედალი ავიღე. ვარ ბევრი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. საფრანგეთის ლიგაში, ჩემი კლუბი – Annemasse ჩემპიონი გახდა. წელს კიდევ გავხდი ესპანეთის ჩემპიონი სწრაფ და ელვისებურ თამაშში.
სხვათა შორის, ვარ საქველმოქმედო ორგანიზაციის, Chess a Peace Ambassador-ის პრეზიდენტი. ამ ორგანიზაციის ფარგლებში ვაწარმოებთ გაცვლით პროგრამებსა და ღონისძიებებს. ვეხმარებით ახალგაზრდა და არა მარტო ახალგაზრდა ტალანტებს. ძალიან ბევრი ქართველი მოჭადრაკე ჩამოვიყვანეთ ესპანეთში სამთვიანი კულტურული გეგმით. მრავალმა მათგანმა წარმატებით იასპარეზა. ამ წუთას დიდოსტატი სოფიკო გურამიშვილი Linares-ში მონაწილეობს, უმაღლესი დივიზიონის საკლუბო ესპანეთის ჩემპიონატში, ჩემს ერთ-ერთ კლუბ Barbera-სთან ერთად.
– საქართველოში ჭადრაკის სფეროში მიმდინარე პროცესებს აქტიურად ადევნებ თვალს?
– ბოლო წლებია, თითქმის არ მაქვს კონტაქტი ქართული ჭადრაკის სფეროსთან. ამიტომ, აქტიურად-მეთქი ვერ გეტყვი, მაგრამ ოლიმპიადებზე, ცალკეულ ტურნირებზე ვხვდები ხოლმე საქართველოს წარმომადგენლებს, ძველ მეგობრებს და ვსაუბრობთ. ბევრი ბავშვობის ამხანაგის, მეგობრის ან პერსპექტიული ახალგაზრდა მოჭადრაკის მიღწევების გაცნობას რეგულარულად ვცდილობ, რადგან ჩემი ორგანიზაცია იწვევს მოჭადრაკეებს. პირადად მე, ყველანაირად ვცდილობ, მათ გზა გავუკვლიო – როგორც ამბობენ, საჭირო ადგილას „მოვათავსო“. მერე უკვე ყველაფერი მათზეა დამოკიდებული.
– ესპანეთთან შენი დამოკიდებულების გამო, შეიძლება, ამას არც უნდა გეკითხებოდე, მაგრამ... საქართველოში დაბრუნებას არ აპირებ?
– ესპანეთი უკვე ჩემი სახლია. ამიტომ, აქ სამუდამოდ დავსახლდი. საქართველოს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ვეცდები, უფრო ხშირად ვესტუმრო. ძალიან მიყვარს და იმის გამო, რომ ბავშვობიდან დატვირთული გრაფიკი მქონდა, ბევრი ადგილის მონახულება ვერ მოვასწარი. ახლა უკვე ტურისტის რანგში, ვცდილობ ამ დანაკლისის ანაზღაურებას. საქართველო ძალიან ლამაზია და უამრავ ფოტოს ვიღებ, რითაც მერე ესპანეთში აღფრთოვანებულები რჩებიან.
– როგორც ვიცი, ფილმში გიღებენ.
– დეკემბრიდან ივნისამდე შტუდგარდში ვიყავი. აკადემია Schlos Solitude ექვსთვიანი გრანტი მოვიპოვე – იქ იყო იაპონელი რეჟისორი ჰანაე უტამურა, რომელმაც თავის პროექტში მიმიწვია. ძალიან საინტერესო იდეა დაებადა, ჩემი დღის რეჟიმსა და ცხოვრების სტილზე დაკვირვების შედეგად. ეს ყველაფერი შეუსაბამა ადრინდელ, უკვე დაპროექტებულ იდეებს და ფილმის გადაღება გადაწყვიტა.
– უკვე დაპროექტებულ იდეებში რას გულისხმობ? ეს დოკუმენტური ფილმი იქნება?
– მაგალითად, მას აქვს სხვა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს კრიმინალის, კერძოდ, ტერორისტული აქტების, გეგმების წინასწარ აღმოჩენას, გაშიფვრას და პრევენციას. ის ეძებდა ადამიანს, რომელიც მის ამ იდეას გასაქანს მისცემდა და წარმართავდა. როცა ჩვენ ერთმანეთი გაგვაცნეს და ვისაუბრეთ, მან თქვა, რომ უკვე ჰყავს ასეთი ადამიანი და ფილმი უნდა გადაიღოს. ეს არის დოკუმენტური და ერთგვარად, კრიმინალურ-მეცნიერული ჭრილის ფილმი, რომელშიც ეგრეთ წოდებული „სხვა ინტელექტი“ დომინირებს. მოჭადრაკეებს გვაქვს წინასწარ განჭვრეტის, ანალიზის, სტრატეგიის შემუშავებისა და ფსიქოანალიზის ნიჭიც კი. ამ ფილმის ფარგლებში არმიის წარმომადგენლებთანაც კი ვითანამშრომლე. უაღრესად საინტერესო იყო იმ სტრატეგიებში მონაწილეობა და დაგეგმარებაზე მუშაობა, გახსნის მცდელობები და ანალიზები.
გარდა ამისა, ამ დღეებში Canal+ აპირებს ჩემზე მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას. პროგრამა Informe Robinson-ის ფარგლებში, რომელმაც უკვე გააკეთა ფილმი მესიზე, კასილასზე, ხავიზე, ინიესტაზე, რონალდუსა და ასე შემდეგ.
– შენი ნიჭის სხვა მიმართულებით გამოყენებასაც ხომ არ აპირებ? რას უკავშირდება სამომავლო გეგმები?
– ჯერჯერობით ბევრი თავისუფალი დრო არ მაქვს. ძალიან ბევრს ვმოგზაურობ და რიგი ტურნირების ორგანიზატორიც ვარ. მომავალში ვნახოთ, საკმაოდ ბევრი ინტერესის სფერო მაქვს. ასე რომ, გამორიცხული არაფერია. სამომავლოდ კი, საკუთარ თავზე უფრო მეტი მუშაობა ყველა სფეროში და ჭადრაკის განხრით – მომავალი ოლიმპიადებისთვის კარგად მომზადება შედის ჩემს ყოვლის მომცველ გეგმებში.

скачать dle 11.3