როგორ მოატყუა „კაგებე“ თბილისელმა ომის ვეტერანმა, რომელიც უცხოეთში გაიქცა და 50 კილოგრამი პლატინა გაიტაცა
ძვირფასი კონსერვები
1973 წლის 20 თებერვალს საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის საქართველოს განყოფილების ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, პლეხანოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფში 53 წლის ვალერიან ათანასეს ძე გაფრინდაული დააპატიმრეს. სარდაფში, რომელიც დაპატიმრებულს ეკუთვნოდა, უშიშროების ოპერატიულმა თანამშრომლებმა ძვირფასი ლითონების სადნობი ღუმელი, დასაშტამპი დაზგა და 160 კილოგრამი პლატინის ზოდები აღმოაჩინეს. თითოეული ზოდი 2 კილოგრამს იწონიდა. ვალერიან გაფრინდაული მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო, კაპიტნის ჩინს ატარებდა და ოთხი საბრძოლო ორდენი ჰქონდა მიღებული. მისი დაპატიმრება იმით იყო გამოწვეული, რომ, ერთი კვირით ადრე, ანუ, 13 თებერვალს, ბრესტის საბაჟოზე, საექსპორტო სტავრიდის თევზის კონსერვით დატვირთული კონტეინერი დააკავეს, რომელიც პოლონეთის სახალხო რესპუბლიკაში გაჰქონდათ. ტრაილერის გაჩერების მიზეზი ანტინარკოტიკული პროფილაქტიკური ღონისძიება იყო. როდესაც მთელი საქონელი გადმოტვირთეს და მებაჟეებმა ის ძვირფასი ლითონების მოსაძებნი მოწყობილობით გასინჯეს, გაოგნდნენ – ერთ-ერთ ყუთში მოთავსებული კონსერვის ასი ქილა პლატინის აღმოჩნდა და, საერთო ჯამში, 20 კილოგრამს იწონიდა. საქმეში უშიშროება ჩაერთო და „ძვირფასი” კონსერვების კვალმა „კაგებე“ ვალერიან გაფრინდაულთან მიიყვანა. დაპატიმრებული შევჩენკოს ქუჩაზე წაიყვანეს; სარდაფში აღმოჩენილი ღუმელი, დაზგა და, რა თქმა უნდა, 160 კილოგრამი პლატინა კი „კაგებეს“ შტაბ-ბინაში გადაიტანეს.
გაფრინდაულის მონათხრობი
თავდაიპრველად გაფრინდაული ყველაფერს უარყოფდა, ხოლო, როდესაც მას დასაბუთებული სამხილები დაუდეს წინ და სხვა დამნაშავეთა ჩვენებებიც დაურთეს, გამოტყდა, რომ, უცხოეთში, კერძოდ, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 200 კილოგრამი პლატინის გატანის მიზნით, სწორედ მან მოიფიქრა ასეთი სქემა. შემდეგ კი ხუთკაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა და პირველი 20 კილოგრამი პლატინის გატანაც მოახერხა.
– საიდან გქონდათ ორასი კილოგრამი პლატინა და რატომ გაგქონდათ ის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში? – ჰკითხა გაფრინდაულს პოდპოლკოვნიკმა გელა სანაძემ.
– დედაჩემი იუველირი იყო და პლატინა მისგან დამრჩა. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში კი იმიტომ ვგზავნიდი, რომ მოგვიანებით იქ გამგზავრებასა და დარჩენას ვაპირებდი, – მიუგო გაფრინდაულმა.
– მიმღები ვინ იყო?
– ჩემი მამიდაშვილი – გივი ზუმბაძე. ის, ქალაქ ჰამბურგში ცხოვრობს ოტმარ ჰაინრიხის სახელით.
გივი ზუმბაძე მართლაც გაიქცა 1960 წელს დასავლეთ გერმანიაში, მაგრამ, „ჩეკისტებმა“ ურწმუნოდ მიიჩნიეს გაფრინდაულის სიტყვები და სანაძემ მას უთხრა:
– პლატინის უცხოეთში გატანა, თანაც, ასეთი დიდი რაოდენობით, მინიმუმ თხუთმეტწლიან სასჯელს ითვალისწინებს. ხოლო, თუ დადასტურდა, რომ პლატინა დანაშაულებრივი გზით გაქვთ მოპოვებული, უმაღლესი სასჯელი არ აგცდებათ.
ვალერიან გაფრინდაული „კაგებეს“ ჯურღმულში მოათავსეს და სამი დღის განმავლობაში ის არავის მოუკითხავს. მეოთხე დღეს პატიმარმა თავად მოითხოვა გელა სანაძესთან შეხვედრა და უთხრა:
– სრული სიმართლე რომ გითხრათ და სახელმწიფოს ძვირფასი განძის დაბრუნებაში დავეხმარო, პასუხისმგებლობისგან გამათავისუფლებთ?
– რას გულისხმობთ? – ჰკითხა გაფრინდაულს სანაძემ.
– რას და იმ ერთი ტონა პლატინის ადგილსამყოფლის გამხელას, რომელიც დასავლეთ გერმანიაშია გადამალული.
– აბატ ფარიას საგანძური, ხომ? – გაეცინა პოდპოლკოვნიკს, – გრაფი მონტე კრისტოს სიუჟეტს მიყვებით?
– არა, – თავი გააქნია გაფრინდაულმა, – ბერლინი რომ ავიღეთ, ჩვენი სატანკო დივიზიის მეთაურობამ, ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად, საინსპექციო ჯგუფში ჩამრთო, რომელიც ტყვეების დაკითხვასა და სამხედრო დამნაშავეების გამოვლენაში მონაწილეობდა. მე ინგლისური კარგად ვიცოდი და თარჯიმანი ვიყავი. 1945 წლის 19 ივნისს ამერიკელების რწმუნებულ ბერლინის საოკუპაციო ზონაში ვიმყოფებოდი. ერთ-ერთ „ესესელ“ ოფიცერს კითხავდნენ. შესვენების დროს მე ტუალეტში მომინდა და ერთ-ერთი სახლის ნანგრევებში, ორმოში ჩავვარდი. სწორედ იქ აღმოვაჩინე ოცდაოთხი ყუთი, რომლებიც 2-2 კილოგრამიანი პლატინის ზოდებით იყო სავსე. ერთი კვირის განმავლობაში, ღამით, იმ ყუთებს ახლომდებარე სასაფლაოზე ვეზიდებოდი და მიწაში ღრმად ვმარხავდი. ოთხი ყუთი საბჭოთა საოკუპაციო ზონაში გადავიტანე, შემდეგ კი ჩემი ტანკით ჩამოვიტანე საბჭოთა კავშირში. რას იტყვით, განა არ ღირს, რომ ერთი ტონა პლატინის ფასად პასუხისმგებლობისგან გამათავისუფლოთ?
გაფრინდაულის მონათხრობი იმდენად ფანტასტიკური და დაუჯერებელი ჩანდა, რომ სანაძემ ის არასერიოზულად აღიქვა და საკანში დააბრუნა, თუმცა, ხელმძღვანელობას მაინც ყველაფერი შეატყობინა. ეს ამბავი მოსკოვშიც შეიტყვეს, ვალერიან გაფრინდაული საბჭოთა კავშირის დედაქალაქში გადააფრინეს, „კაგებეს“ შტაბ-ბინაში მიიყვანეს და ერთი ტონა და ორასი კილოგრამი პლატინის ისტორია მოაყოლეს. საგულდაგულო შესწავლის შედეგად, გადაწყდა, რომ სანაძე და „ჩეკისტთა“ საგანგებო ოპერჯგუფი დასავლეთ ბერლინში გადაესროლათ პლატინის მოსაძიებლად...
ოპერაცია – „სამარხი“
პლატინის დასაბრუნებლად ლუბიანკაზე შემუშავებულ ოპერაციას „სამარხი“ უწოდეს. ვალერიან გაფრინდაული კი მკაცრად გააფრთხილეს, რომ, გაქცევის მცდელობის შემთხვევაში, მას ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოკლავდნენ. 1973 წლის 3 აპრილს საბჭოთა „ჩეკისტთა“ რვაკაციანი ჯგუფი და გაფრინდაული დასავლეთ ბერლინის სასაფლაოს ღამის ორ საათზე ესტუმრნენ. ისინი სპეციალური ნაღმის მოსასმენი აპარატურით იყვნენ შეიარაღებულები და ვინმე ალფრედ ჰაუსბერგის საფლავთან, ოთხი მეტრის სიღრმეში, 20 ყუთი აღმოაჩინეს, რომლებშიც ერთი ტონა პლატინა იყო შენახული. წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ყუთები საფოსტო გადაზვიდების ფურგონში მოათავსეს და ქალაქ ბონში, საბჭოთა კავშირის საელჩოს შენობაში გადაიტანეს. შემდეგ პლატინა ოთხი რეისით, დიპლომატიური ბარგის მეშვეობით, საბჭოთა კავშირში ჩამოიტანეს და ცენტრალური ბანკის სარდაფში განათავსეს. გერმანიიდან საიდუმლოდ გამოზიდული პლატინა, მაშინდელი ფასებით, 50 მილიონი მანეთი ღირდა, დღეს კი მისი ფასი ათჯერ მეტია. „ჩეკისტებმა“ პარალელური ოპერაციაც ჩაატარეს: ჰამბურგიდან საბჭოთა კავშირში ჩაიყვანეს გაქცეული გივი ზუმბაძე და არც 80 კილოგრამი პლატინის წამოღება დავიწყებიათ. შეპირებისამებრ, ვალერიან გაფრინდაული გაათავისუფლეს, ზუმბაძე კი რვა წლით ჩასვეს ციხეში.
ყველაზე საინტერესო კი ამ ისტორიაში ის იყო, რომ, 1975 წელს, 55 წლის ვალერიან გაფრინდაულმა მაინც მოახერხა უცხოეთში გაქცევა და იმ 50 კილოგრამი პლატინის მითვისება, რომელიც მას ცალკე ჰქონია გადამალული. გაფრინდაულზე ნადირობა გამოცხადდა, რადგან მან „კაგებე“ მოატყუა. ერთ-ერთი ვერსიით, ვალერიან გაფრინდაულმა გარეგნობა შეიცვალა და, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე დასახლდა.