როგორ მოკლა გერმა მამინაცვალი და რატომ გადააბრალა ქალმა შვილის დანაშაული მოკლულ ქმარს
წარსულში ორჯერ ნასამართლევი 31 წლის ვლადიმერ ფ-ძე, მკვლელობის ფაქტზე დააკავეს – მან მამინაცვალი მისივე ნაჩუქარი სანადირო თოფიდან ერთი გასროლით მოკლა. გარდაცვლილის უფროსი შვილები დანაშაულში ეჭვმიტანილის გასამართლებასთან ერთად, მისი დედის დაკავებასაც მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ ვლადიმერ ფ-ძემ მკვლელობა დედის წაქეზებით ჩაიდინა. გამოძიების მასალებით დადგინდა 65 წლის ნელი ვ-შვილის კავშირი მკვლელობასთან – ის ცდილობდა, დანაშაული გარდაცვლილი ქმრისთვის დაებრალებინა და აცხადებდა, რომ მისი შვილი მამინაცვლის აგრესიისგან იცავდა თავს, თუმცა, მკვლელობას ჰყავდა მოწმე, გარდაცვლილის შვილიშვილი, რომლის ჩვენების მიხედვითაც, ქალმა ცრუ ჩვენება მისცა.
მკვლელობა ოჯახური დაპირისპირების ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტს მოჰყვა. გამოძიების მასალებით, ვლადიმერ ფ-ძე მამინაცვალს იმ სახლის გაყიდვას სთხოვდა, რომელიც ნელი ვ-შვილის საკუთრებაც იყო. მამინაცვალი გერს წინააღმდეგობას უწევდა და სახლის გაყიდვაზე არ თანხმდებოდა, რის გამოც ოჯახის წევრების კონფლიქტი უფრო და უფრო მწვავდებოდა, რაც მოგვიანებით გამოძიებასთან გარდაცვლილის მეზობლებმაც დაადასტურეს. სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ წარსულში ძარცვისა და ხულიგნობისთვის ორჯერ ნასამართლევვი ვლადიმერ ფ-ძე, მეორე სასჯელის მოხდის შემდეგ, ციხიდან გათავისუფლებისთანავე დაოჯახდა. ის საცხოვრებალდ ცოლის ბინაში გადავიდა იმავე სოფელში, სადაც დედამისი ცხოვრობდა და, შესაბამისად, დედისა და მამინაცვლის ხშირი სტუმარი იყო. ამირან ვ-შვილს გერთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა – 15 წლიდან ბიჭს ის ზრდიდა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც დღის წესრიგში ბინის გაყიდვის საკითხი დადგა, მათ შორის ურთიერთობაც გაფუჭდა. ვლადიმერი ამირანს არწმუნებდა, რომ ბინის ფული ბიზნესის დაწყებისთვის სჭირდებოდა, თუმცა, ვერ ითანხმებდა. ნელი ვ-შვილიც ქმრის მხარეს იყო, მაგრამ ამის შესახებ შვილს არ უტყდებოდა.
გარდაცვლილ ამირან ვ-შვილს ერთადერთი, სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. ის შემთხვევის ადგილზევე, საკუთარი სახლის ეზოში გარდაიცვალა. დამნაშავე გერმა შემთხვევის ადგილი მანამდე დატოვა, სანამ ინციდენტის შესახებ სამართალდამცველებისთვის გახდა ცნობილი. პირველი ჩვენება გამოძიებას ნელი ვ-შვილმა მისცა. მისი განცხადებით, ვლადიმერ ფ-ძე მამინაცვლისგან თავს იცავდა, თოფი კი სახლიდან მისმა მეუღლემ გამოიტანა.
ამონაწერი ნელი ვ-შვილის ჩვენებიდან: „დილის 10 საათი იქნებოდა, როცა ლადი ჩვენთან მოვიდა. აღელვებული იყო. მე და ჩემი მეუღლე ეზოში ნარგავებს ვრყწავდით. სახლში სტუმრად გვყავდა ჩემი მეუღლის შვილიშვილი (პირველი ქორწინებიდან), 20 წლის გოგონა, რომელსაც მკვლელობის დროს ეძინა და ეზოში გასროლის ხმაზე გამოვიდა. ამირანსა და ლადის შორის კამათი სახლის თაობაზე დაიწყო. ლადიმ ამირანს რამდენჯერმე შეაგინა. მე მათი დაწყნარება ვცადე, მაგრამ, არაფერი გამომივიდა. ამირანი ლადის გაერიდა და სახლში შევიდა, ჩვენ ეზოში დავრჩით. უცებ ამირანი სანადირო თოფით ხელში დაგვადგა თავზე და ლადის უთხრა: წადი ჩემი სახლიდანო. ლადიმ თოფის წართმევა სცადა და დაიწყეს ძიძგილაობა, რა დროსაც უცებ მოხდა გასროლა. ამირანს ტყვია თავში მოხვდა და მაშინვე გარდაიცვალა. ჩემს კივილზე და გასროლის ხმაზე ეზოში მეზობლები შემოცვივდნენ. ლადიმ იქაურობა დატოვა.”
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება. პირველადი ვერსიით, მკვლელობა მოჰყვა უნებლიე გასროლას, თუმცა, პირველი ეჭვები გაჩნდა ჭრილობის გარეგანი დათვალიერების შემდეგ – დაზიანება, სავარაუდოდ, დამიზნებით უნდა ყოფილიყო მიყენებული. ნელი ვ-შვილის ჩვენების მიხედვით, მისი შვილი მკვლელი არ იყო, თუმცა, საპირისპირო დადასტურდა 20 წლის მანანა შ-ძის დაკითხვის შემდეგ. მისი ჩვენების მიხედვით სახლიდან თოფი ვლადიმერ ფ-ძემ გაიტანა და მამინაცვალს პირდაპირ, დამიზნებით ესროლა.
ამონაწერი თვითმხილველის ჩვენებიდან: „ბაბუასთან ორი დღის მისული ვიყავი სტუმრად. ლადი წინა საღამოს მოვიდა ჩვენთან, რასაც მას და ბაბუას შორის შელაპარაკება მოჰყვა. მეორე დღეს, დილით, ჯერ კიდევ მეძინა, ეზოდან ჩხუბის ხმა რომ შემომესმა. ჩემი ოთახის ფანჯრები ეზოში გადის, ფანჯრიდან გადავიხედე და დავინახე, რომ ეზოს ბოლოში ბაბუა და ლადი ჩხუბობდნენ. ისევ დავწექი. ცოტა ხანში სახლში ბრაგუნის ხმა შემომესმა, აივანზე გავედი და დავინახე, რომ ლადი პირველ სართულზე შემოვარდა. ჩაცმა დავიწყე, მაგრამ, ფეხის ხმით მივხვდი, რომ ლადი ისევ ეზოში გავიდა. ძალიან მალე გავიგონე გასროლა, რასაც ბაბუაჩემის მეუღლის კივილი მოჰყვა. იმ დროს უკვე ეზოში ვიყავი, თოფი ლადის ეჭირა. ის დედამისმა პირველ სართულზე შეიყვანა და, ალბათ, ორი-სამი წუთი დარჩნენ იქ. ამის შემდეგ ეზოში მეზობლები შემოცვივდნენ.”
მოწმის ჩვენება დაადასტურა გარდაცვლილის მეზობელმაც, რომელმაც განმარტა, რომ, როდესაც ეზოში შევიდა, თოფი შემთხვევის ადგილზე, გარდაცვლილთან ახლოს ეგდო, ნელი და მისი ვაჟიშვილი კი პირველი სართულიდან ერთად გამოვიდნენ.
გამოძიების მასალებით და საქმეზე მოპოვებული გარემოებების მიხედვით, დადგინდა, რომ მკველლობა ვლადიმერ ფ-ძემ ჩაიდინა წინასწარი განზრახვით და არა თავდაცვის მოტივით, როგორც ამას გამოძიებასთან საწყის ეტაპზე ამტკიცებდა ვლადიმერ ფ-ძის დედა. დაკავებულმა ეჭვმიტანილმა ჩადენილი დანაშაულიც აღიარა და ისიც, რომ, მანამდე, სანამ ეზოში მეზობლები მოგროვდებოდნენ, დედამ მას თავდაცვის ვერსია შესთავაზა. ბრალდებულის განცხადებით, მან მკვლელობა აღელვების ნიადაგზე ჩაიდინა, რაც დადასტურდა მისი მეუღლის ჩვენებითაც. ახალგაზრდა ქალის განმარტებით, „ვლადიმერი სახლიდან შეშლილივით გაიქცა,” და შემდეგ შური იძია მამინაცვალზე იმ იარაღით, რომელიც მის მიერვე იყო ნაჩუქარი დაბადების დღეზე.
სასამართლომ ვლადიმერ ფ-ძე დამნაშავედ ცნო მამინაცვლის განზრახ მკვლელობაში და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სამართლებრივ პასუხისმგებლობას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაურჩა განსასჯელის დედა, ნელი ვ-შვილი, რომელსაც ცრუ ჩვენების მიცემისთვის პირობითი მსჯავრი შეეფარდა.