კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

– რაზეა ლაპარაკი, ამხანაგო მაიორო, თუ გჭირდებათ, წაიყვანეთ, რეზერვს დავაყენებ, – უთხრა მერაბ გამრეკელს მატარებლის უფროსმა, გამოემშვიდობა და მატარებელში ავიდა.
დაკავებულ ბეშქენაძესთან და მეშვიდე ვაგონის გამცილებელთან ერთად, მერაბმა მოსაცდელ დარბაზში შეიარა და მებუფეტეც თან წაიყვანა. სევასტი ბაბუხადიამ რომ დაინახა, ყველაფერს მიხვდა, სახეზე ცარცისფერი დაედო და ფეხები მოეკვეთა. ჯერ გაქცევა სცადა, მაგრამ მერაბის პირქუშ სახეს რომ შეავლო თვალი, გადაიფიქრა, თეთრი ხალათი გაიძრო და დახლიდან გამოვიდა. ამ დროს სამზარეულოდან დევივით ბონდოიამ გამოყო თავი და ბაბუხადიას ჰკითხა:
– სა მიხვალ, სევასტია?
– ბებიაჩემთან, საღორიეზე, – თავმოუბრუნებლად მიუგო ბაბუხადიამ.
– მოხდა რამე?
– სტუმრები მყავს ზესტაფონიდან და ინდოური უნდა დოვუკლა, – თქვა მებუფეტემ. პატიმარივით ხელები ზურგსუკან შემოიწყო და თავჩაღუნული გავიდა მოსაცდელი დარბაზიდან.
„ვოლგასთან“ რომ მივიდნენ, ნოე ბუცხრიკიძე მანქანიდან გადმოვიდა და გამრეკელს გაოცებულმა ჰკითხა:
– სად აიყვანეთ, ბატონო მერაბ?
გამრეკელმა ხელით ანიშნა თავის ახალგაზრდა კოლეგას, გაჩერდიო და მატარებლის გამცილებელს მიმართა:
– ავტომობილის მართვა შეგიძლიათ, ბატონო კაკო?
– ჯარში პოლკოვნიკს ვატარებდი, – მიუგო გამცილებელმა.
– ძალიან კარგი. მაშინ, საჭეს მიუჯექით და მილიციის სამმართველოში წაგვიყვანეთ, ჩვენ კი უკან ჩავსხდებით, – თქვა მაიორმა და ჯერ ჯემალ ბეშქენაძე შეუშვა მანქანაში, შემდეგ კი თავადაც გვერდით მიუჯდა. ნოე ბუცხრიკიძე მძღოლის უკან მოკალათდა.
მილიციის სამმართველოში რომ მივიდნენ, შუაღამეს გადაცილებული იყო. მერაბმა დაკავებული ჯემალ ბეშქენაძე სამორიგეოში შეიყვანა, ქამარი მოხსნა და გაჩხრიკა. პირადი ნივთები ამოუღო, ოქმი შეადგინა და მორიგეს უბრძანა:
– აქვე, ცალკე საკანში მოათავსე და ჩემს განკარგულებამდე არავინ გააკარო. გასაგებია?
– გასაგებია, ამხანაგო მაიორო! – გამოეჯგიმა მილიციის სამმართველოს მორიგე გამრეკელს და ჯემალ ბეშქენაძე იზოლირებულ საკანში გამოკეტა.
მერაბმა სამძებროს უფროსი იხმო:
– სასწრაფოდ გაეცით განკარგულება, რომ დაურ ბუთბას ძებნა დაიწყონ. ორმოცი წუთის წინ ის რკინიგზის სადგურზე იმყოფებოდა და მიიმალა.
მიუხედავად იმისა, რომ სამძებროს უფროსი მერაბზე მაღალ ჩინს ატარებდა, ის რიგითივით გამოეჯგიმა გამრეკელს და მიუგო:
– არის, ამხანაგო მაიორო! ახლავე დავრაზმავ ბიჭებს!
– შეგიძლიათ, ნოე ბუცხრიკიძის განყოფილების თანამშრომლებიც დაიხმაროთ, ისინი სრულ მზადყოფნაში არიან და მე მელოდებიან. ოპერაციაზე უნდა წამეყვანა, მაგრამ აღარ დამჭირდნენ.
ქუთაისელი „ოპერები” მერაბ გამრეკელის ბრძანების შესრულებას შეუდგნენ, მაიორმა კი ბუცხრიკიძეს უთხრა:
– ბაბუხადია შენთან აიყვანე და დამელოდე, – შემდეგ მატარებლის გამცილებელს ქამარი დაუბრუნა და ჰკითხა:
– ბატონო კაკო, შორს ცხოვრობთ?
– ორ ნაბიჯში, ბიძიკო. მოსახვევში რომ გასტრონომია, იმის უკან.
– ბოდიში, რომ შეგაყოვნეთ. მატარებელში რაც მოხდა, დაწვრილებით ამიწერეთ და თავისუფალი ბრძანდებით. წერას რომ მორჩებით, უჩემოდ არ წახვიდეთ. წავიკითხავ და გაგიშვებთ. მე აქვე ვიქნები და დამიძახებენ.
გამცილებელი წერას შეუდგა, მერაბი კი ბუცხრიკიძის კაბინეტში ავიდა და დაკავებულ მებუფეტეს უთხრა:
– თუ გულწრფელად აღიარებთ დანაშაულს, სასჯელს შეგიმსუბუქებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დანდობის იმედი არ გქონდეთ, მით უმეტეს, რომ თქვენი დახმარების გარეშე ავიყვანეთ ჯემალ ბეშქენაძე.
– რაში მდებთ ბრალს? – თქვა ბაბუხადიამ.
– ციხიდან გაქცეული განსაკუთრებით საშიში დამნაშავის დამალვაში და ყაჩაღობის მცდელობისთვის ძებნილის მფარველობაში, – მშვიდად მიუგო მაიორმა.
– განსაკუთრებით საშიში პრისტუპნიკი, ალბათ, ის შრამიანი კაცია, ხომ? – იკითხა სევასტი ბაბუხადიამ.
– დიახ. დაურ ბუთბა, – უთხრა მერაბმა.
– მე იმ პრისტუპნიკის არც სახელი ვიცოდი და არც გვარი. ჯემალიამ მოიყვანა და მითხრა, სამი-ოთხი დღე აქ იყოსო. ხმასაც კი არ ვცემდით ერთმანეთს. მე მთელი დღე ბუფეტში ვგდივარ და სახლში გვიან მივდივარ ხოლმე. ზოგჯერ დილამდე სამსახურში ვრჩები – როცა ბევრი კლიენტია, ბუფეტს დილამდე ვამუშავებ.
– კარგი, დავუშვათ, მართალს ამბობთ და მართლა არ იცოდით, ვინ იყო ბუთბა, მაგრამ, ბეშქენაძე რატომ გადამალეთ?
– ჯემალიამ ფულიზა მომაკითხა თავიდან და, მითხრა, რამდონიას ოცი ათასი მანეთი უნდა ჩოვუტანო ჯიმშერიას გამოსახსნელად და მასესხეო. არ მქონდა და უარით გევისტუმრე. ღამით კი იმ შრამიანთან ერთად დამადგა ისევ და მთხოვა, რამდენიმე დღე შეგვინახე და მალე წავალთო.
– დღეს რომ სადგურში მოგაკითხათ, რა გითხრათ?
– თბილისში მივემგზავრებით და ფული გვჭირდებაო. რაც მქონდა, მთელი დღის ნავაჭრი, სულ მივეცი – ხუთასი მანეთი, მხოლოდ ორმოცდაათი მანეთი დევიტოვე.
– თქვენ მას ფული მანამდე გადაეცით და მერე ელაპარაკეთ. რა იცოდით, რა უნდოდა?
– ამას რა ცოდნა უნდა, უფროსო? – გაეცინა მებუფეტეს, – ჯემალია რომ დევინახე სადგურზე, კიღამ ჩევიფსი. მივხვდი, ფარა უნდოდა და, რაც მქონდა მივუტანე. ოღონდ თავიდან მომეშორებინა და, რომ მქონოდა, მეტსაც მივცემდი.
– კიდევ რა გითხრათ? სამი წუთი საუბრობდით და ბევრის თქმას მოასწრებდით ერთმანეთისთვის.
– ისეთი არაფერი, უფროსო. თავს გოუფრთხილდი-თქვა, – ვუთხარი და შევპირდი, კიდევ ათას მანეთს გამოგიგზავნი-მეთქი. ჯემალიამ კი მითხრა, შემიგროვე, მე თვითონ მოგაკითხავ და წევიღებო. გეფიცები, უფროსო, მართლა მასე იყო და მართლა არ ვიცოდი, თუ ის შრამიანი მაგარი პრისტუპნიკი იყო, თანაც – პაბეგში. ჯემალიასთვის კი რაფრა უნდა მეკრა ხელი? მაგენი ობლები არიან და მათი მშობლებისგან ბევრი კაი მახსოვს. დედამისი ჩემი კლასის დამრიგებელი იყო და ყოველთვის მიცავდა ხოლმე, როცა რამეს დავაშავებდი; მაგათი მამა კი ტაქსისტად მუშაობდა და ბავშობაში ბევრჯელ გოუმართავს ჩემთვის ხელი.
– კარგი, გასაგებია ყველაფერი. ახლა, რაც მოყევით, ყველაფერი დაწერეთ და ხელწერილით გაგიშვებთ. მაგრამ, ან ტყუილი რომ აღმოჩნდეს, ან მიმალვა სცადოთ, იცოდეთ, სასტიკი სასჯელი არ აგცდებათ და ათმაგად ზღავთ, – უთხრა მერაბმა სევასტი ბაბუხადიას.
– მიშობთ, უფროსო? – საკუთარ ყურებს არ უჯერებდა მებუფეტე.
– დროებით გათავისუფლებთ, ქუთაისიდან გაუსვლელობის ხელწერილით. მანამდე კი ჩვენება დაწერეთ და, რაც ახლა მოყევით, არაფერი გამოტოვოთ.
ყურებჩამოყრილ ბაბუხადიას სახე გაუნათდა, კალამი აიღო და ჩვენების წერა დაიწყო. ორმოციოდე წუთში დაასრულა და მერაბს უთხრა:
– მოვრჩი. ინებეთ, ბატონო ჩემო.
მაიორმა ჩვენება გულდასმით წაიკითხა და მებუფეტე გააფრთხილა:
– თავისუფალი ხართ, ბაბუხადია, მაგრამ, გახსოვდეთ, თუკი ჩვენს პირობას დაარღვევთ და მიიმალებით, კანონი მთელი სიმკაცრით ამოქმედდება თქვენ წინააღმდეგ.
– სა ჯანდაბაში უნდა გევიქცე, უფროსო, შვილი მე არ მყავს და ძირი. არც ახლო ნათესავი, რომ შემიფაროს. ან, რაში მჭირდება ეს. ბებია მყავს ერთი საღორიეზე. მოვკიდებ ბონდოიას ხელს, წევიყვან მასთან, დავკლავთ ინდოურს და ვიქეიფებთ დილამდე. თუ დაგჭირდით, ან იქ მიპოვით, ან სახლში და, ან კიდო – სადგურის ბუფეტში.
სამორიგეოდან დარეკეს და მერაბს უთხრეს,  გამცილებელმა ჩვენების წერა დაასრულაო. მაიორი და მებუფეტე ერთად დაეშვნენ ქვევით. გამცილებელმა მებუფეტე რომ დაინახა, სამორიგეოდან გასძახა:
– სევასტია, ბუჯო, სა მიხვალ?
– გამიშვეს, კაკოია და საღორიაზე მივალ, აგრაფინასთან. მე და ბონდოიამ ინდოური უნდა დავკლათ და ვიქეიფოთ. წამოხვალ, თუ?!
– წამოვალ, აპა? მეიცა, პაწა ხანს და წევიდეთ ერთად.
– გარეთ დაგელოდები. ჩახუთული ჰაერია აქ და სულს ვერ ვითქვამ. ჩქარა ქენი, – მიუგო მებუფეტემ გამცილებელს და ჩქარი ნაბიჯით გავიდა.
გამრეკელმა გამცილებლის ჩვენება წაიკითხა, გამოემშვიდობა და გაუშვა. შემდეგ სამორიგეოდან გამოვიდა და ნოე ბუცხრიკიძის კაბინეტში დაბრუნდა.
– ბატონო მერაბ, შეიძლება, რაღაც გკითხოთ? – უთხრა ნოე ბუცხრიკიძემ კაბინეტში დაბრუნებულ მაიორს.
– მკითხე, ნოე, გისმენ.
– ამ ბუთბას იარაღით მართლა მილიციელია მოკლული თუ ოპერატიული სვლა გააკეთეთ და, ჯიმშერ ბეშქენაძეს ასეთი რამ იმიტომ უთხარით, რომ მისი ძმის ადგილსამყოფელი დაგედგინათ?
გამრეკელმა ბუცხრიკიძეს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა. მხოლოდ ფანტომი არ უხსენებია და ბოლოს უთხრა:
– დაიმახსოვრე, ნოე, რომ, რაც ჯიმშერ ბეშქენაძეს შევპირდი, ყველაფერი უნდა შევუსრულოთ. იცოდე, არასდროს არავისთან არ უნდა წამოგცდეს, რომ ჯემალ ბეშქენაძეზე მისმა ძმამ გაგვიყვანა. გასაგებია?
– გასაგებია, ბატონო მერაბ, მაგრამ, ჯიმშერს რომ გავათავისუფლებთ და გამოვა, ხომ გაიგებს ბუთბას ამბავს? იმასაც მიხვდება, რომ მოვატყუეთ და ძმა დავაბეზღებინეთ და, რა იცით, რას მოიმოქმედებს?
– მაინც, რას გულისხმობთ?
– რას და, ხომ შეიძლება, თავი მოიკლას?
– კარგია, რომ მორალური კუთხით უდგები. თანდათან ვრწმუნდები, რომ შენში არ შევმცდარვარ. მართალი ხარ, ამაზე მეც ვიფიქრე. ამიტომ, ჯიმშერი ჯერ სრულ იზოლაციაში უნდა გვყავდეს და ინფორმაციის ყველა წყარო გადავუკეტოთ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაქსიმუმ ერთ კვირაში კი მე მას შენი თანდასწრებით დაველაპარაკები და, ვეცდები, დავარწმუნო, რომ სხვაგვარად მოქცევა არ შეგვეძლო. ვეტყვი, რომ სამუდამოდ დაივიწყოს ეს კოშმარი. შევპირდები, რომ არასოდეს შევაწუხებთ, თუკი პატიოსან ცხოვრებას მოჰკიდებს ხელს და, ვფიქრობ, ყველაფერი გამოგვივა. რას იტყვი, ცუდი აზრია?
– ესე იგი, მას ინფორმატორად და აგენტად ვერ გამოვიყენებთ?
– არავითარ შემთხვევაში! – კატეგორიული ტონით თქვა მერაბმა, – ახალგაზრდა კაცია. მართალია, თავხედი და ცინიკოსია და არც ყაჩაღობის მცდელობაა ერთი ნაჭერი პურის ქურდობა, მაგრამ, გამოსწორების შანსი უნდა მივცეთ. აგენტი და ინფორმატორი ან ხელიდან წასული ბოროტმოქმედია, ან ჩვენი ჩანერგილი კოლეგა პროფესიონალი. ჯიმშერი კი არც ერთია და არც მეორე. ამიტომ, უფსკრულისკენ არ უნდა ვუბიძგოთ. კიდევ გაქვს ჩემთან შეკითხვა?
– ჯერჯერობით არა.
მაიორმა საათს დახედა და თქვა:
– სამი დაიწყო. ჯემალ ბეშქენაძე ამოიყვანე დაკითხვაზე.
უმცროსი ძმისგან განსხვავებით, ჯემალ ბეშქენაძე ბევრად უფრო დინჯი, სიტყვაძუნწი აღმოჩნდა და მაიორის შეკითხვებს გამოზომილად პასუხობდა. ცდილობდა, ზედმეტი არაფერი წამოსცდენოდა და ყოველი პასუხის წინ გრძელ პაუზებს აკეთებდა. უკიდურესი დაღლილობის მიუხედავად, მაიორი მოთმინებით განაგრძობდა დაკითხვას და პატიმარს უთხრა:
– ახალგაზრდა კაცი ხართ, ბეშქენაძე. ნასამართლობის მიუხედავად, ჯერ კიდევ შანსი გაქვთ, გამოსწორდეთ და პატიოსნად იცხოვროთ. ნუ ცდილობთ სხვისი როლის თამაშს და ნუ გინდათ, თავი მომაჩვენოთ, თითქოს პირწავარდნილი ბოროტმოქმედი ხართ, მაინც არ დავიჯერებ ამას. ნუ ჰბაძავთ დაურ ბუთბას და, გირჩევთ, სწორი პასუხები გამცეთ.
– მაინც, რა გაინტერესებთ, მოქალაქე მაიორო? – ჰკითხა ბეშქენაძემ გამრეკელს.
– სად მიემგზავრებოდით თქვენ და დაურ ბუთბა?
– მე თბილისში მივდიოდი, დაურ ბუთბა კი ჩემთან ერთად არ ყოფილა. თქვენ თვითონ არ დამაპატიმრეთ მატარებლის კუპეში?
– ნუ ცრუობთ, ბეშქენაძე. ბუთბა თქვენ კუპეში გელოდებოდათ. მან ფანჯრიდან დაინახა, რომ გითვალთვალებდით, ყველაფერს მიხვდა და გაიქცა. მე ის კარგად მიცნობს და ამიტომ.
– გიმეორებთ, მოქალაქე მაიორო, რომ თბილისში მარტო მივდიოდი.
– იქნებ, არც ბუთბას იცნობთ და არც მებუფეტე სევასტი ბაბუხადიას სახლში იმალებოდით? – თქვა მაიორმა და ბეშქენაძეს გამცილებლისა და მებუფეტის ჩვენებები უჩვენა, – ორივემ ამოიცნო ძებნილი დაურ ბუთბა. ბაბუხადიამ კი თქვა, რომ თქვენ და ბუთბა მის სახლში იმალებოდით. რას იტყვით ამის შესახებ?
– ტყუილია.
– იქნებ, ისიც ტყუილია, რომ თქვენ, თქვენი ძმა ჯიმშერ ბეშქენაძე და დაურ ბუთბა კაკაჩიებთან იყავით საყაჩაღოდ შესულები?
– მე და ჩემი ძმა მართლა ვიყავით კაკაჩიებთან, უფრო სწორად, ჯიმშერი მე წავიყვანე იქ და მან არც კი იცოდა, სად და რატომ მივდიოდით. იმ ვიღაც ბუთბაზე კი ვერაფერს გეტყვით, არ ვიცნობ.
– კაკაჩიების ეზოში დაკიდებულ პროჟექტორს ვინ ესროლა ტყვია? თუ, ეგეც ტყუილია და ვიგონებ?
– ეგ მართალია.
– მაშ, ვინ ესროლა, ბუთბამ ხომ არა?
– მე ვესროლე, – მოულოდნელად თქვა ჯემალ ბეშქენაძემ,– მე ვესროლე, რომ სიბნელეში გავქცეულიყავით, იარაღი კი მდინარეში გადავაგდე.
– რა იარაღიდან ესროლეთ?
– „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან.
– და თქვენ ამას აღიარებთ?
– დიახ, ვაღიარებ.
 – სად და როდის ჩაგივარდათ ეს იარაღი ხელში?
– სკოლა რომ დავამთავრე, იმ წელს ვიპოვე რიონის პირას.
– მაინც, რამდენი წლის წინ?
– რვა წლის წინ.
– ამ რვა წლის განმავლობაში ეს იარაღი სულ თქვენთან იყო და არავისთვის გადაგიციათ?
– დიახ. სულ ჩემთან იყო და ჯიმშერმაც კი არაფერი იცოდა.
– ბეშქენაძე, რატომ ცრუობთ და რატომ ცდილობთ, ის დაიბრალოთ, რაც არ ჩაგიდენიათ?
– არ ვცრუობ.
– მაშინ, შეგიძლიათ, რომ, რაც ახლა მოყევით, ჩვენებაშიც თქვათ?
– დიახ. მომეცით ფურცელი და პასტა და დავწერ.
– კარგად დაფიქრდით, ბეშქენაძე, იარაღი სახუმარო თემა არ არის.
– ასეა და, თუ გინდათ, დაგიწერთ.
მერაბმა ბეშქენაძეს თაბახის ფურცელი და ბურთულიანი კალამი წინ დაუდო და უთხრა:
– თუ მართლა ასეა, დაწერეთ.
ჯემალ ბეშქენაძემ, სულ რაღაც ათი წუთი მოანდომა ჩვენების დაწერას. როდესაც დაასრულა, თარიღი დაუსვა, ხელი მოაწერა და გამრეკელს უთხრა:
– დავწერე. აი, ინებეთ.
მაიორმა გულდასმით წაიკითხა ჯემელ ბეშქენაძის ჩვენება, შემდეგ უჯრაში შეინახა და პატიმარს უთხრა:
– ძალიან კარგი. ესე იგი, ადასტურებთ, რომ იარაღი თქვენია.
– დიახ, ვადასტურებ.
გამრეკელმა პატიმარს გივი სახვაძის დასკვნა მიაწოდა:
– ახლა ამ დასკვნას გაეცანით და მერე ვილაპარაკოთ.
პატიმარმა სამჯერ გადაიკითხა ექსპერტიზის დასკვნა. გაფითრდა, ფურცელი ხელის კანკალით მაგიდაზე დადო და მაიორს ჰკითხა:
– რა არის ეს?
– ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, – მშვიდად მიუგო მერაბმა, – თქვენი რეაქციის მიხედვით, ვატყობ, აბსოლუტურად სწორად ჩაწვდით მის არსს.
– რის არსს, მე არაფერი ვიცი. არაფერი ჩამიდენია, – დაბნეული იმეორებდა პატიმარი და კანკალებდა.
პატიმრის რეაქციის მიხედვით, მერაბ გამრეკელი მიხვდა, რომ ის დასამუშავებლად მზად იყო და უთხრა:
– თქვენ თუ ვერ ხვდებით, მაშინ, მე აგიხსნით: თქვენი კუთვნილი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან სამი წლის წინ სოხუმში მილიციის უფროსი ლეიტენანტი სერგი შამბა მოკლეს. მის მკვლელს ვერ ვპოულობდით, დღეს კი მან თვითონ აღიარა ეს საშინელი დანაშაული. ჩვენება აქ მაქვს. შეიძლება, საქმე სასამართლოში გაიგზავნოს. იქ კი ერთადერთი და სამართლიანი განაჩენი გელოდებათ, რომელსაც ეწოდება „სიკვდილით დასჯა.” ბეშქენაძე, მითხარით, რატომ მოკალით მილიციელი?
– მე... მე არავინ მომიკლავს, – აკანკალდა გაფითრებული პატიმარი.
– როგორ თუ არ მოგიკლავთ? თქვენი ჩვენებით ასე გამოდის.
– არა, მე არავინ მომიკლავს, გესმით? არავინ! – ისტერიულად იმეორებდა ჯიმშერ ბეშქენაძე.
– მაშ, ვინ, თუ არა თქვენ? იარაღი ხომ რვა წლის წინ იპოვეთ რიონის პირას და ამ ხნის განმავლობაში არავისთვის გადაგიციათ? თქვით, რატომ ჩაიდინეთ მკვლელობა?
– მე არავინ მომიკლავს, არავინ, არავინ, არავინ... – ღრიალებდა პატიმარი.
– მაშ, ვინ?
– ალბათ, ბუთბამ. „მაკაროვი“ მას ჰქონდა. მე კი დანის მეტი ხელში არაფერი მეჭირა.
– არ მჯერა. მიპასუხეთ, რატომ ჩაიდინეთ მკვლელობა? – გაუმეორა პატიმარს მაიორმა, რომელმაც იგრძნო, რომ ცოტაც და ბეშქენაძეს ყველაფერს „დააფქვევინებდა“ და ზეწოლა ამიტომ გააძლიერა.
– დამიჯერეთ, ბატონო მაიორო. მე მართლაც არავინ მომიკლავს, დამიჯერეთ, – იხვეწებოდა პატიმარი.
– თუ გინდათ, რომ დაგიჯეროთ, მაშინ ჩემს კითხვებზე სწორად მიპასუხეთ.
– დიახ, გიპასუხებთ. მკითხეთ, მკითხეთ, ბატონო მაიორო, მკითხეთ... – ლუღლუღებდა პატიმარი.
მაიორმა სიგარეტი მიაწოდა ბეშქენაძეს. თავადვე მოუკიდა და უთხრა:
– სად მიემგზავრებოდით თქვენ და დაურ ბუთბა?
– თბილისში, ბატონო მაიორო.
– ვისთან და რატომ?
– არ ვიცი. ნამდვილად არ ვიცი, ბატონო მაიორო. ბუთბა მე არ მენდობოდა და მხოლოდ „შესწიორკად“ ვუნდოდი. ჯიმშერი ბრაზობდა და მეუბნებოდა, – თავი დაანებეო. მე კი მისი მეშინოდა და ვემორჩილებოდი. ის ნამდვილი კაციჭამიაა და ტყუილად არ ეძახიან ამ სახელს.
– სად და როდის გაიცანით ბუთბა?
– თბილისის ციხეში ოთხი წლის წინ. მე ზონაში გადავყავდით. ის კი ეტაპს ელოდებოდა რუსეთში.
– ქუთაისში როდის ჩამოვიდა ბუთბა?
– თვეზე მეტია. ღამით მოგვადგა და გვითხრა, – ათი დღის წინ ციხიდან გავიქეციო.
– კარგად გაიხსენეთ, ბეშქენაძე, ბუთბა რომ თქვენთან მოვიდა, იარაღიც ჰქონდა?
– არა. იარაღი, კაკაჩიებთან მისვლამდე სამი დღით ადრე მოიტანა.
– მოიტანა?
– დიახ, ბატონო მაიორო. კაკაჩიებთან საყაჩაღოდ მისვლა ჩემი „ნაკოლი“ იყო. ბუთბამ რომ გაიგო, იარაღი არ გვქონდა, თქვა, – მე ვიშოვიო. მერე ღამით სადღაც წავიდა და მეორე ღამით უკვე „მაკაროვი“ მოიტანა.
– სად იყო, არ უთქვამს?
– არა და არც ჩვენ გვიკითხავს.
– გაქცევის შემდეგ მაინცდამაინც თქვენ რატომ მოგადგათ, არ უთქვამს?
– დიახ, ასე თქვა, – აფხაზეთში დიდი ხნით ვერ გავჩერდები, მთელი მილიცია ფეხზე დგას და შეიძლება, „დავიწვაო“. აქ რომ ვარ, ვერ მიხვდებიან. ცოტა ხანი აქ გავჩერდები, შემდეგ თბილისში გავემგზავრებიო. ასე მგონია, რაღაცას, უფრო სწორად, ვიღაცას ელოდებოდა.
– მასე რატომ ფიქრობთ?
– არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა ჯემალ ბეშქენაძემ, – ასეთი გრძნობა დამეუფლა.
– ბაბუხადიასგან წამოსვლა რატომ გადაწყვიტეთ?
– ბუთბამ გადაწყვიტა. უცებ მითხრა, – გული მიგრძნობს, საფრთხე გველოდება. თბილისის მატარებელზე ბილეთები აიღე და ამაღამვე გავემგზავროთ. იმ „ბალანდიორს“ კი „მაყუთი“ გამოართვიო, – უთხრა ჯემალ ბეშქენაძემ მერაბს და დაამატა, – შემდეგ კი რაც მოხდა, თქვენც კარგად იცით. ნამდვილი კაციჭამიაა დაურ ბუთბა. მხეცის ინსტინქტი აქვს და ნადირივით დაუნდობელია.
– კარგი, ბეშქენაძე. ახლა საკანში დაბრუნდით და დაისვენეთ. დილით კი, თუ არ გადაიფიქრებთ, ჩვენება დაგვიწერეთ და პირობას გაძლევთ, რომ მაქსიმალურად შევეცდებით, რაც შეიძლება ნაკლები მოგისაჯონ.
– ბატონო მაიორო, თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს, – უთხრა პატიმარმა მერაბს.
– თქვით, გისმენთ.
– იქნებ, როგორმე ჯიმშერი გამოაძვრინოთ ამ საქმიდან. ძალიან ახალგაზრდაა. არასდროს არაფერი დაუშავებია და ციხეში რომ ჩაჯდეს, დაიღუპება
– მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ძმა ცინიკოსი და უზრდელია, თანაც, ვერაფერი ვათქმევინეთ, მაინც გავუწევთ ანგარიშს და ვეცდებით, პირობითი ვაკმაროთ.
– გმადლობთ, ბატონო მაიორო. კარგად იყავით, – უთხრა ჯემალ ბეშქენაძემ მერაბს. ხელები ზურგს უკან შემოიწყო და ბადრაგს საკანში გაჰყვა.
„აფხაზეთში დიდხანს ვერ გავჩერდებიო. ვიღაცას ელოდებოდაო... ნუთუ აფხაზეთში იყო ბუთბა და „მაკაროვი“ იქიდან წამოიღო? აშკარაა, რომ სერგის მკვლელობაში ბუთბას მონაწილეობა არ მიუღია – ის იმ დროს ციხეში იჯდა. იარაღი კი ან მკვლელმა მისცა, ან მკვლელობაში გარეულმა პიროვნებამ. ნუთუ, ბუთბაც ფანტომთანაა დაკავშირებული? გამოდის, რომ ასეა. ვის და რატომ ელოდებოდა ბუთბა? ნუთუ ფანტომს? ან, სად მიემგზავრებოდა მატარებლით, მართლა თბილისში თუ სადმე სხვაგან?“ – ფიქრობდა მაიორი მერაბ გამრეკელი და ვერც კი შეამჩნია, როგორ ინათა.
– ბატონო მერაბ, გათენდა. ჩემთან წამობრძანდით, ისაუზმეთ და მოისვენეთ, – უთხრა ნოე ბუცხრიკიძემ მაიორს.
მერაბი გაიზმორა და ბუცხრიკიძეს ღიმილით უთხრა:
– რა დროს ძილია, ჩემო ნოე, უამრავი საქმე მაქვს. ჭამაც არ მინდა. შენ წადი და დაისვენე. შუადღისთვის კი მოდი და ახალი „ვოლგა“ ჩაიბარე. შემდეგ შევჯერდეთ და მე თბილისში დავბრუნდები.
– არც მე მშია და მეძინება.
– ნამდვილად?
– ნამდვილად, ბატონო მერაბ.
– მაშინ, მორიგესთან ჩადი და უთხარი, რომ დომენტი კუტუბიძე გამოიძახოს. საქმე მაქვს და უნდა დაველაპარაკო.
– პოლკოვნიკი არსად წასულა, თავის კაბინეტშია.
– ძალიან კარგი. მე ახლა მას დაველაპარაკები, შენ კი გაარკვიე, სამძებრომ რა ქნა ბუთბასთან დაკავშირებით, რამე სიახლე ხომ არ არის? – უთხრა მერაბმა ნოეს და დაამატა: – წამოდი, პოლკოვნიკის კაბინეტი მაჩვენე.
მერაბი და ნოე კაბინეტიდან რომ გავიდნენ, დერეფანში სისხლის სამართლის სამძებროს უფროს შეხვდათ. მან მერაბს უთხრა:
– ყველა რაიონის მილიციის უფროსი გაფრთხილებულია და მთელი პირადი შემადგენლობა ფეხზე დგას. ქალაქში აბლავები მოვაწყვეთ, მაგრამ, ბუთბას კვალს ჯერჯერობით ვერ მივაგნეთ. სამაგიეროდ, სამი დანაშაული გავხსენით.
– გასაგებია. დაისვენეთ. დილის 10 საათისთვის კი ყველა განყოფილების უფროსი შეკრიბეთ თათბირზე, – უთხრა მერაბმა სისხლის სამართლის სამძებროს უფროსს და რამდონიას კაბინეტისკენ გაემართა.
პოლკოვნიკი დომენტი კუტუბიძე ნირწამხდარი შეხვდა მაიორს, დაჯდომა შესთავაზა და, თავის ტუტრუცანა მდივანს, რომელმაც აგრეთვე მილიციაში გაათენა ღამე, კონიაკის მოტანა დაავალა.
– არაა საჭირო, პოლკოვნიკო, – იუარა გამრეკელმა, – აქ მე კონიაკის დასალევად არ ჩამოვსულვარ.
– გისმენთ, ბატონო, ბრძანეთ, რა საქმე გაქვთ ჩემთან, – უთხრა მერაბს კოპებშეკრულმა რამდონიამ.
– მინისტრმა შემოგითვალათ, რომ თქვენი ნებით დაწეროთ სამსახურიდან წასვლის განცხადება, დღესვე უნდა ჩავუტანო თბილისში.
– მე მეგონა, მინისტრი გაბრაზებული იყო და ამიტომ მითხრა, წადიო. გამოდის, რომ ნამდვილად მაგდებს სამსახურიდან?
– არა, ჯერჯერობით საკუთარი ნებით გთავაზობთ წასვლას.
– რომ არ წავიდე საკუთარი ნებით?
– მაშინ, თქვენ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება და გენერალური ინსპექცია ჩაერთვება.
– რატომ, რა დავაშავე?
– ბევრი რამ. თუნდაც ის, რომ ყაჩაღობის მცდელობაში ეჭვმიტანილი პატიმარი გაუშვით და ოცი ათასი მანეთის მოტანა მოსთხოვეთ; პატიოსანი გამომძიებელი გაათავისუფლეთ; სერიოზული საქმის მიჩქმალვა სცადეთ და, რაც მთავარია, ამით ხელი შეუშალეთ ციხიდან გაქცეული, განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის დაკავებას. ცოტაა?
– მე არაფერი ვიცოდი, – გაფითრდა რამდონია.
– ეგ იმიტომ, რომ, არც გაინტერესებთ. ფულის, ქრთამის გარდა არაფერი გაღელვებთ და თქვენდამი რწმუნებული უწყების თანამშრომელთა საკმაოდ დიდი ნაწილი აღებ-მიცემობითაა დაკავებული. მარტო ის რად ღირს, რომ ქუთაისის შემოსასვლელში მდგარი ავტოინსპექტორი, ვინმე „ტრიოშნიკა,“ ყველა მძღოლს სამ მანეთს ართმევს. რას იტყვით, ხომ არ ვტყუი? თუ, თქვენ ამის შესახებ არაფერი იცოდით?
– საკმარისია, აღარ გააგრძელოთ. ახლავე ვწერ განცხადებას და მილიციიდან ჩემი ნებით მივდივარ, – უთხრა კუტუბიძემ გამრეკელს, შემდეგ განცხადება დაწერა და მერაბს მიაწოდა.
მერაბმა ყურადღებით წაიკითხა რამდონიას ბატიფეხური და უთხრა:
– თავისუფალი ხართ, პოლკოვნიკო, შეგიძლიათ, წაბრძანდეთ. 10 საათზე თათბირი უნდა ჩავატარო და კაბინეტი გაათავისუფლეთ.
მერაბი პირველი გამოვიდა მილიციის უფროსის კაბინეტიდან და საათს დახედა. ცხრის ნახევარი იყო. ბუცხრიკიძის ოთახში რომ დაბრუნდა, ნოეს უთხრა:
– როგორ ხარ, ლეიტენანტო. ძილი ხომ არ მოგერია?
– არა, ბატონო მერაბ, საერთოდ არ მეძინება.
– არც გშია?
– არა, ბატონო მერაბ.
– ახალგაზრდა კაცი ხარ და შიმშილობა გამოგფიტავს. მოდი, ასე ვქნათ: თათბირამდე დრო გვაქვს. სადმე კარგი სასადილო გეცოდინება. წამოდი, კარგად ვისაუზმოთ და მერე თათბირიც ჩავატაროთ. რას იტყვი, თანახმა ხარ?
– თანახმა ვარ. ჭიჭიკიას დუქანში წავიდეთ, ბალახვანზე. კარგი კერძები აქვს და, თანაც, ძალიან ადრე აღებს.
– წავიდეთ. მხოლოდ, ერთი პირობით.
– რა პირობით?
– რა და, მე გპატიჟებ. იცოდე, არაფერი მითხრა. ჩათვალე, რომ ბრძანებაა.
– ეს რა გამოვიდა, ბატონო მერაბ. ასეთ ბრძანებებს ჩვენში არ ემორჩილებიან.
– ამჯერად დაემორჩილე და, სხვა დროს, სიტყვას გაძლევ, ასეთს არაფერს გიბრძანებ, – ღიმილით უთხრა მერაბმა ნოეს და მასთან ერთად გამოვიდა კაბინეტიდან.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3